რესტორნები და საკვების გამოძახების სერვისი

კვლევის მონაცემების მიხედვით, საკვების გამოძახების სერვისით სარგებლობა ჩვენს დედაქალაქში არც თუ ისე გავრცელებული ქცევაა – როგორც ირკვევა, აღნიშნული მომსახურებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში თბილისელების მხოლოდ 17%-ს უსარგებლია. ეს ქცევა განსხვავდება სხვადასხვა სქესისა და ასაკის თბილისელებში –  როგორც კვლევა აჩვენებს, თბილისელი მამაკაცების უფრო დიდი ნაწილი იძახებს საკვებს (23%), ვიდრე ქალები (13%). ასევე, აღსანიშნავია რომ,  საკვების გამოძახების სერვისით უფრო მეტად 18-30 წლის ახალგაზრდები სარგებლობენ (41%), ხოლო უფრო მაღალი ასაკის წარმომადგენლებში ამ სერვისით მოსარგებლეთა წილი იკლებს.

კვლევის შედეგად ასევე გაირკვა, რომ განსხვავებით საკვების გამოძახების სერვისისა, რესტორნებში სიარულის ქცევა თბილისში საკმაოდ გავრცელებულია. კვლევის მონაცემების მიხედვით, ათიდან შვიდი თბილისელი გარკვეული პერიოდულობით დადის რესტორანში (70%). მათ შორის თბილისელების ერთი მესამედი (33%) რესტორნებს სულ მცირე თვეში ერთხელ სტუმრობს.

აღსანიშნავია, რომ რესტორანში ამა თუ იმ სიხშირით მეტწილად ახალგაზრდა (18-30 წლის) და შუახნის (31-45 წლის) თბილისელები დადიან (შესაბამისად 92% და 86%). ასაკის მატებასთან ერთად კი, რესტორანში ვიზიტორების წილი მცირდება. რესტორანში სიარულის ქცევაში სხვაობები ფიქსირდება სქესის  მიხედვითაც – კვლევის მონაცემებით, თბილისელი მამაკაცების უფრო დიდი ნაწილი დადის რესტორნებში (75%), ვიდრე ქალები (66%). აქვე აღსანიშნავია, რომ თბილისელი მამაკაცების თითქმის ნახევარი რესტორანს სულ მცირე თვეში ერთხელ სტუმრობს (45%), მაშინ როდესაც ამ სიხშირით რესტორანში სიარულის ქცევა თბილისელი ქალბატონების მხოლოდ ერთ მეოთხედს ახასიათებს (25%).

რაც შეეხება საჭმლის მომზადების სიხშირეს – კვლევის შედეგად ირკვევა, რომ საჭმლის მომზადება მამაკაცებისათვის არც თუ ისე ჩვეული საქმიანობაა, რადგან, მათი ყველაზე დიდი ნაწილი საჭმელს თვეში ერთხელაც კი არ ამზადებს, მაშინ როცა ქალების უმრავლესობისთვის ეს ყოველდღიური საქმიანობაა.

კვლევის ფარგლებში ასევე გავარკვიეთ თუ რა კერძების მომზადება შეუძლიათ თბილისელებს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცების უმრავლესობა საჭმლის მომზადებაში კარტოფილის და მწვადის შეწვას გულისხმობს. რადგან, ისეთი ტრადიციული კერძების მომზადება, როგორებიცაა ხაჭაპური, ჩახოხბილი, ხინკალი, და ა.შ მხოლოდ მათმა მცირე ნაწილმა იცის. რაც შეეხება თბილისელ ქალბატონებს – მათი განცხადებით, მათ დიდ უმრავლესობას შეუძლია ზემოთ ჩამოთვლილი კერძების მომზადება.

რესტორნები

*კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდიპირისპირ ინტერვიუ.

მთავარი გვერდი იცნობდეთ თქვენს მომხმარებელს რესტორნები და საკვების გამოძახების სერვისი

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის
ქუჩა #8, 0183, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.