სატელეკომუნიკაციო ბაზრის ტენდენციები

ისტორიულად ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი ყოველთვის იყო დივერსიფიცირებული მობილური ოპერატორების და ინტერნეტ პროვაიდერის ბიზნესებად. წლებთან ერთად ბაზარზე გაიზარდა როგორც მობილური, ასევე ინტერნეტის პენეტრაცია, შესაბამისად, მოხდა ტელეკომუნიკაციის ამ ორი სეგმენტის გადაფარვაც. აღნიშნულმა კი, თავის მხრივ, სატელეკომუნიკაციო ბიზნესი ახალი გამოწვევების და  შესაბამისად, შესაძლებლობების წინაშე დააყენა. ის, რაც წლების განმავლობაში დამახასიათებელ ტრენდს წარმოადგენდა – მობილური ოპერატორების და ინტერნეტ პროვაიდერების ცალ-ცალკე ოპერირება –  შეიცვალა. კერძოდ,  სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე, ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება კომპანიების გაერთიანების ტენდენცია. ამის მაგალითია 2016 წელს „მაგთის“ და „კავკასუს ონლაინის“ გაერთიანება, 2018 წელს კი, „სილქნეტის“ და „ჯეოსელის“ შერწყმა. აღნიშნულის შედეგად, „მაგთი“ და „სილქნეტი“ სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს უზრუნველყოფენ, რაც სასიკეთო აღმოჩნდა ჩვენთვის, როგორც მომხმარებლებისთვის, რომელთაც კომბინირებული პაკეტებით/კონვერგენტული პროდუქტებით და გადახდის გამარტივებული, ერთიანი ფორმით სარგებლობის შესაძლებლობა მოგვეცა.

ბოლო 2 წლის განმავლობაში „ეისითიში“, ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევების შედეგად, მობილური ოპერატორის, ინტერნეტის და ტელევიზიის პროვაიდერების შერჩევის წამყვან კრიტერიუმებად, გარდა დაბალი ტარიფებისა,  ვლინდება: მობილური ოპერატორებში – ფართო დაფარვის ზონა და  მობილური ინტერნეტის ხარისხი/სისწრაფე.  ინტერნეტ პროვაიდერის შემთხვევაში – ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე. ტელევიზიის შემთხვევაში – ჩვენების ხარისხი, გადახვევის ფუნქცია და არხების მრავალფეროვნება.

გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნეტ პროვაიდერებთან მიმართებაში ერთ-ერთ  წამყვან მოთხოვნას ინტერნეტის სისწრაფე წარმოადგენს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მზარდი ტენდენცია ვლინდება მაღალი ინტერნეტ სიჩქარის მოხმარების თვალსაზრისით. უპირატესად აბონენტები 10-29 მბ/წმ-ს ინტერნეტს ირჩევენ (ფიზიკური პირების შემთხვევაში თბილისში 64%, რეგიონებში 67%). ტექნოლოგიების თვალსაზრისით კი მომხმარებლები ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიას(FTTx) უფრო ანიჭებენ უპირატესობას. რაც შეეხება ტელევიზიის მაუწყებლობის ტრანზიტს, რადგან მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენების ხარისხი და გადახვევის ფუნქცია, არსებული ტექნოლოგიებიდან უპირატესად  IPTV-ით სარგებლობენ (74%)  და  ამ მიმართულებითაც შეინიშნება მოხმარების/აბონენტების რაოდენობის მზარდი ტენდენცია.

Infographic 8

რაც შეეხება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ სამომხმარებლო წილებს, აქ ბაზარზე შექმნილ ახალ რეალობაში, მოთამაშეების  კონსოლიდაციის შედეგად, „მაგთის“ და „სილქნეტს“ წამყვანი პოზიციები უკავიათ როგორც მობილური, ასევე ინტერნეტის და ტელევიზიის მომსახურების თვალსაზრისით. მობილური მიმართულებით მათ კონკურენციას უწევს „ბილაინი“, რომელსაც 2018 წელთან შედარებით მზარდი ტენდენცია აქვს და აბონენტების რაოდენობის თვალსაზრისით მთლიანი ბაზრის მეოთხედი უკავია. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიმართულებით კი, „მაგთის“ და „სილქნეტის“ კონკურენტებს წარმოადგენენ  უპირატესად მცირე ზომის კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ ფართო დაფარვის არეალი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის ყველაზე მსხვილია „ახალი ქსელები“, რომელსაც აბონენტების რაოდენობის თვალსაზრისით ბაზრის 7% აქვს.

