კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ცვალებადი აღქმები, როგორ გავაგრძელოთ მამონტებზე ნადირობა

ევოლუცია სპირალურად პროგრესირებადია, ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობა მიიწევს წინ და პერიოდულად განვითარების ეტაპები მეორდება ან ძალიან ჰგავს ერთმანეთს. 21-ე საუკუნეში მზარდი ტექნოლოგიური და პიროვნული განვითარების მიღწევების ფონზე ადამიანს მოუწია პერსონალური კომპიუტერითა და სმარტფონით ისევ „გამოქვაბულში“ შეკეტვა, რითაც დროებით შევაჩერეთ და მხოლოდ ინტელექტუალური რესურსის ხარჯზე ვავითარებთ პარალელური საცხოვრებელი პლანეტის ათვისების იდეას. ადამიანებს აქვს იმედი, რომ რუტინულ ყოველდღიურობას დაიბრუნებს, სადაც დილით საუზმობს, მერე სამსახურში მიდის, შესვენებაზე კაფეში, სამსახურიდან მარკეტში, მარკეტიდან სახლში, სახლიდან  ბარში და დილით ისევ საუზმეს იმზადებს. ამ მარტივ ცხოვრებისეულ ჯაჭვს ადამიანი საუკუნეების მანძილზე აწყობდა, ეტაპობრივად ავითარებდა და ახლა არავის სურს თავიდან დაწყება. ჯაჭვის რგოლები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ერთეულები არიან, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნეს სფეროები, რომელთა უმეტესობას ახლა მოლოდინის რეჟიმი აქვს ჩართული. ჩვენ დავინტერესდით შეიცვალა თუ არა კრიზისის პირობებში სოციალური პასუხისმგებლობის აღქმა. პასუხებისთვის საქართველოში მოქმედი სხვადასხვა მასშტაბის კომპანიების წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუები ჩავწერეთ, რის საფუძველზეც აღქმების შემდეგნაირი ანთროპოლოგიური სურათი შევქმენით:

1. საკუთარ გამოქვაბულში

საფრთხის შეგრძნებამ და გარეთ მდებარე გაურკვეველმა სიტუაციამ, ადამიანი აიძულა გარკვეული თავშესაფარი ეპოვა გამოქვაბულის სახით და ყოველ ჯერზე იქვე მიბრუნებულიყო, რადგანაც მასთან მისასვლელი გზა იცოდა. თავზე ჭერის, როგორც ბუნებრივი პირობებისგან თავდაცვის და გარე საფრთხის დამალვის შესაძლებლობამ, ადამიანს საკუთარ სახლთან – ერთ კონკრეტულ გარემოსთან შეჩვევის და ამ გარემოში მეტ-ნაკლები სიმშვიდის შეგრძნება მოუტანა. პანდემიის პირობებში მარტოდ დარჩენილმა ადამიანმა ისევ სახლს – თავის უკვდავ და გამოცდილ გამოქვაბულს მიაკითხა. კორპორაციები ინდივიდუალური სახლებიდან იმართება, ამიტომაც კრიზისის დასაწყისში კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აქტუალური, ფაქტიურად გარდაუვალი  ფორმა გამოიყენეს – დასაქმებული ადამიანების სახლში „გადაყვანის“ და დარჩენის უზრუნველყოფა. გამოკითხული რესპოდენტების თქმით, მათ საქმიანობის რეალურ რეჟიმში შეწყვეტის და თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილება, ქვეყანაში გაცემული რეკომენდაციების კვალდაკვალ მიიღეს. სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხი იმაში გამოიხატა, თუ რომელმა ბიზნესმა, კრიზისის რა პერიოდში განახორციელა აღნიშნული, მაშინ, როდესაც რეკომენდაცია გაიცა, თუ მაშინ, როდესაც პანდემია მომძლავრებული იყო.  თუმცა დღეისათვის ყველა კორპორაცია, რომელთა საქმიანობაც შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც იყოს დისტანციური, ცდილობს თანამშრომლების სახლებიდან მუშაობა დაამენეჯმენტოს, ისე რომ არც გუნდურობის შეგრძნება დაკარგოს და არც საქმისადმი ინტერესი გააქროს. კორპორატიული პასუხისმგებლობის აღნიშნული ფორმა უმთავრესად ერთი ადამიანის ჯანმრთელობის გაფრთხილებას ეყრდნობა და სხვადასხვა კორპორაციაში სხვადასხვა ფორმით ვლინდება – შესაძლოა, იყოს კრიზისის პირობებში შემუშავებული ერთიანი დაზღვევის სოციალური პაკეტი ან თანამშრომლების აღჭურვა დამცავი საშუალებებით სახლის პირობებში, ასევე სპეციალური ტრენინგების გამართვა, რათა საქმიანობისას (ხელშეკრულებების სველი წესით გაფორმება) მაქსიმალურად დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა. აღნიშნული ფორმის მინიმალური გამოვლინება კი, თანამედროვე დისტანციურ რეჟიმზე მუშაობისთვის აუცილებელი ზუმ შეხვედრების ლიცენზირებული ვერსიაა, რითაც თანამშრომელს, სახლში ყოფნისას, მუშაობა გაუმარტივდეს.

