ქალებისა და მამაკაცების ფუნქციები და როლები ოჯახში

„ეისითი“-ს და ტელეკომპანია “იმედის” მიერ ინიცირებული ერთობლივი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ შერეულ ოჯახებში (სადაც წარმოდგენილები არიან ზრდასრული ქალები და მამაკაცები) საოჯახო საქმეების უმეტეს ნაწილს ქალები ასრულებენ, მამაკაცების მონაწილეობის გარეშე. ამ მხრივ ყველაზე გამოკვეთილი საქმიანობებია სარეცხის რეცხვა და დაუთოვება – ოჯახების 90-90%-ში სწორედ ქალები აკეთებენ.

მამაკაცები ქალებს უწევენ დახმარებას ისეთ საქმიანობებში, როგორებიცაა ჭურჭლის რეცხვა, სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება – ოჯახების 18%-24%-ის შემთხვევაში ამ საქმიანობების შესრულებისას ქალებს მამაკაცები ეხმარებიან.

თბილისის ოჯახებში როლები თანაბრად ნაწილდება ისეთი საქმიანობისთვის, როგორიცაა ოჯახის საკვებით მომარაგება – ოჯახების 39%-ის შემთხვევაში აღნიშნულ საქმიანობას თანაბრად ასრულებენ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.

და ბოლოს, წვრილ სახელოსნო სამუშაოებს ოჯახების 43%-ში მამაკაცი იღებს საკუთარ თავზე. თუმცა აღნიშნულ საქმიანობაშიც ქალების წვლილი საკმაოდ მაღალია – 57%-ში ქალები ნაწილობრივ მაინც მონაწილეობენ / ეხმარებიან მამაკაცებს.

გთხოვთ მითხრათ, ბოლო 1 წლის გათვალისწინებით თქვენს ოჯახში ვინ არის ჩართული შემდეგ საოჯახო საქმეებში ძირითადად:

5

“ეისითი” და “იმედის დღე” ასევე დაინტერესდა თბილისელების აზრით, თუ როგორ უნდა იყოს განაწილებული საოჯახო საქმეების შესრულებაში ქალებისა და მამაკაცების ფუნქციები. შეიძლება ითქვას, რომ თბილისელთა წარმოდგენები და მათი რეალური ცხოვრების წესი ფაქტიურად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ დღესდღეობით საოჯახო საქმეების დიდი ნაწილი ძირითადად მხოლოდ ქალის მიერ სრულდება, რესპონდენტები ფიქრობენ, რომ საოჯახო საქმეებში ჩართულობა უფრო მეტად თანაბარი უნდა გახდეს.

ქალის და კაცის თანაბარი ჩართულობა ყველაზე მეტად სასურველად მიაჩნიათ ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებში – ბავშვის გასეირნება / გართობა (87% – თანაბრად) და ბავშვის ბაღის / სასკოლო საკითხები (72% – თანაბრად). თუმცა საინტერესოა, რომ ბავშვის მოვლის (ჭამა, დაბანა) საკითხები თბილისელთა აზრით, შედარებით მეტად ქალის პასუხისმგებლობაა – 53% ფიქრობს, რომ ქალმა უნდა შეასრულოს (მამაკაცის დახმარებითაც), ხოლო 47% თანაბარი ჩართულობის მომხრეა.

საჭმლის მომზადება და სახლის დალაგება ეს ის საქმეებია, რომელთა შემსრულებლადაც თბილისელები ყველაზე მეტად ქალებს ხედავენ. თუმცა საინტერესოა, რომ გამოკითხულთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამ პროცესში კაცის მხრიდან დახმარების გაწევასაც ისურვებდა. ხოლო თანაბარი ჩართულობის მომხრეთა წილი ასევე საკმაოდ მაღალია იმასთან შედარებით, ვინც რეალურად თანაბრად ასრულებს აღნიშნულ ფუნქციებს.

ოჯახის საკვებით მომარაგება თანაბრად უნდა მოხდეს კაცის და ქალის მიერ გამოკითხულთა 54%-ის მიერ. თბილისელთა აზრით, ეს საქმიანობა არ შედის გამოკვეთილად რომელიმე სქესის წარმომადგენელთა მოვალეობაში.

და ბოლოს, მამაკაცების ჩართულობას ყველაზე მეტად წვრილ სახელოსნო სამუშაოებში ხედავენ – 71%-ის აზრით, მამაკაცები უნდა ასრულებდნენ, თუმცა ქალების ჩართულობის აუცილებლობას ამ შემთხვევაშიც ხედავს გამოკითხულთა 65%.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რეალური სურათისგან განსხვავებით თბილისელები უფრო მეტად თანაბარი ჩართულობისკენ იხრებიან, მამაკაცს რომელიმე სამიანობის ერთპიროვნულ შემსრულებლად ნაკლებად ხედავენ ქალისგან განსხვავებით, რომელიც კონკრეტული საქმიანობების შემსრულებელ პირად დღესდღეობითაც რჩება – ეს არის სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება.

55

კვლევის შედეგად იკვეთება, რომ ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ქალები და მამაკაცები თანაბარი ჩართულობით იღებენ. თუმცა საგულისხმოა, რომ ქალები უფრო მეტად წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა მცირე შენაძენების გაკეთება და ბავშვისთვის სკოლის / ბაღის შერჩევა, ხოლო მამაკაცები შედარებით მეტად იღებენ ოჯახის ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, ვიდრე ქალები.

555

კვლევის შედეგად ასევე იკვეთება, რომ შერეულ ოჯახებში ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი პროცენტულად მამაკაცზე უფრო მოდის. პროცენტული განაწილება შემდეგნაირია – საშუალოდ 65% მოდის მამაკაცებზე, ხოლო 35% საშუალოდ ქალებზე.

5555

ქალის და კაცის, როგორც ოჯახის შემომტანის მიმართ დამოკიდებულებები

„ეისითი“ დაინტერესდა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ თბილისელებს ცოლ-ქმარს შორის ფინანსური ფუნქციების გადანაწილებასთან დაკავშირებით. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთათვის ყველაზე მისაღები მოდელებია ერთის მხრივ, როდესაც ცოლ-ქმარს შორის ქალს და კაცს ერთნაირი შემოსავალი აქვთ, ხოლო მეორე მხრივ, როდესაც მამაკაცს ქალზე მეტი აქვს შემოსავალი – ეს ორივე მოდელი ერთნაირად მისაღები აღმოჩნდა გამოკითხულთათვის. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ასევე თვლის, რომ მათთვის მისაღებია, როდესაც ოჯახში შემომტანი მხოლოდ მამაკაცია.

როგორც ირკვევა, თბილისის მაცხოვრებლები მამაკაცს უფრო აკისრებენ ოჯახში მატერიალურ პასუხისმეგბლობას. ყველაზე ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა მოდელი, როდესაც ოჯახში მხოლოდ ქალია შემომტანი, ასევე როდესაც ქალს უფრო მეტი აქვს შემოსავალი, ვიდრე მამაკაცს – ეს უკანასკნელი ფაქტი მხოლოდ 41%-ისთვის არის მისაღები.

55555

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

მთავარი გვერდი სტატიების არქივი ქალებისა და მამაკაცების ფუნქციები და როლები ოჯახში

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.