COVID-19-ის ფონზე საქართველოს ექსპორტმა შემცირება დაიწყო

1111111111111111111

დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის   გარდა, ახალ კორონავირუსს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს გლობალური ეკონომიკის განვითარება და ეს უარყოფითი ეფექტი მხოლოდ ჩინეთის (ქვეყანა, სადაც წარმოიშვა ვირუსი) ეკონომიკას არ აზარალებს. ახალი კორონავირუსის სწრაფი გავრცელება შოკის მომგვრელია და სხვადასხვა სახის სერიოზულ ეკონომიკურ დესტაბილაციას იწვევს – ეს იქნება შიდა თუ გარე მოთხოვნის ვარდნა, წარმოების შეფერხება, ტურიზმისა და ვაჭრობის შემცირება, მომხმარებელთა ნდობის დაკარგვა თუ ფინანსური პირობების გამკაცრება. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა COVID-19 პანდემიად გამოცხადდა და ჯერ კიდევ დასაზუსტებელია ინფორმაცია მისი გავლენის მასშტაბების შესახებ, უახლესი სტატისტიკა უკვე მიუთითებს ეკონომიკური შესაძლებლობების მნიშნველოვან ვარდნაზე, თუმცა ვირუსის უარყოფითი ეფექტი უფრო სრულად  მომდევნო თვეებში გამოაშკარავდება. არსებული გაურკვევლობა, რომელიც უკავშირდება ეკონომიკური შოკის ბუნებასა და ხანგრძლივობას, პოლიტურ რეაგირებასაც ართულებს.

აღნიშნული გლობალური მოვლენების ჯაჭვში არც საქართველოს ეკონომიკა დარჩა ხელშეუხებელი. ამჯერად ჩვენ მოკლედ მიმოვიხილავთ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის  დინამიკას 2020 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით.   საგარეო ვაჭრობა და წმინდა ექსპორტის ზრდა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში პანდემიური შოკები და შესაბამისი პოლიტიკური რეაგირება მარტის დასაწყისიდან დაიწყო, მოსალოდნელია, რომ წლის პირველი ორი თვის სტატისტიკა ზუსტად ვერ ასახავდეს ვაჭრობის დინამიკის ცვლილებას კორონავირუსის საპასუხოდ, თუმცა გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ტენდენციები მაინც იკვეთება.

გრაფიკი #1 გვიჩვენებს ექსპორტის ზრდის ტემპის შენელებას 2020 წლის იანვარ-თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მიუხედავად მთლიანი ექსპორტის დადებითი ზრდის ტემპის შენარჩუნებისა (დაახლოებით 5%), ეს ტენდენცია შენელებულია და ამ პროცესის ძირითადი განმაპირობებელი თებერვლის თვეში შემცირებული ექსპორტია, რაც უკვე მიანიშნებს გლობალური ტენდენციების სწრაფ გავლენასა  და მის ეფექტზე ღია და  მცირე  ეკონომიკის მქონე ჩვენი  ქვეყნის ვაჭრობაზე.  განსხვავებით ექსპორტისგან, იმპორტის მაჩვენებელი ზრდად ტენდენციას ინარჩუნებს 2020 წლის დასაწყისისთვის. იანვრის თვესთან შედარებით, იმპორტის მოცულობა 13%-მდე გაიზარდა და მომავალ თვეებში მოსალოდნელია ამ ნიშნულის მომატება, რადგანაც პანდემიის საშიშროების გაცნობიერების შემდეგ მოსახლეობამ, მოთხოვნის არქონის მიუხედავად, მოიმარაგა საკვები და საყოფაცხოვრბო პროდუქტები, რომლებიც უმეტესწილად იმპორტირებულია. ისმის კითხვა, უნდა ველოდოთ თუ არა მარტსა და შემდგომ თვეებში გაცილებით დიდ სავაჭრო დეფიციტს? მოსალოდნელია, რომ სავარაუდო პასუხი დადებითი იყოს.