2. მამონტებზე ნადირობის სცენა

გამოქვაბულის ათვისების და მასში თავის დამკვიდრების შემდეგ, ადამიანმა აღნიშნული გამოქვაბულის საკომუნიკაციო საშუალებად გამოყენება დაიწყო. ისტორიულად დადასტურებული გამოქვაბულის კედლებზე აღმოჩენილი პირველი ნახატები გამოქვაბულს მიღმა ნანახს და განხორციელებულ ქმედებას ასახავდა. ადამიანი მამონტებს კედლებზე ორი მიზნით კაწრავდა  – იმისთვის, რომ მოეხდინა კლასიფიკაცია (მარტივი ფორმით), ანუ გაერჩია მამონტი ვეფხვისგან და იმისთვის, რომ გაეზიარებინა სხვისთვის. აღწერა ეხმარებოდა ადამიანს უკეთესად დაეგეგმა ნადირობა, გაეთვალისწინებინა ნანადირევის აგებულება, მისი მონადირების მარტივი ხერხი, ეკეთებინა თავისი საქმე კარგად. ჩამოყალიბებულიყო ამ საქმის „პროფესიონალად“ და ამის შემდეგ გაეზიარებინა ეს გეგმა და ცოდნა სხვისთვის, ანუ სხვასაც უკეთესად ენადირა. ამ კონტექსტში სოციალური პასუხისმგებლობის გადაფასება საკუთარი გადარჩენის, მომავლში საქმიანობის გაგრძელების მიზნით და მეზობელი კომპანიის გადარჩენის მოტივით განისაზღვრება, რადგანაც ნადირობა ერთად უკეთესია, მეტი შანსია მოიპოვო მსუყე ნანადირევი და გადარჩე მტაცებლის თავდასხმისას. „B2B” კორპორატიული პასუხისმგებლობის საერთაშორისო გავლენა, ბიზნესის გამოკითხული წარმომადგენლების აზრით, საქართველოში ეტაპობრივად იკიდებს ფეხს. მსხვილი ბიზნესიდან გამოკითხული რესპოდენტების უმრავლესობა საუბრობს სწრაფი განვითარების ხელშეწყობასა და კრიზისის პერიოდში კონკრეტული რჩევების გაზიარების მნიშვნელობაზე, რისი საჭიროებაც მკვეთრად იკვეთება გამოკითხული მცირე ბიზნესის წარმომადგენლების ნარატივში. რესპოდენტები ადასტურებენ წარმოდგენას, რომ აღნიშნულ კონტექსტში ყველაზე მოწყვლადი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან, სწორედ ამიტომ მსხვილი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მათთვის მხარდაჭერის შეთავაზებაა. ქართული რეალობიდან ჯერ-ჯერობით ეს ცალკეული მაგალითებია, როგორიცაა ონლაინ გაყიდვების პლატფორმის გამართვაში ხელშეწყობა ან ბიზნეს საკითხებზე დისტანციური კონსულტაციის გაწევა. ეისითის ბიზნეს საკონსულტაციო პლატფორმის ჩაშვებას სწორედ ეს მიზანი ჰქონდა – ჩვენი მიღებული ცოდნა და გამოცდილების გაზიარება მათთვის, ვისაც ეს მხარდაჭერა ახლა ძალიან სჭირდება, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩეს და ამ კრიზისის შემდგომ კვლავ ჩვენს დამკვეთ ძლიერ კომპანიებად იქცეს, რათა მამონტი ერთად მოვინადიროთ.

