ეს კითხვა ალბათ არაერთხელ დაგისვამთ საკუთარი თავისთვის და მეგობრებთან შეკრებილებს, ხშირად გისაუბრიათ კიდეც - როდიდან შევძლებთ მოგზაურობას? ინტერნეტში კოვიდუსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალს ვამოწმებთ და წამდაუწუმ ვკითხულობთ - „ჩვენ ახლა წითელი სტატუსის მქონე ქვეყნების სიაში ვართ თუ ნარინჯისფერის?“, ქუჩაში კი, კანტიკუნტად მოსიარულე ტურისტებს მათივე სითამამით განცვიფრებულები ვაყოლებთ თვალს.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში COVID-19 პანდემიად გამოცხადდა, მთელი მსოფლიოს ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა. დაღდასმულ სექტორებს შორის, ტურიზმი ერთ-ერთ ყველაზე „საშიშ“ აქტივობად დასახელდა და თუ OECD-ის კვლევას დავესესხებით, 2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ტურიზმის დაახლოებით 80%-იანი ვარდნაც კი იყო ნავარაუდევი. არადა ტურიზმი, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ციფრებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ 2010-2019 წლების განმავლობაში ამ სექტორიდან მიღებული შემოსავლები მშპ-ში 5%-დან 18%-მდე გაიზარდა, რამაც საგრძნობლად გაამსხვილა ბიუჯეტი. ერთია ბიუჯეტი, მეორე კი ხალხი, რომელმაც ამ სექტორში შემოსავლის წყარო იპოვა.
ტურიზმი კოვიდის დროს ტალღაზე ლივლივს ჰგავს - რეგულაციების შემცირებას მოჰყვება ხოლმე ფრენების გაზრდილი რაოდენობა, გადატვირთული სასტუმროები, რაც თითქოს მის გამოცოცხლებას მოასწავებს. თუმცა, დროდადრო გამოვლენილი ყოველი ახალი პანდემიური ტალღა, დღევანდელ მყიფე გარემოს კიდევ უფრო არასანდოს ხდის და ქვეყანას გაურკვეველ მდგომარეობაში აბრუნებს. რა გამოსავალი რჩება მაშინ, როდესაც გარემო ასეთი არასტაბილურია, ტურიზმის სექტორი კი სრულად მასზეა დამოკიდებული?
ზოგადი პასუხი ამ კითხვაზე შესაძლოა იყოს ადაპტაცია, ტურიზმის მორგება არსებულ რეალობას. თუმცა, დღეს, ტურისტად მოგზაურობა არც თუ ისე მიმზიდველად ჟღერს. ამის მიზეზია დაუცველობის შეგრძნება, კოვიდინფიცირებულთა მუდმივად ცვალებადი მაჩვენებელი, უცხო ქვეყანაში საზღვრების კვლავ ჩაკეტვის რისკები და ა.შ. ზუსტად ამ დროს, შედარებით იმედისმომცემი ხდება შიდა ტურიზმი, რომელიც გარკვეულ რისკებს უკან იტოვებს და მოკლევადიანი მოგზაურობის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო წლების (2016-2020 წ.წ.) მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ 15 წლის და უფროსი ასაკის რეზიდენტების დაახლოებით ნახევარი, ქვეყნის შიგნით პირველ რიგში მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად მოგზაურობს. მას საგრძნობლად ჩამორჩება სხვა მიზეზებით (შოპინგი, მკურნალობა-გაჯანსაღება, ა.შ) მოგზაურთა რიცხვი. ხოლო დასვენება-გართობისთვის ადგილობრივად ჩვენი მოქალაქეების 10%-იც კი არ მოგზაურობს. მართლია, ეს რიცხვი თითქმის ორმაგდება ხოლმე ზაფხულის პერიოდში, თუმცა ფაქტია, საკუთარ ქვეყანაში დასვენებისა და გართობის მიზნით მოგზაურობა საქართველოში ძალზედ არაპოპულარულ თემად რჩება. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო პანდემიამდე და ასეა ახლაც, 2021 წლის პირველ კვარტალშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე აქტიურად მონახულებულ ადგილებს შორისაა - თბილისი, ~მერეთი და აჭარის ა/რ. სხვათაშორის, პანდემიის პირობებში, წინა წლებთან შედარებით, დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა (16%-მდე) აგარაკებზე დასვენების მსურველთა რიცხვი.
