აუტიზმი და იზოლაცია

აპრილში აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებული საკითხებისადმი ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას საკითხით დაინტერესებული ადამიანები თუ ორგანიზაციები განსაკუთრებით აქტიურად ცდილობენ. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ 2 აპრილი  გამოცხადდა და 2008 წლიდან მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) გავრცელების სიხშირე ბავშვებსა და მოზარდებში, გასულ წელთან შედარებით, 10%-ითაა გაზრდილი. თუ 2019 წლის აპრილისთვის  ასა-ს გავრცელების სიხშირე 59 ბავშვიდან იყო 1, 2020 წლის აპრილისთვის უკვე ასა-ს გავრცელების სიხშირე 1-ია 54 ბავშვიდან.  ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე
ასა-ს გავრცელების სიხშირე 40 და მეტჯერაა გაზრდილი, რაც ნაწილობრივ დიაგნოსტიკისა და ცნობადობის გაუმჯობესებით აიხსნება.
1111

წყარო: www.autismspeaks.org

საქართველოში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებელია ქვეყანაში იყოს დაახლოებით 7 000 ბავშვი, რომელთაც ასა უფიქსირდებათ. ქვეყანაში აუტიზმის პირველი ცენტრი საქართველოს აუტიზმის ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ურთიერთთანამშრომლობით 2010 წელს ჩამოყალიბდა, რომელშიც თერაპიას თავდაპირველად სულ 10 ბენეფიციარი გადიოდა. ახლა ცენტრში თერაპიას ასამდე ბენეფიციარი გადის.

პირველი აუტიზმის აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 2-15 წლის ბავშვების შესაბამის სერვისებს აფინანსებს. 2020 წლისთვის პროგრამით მოსარგებლეთა ზედა ზღვარი გაიზარდა და, ნაცვლად 15-ისა, 18 წლით განისაზღვრა. აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა, თბილისთან ერთად, ასა-ს მქონე ბავშვებისთვის საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც არის შესაძლებელი.

2019 წლის აპრილში გადაწყდა საქართველოში აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობა, რომელიც 16 წელზე უფროსი ასაკის აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს მოემსახურება და მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარებაში დაეხმარება. ცენტრს „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი“ აშენებს. ამ დროისთვის, პროექტით გათვალისწინებული ექვსიდან, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კოტეჯია აშენებული. რამდენადაც ცენტრის მშენებლობა ძირითადად კერძო პირებისა თუ კომპანიების დახმარებითაა შესაძლებელი,  გაურკვეველია, როდისთვის მოხდება აუცილებელი თანხების მობილიზება, შესაბამისად, ცენტრის მშენებლობის დასრულებაც.

სხვადასხვა უნარის განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის, ასა-ს მქონე ბავშვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია განსხვავებული თერაპიული კურსების გავლა, რომლებიც ენისა და მეტყველების თერაპიასთან ერთად, შეიძლება გულისხმობდეს ოკუპაციურ თერაპიას, სენსორულ ინტეგრაციასა თუ აკადემიური უნარების განვითარებას. თერაპიის წარმატებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მისი რეგულარული და სისტემური ხასიათი.  მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, თერაპიული კურსების გავლა ცენტრებში შეუძლებელია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სოციალურ გარემოსთან ადაპტირება წარმოადგენს, ამ გარემოსთან ინტერაქციის რუტინის არსებობა აუცილებელია. კორონავირუსის გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ასა-ს მქონე პირები არაპროპორციულად მაღალი რისკის ქვეშ არიან, რამდენადაც თერაპიული კურსების თუნდაც დროებით შეწყვეტა განსაკუთრებულად ნეგატიურ გავლენას ახდენს განვითარებაზე და მიღწეული პროგრესის მნიშვნელოვან გაუარესებასაც შეიძლება იწვევდეს.

ასა-ს მქონე ადამიანებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახლიდან გასვლა, რათა გარემო, რომლის მიმართაც ეჭვით არიან განწყობილნი, ძალიან საშიშად არ იქცეს მათთვის. არსებული გამოწვევების საპასუხოდ, იტალიაში, სადაც უკვე მერამდენე კვირაა მოქალაქეებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სახლიდან გასვლა ეკრძალებათ,  ქალაქ რიმინიში ახალი წესი ამოქმედდა. კერძოდ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ქალაქის ერთ-ერთ პარკში კვირაში რამდენიმე საათით სეირნობაა ნებადართული. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, ასა-ს მქონე მოქალაქეებისთვის დაშვებულია სახლიდან გასვლა დღეში რამდენჯერმე და სახლთან ახლოს სეირნობა საგანგებო რეჟიმის პირობებშიც. სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი პრაქტიკები მნიშვნელოვანია, რამდენადაც სახლიდან გასვლის რუტინის შენარჩუნებას უწყობს ხელს. თუმცა, თერაპიული კურსების გავლა მაინც განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად ითვლება.