Infographic 9

კომპანიების სამომხმარებლო წილების მიმოხილვის შედეგად ნათელია, რომ დღესდღეობით საქართველოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 3 წამყვანი კომპანიაა – „მაგთი”, „სილქნეტი” და „ბილაინი”. მათ შორის „მაგთი” და „სილქნეტი” წარმოადგენენ მთავარ მოთამაშეებს, რის მიზეზადაც ვლინდება, ერთი მხრივ. პროდუქტების მრავალფეროვნება (კომბინირებული პაკეტები) და ხარისხი, ხოლო, მეორე მხრივ, ფართო დაფარვის არეალი.

„ეისითის” მიერ განხორციელებული კვლევების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ამ ეტაპზე თავისი კონკრეტული ნიშა უკავია ბაზარზე. კერძოდ, „მაგთი” უპირატესად ხასიათდება როგორც ხარისხიანი და ძვირიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურების მქონე კომპანია. „სილქნეტი” პოზიციონირდება როგორც ნოვატორი კომპანია, რომელსაც უფრო ძლიერი პოზიციები აქვს ტელევიზიის მიმართულებით. უფრო კონკრეტულად, მას გამოკვეთილი აქვს კომფორტული, მოსახერხებელი (მენიუ, პულტი) და მრავალფეროვანი (არხები) ტელევიზიის მქონე პროვაიდერის მახასიათებლები. „ბილაინი“ კი პოზიციონირდება როგორც ხელმისაწვდომი ტარიფების და ხშირი აქციების/შემოთავაზებების მქონე კომპანია.

საინტერესოა ის ფაქტი, თუ საიდან იღებს დასაბამს ამა თუ იმ ბრენდის კონკრეტული გამოკვეთილი მახასიათებლები და რა განაპირობებს შემდგომში მათ შენარჩუნებას. ბრენდის მიერ განხორციელებული კონკრეტული ქმედება, პროდუქტის/მომსახურების მახასიათებლები, შეფუთვა თუ კომუნიკაცია გარკვეულ მახასიათებლებს უყალიბებს მომხმარებელს მასზე. რაც უფრო დიდხანს ამართლებს ბრენდი მინიჭებულ მახასიათებელს,  მით  მეტად ამყარებს და ინარჩუნებს მათ.

ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, „მაგთის“, როგორც ხარისხიანი  და ძვირიანი ბრენდის აღქმა, მისი ოპერირების ადრეული წლებიდან მოდის, როდესაც კომპანია მკვეთრად გამოირჩეოდა დაფარვის ფართო არეალით და ახორციელებდა კიდეც შესაბამის კომუნიკაციას (მაგ: „აქაცა იჭერს“). ძვირიანი ბრენდის აღქმა კი, შესაძლებელია, კონკურენტებთან მიმართებაში ფასდაკლებების/აქციების ნაკლებობამ განაპირობა. რეალურად, „მაგთის“ მიერ შემოთავაზებული ქვე-ბრენდები – „ბალი“ და „ბანი“ გახლდათ უფრო ხელმისაწვდომი ფასის მქონე, თუმცა მათი მახასიათებლების ტრანსლირება „მაგთიზე“ ნაკლებად მოხდა, რადგან  დედა ბრენდის გავლენა უფრო წონადი აღმოჩნდა მთლიანობაში „მაგთის“, როგორც მობილური ოპერატორის ბრენდის იმიჯის ფორმირებაში.

„სილქნეტის“ ნოვატორობის აღქმა დასაბამს IP ტელევიზიის/გადახვევის ფუნქციის პიონერობიდან იღებს. შემდგომში შეთავაზებულმა სიახლეებმა კი, გაამყარა ეს იმიჯი და მას ეს ნიშა დღემდე შეუნარჩუნდა.

რაც შეეხება „ბილაინს“, ის ბაზარზე გამოჩენის დღიდან გამოირჩეოდა ახალგაზრდული სარეკლამო კამპანიით და  აქციებით, რაც დღემდე ახასიათებს და, შესაბამისად, მყარად უკავია ბაზარზე ხელმისაწვდომი ტარიფების და ხშირი აქციების მქონე ბრენდის ნიშა.

ავტორი: ნუკა ბილანიშვილი

წამყვანი კონსულტანტი, პორტფოლიო
მენეჯერი, ACT BUSINESS

ნუკა ბილანიშვილი - სტატიის ავტორი

მთავარი გვერდი სტატიების არქივი სატელეკომუნიკაციო ბაზრის ტენდენციები

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.