3. საერთო კოცონი

მას შემდეგ რაც ცეცხლი აღმოაჩინა, ადამიანმა მისი გამოყენება სხვადასხვა მიზნით დაიწყო. ხოლო იმისთვის, რომ ყოველ ჯერზე ამ ცეცხლის დანთებისთვის დრო არ დაეკარგა, ზრუნავდა მუდამ ანთებულ მდგომარეობაში ჰქონოდა. როდესაც ადამიანების „დამეგობრებასთან“ ერთად გამოქვაბულების ურთიერთპერიმეტრიც დავიწროვდა, ცეცხლი აღნიშნული გამოქვაბულების შუაში მოექცა, ხოლო თითოეულ წევრს გამოქვაბულიდან საერთო ცეცხლზე ზრუნვა დაეკისრა. სოციალური პასუხისმგებლობის ყველაზე ხშირი და გავრცელებული ფორმა ამ საერთო ცეცხლში საკუთარი წვლილის შეტანაა, თუ წარმოვიდგენთ რომ ცეცხლი ქვეყნის ეკონომიკა ან საერთო კეთილდღეობაა, კომპანიების კორპორატიული პასუხისმგებლობა სწორედ ამ საერთო ცეცხლში მოქცეული საზოგადოების ცალკეული სეგმენტის (მოწყვლადი ჯგუფებისთვის ხელის გამართვა, სპორტის ან კულტურული აქტივობების მხარდაჭერა) დახმარებაა.  კოვიდ 19-ის კრიზისისას აღნიშნული ფორმა პანდემიასთან ბრძოლის საერთო პალტფორმაში და მასზე დარიცხულ მილიონობით ლარში გამოისახა. კორპორაციებმა საერთო კეთილდღეობისთვის გაიღეს თანხა. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში ბიზნესმა ფინანსური დახმარება გაუწია ან საქმიანობიდან გამომდინარე არსებული პროდუქტი  მიაწოდა (საკვები, საწვავი) დაავადებათა კონტროლის  ეროვნულ ცენტრს და ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც პანდემიასთან ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე მდგომ ერთეულებს. სამშენებლო და ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით თანხის ასეთი მიზნობრივი გადაცემა უმარტივებს მათ სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობაში ჩართულობას  და აზღვევს მათ შეცდომის დაშვებისგან – თავად განსაზღვრონ საჭიროების მქონე ჯგუფი და მათი საჭიროება აღნიშნულ კრიზისში. კორპორატიული პასუხისმგებლობის ამ ფორმას მისი სიმბოლური სახის – ცეცხლის მსგავსად, გადადების ეფექტი ახასიათებს, ერთის მხრივ ეს ერთგვარი მაგალითია სხვა კორპორაციებისთვის და ბიძგი, თავადაც გაიღონ თანხა საერთო პრობლემის დასაძლევად, ხოლო მეორეს მხრივ, კონკრეტული სამშენებლო კომპანიის მაგალითს თუ განვაზოგადებთ, შესაძლებელია, ისეთი აქტივობით განხორციელდეს, რომელშიც ჩართვა არამარტო კორპორაციებს, არამედ რიგით ადამიანებსაც შეუძლიათ, ხოლო ბიზნესი ერთგვარ შუამავლად იქცევა. მაგალითისთვის თუ აქციით შეიძენდით უძრავ ქონებას, თქვენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი პანდემიის დაძლევის ფონდში გადაირიცხებოდა.

