ოჯახში ძალადობა თვითიზოლაციის პირობებში

კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად აუცილებელი ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი სოციალური დისტანციის დაცვა და სახლში დარჩენაა, სახლი კი, შესაძლებელია ბევრი ადამიანისთვის უსაფრთხო გარემო სულაც არ იყოს. ერთ-ერთ სერიოზულ რისკ-ჯგუფს ოჯახური ძალადობის მსხვერპლები წარმოადგენენ, რომელთა მიმართ ძალადობის გამოყენების ალბათობა, კონტროლის მექანიზმების შესუსტების პირობებში, კიდევ უფრო იზრდება.

ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას სწორედ ოჯახში ძალადობა წარმოადგენს, რომელსაც ფარული და ხანგრძლივი ხასიათი აქვს და ხშირ შემთხვევაში, მასთან ასოცირებული ფაქტების სააშკარაოზე გამოტანა გვიან ხდება ან არ ხდება საერთოდ.

ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური თუ ეკონომიკური ძალადობა, ასევე იძულება და უგულებელყოფა.

ოჯახური ძალადობა იზოლაციის პირობებში საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. ოფიციალური სტატისტიკა ძალადობის ფაქტების ზრდის შესახებ ნაკლებად ვრცელდება, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში საუბარია შესაბამის სამსახურებში დახმარების თხოვნით განხორციელებული ზარების რაოდენობისა თუ ინტერნეტსივრცეში ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ძიების მაჩვენებლის ზრდაზე. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ოჯახური ძალადობის თემაზე მომუშავე ორგანიზაცია Refuge-ის ინფორმაციით, მათი დახმარების ვებგვერდის მოხმარება 700%-ითაა გაზრდილი, Googlе-ის საძიებო სისტემაში ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაციის ძებნის მაჩვენებელი კი ავსტრალიის ერთ-ერთ შტატში, კორონავირუსის ფაქტის დაფიქსირებიდან 75%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საქართველოს, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 3 აპრილს გამოქვეყნებულ მასალას დავეყრდნობით, პანდემიის გავრცელების პირობებში ოჯახში ძალადობის შემთხვევების ზრდის დინამიკა არ ფიქსირდება. მართალია, კონკრეტული რიცხვი არ სახელდება, მაგრამ როგორც მასალაშია აღნიშნული, 2020 წლის მარტში, ოჯახურ კონფლიქტებსა და ძალადობასთან დაკავშირებით 112-ში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობა 2020 წლის იანვარსა და 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირებული შეტყობინებების რაოდენობის თითქმის იდენტურია. გასული სამი წლის მანძილზე 112-ში ოჯახში ძალადობის/კონფლიქტის თაობაზე შესული შეტყობინებების რაოდენობა კი, წლებთან ერთად შემცირების დინამიკას უჩვენებს. ამგვარი შეტყობინებების ჯამურმა რაოდენობამ 2017-2019 წლებში 63 638-ს შეადგინა, ყველაზე მაღალი რაოდენობა კი 2017 წელს დაფიქსირდა (24 300).

გრაფიკი #1. 112-ში ოჯახში ძალადობის/კონფლიქტის თაობაზე შესული შეტყობინებების რაოდენობა
2017-2019 წლებში

keso 1

2020 წლის იანვარი-მარტის თვის მონაცემები უჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისთვის დაწყებული გამოძიების ყველაზე მაღალი რიცხვი იანვარში ფიქსირდება. კერძოდ, 2020 წლის იანვარში შესაძლო ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის დაახლოებით 520-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება; თებერვალში გამოძიება დაახლოებით 490-მდე ფაქტზე, მარტში კი – 470-მდე შემთხვევაზეა დაწყებული. ამ ფაქტებიდან, 2020 წლის იანვარში 13% ეხებოდა, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას. თებერვალში დაწყებული გამოძიებებიდან, მათ შორის, ბავშვის მიმართ შესაძლო ოჯახში ძალადობას ეხებოდა ფაქტების 12%, მარტში კი ეს მაჩვენებელი – 10%-ს შეადგენდა.

2020 წლის მარტშივე ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისთვის დაწყებული გამოძიებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდება (52%), შემდეგ უკვე აჭარასა (12%) და ქვემო ქართლში (8%). ამავე პერიოდში ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორი ყველაზე ხშირად თავად მსხვერპლი იყო (78%). 12%-ის შემთხვევაში კი, შეტყობინების ინიციატორი იყო მსხვერპლის ოჯახის წევრი.

