კვლევა განხორციელდა პროექტის „ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას საქართველოსა და სომხეთში”, ფარგლებში რომელიც დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის (ECHO) მიერ. პროექტის ძირითადი მიზანია კატასტროფის რისკის მართვის სისტემის გაუმჯობესება, შესაძლებლობების განვითარების და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მექანიზმების შექმნით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია სომხეთსა და საქართველოში საგანგებო სიტუაციების დროს ჯანდაცვის მიმართულებაზე.
ამ ინიციატივის ფარგლებში, ეისითი გლობალმა საქართველოში და სომხეთში გადაუდებელი სამედიცინო ჯგუფის (EMT) შექმნის საჭიროებებზე თვისებრივი კვლევა ჩაატარა. კვლევამ გაანალიზა ადგილობრივი მიდგომები EMT-ის შექმნისა და ფუნქციონირების მიმართ, საკანონმდებლო რეგულაციები და ადაპტაციის საჭიროებები, ინფრასტრუქტურული მზადყოფნა, ადგილობრივი ადამიანური რესურსების ხელმისაწვდომობა EMT-ის ოპერირებისთვის, ასევე გაანალიზდა გერმანიის, ბელგიისა და ესტონეთის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება. კვლევის საერთო მიგნებების საფუძველზე მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას და ადგილობრივი მიდგომების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოებას.
შეფასების მიზანი იყო საქართველოში და სომხეთში გადაუდებელი სამედიცინო ჯგუფის (EMT) შექმნისა და ეფექტიანი ფუნქციონირების შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა. ასევე, კვლევამ გააანალიზა არსებული რესურსები და დაადგინა ინფრასტრუქტურული მოწყობის, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (მათ შორის მოქმედი კანონმდებლობის ანალიზისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების) და EMT-ის ადამიანური რესურსების მართვის არსებული პროცესების ხარვეზები და ბარიერები.