5 სტრატეგიული რჩევა კრიზისის მართვაში

Covid-19-ით გამოწვეული მსოფლიოს ახალი „ხედები“ მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ძველი, ნაცნობი სურათისგან, რასაც სამოქალაქო და ბიზნეს სექტორი აქამდე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავდა, ბიზნეს სტრატეგიებს აწყობდა ან მომხმარებლის კმაყოფილება/უკმაყოფილებას მიაწერდა.

ამდენად, კომპანიებისთვის, პანდემიის ეფექტის სრული გავლენის გააზრება, გაზიარება და რაც მთავარია, შეცვლილი „ხედებისადმი“ ადაპტირება, ამგვარ გარემოში ჩვეული, ან უფრო პროგრესული სვლისთვის აუცილებელია.

და მაინც, რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა კრიზისული მენეჯმენტისას?

კრიზისული მენეჯმენტის კლასიკურ თეორიულ მოდელებზე დაყრდნობით, მისი მართვა სამ: დიაგნოსტირების, დაგეგმვისა და იმპლემენტაცია-მონიტორინგის ეტაპად იყოფა, თუმცა კრიზისული ვითარება, ჩვენს მოცემულობაში იმგვარი სისწრაფით იცვლება, რომ გარემოება მუდმივად ცვლადი მონაცემი ხდება. ამგვარად, ეტაპობრივი დაყოფის ყველა პარამეტრზე უმთავრეს გავლენას დრო ახდენს.

1.  ერთი ნაბიჯით წინ ყოფნა -მუდმივად ცვლადი საბაზრო სურათის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ახალი, ინოვაციური იდეების, მიდგომების დანერგვა. სტანდარტული კონკურენციის პირობებში ეს ბაზრის ნოვატორობას, პანდემიისას კი გადარჩენას და ფუნქციონირების გაგრძელებას ნიშნავს. ბიზნესებისთვის სასიცოცხლოდ აუციელბელია ახალი, არასტანდარტული მეთოდოლოგია, პროდუქტი ან სერვისი, რომელსაც ხშირად „დიდ იდეამდე“ მიყავს ბრენდი, სამომხმარებლო ბაზარზე კი ახალ სტანდარტებს ნერგავს. ამდენად, თუ ჩვეულ პირობებში „ფოლოუერობა“ იყო შესაძლებელი, პანდემიისას ლიდერობაა ის ვითარება, რაც ბიზნესის წინსვლას განაპირობებს.

შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ბიზნესისთვის მეტად მნიშვნელოვანია დიჯიტალიზაცია. ამიტომაც, საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ბრენდები, რომლებმაც შესაბამისი ტექნოლოგიური, ასევე ადამიანური რესურსის მზადყოფნის პირობებში შეძლეს ციფრულ რელსებზე ბიზნესის გადაწყობა, აგრძელებენ ბიზნეს მარშირებას. სადაზღვევო და საბანკო სფეროების წარმომადგენლები, რომლებსაც პროდუქტების დიდი ნაწილი დიჯიტალიზებული ჰქონდათ, ეკონომიკური ვარდნის პირობებში, მარტივად გადავიდნენ ალტერნატიულ ხედვაზე და მათთვის უცხო არ აღმოჩნდა ციფრული რეალობა.

მიმართულების ცვლილებისას, ბიზნესებს ცოცხალი დოკუმენტის, კრიზისული გეგმის შექმნა სჭირდებათ. დოკუმენტი მუდმივად ცვლადი და დროსთან ადაპტირებული უნდა იყოს, რასაც კომპანიამ შესაძლო სცენარების დასახვით და მასთან შესაბამისი საბიუჯეტო, სტრუქტურული თუ სხვა სახის ცვლილებებით უნდა პასუხობდეს.