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, 2020 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით უკვე 2 713 ორდერია გაცემული. ამათგან, მარტში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 930-მდე შემაკავებელი ორდერი გაიცა და მათი უმრავლესობა ფსიქოლოგიური ძალადობის სახეს ეხებოდა (78%).  მარტში გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 94 ერთეულით აღემატება თებერვალში გაცემული შემაჯამებელი ორდერების რაოდენობას და თითქმის უტოლდება იანვრის მონაცემებს (იანვარი – 947, თებერვალი – 836, მარტი – 930).

გრაფიკი #2. შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 2020 წლის იანვარი-მარტში

გრ 2

იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა ხშირად არ ხდება ან ხდება გვიან, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ძალადობის მაჩვენებელი იმაზე მაღალია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკა მეტყველებს. მითუმეტეს, იზოლაციის პირობებში, როდესაც მსხვერპლსა და მოძალადეს საერთო სოციალური სივრცის გაზიარება უწევთ, მსხვერპლისთვის, მათ შორის, სატელეფონი ზარის განხორციელება შესაძლებელია დამატებით ძალისხმევას მოითხოვდეს, მოძალადის მიერ აგრესიული ქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები კი, უფრო მაღალი იყოს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლების მზარდ დინამიკას.

როგორც 2017-2019 წლების ოფიციალური სტატისტიკა უჩვენებს, წლიდან წლამდე ოჯახში ძალადობის გამოვლენილი ფაქტები იზრდება. 2017 წელს ოჯახში ძალადობის დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა 5 439 იყო, 2019 წელს კი – 12 591 შეადგინა. სულ სამი წლის მანძილზე ოჯახში ძალადობის შემთხვევების 27 209 ფაქტია აღრიცხული.

გრაფიკი #3. ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა 2017-2019 წლებში

გრ 3

აღსანიშნავია, რომ წლებთან ერთად იზრდება ყველა ტიპის ოჯახური ძალადობის შემთხვევები. ერთადერთი გამონაკლისია იძულება, რომელიც 2018 წელს შემცირების დინამიკას უჩვენებს, თუმცა, 2019 წელს კვლავ ზრდის ტენდენციას ვაკვირდებით (2017 – 97 შემთხვევა, 2018 – 74 შემთხვევა, 2019 – 155 შემთხვევა). საქართველოში ოჯახში ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმას ფსიქოლოგიური ძალადობა წარმოადგენს და ამ მხრივ წლების მიხედვით განსხვავებები არ ფიქსირდება, რამდენადაც 2017-დან 2019 წლის ჩათვლით ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე მოდის.

გრაფიკი #4. ოჯახში ძალადობის სახეების სტატისტიკა (შემთხვევების რაოდენობა) 2017-2019 წლებში

გრ 4

ბოლო სამი წლის მანძილზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა აღრიცხულმა რაოდენობამ ჯამში 20 029 შეადგინა, რომელთა 85% ქალი, 15% კი – კაცია. ძალადობის მსხვერპლთა ნახევარი 25-44 წლის ასაკობრივ ჯგუფს წარმოადგენს (50%). მეორე ყველაზე მოწყვლად ასაკობრივ ჯგუფს კი – 45 წლის და უფროსი ასაკი წარმოადგენს (34%).

გრაფიკი #5. ბოლო სამი წლის (2017-2019) მანძილზე ძალადობის მსხვერპლთა განაწილება სქესისა და ასაკის მიხედვით

გრ 5

წლების მიხედვით თუ ვნახავთ მონაცემებს, ირკვევა, რომ ყოველწლიურად იზრდება ძალადობის მსხვერპლთა დეკლარირებული რაოდენობა არა მხოლოდ ქალებში, არამედ კაცებშიც და ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

გრაფიკი #6. ძალადობის მსხვერპლთა განაწილება სქესისა და ასაკის მიხედვით 2017-2019 წლებში

გრ 6

2012 წლის მაისში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია მოხდა, დამნაშავისთვის კი სხვადასხვა ტიპის სასჯელი განისაზღვრა სიმძიმის შესაბამისად. მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვისა და ძალადობის ფაქტის განმეორების თავიდან აცილების მიზნით გამოყენებულ ერთ-ერთ მექანიზმს შემაკავებელი ორდერი წარმოადგენს. 2017-2019 წლების მანძილზე სულ 22 282 შემაკავებელი ორდერი გაიცა. გაცემული ორდერების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წელს დაფიქსირდა.

