პანდემიით შექმნილი რეალობა: კრიზისი თუ შესაძლებლობა კვლევითი კომპანიებისთვის

COVID-19 პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა შეცვალა. სოციალური დისტანცირება, რასაც ჩვეული ურთიერთობების და ქმედებების ვირტუალურ სივრცეში გადატანა მოჰყვა, ჩვენს ახალ რეალობად იქცა.

პანდემიამ და მის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა გავლენა იქონია კერძო სექტორზეც. კრიზისის დაძლევის მიზნით, კომპანიებს შეძლებისდაგვარად საქმიანობა ონლაინ სივრცეში გადააქვთ როგორც თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის, ასევე ოპერაციულ და მომხმარებლებთან ინტერაქციის დონეზე.

გამონაკლისი არც მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევითი სფეროა, რომლის საქმიანობის ვირტუალურ სივრცეში გადატანა არსებულმა რეალობამ აქტუალური გახადა. ყველაზე კრიტიკულად ეს აუცილებლობა მონაცემთა შეგროვების პროცესს ეხება, რომელიც დღემდე საქართველოში ძირითადად ტრადიციული მიდგომებით –  ინტერვიუერის / რესპონდენტის tet-a-tet ინტერვიუებით ხორციელდება. ამიტომ გაციფრულება საქართველოს კვლევითი ბაზრის მნიშნელოვან და აქტუალურ გამოწვევად იქცა.

განსხვავებული სურათია საერთაშორისო ბაზარზე, სადაც მონაცემთა შეგროვების მიზნით ვირტუალური არხების გამოყენების საჭიროება მრავალი წლის წინ დადგა. აღნიშნული უმეტესწილად უკავშირდება ეკონომიკური და ბიზნეს საქმიანობების ტემპის ზრდას და გლობალიზაციის პროცესს, რამაც ერთი ორად გაზარდა სწრაფად, მარტივად და იაფად მოპოვებადი მონაცემების მნიშვნელოვნება. ბაზრის ამ ახალ საჭიროებას ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით კვლევითმა სფერომ მარტივად უპასუხა. ამგვარად, უცხოური კვლევითი პრაქტიკა, რომელიც გაციფრულების ევოლუციას ადგას, გვკარნახობს მონაცემთა ვირტუალურად შეგროვების სხვადასხვა საინტერესო მიდგომას.

ერთი მხრივ საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, ხოლო მეორე მხრივ ადგილობრივად უკვე აპრობირებული, დისტანციური მიდგომების განვითარება წარმოადგენს ქართული კვლევითი სფეროსთვის დღევანდელ სიტუაციასთან გამკლავების გზას.

პანდემიის და რეგულაციების დღევანდელ რეალობაში მოსალოდნელია, რომ კვლევითი კომპანიების საქმიანობა ყველაზე მეტად სატელეფონო გამოკითხვებით დაიტვირთება. ეს არის მიდგომა, რომელიც კარგად აპრობირებულია ქართულ რეალობაში, შესაბამისად ინფრასტრუქტურა და გამოცდილება უკვე არსებობს, ამასთან დაცულია რესპონდენტთან დისტანციის პირობა. შესაბამისად, სატელეფონო კვლევებზე გადაწყობა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ამ მიმართლებით განვითარება კომპანიების მხრიდან სწრაფი და ეფექტური ნაბიჯი იქნება.

რაც შეეხება ეისითის, მან უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სატელეფონო კვლევების ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. ქოლ ცენტრი უმოკლეს დროში გადაეწყო დისტანციურ რეჟიმზე ისე, რომ ოპერატორები სახლიდან გაუსვლელად აწარმოებენ ინტერვიუებს მაღალი ხარისხის დაცვით. გარდა ამისა, ეისითიმ შეიმუშავა სატელეფონო ინტერვიუებისთვის განკუთვნილი, მაღალ ტექნოლოგიებზე აწყობილი პლატფორმა, რომელიც უფრო მეტად არის მორგებული დისტანციურ მუშაობაზე და შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერი მოწყობილობით და ნებისმიერ ლოკაციაზე (სადაც ინტერნეტია) განხორციელდეს ინტერვიუირების პროცესი.

კიდევ ერთი მიდგომა, რომელიც კვლევითმა კომპანიებმა სოციალური დისტანცირების მითითების დროს შეიძლება გამოიყენონ ონლაინ გამოკითხვაა –  ამ დროს რესპონდენტი დამოუკიდებლად, ინტერვიუერის გარეშე ავსებს მეილის ან სხვა დისტანციური არხის გამოყენებით მიღებულ კითხვარს. ონლაინ გამოკითხვის ჩატარების დროს მნიშვნელოვანია იმ პლატფორმის შერჩევა, რომლის საშუალებითაც მოხდება სასურველ რესპონდენტებთან დაკავშირება და მათთვის გამოკითხვაში მონაწილეობის მიღების შეთავაზება.  პლატფორმის შერჩევა სამიზნე სეგმენტის თავისებურებებიდან გამომდინარე ხდება. პლატფორმად შესაძლოა გამოყენებულ იქნას Facebook, ვებ-გვერდი, აპლიკაცია, ან ელექტრონული ფოსტა.

საერთაშორისო ბაზრისთვის აპრობირებულ და აქტუალურ მიდგომას კვლევის პროცესში ონლაინ პანელების გამოყენება წარმოადგენს, რაც ქართული ბაზრის განვითარების ერთ-ერთ საინტერესო შესაძლებლობად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამის გამოცდილება აქ არ არსებობს, არადა, სხვა ქვეყნებში ეს ცალკე ბიზნეს სექტორადაც კი ჩამოყალიბდა.

