სტომატოლოგიური კლინიკების მოხმარება

სტომატოლოგთან ვიზიტი, მართალია, არც თუ ისე სასიამოვნო შეგრძნებებს უკავშირდება. თუმცა გარკვეული პერიოდულობით მაინც გვიწევს ამ მომსახურებით სარგებლობა. ეისითიმ გამოკითხა თბილისელები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით სტუმრობენ ისინი სტომატოლოგიურ კლინიკებს.

კვლევის თანახმად, ხუთიდან ორ თბილისელს (41%) ბოლო 1 წლის მანძილზე აქვს სტომატოლოგთან ვიზიტის გამოცდილება. როგორც აღმოჩნდა, ამ მომსახურებით მეტი ქალბატონი სარგებლობს, ვიდრე მამაკაცი – გასული წლის მანძილზე სტომატოლოგიურ კლინიკას მიმართა თბილისელი ქალბატონების თითქმის ნახევარმა (48%) და მამაკაცების მხოლოდ მესამედმა (32%).

თბილისელები სტომატოლოგიურ კლინიკას ყველაზე მეტად თერაპიული მკურნალობისთვის (მაგ: კარიესის მკურნალობა) მიმართვან (29%). თბილისელთა ერთმა მეათედმა (10%) სტომატოლოგთან ვიზიტი ქირურგიული მანიპულაციებისთვის (კბილის ამოღება / ჩასმა) განახორციელა. დედაქალაქის მაცხოვრებელთა მცირე ნაწილი (1-2%) სტუმრობს სტომატოლოგიურ კლინიკებს ესთეტიკური სტომატოლოგიის  (კბილების გათეთრება) ან ორთოდენტიის (ბრეკეტები) მიზნით.

 რაც შეეხება სტომატოლოგიური კლინიკების მარკეტინგულ აქტივობებს, სავარაუდოდ ისინი გასაუმჯობესებელია – თბილისელთა 38 % საერთოდ ვერ იხსენებს რომელიმე სტომატოლოგიური კლინიკის სახელს. ამასთანავე, არცერთი სტომატოლოგიური კლინიკის სპონტანური ცნობადობა არ აღემატება 9%-ს.

თბილისელთა 39% აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, არ იცის რომელ სტომატოლოგიურ კლინიკას მიმართოს. ამასთანავე, კლინიკებს შორის გამოკვეთილი ლიდერი არ არსებობს – კვლევაში დასახელდა 200-მდე სხვადასხვა კლინიკის სახელი, რომელსაც თბილისელები მიმართავენ საჭიროების შემთხვევაში, თუმცა თითოეული კლინიკის დასახელების სიხშირე არ აღემატება 4%-ს.

გამოკითხვა ჩატარდა 405 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2015 წლის მაისში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

მთავარი გვერდი სტომატოლოგიური კლინიკების მოხმარება

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.