თინათინ რუხაძე,
ეისითი გლობალის მმართველი პარტნიორი
ქალები დღეს მეტად დამოუკიდებლები, თავდაჯერებულები და ამბიციურები არიან, ვიდრე ათი ან ოცი წლის წინ. ისინი წარმატებით ხელმძღვანელობენ კომპანიებს, ქმნიან ინოვაციებს, იკავებენ ლიდერულ პოზიციებს პოლიტიკაში, ბიზნესში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში.
და მაინც... მიუხედავად ამ პროგრესისა, კვლავ არსებობს უამრავი სოციალური თუ ფსიქოლოგიური ბარიერი – უხილავი შეზღუდვები, რომლებიც ქალებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში ხელს უშლის. აი, ზოგიერთი მათგანი:
1. სინდრომი - "მე ჯერ მზად არ ვარ"
ბევრ ქალს აქვს შინაგანი რწმენა, რომ ისინი ჯერ არ არიან მზად ახალი გამოწვევებისთვის – იქნება ეს კარიერული წინსვლა, საკუთარი ბიზნესის წამოწყება თუ საზოგადოებაში უფრო აქტიური როლის თამაში.
კვლევები აჩვენებს, რომ ქალები ხშირად ელოდებიან სრულყოფილ ცოდნასა და გამოცდილებას, სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ. ბავშვობიდანვე გოგონებს სიფრთხილეს, სრულყოფილებისკენ სწრაფვას და უსაფრთხო არჩევანს ასწავლიან, მაშინ როდესაც ბიჭებს გამბედაობისკენ უბიძგებენ. შედეგად, ბევრი ქალი მხოლოდ იმიტომ კარგავს შესაძლებლობებს, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირს.
როგორ დავძლიოთ?
გახსოვდეს, არავინ არის 100%-ით მზად ახალი გამოწვევებისთვის. თავდაჯერებულობა მოქმედებით მოდის და არა, ლოდინით. შენ უკვე მზად ხარ – უბრალოდ, გადადგი პირველი ნაბიჯი!
2. შიშის ფაქტორი - "რას იტყვიან სხვები?"
ბევრი ქალი გადაწყვეტილებებს საზოგადოებისგან მოსალოდნელი რეაქციის გათვალისწინებით იღებს - იქნება ეს ოჯახი, სამეგობრო, თუ უბრალოდ, სანაცნობო წრე.
გოგონებს ბავშვობიდანვე ასწავლიან, რომ მათი ქცევა, გარეგნობა და არჩევანი სხვების მოსაზრებებზე უნდა იყოს დამოკიდებული, რომ „კარგი გოგო“ არ უნდა იყოს ზედმეტად თამამი, არ უნდა გამოირჩეოდეს სხვებისგან და არ უნდა დაარღვიოს წესები.
აქედან გამომდინარე, ქალები ხშირად არ აკეთებენ იმას, რაც რეალურად სურთ, რადგან ეშინიათ, რას იტყვიან სხვები.
როგორ დავძლიოთ?
გახსოვდეს, შენი ცხოვრება შენ გეკუთვნის. არავის აქვს უფლება, განსაზღვროს შენი არჩევანი. იმის ნაცვლად, რომ შიშით იცხოვრო, სჯობს დასვა შეკითხვა: რას ვეტყოდი ჩემს საუკეთესო მეგობარს, თუ მსგავს სიტუაციაში იქნებოდა? ხშირად, ჩვენ სხვებს უფრო მეტად ვამხნევებთ, ვიდრე საკუთარ თავს.
3. "მე უნდა ვიყო იდეალური" – სრულყოფილების მახე
ბევრი ქალი მოქმედებას მხოლოდ მაშინ იწყებს, როდესაც დარწმუნებულია, რომ ყველაფერს იდეალურად გააკეთებს. გოგონებს ბავშვობიდანვე ასწავლიან, რომ „უნაკლოები“ უნდა იყვნენ - სრულყოფილად სწავლობდნენ, სწორად იქცეოდნენ და შეცდომებიც არ უნდა დაუშვან. ამის გამო, ქალები ცდილობენ მხოლოდ გადამოწმებული და გამართლებული ნაბიჯები გადადგან. ძალიან დიდ დროს ხარჯავენ „მზადების“ პროცესში - რაც ხშირად, მათ წარმატებას აჭიანურებს. ხოლო ზოგიც საერთოდ ნებდება, რადგან პერსპექტივაში იდეალურ შედეგს ვერ ხედავს.