გრაფიკი #1: საქართველოს ექსპორტ – იმპორტის დინამიკა 2020 წლის იანვარსა და თებერვალში (ათასი აშშ დოლარი); წყარო: საქსტატი 

1 scren

თებერვლის მონაცემებს ქვეყნის ჯგუფების მიხედვით უფრო მეტად თუ ჩავშლით  და დავაკვირდებით შემცირების არხებს,  დავინახავთ, რომ ძირითადად საექსპორტო ვაჭრობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებთან (OECD), ევროკავშირთან (EU; არსებული თავისუფალი სავარჭრო შეთანხმების მიუხედავად (DCFTA)) და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან (CIS) შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნების წილს იანვრისა და თებერვლის მთლიან ექსპორტში, დავინახავთ, რომ ეს შემცირება მნიშვნელოვანია:

გრაფიკი #2: საქართველოს ექსპორტის განაწილება ქვეყნების ჯგუფების მიხედვით 2020 წლის იანვარსა და თებერვალში (წილი %); წყარო: საქსტატი

232323232322

ვფიქრობთ, საინტერესო იქნება აქვე წარმოვადგინოთ ექსპორტის ცვლილება ეკონომიკური საქმიანობისა და ბიზნესების მოცულობის მიხედვით (იხილეთ ინფოგრაფიკი). იქიდან გამომდინარე, რომ საექსპორტო საქმიანობაში უმეტესად მსხვილი კომპანიებია   ჩართული, მოსალოდნელია, რომ მათ გლობალური პანდემია უფრო მეტად შეეხოს. ასევე დასაშვებია, რომ ბევრ მცირე თუ საშუალო ბიზნესს, რომელთაც ახლო მომავალში ჰქონდათ დაგეგმილი საექსპორტო ვაჭრობის დაწყება ან სულაც ახალბედები იყვნენ ამ საქმიანობაში, გეგმები რადიკალურად შესცვლოდათ.

საყურადღებოა ცვლილებები საექსპორტო პროდუქტებშიც. იანვარ-თებერვლის მდგომარეობით მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირებდება ტოპ საექსპორტო პროდუქტების სიაში – ეს იქნება ფეროშენადნობები, აზოტოვანი სასუქები, ღვინო თუ სპირტიანი სასმელები. აღსანიშნავია, რომ საექსპორტო საქონელში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროდუქტი ავტომობილების რეექსპორტია, რომლის მაჩვენებელიც გაზრდილია 2020 წლის პირველ ორ თვეში.ეს ვითარება  აბალანსებს სხვა კატეგორიებში აღნიშნულ კლებას.

რეგიონისა და ქვეყნის მახასიათებლების შესაბამისად, კორონავირუსის ეკონომიკური  ეფექტი სხვადასხვა სიმძიმის იქნება სახელმწიფოებისათვის. ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო ვაჭრობის დასახმარებლად, იმისათვის, რომ ბიზნესის დიდ ნაწილს საქმიანობა არ შეუჩერდეს, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. არსებული ფისკალური სივრცე და პრიორიტეტები სწორად უნდა გადანაწილდეს. იქ, სადაც ლიკვიდობის დეფიციტია, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ბანკებისთვის შესაბამისი დახმარება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სესხების გაცემას არ შეაფერხებს. მთავრობამ უნდა გამოიყენოს ფულადი გზავნილები, სახელფასო სუბსიდიები თუ საგადასახადო ტვირთის შემცირების გზა, რათა წარმოების დროებითი და მოულოდნელი შეჩერება მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან. რაც შეეხება იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივი წარმოებით, ეს მიდგომა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, თუმცა არაეფექტურია მცირე ეკონომიკის მქონე განვითარებადი ქვეყნისათვის. ამ მიმართულებით ყოველთვის მომგებიანია ექსპორტის სტიმულირება გრძელვადიან პერსპექტივაში, არსებული რესურსების ეფექტიანად გამოყენება და  იმ პროდუქტების წარმოება, რომელთა წარმოებაშიც კონკურენტუნარიანია ქვეყანა და შედარებითი უპირატესობით სარგებლობს.

ავტორი: ლიკა გოდერძიშვილი

ამყვანი ეკონომისტი, ACT IMPACT

 

ლიკა გოდერძიშვილი  

მთავარი გვერდი სტატიების არქივი COVID-19-ის ფონზე საქართველოს ექსპორტმა შემცირება დაიწყო

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.