2.  დიდ სურათში ინტეგრირება -ცვლილებების დოკუმენტი, იგივე ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს, როგორც აღვნიშნეთ ცვლილებებთან ადაპტირების, დრამატული განვითარებისთვის მზადყოფნის შეგრძნებას აძლევს, რაც თავის მხრივ, შესაძლოა ინერტულობის საბაბი გახდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ბიზნესმა გეგმის მიხედვით დანახული დიდი სურათის მიღმა არსებული ფრაგმენტები  მუდმივად შეისწავლოს და ვითარების შესაბამისად ცვალოს. ამასთან, რაც უფრო დიდია ორგანიზაცია, მით უფრო ბევრი ფრაგმენტისგან შედგება ფაზლი. პანდემიისას კი, ნაკლებად კონტროლირებადია რომელი ფრაგმენტი დაზარალდება მეტად და რომელი ნაკლებად.

3. ხელი პულსზე – ბიზნესებს ანტიკრიზისული გეგმის და მისი იმპლემენტაციის ყველა ეტაპზე სჭირდებათ ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება. ამდენად, ბიზნეს პულსაციის ხელსაწყოების გამოყენება (კვლევა, ანალიტიკა, ექსპერტების აზრი, მსოფლიო ანალოგიების მონიტორინგი), ზრდის გარემოსთან ადაპტირების, პროცესებში ჩართულობისა და ბიზნეს გარემოს ცვლილებებში მუდმივი თანამონაწილეობის დონეს. პანდემიის გავლენის შემცირებისთვის, პირველი რიგში მრავალმხრივი ცოდნაა აუცილებელი.

4.  ეფექტური და ეფექტიანი გადაწყვეტილება -კრიზისული მენეჯმენტის მთავარი გამოწვევა და ამასთანავე, ამგვარ ვითარებასთან გამკლავების ხელსაწყოა. პანდემიის ირგვლი არსებული გადაწყვეტილებები დროში გაზომვადია და მის შედეგებს ბიზნესი ხშირ შემთხვევაში კრიზისის გადავლის შემდეგ ხედავს. არსებულ არასტანდარტულ ვითარებაში, სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევა ის,  რომელიც მძიმე პოტენციურ რისკს პასუხობს: გვაძლევს გამოსავალს დასახული ნეგატიური სცენარების მიხედვით მეტი რაოდენობის ან მეტი წონის მქონე რისკების შემთხვევაში. ამგვარი გადაწყვეტილებების თანმდევი გამოწვევა მათი სწორი კომუნიცირებაა პირველ დონეზე , დასაქმებულებთან, მეორე დონეზე კი პოტენციურ აუდიტორიასთან.

5.  მოემზადეთ შეცვლილი სამყაროსთვის – ონლაინ გაყიდვები, ციფრული მარკეტინგი, ზუმში შეხვედრები ბიზნეს სამყაროს ძლიერი ელემენტები გახდნენ. შესაბამისად, ბიზნესი არსებულ ვითარებასთან გამკლავების შემდეგ, ამ და სხვა ახალი ელემენტების მიღების და გაზიარებისთის მზად უნდა იყოს.  Covid 19 ბიზნესებისთვის ტოვებს ერთგვარ იმუნიტეტს ცვლილებებისადმი ღია და არასწორხაზოვანი მიდგომებისა.

Infographic 4

პანდემიის დასრულების შემდეგ, არსებული გამოცდილება, შესაძლოა ბიზნესისთვის კრიზისის მართვის სახელმძღვანელოდ იქცეს. ცვლადი დოკუმენტები, სადაც იდეები და შესაძლო სცენარებია გენერირებული, ბიზნესის განვითარების პოტენციური გეგმაა. ადამიანური რესურსი კი, რომელმაც კომპანია ახალ რელსებზე გადაიყვანა, ბრენდს უნიკალური ორგანიზაციული კულტურის სრულყოფის შესაძლებლობას აძლევს.

დაბოლოს, პანდემია ბიზნესებს ასწავლის რომ, სურათი მუდმივად ცვლადი, მასში პოზიციონირება და კურსის შესაბამისი სვლა კი გადარჩენისთვის აუცილებელი პირობაა.

 

ავტორი: გვანცა თოლორდავა

კვლევის მენეჯერი, ACT BUSINESS

გვანცა თოლორდავა - DONE

მთავარი გვერდი სტატიების არქივი 5 სტრატეგიული რჩევა კრიზისის მართვაში

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.