როგორ დავძლიოთ?
სრულყოფილება მითია. როგორც ფეისბუქის ყოფილი საოპერაციო დირექტორი შერილ სანდბერგი წერს თავის წიგნში (Lean In: Women, Work, and the Will to Lead): იდეალურს გაკეთებული სჯობია ("Done is better than perfect."). შენც ნუ დაელოდები სრულყოფილ მომენტს - დღესვე დაიწყე!
4. შინაგანი კრიტიკოსი – "მე არ ვარ საკმარისი"
ბევრ ქალს აქვს შინაგანი ხმა, რომელიც ეუბნება, რომ ისინი არ არიან საკმარისად ჭკვიანები, ნიჭიერები, ლამაზები ან წარმატებულები. საკუთარი თავისადმი ასეთი კრიტიკული მიდგომა სოციალური და ოჯახური მოლოდინებიდან მოდის, რომელიც ხშირად ძალიან მკაცრია. შედეგად, ასეთი ქალები არასდროს არიან მიღწეულით კმაყოფილები. მაშინაც კი, როდესაც მათი წარმატება ძალიან თვალსაჩინოა, ქალები ხშირად თვლიან, რომ ეს უბრალოდ „გამართლება“, ან „სრულიად დაუმსახურებელი“ აღიარებაა.
როგორ დავძლიოთ?
დააკვირდი შენს შინაგან კრიტიკოსს: შეიძლება, ეს ხმა შენი სულაც არაა. დაფიქრდი – იქნებ ეს რწმენა სხვა ადამიანისგან მოდის? რამდენად წარმატებული იყო თავად კარიერაში ან ცხოვრებაში? დღეს რომ უსმენდე, დაუჯერებდი? აღიარე შენი მიღწევები და დააფასე შედეგები.
5. "ყველაფერი უნდა მოვასწრო" – მუდმივი გადატვირთულობა
ბევრი ქალი ცდილობს, ერთდროულად შეითავსოს ყველა როლი - იყოს წარმატებული კარიერაში, მზრუნველი დედა, იდეალური ცოლი და ამავე დროს, შეინარჩუნოს სოციალური აქტიურობაც.
საზოგადოება კვლავაც მოელის, რომ ქალი ყველა საქმეს თუ გამოწვევას მარტო გაუმკლავდება. წარმატებული ქალი, რომელიც თავის დროის დიდ ნაწილს თვითრეალიზაციას - კარიერას ან ბიზნესს უთმობს, "ცივი" და "არასრულფასოვანი ქალია“; ხოლო ის, ვინც მთლიანად ოჯახზეა კონცენტრირებული – „არარეალიზებული“, „ნაკლებად საინტერესო“ ან საუკეთესო შემთხვევაში, ოჯახისთვის და შვილებისთვის „თავშეწირული“ ქალია. ამ სტერეოტიპულ აღქმებს რომ თავი დააღწიონ, ქალები ცდილობენ წარმატებას მიაღწიონ ყველა სფეროში. შედეგად, მუდმივი სტრესი და გადაღლილობა, ხშირად მათ ფიზიკურ და ემოციურ გამოფიტვამდე მიდის.
როგორ დავძლიოთ?
ყველაფრის ერთად გაკეთება შეუძლებელია – და ეს ნორმალურია. შეიმუშავე პრიორიტეტები, გააზიარე პასუხისმგებლობები და ისწავლე "არა"-ს თქმა.
6. "ბოდიში, რომ ვარ" – ზედმეტი მოკრძალება
ბევრი ქალი აღიარებს, რომ საკუთარ წარმატებაზე ხმამაღლა საუბარი მათ უხერხულობას უქმნის, რადგან მათი აზრით, ეს ქედმაღლობაა.
