/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
ანა ივანიშვილი - ინსაიტები
30.09.2021

კოვიდ დაზღვევა - ფუფუნება თუ აუცილებლობა?


მოგზაურობისთვის განუყოფელ ნაწილს, როგორიცაა პასპორტი, საფულე და ხელჩანთა უკვე დაემატა სანიტაიზერი და პირბადე. მალე მათ COVID-19 სადაზღვევო პოლისიც შეუერთდება.


ეს არის ახალი შესაძლებლობა სადაზღვევო კომპანიებისთვის, შექმნან მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი შეთავაზება, რადგან უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ითხოვს ჯანმრთელობის ხარჯების სავალდებულო ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტორები კორონავირუსით დაინფიცირდებიან.


თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, იმის ცოდნა თუ რამდენად არის მოგზაური დაცული უცხო ქვეყანაში დაინფიცირებისას და არის თუ არა გარანტია, რომ მას სათანადო ყურადღება მიექცევა.


კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ეისითი დაინტერესდა, მსოფლიო ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გეგმავენ თუ არა თბილისელები მოგზაურობას და რამდენად იცნობენ სამოგზაურო სადაზღვევო პირობებს კოვიდთან მიმართებაში.


ეისითის კვლევით ირკვევა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა (79%) ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კოვიდით დაინფიცირებისას სამკურნალო ხარჯებს ჩვეული სამოგზაურო დაზღვევა არ ფარავს და ეპიდემიოლოგიური რისკი სტანდარტულ გამონაკლისებშია.



არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა შეიმუშავეს სადაზღვევო პაკეტები, სადაც კონკრეტულად კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული პანდემია ამოიღეს გამონაკლისებიდან და შესთავაზეს მომხმარებლებს აღნიშნული ვირუსით დაინფიცირების შემთხვევით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება. ამ გამონაკლისის დაშვება, რა თქმა უნდა, მაღალი რისკიდან გამომდინარე დაზღვევის ღირებულებაზეც აისახა და ერთი სადაზღვევო დღის ღირებულება საშუალოდ 5-ჯერ გაძვირდა.


„კოვიდ-19-ის დაზღვევა სავალდებულო გახდა ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში შემსვლელთათვის, გაჩნდა მოთხოვნა, და ჩვენც, ერთ-ერთმა პირველმა, შევთავაზეთ ქართველ მომხმარებლებს და პარტნიორ ტურისტულ კომპანიებს სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი, სადაც კოვიდის რისკი შესულია გარკვეული ლიმიტით, რაც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს“ - ამბობს ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაის კომუნიკაციების დირექტორი თინათინ სტამბოლიშვილი.


სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის ალტერნატიული არხების განვითარების დირექტორის ირინა გორაშვილის განცხადებით, მათ ასევე სწრაფად მოახდინეს მოთხოვნაზე რეაგირება და შეიმუშავეს სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი კოვიდის რისკების დაფარვის გათვალისწინებით. თუმცა ფიქრობენ, რომ ეს პროდუქტი მოკლევადიანია და მალე, ვაქცინაციის პროცესის და სამკურნალო საშუალებების განვითარებასთან ერთად კოვიდის რისკი დაიწევს და საჭირო აღარ გახდება.


საზღვარგარეთ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ისევე როგორც საქართველოში კოვიდ დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები სახელმწიფოს მიერ მხოლოდ მოქალაქეებისთვის და/ან მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის ანაზღაურდება.


ტურისტული კოვიდ-გამოცდილება


ჩვენი პირველი გმირი სალომე ბიზნეს სკოლის ახალი კურსდამთავრებულია, ის როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ზაფხულში უკვე ორჯერადად ვაქცინირებული იყო. სწავლის დამთავრების აღსანიშნავად, სანამ ცხოვრების ახალი ეტაპს - პირველ სამსახურს დაიწყებდა, მშობლებმა სპეციალურად ამ სასიხარულო მოვლენის აღსანიშნავად გადანახული თანხა გადასცეს და სიურპრიზად მიღებული - ამერიკაში ტურისტული მოგზაურობაც, 2021 წლის ივლისში გადაწყვიტა. პირადად მას არ ჰქონდა ინფორმაცია კოვიდ დაზღვევის შესახებ, როგორც ჩანს არც არავინ მოსთხოვა და დანიშნულების ადგილზე ქვეყანაში შესვლაზეც არ შექმნია პრობლემა. თუმცა, სამწუხაროდ, კოვიდ ვირუსს თავი მაინც ვერ აარიდა და იქ ყოფნის პერიოდში დაინფიცირდა. ვაქცინაციის დამსახურებით მან ვირუსი მსუბუქად გადაიტანა და დღეს თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობს, თუმცა მოგზაურობის გეგმები თავდაყირა დადგა.


სალომეს იზოლაციაში ყოფნა 10 დღით მოუწია, სადაც სავალდებულო 3 დღეში ერთხელ სწრაფი ტესტი (თითო ტესტის ღირებულება 40$), ასევე, სავალდებულო PCR ტესტიც რომლის ღირებულებაც ადგილზე 250$-ია, საკუთარი ხარჯებით აანაზღაურა.