როგორც საერთაშორისო პრაქტიკა მეტყველებს, იზოლაციის პირობებში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მექანიზმს მშობლებით გაშუალებული თერაპია წარმოადგენს. ასა-ს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მიმართავენ ე.წ. ტელეინტერვენციას და სწორედ მშობლების ჩართულობით, დისტანციური თერაპიის კურსებს სთავაზობენ შესაბამისი საჭიროების მქონე პირებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სოციალურ გარემოსთან ადაპტირება წარმოადგენს, დისტანციურად აღნიშნული უნარების განვითარებაზე მუშაობა კიდევ უფრო რთული ამოცანა ხდება. მაგრამ აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ თერაპიის საერთოდ არარსებობა გაცილებით სერიოზული გამოწვევაა, ვიდრე თერაპიის კურსის დისტანციურად გავლა.

როგორც აღმოჩნდა, დისტანციური თერაპიის პრაქტიკის გამოყენება საქართველოშიც დაიწყეს. „მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი“, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორ სერვისს სთავაზობს სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს. კერძოდ, 1 აპრილიდან ცენტრს აქვს ტელეკონსულტაციებისა და ტელეინტერვენციების სერვისი. ექიმები, ფსიქოლოგები, სხვადასხვა მიმართულების თერაპევტები ტელეკონსულტაციას უწევენ მომხმარებლებს; ტელეინტერვენციის საშუალებით კი, უზრუნველყოფილია მშობლებით გაშუალებული ქცევითი და სხვა სახის თერაპიები. იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის გამო ვერ ახერხებენ ონლაინ კონსულტაციისა თუ ინტერვენციის გამოყენებას, ცენტრი საკუთარ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს შესაბამის რეკომენდაციებს. ამ ეტაპზე დისტანციურად თერაპიას 95 ბენეფიციარი გადის.

მართალია, ფიზიკურ გარემოში თერაპიული კურსის გავლა ბევრად ეფექტიანია, ვიდრე დისტანციური თერაპია, მაგრამ თუნდაც ონლაინ რეჟიმში ზოგიერთი თერაპიული კურსის გავლას სპეციალისტები კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ამგვარად შესაძლებელია არსებული პროგრესისა და, განსხვავებული სახით, მაგრამ მაინც რუტინის შენარჩუნება, რაც აუცილებელია ასა-ს მქონე პირებისთვის. გარდა იმისა, რომ დისტანციური სერვისების არსებობა ბავშვებს რთავს აქტივობებში, ეხმარება თერაპევტებთან კავშირის შენარჩუნებაში, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია. ამასთან, ონლაინ კონსულტაციების არსებობა მშობლებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ რჩევები ბევრი სხვადასხვა სიტუაციისა თუ ქცევის მართვის თაობაზე.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ დისტანციური თერაპია ფიზიკურ თერაპიას ჩაანაცვლებს ან თუნდაც ასეთივე ეფექტიანი იქნება. თუმცა, მომავალში შესაძლებელია დისტანციური თერაპია სპეციალისტებმა გამოიყენენონ როგორც თერაპიის დამატებითი, დამხმარე მექანიზმი. მეტიც, შესაძლებელია დისტანციური თერაპია შეუცვლელი აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზით (მაგალითად, ფინანსური რესურსის სიმწირე, გეოგრაფიული სიშორე და ცენტრების დასახლების სიახლოვეს არარსებობა) არ აქვს წვდომა შესაბამის ცენტრებთან. სავსებით შესაძლებელია, ამ პრაქტიკამ მომავალში არაერთი საინტერესო იდეის განხორციელებისაკენ უბიძგოს ადამიანებს, თერაპიით კი გაცილებით მეტმა ბავშვმა თუ მოზარდმა ისარგებლოს, ვიდრე ეს დღეს არის შესაძლებელი.

ავტორი: კესო ესებუა

უფროსი კონსულტანტი, ACT IMPACT

shutterstock_46727167

 


კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.