ასეთი დამოკიდებულების მიზეზები ჩვენს აღზრდაში უნდა ვეძებოთ. ბავშვობიდანვე გოგონებს ასწავლიან, რომ საკუთარი თავის სიყვარული „ეგოიზმია“, ხოლო თავდაჯერებულობა „ზედმეტი ამბიცია“. ასევე, ბევრ ქალს უნერგავენ რწმენას, რომ ქალი არ შეიძლება იყოს მამაკაცზე წარმატებული, რადგან ეს ოჯახში ჰარმონიას დაანგრევს, ხოლო სამსახურში პრობლემებს და ბევრ თავისტკივილს გაუჩენს.
ამის გამო, ქალები ნაკლებად ამაყობენ საკუთარი მიღწევებით და მეტიც, ხშირად ერიდებიან საზოგადოების ყურადღებას (მაგ. სატელევიზიო ეთერში მოხვედრას, საჯარო გამოსვლას).
როგორ დავძლიოთ?
თავმდაბლობა ნამდვილად არის ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება. თუმცა, აქვე უნდა გავიაზროთ, რომ თავდაჯერებულობა არ არის ამპარტავნება. თავდაჯერებულობა - საკუთარ ძალებში რწმენა, საკუთარი თავის მიმართ ნდობაა.
განვლილ გზაზე, გადალახულ გამოწვევებსა და მიღწევებზე საუბარი კი სულაც არ არის უხერხული, რადგან ეს შენი გამოცდილებაა, რომელიც არამარტო შენ გაძლევს საკუთარი თავის რწმენას, არამედ სხვა ბევრისთვის შეიძლება იყოს შთაგონებისა და ენერგიის წყარო.
7. "წარმატებული ქალი – მარტოსული ქალი"
ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერად გამჯდარი სტერეოტიპია, რომელიც ქალებს აიძულებს, საკუთარი ამბიციები და კარიერული სურვილები შეზღუდონ პირადი ცხოვრების „შენარჩუნების“ მიზნით. მიუხედავად თანამედროვე საზოგადოების ცვლილებისა, კვლავაც არსებობს მითი, რომ "ძალიან დამოუკიდებელი" ქალი რთულია ურთიერთობებში და შესაბამისად, პირად ცხოვრებაში ის მარტოობისთვის განწირულია. ქალები ხშირად თვითონვე ამყარებენ ამ სტერეოტიპს, როდესაც ფიქრობენ: „კარიერა თუ ოჯახი?“
როგორ დავძლიოთ?
პირველ რიგში, გააცნობიერე, რომ „კარიერა თუ ოჯახი“ - საკითხის ასე დაყენება, აპრიორი არასწორია, რადგან ის შენგან ითხოვს არჩევანს საკუთარ თვითრეალიზაციასა და საყვარელი ადამიანების კეთილდღეობას შორის. სინამდვილეში კი ბედნიერება, სწორედ, ამ ორის ერთობლიობაა - იყო ის, ვინც ხარ და გვერდით გყავდეს ის ადამიანები, რომლებიც გიყვარს.
მეორე რიგში, გახსოვდეს, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ნამდვილი არჩევანი. სწორედ ამიტომ, დამოუკიდებელ ქალებს მეტი შანსი აქვთ ცხოვრებაში ის აირჩიონ, ვისთან ერთადაც ნამდვილად ისურვებდნენ ცხოვრებას და არა ის, ვინც სჭირდებათ (უსაფრთხოებისთვის, სტატუსისთვის, თუ სხვ.).
ჩვენ, ქალები
და ბოლოს, გილოცავთ 8 მარტს!
გისურვებთ, სულ გახსოვდეთ:
ჩვენ, ქალები
• აღარ ვართ ჩუმები!
• აღარ ვართ „არასაკმარისები“!
• აღარ ვიხდით ბოდიშს, რომ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ!
ჩვენ, ქალები
• ვირჩევთ საკუთარ გზას.
• ვენდობით საკუთარ ხმას.
• ვამსხვრევთ ჩარჩოებს.
ჩვენ, ქალები ვართ დიდი ძალა - სიკეთის, კეთილდღეობისა და თანასწორობის!