ცნობილია, რომ სანამ კოვიდ დადებითი ხარ მოგზაურობა გეკრძალება, სალომეს მოუწია მისი სამოგზაურო პერიოდის გახანგრძლივება, რაც სასტუმროს ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ასევე, მოუწია უკან დასაბრუნებელი ბილეთის ხელახლა შეძენა, რადგან შეძენილი ბილეთის გადაცვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯამში სალომესთვის კოვიდით გამოწვეული ხარჯების ოდენობა 5,000 აშშ დოლარს მიუახლოვდა.


მეორე ისტორია სოფოსია, რომელიც ასევე ამერიკაში დაინფიცირდა, ვარკვევთ, რომ მას ადგილობრივი ნაცნობებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ დაინფიცირების შემთხვევაში სპეციალური ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ამერიკის მთავრობა კოვიდთთან დაკავშირებულ ხარჯებს თავად დააფინანსებდა, და შესაბამისად, მისი მოგზაურობისას უსიამოვნო მომენტი შედარებით შემსუბუქდა. სოფოს საკმაოდ კომფორტულ კოვიდ სასტუმროში გადაყვანა და ტრანსპორტირება, იზოლაციის პერიოდში სამჯერადი კვება, ექიმების და ექთნის მომსახურება, სწრაფი, PCR ტესტები, და სხვა მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, ამერიკის მთავრობამ თავად დააფინანსა. თუმცა ამერიკა, კერძოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნიუ იორკის შტატი, ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ადგილზე კოვიდით დაინფიცირებული ტურისტის მკურნალობის და მართვის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს. მსოფლიოს სხვა ქვეყნების ძირითადი ნაწილი კი, აღნიშნულ ხარჯებს თავად ტურისტს აკისრებს.


მსოფლიო, კოვიდი და მოგზაურობა


მსოფლიოში უკვე მეორე წელია კოვიდ ინფექცია მძვინვარებს, და სახელმწიფოები მას მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძვიან, თუმცა ფაქტია, რომ ახალ ვირუსზე გამარჯვებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.


საერთაშორისო ტურიზმის სფერო ერთ-ერთია, რომელიც კოვიდ პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და ჯერ კიდევ ყველაზე რთულად ახერხებს რეაბილიტაციას.


მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ოფიციალური მონაცემების თანახმად 2021 წლის იანვარ-მარტში, 2020 წელთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტების მიმოსვლა 83% -ით შემცირდა, რაც გამოწვეულია მგზავრობის მაღალი შეზღუდვებით და ტურისტების სიფრთხილით - დაიცვან საკუთარი თავი დაინფიცირებისგან.


UNWTO-ს მიერ ორგანიზებულ ექსპერტთა პანელის ბოლო გამოკითხვის თანახმად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან ერთად ინდუსტრიის ნდობა ნელ-ნელა გაიზარდა 2021 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასევე ევროკავშირის ციფრული მწვანე სერთიფიკატი, რომელიც გულისხმობს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისა და იმუნიტეტის შესახებ ერთიან ელექტრონულ ბაზას, რომლის მიზანია პანდემიის დროს ევროკავშირში თავისუფალი და უსაფრთხო მოგზაურობის ხელშეწყობა. აღნიშნული სერთიფიკატი წარმატებით ფუნქციონირების ევროკავშირის წევრ 27 და არაწევრ 16 ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, ისრაელში, თურქეთში და ა.შ.


საქართველო ამ ეტაპზე კვლავ წითელ ზონაშია, რაც შემომსვლელთათვის კონკრეტული დამაბრკოლებელი ნიშანია, თუმცა ქართველი ტურისტისათვის, რომელსაც სურს მოგზაურობა და სრულად ვაქცინირებულია, გაიცემა კოვიდ ბარათი, რომლის საფუძველზეც, საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის კეთდება ე.წ. „აპოსტილი“, რაც ადასტურებს საბუთის ნამდვილობას და ვალიდურობას. ამისათვის საჭიროა მსურველმა პირმა მიმართოს იუსტიციის სახლს შესაბამისი მოთხოვნით.


თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მიმდინარე პანდემიისა და ახალი შტამების მომატების გამო გაურკვევლობა კვლავ მაღალია, სამოგზაურო შეზღუდვები ჯერ კიდევ არსებობს და ამას ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნებში ვაქცინაციის არათანაბარი ტემპი.


ეისითის კვლევიდან ირკვევა, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ყოველი მე-5 თბილისელი მაინც გეგმავს საზღვარგარეთ მოგზაურობას, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად იკლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველთა წილი. აღნიშნული ტენდენცია აიხსნება იმით, რომ შედარებით მაღალი ასაკის ადამიანები კოვიდ-19-სთვის რისკ ჯგუფს წარმოადგენენ და ამიტომ იკავებენ თავს მოგზაურობისგან, ხოლო ახალგაზრდები, რომლებიც პანდემიამდე უფრო აქტიურად მოგზაურობდნენ, ახლაც აპირებენ გახდნენ ტურისტები მიუხედავად მაღალი რისკისა.



როცა მოგზაურობ, იმისთვის, რომ სიახლით და თავგადასავლებით დატკბე, ჯანმრთელობა და ფინანსური უსაფრთხოება უმთავრესია. ამიტომაც კოვიდ-დაზღვევა აღარ არის ფუფუნება და ის მოგზაურობისთვის განკუთვნილი აუცილებელი ნივთი და სიმშვიდის გარანტიაა.