გრაფიკი #7. შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 2017-2019 წლებში

გრ 7

გარდა შემაკავებელი ორდერისა, მსხვერპლის უსაფრთხოების როგორც დაცვის, ასევე ძალადობის ფაქტის განმეორების თავიდან აცილების მიზნით ასევე გამოიყენება სხვა მექანიზმები. მაგალითისათვის, თუ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს არ სურს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, არსებობს მექანიზმი, რომლის თანახმადაც, ძალადობის მსხვერპლმა შესაძლებელია მიმართოს სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს. სწორედ ეს ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე. ოჯახში ძალადობის მსხვერპლს შეუძლია ისარგებლოს სახელმწიფო თავშესაფრის მომსახურებით, ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაციით, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებით/მიღებით, სამართლებრივი დახმარებით, საჭიროების შემთხვევაში კი, თარჯიმნის მომსახურებითაც.

თავშესაფრებთან ერთად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს შეუძლია ასევე მიმართოს ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრებს, სადაც გარდა ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისა, მიმართვა შეუძლიათ ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლს/დაზარალებულს/სავარაუდო მსხვერპლს მასზე დამოკიდებულ პირებთან ერთად.

ოჯახში ძალადობაზე მსჯელობისას საყურადღებოა, რომ 112-ში ოჯახში ძალადობის თაობაზე შესული შეტყობინებების რაოდენობის შემცირების პარალელურად, ძალადობის ფაქტების ოფიციალური სტატისტიკა იზრდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების შესახებ გაზრდილი ინფორმირებით აიხსნება საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სამსახურში შესული შეტყობინებების რაოდენობის შემცირება, რამაც გამოიწვია ის, რომ, ნაცვლად 112-ში ზარის განხორციელებისა, ძალადობის მსხვერპლი პირდაპირ თავშესაფრებსა თუ ცენტრებს მიმართავს. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძალადობის მსხვერპლი, ზარის განხორციელების გარეშე პირდაპირ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს ან სარგებლობს დახმარების არა სახელმწიფო, არამედ კერძო ცენტრების სერვისებით, რომლებიც ძალადობის მსხვერპლთ ფსიქოლოგისა თუ იურისტის დახმარებას სთავაზობენ. მაგრამ სიღრმისეული კვლევის გარეშე, ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელიც დასაბუთებას საჭიროებს.

როგორც სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი მოწმობს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს შესაძლებელია შედარებით ეფექტიანად შესაბამისი სამსახურების სატელეფონო სერვისებით მიღებული კონკრეტული რჩევა თუ ფსიქოლოგის  კონსულტაცია დაეხმაროს. ამასთან, რამდენადაც სატელეფონო საუბარი შესაძლებელია ხშირად მაღალი რისკის მატარებელი იყოს, ზოგიერთ ქვეყანაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დახმარების მისაღებად ასევე შეუძლია ისარგებლოს მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის სერვისით. რაც შეეხება საქართველოს, ოჯახში ძალადობის შესახებ შესაბამისი სამსახურების ინფორმირება მოქალაქეებს შეუძლიათ არა მხოლოდ 112-ში ზარის განხორციელებით, არამედ 112-ის მობილური აპლიკაციის SOS (ჩუმი განგაში) ღილაკის საშუალებითაც. თუ გავითვალისწინებთ, რომ თვითიზოლაციის პირობებში მსხვერპლს ნაკლებად აქვს შესაძლებლობა გაერიდოს სოციალურ სივრცეს, რომელსაც მოძალადესთან ერთად ინაწილებს, შესაძლებელია ეს აპლიკაცია მნიშვნელოვანი მექანიზმი იყოს ოჯახში ძალადობის ფაქტების როგორც დაფიქსირების, ასევე მათზე სწრაფი რეაგირებისთვის.

ავტორი: კესო ესებუა

უფროსი კონსულტანტი, ACT IMPACT

shutterstock_46727167

მთავარი გვერდი სტატიების არქივი ოჯახში ძალადობა თვითიზოლაციის პირობებში

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.