ონლაინ პანელები წარმოადგენს კვლევის პოტენციურ მონაწილეთა მონაცემების მრავალრიცხოვან ბაზებს მათი წინასწარი თანხმობით და დემოგრაფიული მონაცემებით. ამა თუ იმ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად რესპონდენტების დისტანციურად შერჩევის შესაძლებლობის გარდა, ონლაინ პანელებს შეუძლიათ ონლაინ გამოკითხვის პლატფორმის ფუნქციაც შეითავსონ.

პირისპირ გამოკითხვასთან შედარებით ონლაინ პანელი ინფორმაციის სწრაფ და მომენტალურ მოგროვებას უზრუნველყოფს, ამიტომ როდესაც სისწრაფე პრიორიტეტულია, ბიზნესი რესპონდენტთა შერჩევის და გამოკითხვის ამ მეთოდს ანიჭებს უპირატესობას.  ჩვენს რეალობაში, ონლაინ პანელების მთავარი ღირებულება დისტანციურობაა, ხოლო დამატებითი სარგებელი სამუშაო რიტმის აჩქარება იქნება.

გაციფრულება აუცილებლად შეეხება თვისებრივ კვლევასაც. ამ ცვლილებასთან მარტივად ადაპტირებადია ჩაღრმავებული ინტერვიუ, როგორც თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი ტექნიკა. დისტანციური არხები და მრავალგვარი საკომუნიკაციო პროგრამები მისი ჩატარების შეუზღუდავ შესაძლებლობას იძლევა.

ჩაღრმავებული ინტერვიუებისგან განსხვავებით, ქართული ბაზრისთვის გამოწვევაა ფოკუსური ჯგუფის დისტანციურად, ონლაინ ჩატარება. დღევანდელ დღემდე, ფოკუს ჯგუფების ვირტუალურად ჩატარების საჭიროება არ დამდგარა, ამიტომ კვლევითი კომპანიებიც ჯგუფურ დისკუსიებს ტრადიციულად, პირისპირ მეთოდით ატარებდნენ. თუმცა საერთაშორისო გამოცდილება ამ მეთოდის გაციფრულებამდეც მივიდა. მათი გამოცდილება დისტანციური ფოკუს ჯგუფის შესაძლებლობებსა და შეზღუდვებზე გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას. ერთ-ერთ უპირატესობად მოქნილობა სახელდება – აღარ არსებობს დროითი და გეოგრაფიული ბარიერები. რაც შეეხება შეზღუდვებს, ონლაინ ფორმატი არ იძლევა ისეთივე სიღრმისეული ინფორმაციის და რესპონდენტთა ცნობიერების ქვედა დონეებზე ჩასვლის შესაძლებლობას, როგორც ტრადიციული, პირისპირ დისკუსიები.

Infographic 5

ცხადია, ონლაინ ფოკუს ჯგუფები ვერ ჩაანაცვლებს პირისპირ დისკუსიას სრულად, ვინაიდან ამ უკანასკნელის მთავარი ხიბლი მონაწილეთა შორის ცოცხალი დისკუსიაა, მთავარი უპირატესობა კი სიღრმისეული ინსტრუქციების მიღებაა. თუმცა ონლაინ ფოკუს ჯგუფები, თავისი შესაძლებლობების ფართო სპექტრით კვლევის ინოვაციურ, ახალ მეთოდად შეგვიძლია მოვიაზროთ, რომელსაც გამოყენების თავისი ჩარჩოები და ისნტრუქციები ექნება.

დისტანციური ფოკუს ჯგუფების ტექნიკა ეისითიმ უკვე წარმატებით გამოსცადა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. ამ პროცესში მოხდა აღნიშნული ტექნიკის გამოყენების ისეთი საინტერესო შესაძლებლობების აღმოჩენა, რომლებიც იზოლაციის მდგომარეობიდან გამოსვლის შემდგომაც აქტუალური იქნება.

გარდა ზემოთ განხილული მიდგომებისა, მსოფლიო პრაქტიკა სავსეა ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომლებიც წარმატებით ინერგება კვლევის სექტორში – იქნება ეს ჩატ-ბოტები, რომლებიც მოდერატორის ფუნქციებს ითავსებენ თუ მობილური აპლიკაციები, რომლებიც მომხმარებელთა ყოველდღიური ქცევის აღსარიცხ დღიურებს წარმოადგენენ. ბუნებრივია, მსოფლიო ტენდენციებს ქართული ბაზარიც წამოეწეოდა, თუმცა ის, რაც ხვალინდელი დღე იყო, დღევანდელი დღის წესრიგი აღმოჩნდა. არსებული ვითარება ქართულ კომპანიებს ინოვაციების დანერგვას, სამუშაო სქემის გადახედვას აიძულებს და შესაძლებლობების ფართო სპექტრს აჩვენებს. ამ თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების განვითარება კი კრიზისული სიტუაციის დასრულების შემდგომ რესურსების დაზოგვას და სამუშაო ტემპის აჩქარებას გამოიწვევს.

ავტორი: ნინი ქერქაძე

წამყვანი კონსულტანტი, ACT BUSINESS

ნინი ქერქაძე - DONE

მთავარი გვერდი სტატიების არქივი პანდემიით შექმნილი რეალობა: კრიზისი თუ შესაძლებლობა კვლევითი კომპანიებისთვის

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.