"When we can no longer change a situation, we are challenged to change ourselves."
ვიქტორ ფრანკლი
თანამედროვე ცხოვრება მუდმივი, მრავალმხრივი და ღრმა კრიზისების ფონზე მიმდინარეობს. პანდემიებმა, გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, კლიმატის ცვლილებებმა და ტექნოლოგიურმა პროგრესმა ცხადყო, რომ ცვლილება აღარ არის გამონაკლისი — ის ჩვენი ყოველდღიურობის მთავარი მოცემულობაა.
ამ მოცემულობაში ადამიანებისთვის სულ უფრო რთული ხდება სტაბილურობის შეგრძნების შენარჩუნება. ცვლილებების სწრაფი ტემპი ხშირად იწვევს დაბნეულობას, შფოთვას, გამოფიტვას, ზოგადი წონასწორობის დარღვევას, რომელიც სხვადასხვა მენტალური თუ ფიზიკური სიმპტომებით გამოიხატება. აქედან გამომდინარე გაჩნდა ახალი ფსიქოლოგიური საჭიროება, კრიზისის ფონზე დავრჩეთ ფუნქციურები, შევძლოთ ცვლილებებთან ადაპტირება და განვითარება. ამ უნარს ადაპტურობის ინტელექტს (Adversity Quotient — AQ) უწოდებენ.
AQ - მენტალური მოქნილობა და სტრატეგიული თვითმართვა
ადაპტურობის ინტელექტის ცნება პირველად 1997 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა პოლ სტოლცმა შემოიტანა. მისი მოსაზრებით, AQ არის ინდივიდის უნარი გააგრძელოს განვითარება და დარჩეს აქტიური გამოწვევების დროს, მაშინაც კი, როცა ვითარება არაპროგნოზირებადი ან დამთრგუნველია.
AQ შინაგანი მდგრადობის ერთგვარი კომპასია, IQ-სა (გონებრივი ინტელექტი) და EQ-ს (ემოციური ინტელექტი) ნაზავი, რომელიც ეხმარება ადამიანს იმუშაოს სტრესულ პირობებში, გამოავლინოს გამძლეობა და იპოვოს გადაწყვეტილებები ახალ რეალობაში.
AQ როგორც, ცხოვრებისეული პოტენციალის ინდიკატორი
ადაპტურობის ინტელექტი არ ეხება მხოლოდ პროფესიულ წარმატებას. ის განაპირობებს პირად ურთიერთობებს, ლიდერობის სტილს, განათლების ხარისხსა და ცხოვრებისეული კმაყოფილების დონეს.
ადამიანები, რომლებსაც მაღალი AQ აქვთ, ჩვეულებრივ გამოირჩევიან:
- მიზანდასახულობითა და თვითრეგულაციის უნარით;
- ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარით;
- შეცდომებისა და წარუმატებლობის დროებით მოვლენად აღქმის უნარით;
- განვითარებაზე ორიენტირებული მენტალობით.
ორგანიზაციებში უკვე ფართოდ გამოიყენება AQ, როგორც რეკრუტირებისა და ლიდერობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორი.
AQ-ის ოთხი საყრდენი (სტოლცის მოდელი)
სტოლცის მოდელის მიხედვით, ადაპტურობის ინტელექტს ოთხი ძირითადი კომპონენტი აქვს, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდის მიერ სირთულების აღქმის თავისებურებებს და გამოწვევებზე რეაგირების მექანიზმებს.
- კონტროლი (Control):
ეს კომპონენტი ეხება იმის შეგრძნებას, თუ რამდენად შემიძლია სიტუაციაზე, საკუთარ დამოკიდებულებებსა და რეაქციებზე გავლენის მოხდება. ადამიანი, რომლიც ხედავს, რომ შეუძლია მართოს საკუთარი ემოციები და ქცევები, სტრესის მიმართ უფრო მედეგია. - პირადი პასუხისმგებლობა (Ownership):
ვიღებ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება, იქნება ეს ჩემი რეაქციები, გადაწყვეტილებები თუ მოქმედებები? ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას სხვებს აკისრებს, ხშირად კარგავს მოტივაციას, დაბნეული და დაკარგულია. და პირიქით, ის ვინც იღებს პასუხისმგებლობას რეალობაზე, უკეთ ახერხებს ენერგიის მობილიზებას და გამოწვევებთან გამკლავებას. - განვრცობადობა (Reach):
როგორ აღვიქვამ სირთულეს? სირთულე მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციას ეხება, თუ მას მთელ ჩემ ცხოვრებაზე განვავრცობ? მაღალი AQ-ს მქონე ადამიანები კონკრეტულ წარუმატებელ შემთხვევას ან მარცხს არ განავრცობენ მათი ცხოვრების სხვა ასპექტებზე და მთლიანი პიროვნების მარცხად არ მიიჩნევენ. - გამძლეობა (Endurance):
მაქვს თუ არა უნარი დავინახო, რომ სირთულე დროებითია და მასზე ღირს ძალისხმევის დახარჯვა. ეს კომპონენტი უკავშირდება ოპტიმიზმს, ხედვაზე კონცენტრაციას და მოთმინებას.
AQ მოქმედებაში: ემოციური კომპასი უკეთესი ნავიგაციისთვის
კრიზისულ პერიოდში AQ ფუნქციონირებს, როგორც ფსიქოლოგიური ნავიგატორი. ის არ გვიცავს სირთულისგან, მაგრამ გვეხმარება მის გადასალახად ჩვენი ავთენტური გზების პოვნაში. ადამიანები, რომლებიც ადაპტურად აზროვნებენ, არ ცდილობენ ცვლილებების იგნორირებას ან მათზე კონტროლის მოპოვებას, არამედ ამჯობინებენ მოქნილობას, თვითდაკვირვებასა და პასუხისმგებლობას.
ახალი რეალობის აღიარება და მიმღებლობა, საკუთარ თავზე მუშაობა და შეცვლილ გარემოებებში ფუნქციონირების ახალი გზების პოვნა, ეს არ არის უბრალოდ გამძლეობა, ეს არის ტრანსფორმაციული უნარი შექმნა ახალი ფორმები და განსხვავებული მნიშვნელოვნება.
AQ როგორც მომავლის უნარი
დღეს, როცა მომავალი ხშირად ბუნდოვანი და გაურკვეველია, AQ გვთავაზობს განსხვავებულ პერსპექტივას: ადამიანი, რომელიც კრეატულად ადაპტირდება გარემოსთან, არა სიტუაციის მსხვერპლი, არამედ საკუთარი განვითარების არქიტექტორია.
მაღალი AQ-ს მქონე ინდივიდის შინაგანი სტაბილურობა ემყარება ღირებულებებს, პასუხისმგებლობასა და საკუთარ თავთან ღრმა კონტაქტს, რომლის საშუალებითაც იგი ხდება მედეგი ცვლილებების დროს და გაბედული ბურუსით მოცული გზის გაგრძელებაში.