4. ბარძაყის ძვალი

ერთხელ ცნობილ ამერიკელ ანთროპოლოგს მარგარეტ მიდს სტუდენტმა ჰკითხა თუ რას მიიჩნევს ის ცივილიზაციის პირველ ნიშნად. მეცნიერული კუთხით მოსალოდნელ პასუხებს შორის სტუდენტი განიხილავდა, რომ მიდი თიხის ჭურჭელს, ნადირობის იარაღს, ან ცეცხლის, როგორც კომუნიკაციის საშუალების გამოყენებას დაასახელებდა, თუმცა ანთროპოლოგმა ცივილიზაციის პირველ ნიშნად დაასახელა 15 000 წლით დათარიღებული და თანამედროვე ეპოქაში აღმოჩენილი ბარძაყის ძვალი, რომელიც იყო გატეხილი და შეხორცდა. აღნიშნული ძვალი ადამიანის სხეულში ყველაზე დიდია, ის ქმნის მენჯ-ბარძაყის მამოძრავებელ სისტემას, რაც ადამიანის გადაადგილებისთვის აუცილებელი პირობაა, მისი დაზიანების შემთხვევაში კი რეაბილიტაციას საშუალოდ 4-6 თვე  სჭირდება. მიდის განმარტებით ველურ პირობებში, როდესაც ცხოველი იტეხვს ფეხს, ის კვდება, რადგანაც ის ვერ მოიპოვებს საკვებს, ვერ გადაადგილდება, რომ გაექცეს თავდასხმას, ვერ პოულობს წყალს.  ადამიანის ბარძაყის შეხორცებული ძვალი ანთროპოლოგის განმარტებით იძლევა იმ ინფორმაციას, რომ ვიღაცამ დახარჯა დრო და რესურსი, მოუარა დროებით ავადმყოფს, უმკურნალა მას, იზრუნა მის საკვებსა და წყალზე, დაიცვა ან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა ის გამოჯანმრთელებამდე. სწორედ გამთელებული ბარძაყის ძვლით – სხვა ადამიანზე ზრუნვით იწყება ცივილიზაცია.

Music Store Etsy Banner

კორპორატიული პასუხისმგებლობის გადაფასებული აღქმა, რომელიც მშრალი ერთჯერადი ქველმოქმედებიდან – თანამშრომლის გაფრთხილებით, სხვებისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით, მიზანმიმართული და საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობის დაფინანსებით შეიცვალა, ეტაპობრივად ვითარდება ქართულ რეალობაში, თუმცა ვფიქრობ სოციალური პასუხისმგებლობის პირველი ცივილიზაციის ნიშანი კორპორატიული გამთელებული ბარძაყის ძვლებია – ის შენარჩუნებული თანამშრომლები, რომლებიც კრიზისის ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ თავიანთ სამსახურებს დაუბრუნდებიან, რადგანაც ყველაზე რთულ სიტუაციაში ისინი არ მიატოვეს და მათზე იზრუნეს; რადგანაც  კორონა ვირუსის დასასრულს სწორედ შეუხორცებელი ბარძაყის ძვლებს დაითვლიან, ეს იქნება ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიღმა, პანდემიით გამოწვეული მორალური ზიანის საზომი და თითოეული ჩვენგანი დაფიქრდება რამდენი გამთელებული ძვალია მის სახელზე.

 

ავტორი: ნინო კალანდია

კვლევის მენეჯერი, ACT BUSINESS

12

 

 

მთავარი გვერდი სტატიების არქივი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ცვალებადი აღქმები, როგორ გავაგრძელოთ მამონტებზე ნადირობა

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.