„მახსოვს როგორ ვამაყობდი და მომწონდა ჩემი ცხოვრების სტილი, მუდმივი მოგზაურობები და თავგადასავლები: ბერლინი, პარიზი, დაკა, ნიუ დელი, კერალა... განსხვავებული ქვეყნები, კულტურები და ამბები“, - მიყვება სალომე, რომელსაც პანდემიამდე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობა საკმაოდ ხშირად უწევდა, - „ერთხელ, მეგობარი ჩამოვიდა ბანგლადეშიდან და დამირეკა, ცოტა ხნით შემხვდიო. მთელი საღამო, გაოგნებული მიყვებოდა რაჭაზე, სვანეთზე და კიდევ, რაღაც ტბებს ასახელებდა. დამრგვალებული თვალებით მეკითხებოდა - რაა? არ იციო?. პანდემიის დაწყებიდან რამოდენიმე თვეში მივხვდი, ახლა დადგა ზუსტად ის დრო, როდესაც მე, ჩემი ქვეყნის გაცნობა უნდა დავიწყო. გეგმა მაქვს - ამ წელს საქართველოს ყველა ეროვნული პარკი უნდა მოვიარო! ნაკრძალები, ტბები ვნახო. წყალტუბოში უკვე ვიყავი, ყაზბეგშიც. სამცხე-ჯავახეთში ტბებზე მოკალათებული უცნაური სილამაზის ფრინველებიც ვნახე და რავიცი, ახლა ჭიათურისკენ მიჭირავს თვალი“.
ეისითი დაინტერესდა, თუ რამდენად არიან წელს მზად თბილისელი დამსვენებლები, სალომეს მსგავსად, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობისთვის? სად აპირებენ დასვენებას და რამდენად იქონია პანდემიამ გავლენა მათ გადაწყვეტილებაზე?
კვლევამ აჩვენა, რომ 18+ მოსახლეობის 28% საერთოდ არ გეგმავს ზაფხულში დედაქალაქის დატოვებას. აქედან 9%-მა თბილისიდან გასვლაზე უარი წელს სწორედ პანდემიის გამო თქვა, რის მთავარ მიზეზებად უსაფრთხოდ დასვენების რისკები და შემოსავლის შემცირება დაასახელა. გამოკითხულთა 12%-ს კი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი დაისვენებს თუ არა, რასაც უმთავრესად სამსახურს ან ფინანსების არქონას მიაწერენ.
გამოკითხულთა უმეტესობა, 60% კი მაინც განიხილავს ზაფხულში მოგზაურობას, თუმცა მათ შორის ძალზედ მწირია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც წლევანდელი ზაფხულის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავს (6%). კვლევამ აჩვენა, რომ ზაფხულში ქალაქიდან გასვლის მსურველები ძირითადად 54 წლამდე თბილისელები არიან. მათ შორის, 34 წლამდე ახალგაზრდები უმთავრესად ზღვაზე ან მთაში აპირებენ დასვენებას, ხოლო 35-54 წლის ასაკის მოსახლეობისთვის თანაბარად სასურველია ზღვაზე და ოჯახის/ახლობლის აგარაკზე გატარებული შვებულება.
მოულოდნელი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ პანდემიიდან გამომდინარე, მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკმაოდ აერია საზაფხულო გეგმები, რაც შერჩეულ დასასვენებელ ადგილს, ხანგრძლივობას და ყველაზე მეტად, ბიუჯეტს უკავშირდება. ლოკაციის შეცვლა გამოკითხულთა მეხუთედს (20%) მოუწია, რომელთა შორის ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც პანდემიამდე როგორც ზღვის, ასევე მთის კურორტებს სტუმრობდნენ და/ან აქტიურად მოგზაურობდნენ საზღვარგარეთ. გამოიკვეთა ისიც, რომ პანდემიის გამო გართულებული ეკონომიკური მდგომარეობის და უცხო გარემოში დიდი ხნით გაჩერების სურვილის ნაკლებობის გამო, მოგზაურთა დიდი ნაწილი გრძელვადიან მოგზაურობას მოკლევადიან დასვენებას ამჯობინებს.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შექმნამ პოზიტიური მოლოდინი გააჩინა საზოგადოებაში, ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემა დღემდე აქტუალურია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. უფრო მეტიც, OECD-ის ვარაუდით, 2021 წელს კვლავ “გადარჩენის რეჟიმში” მოგვიწევს ცხოვრება და ტურიზმის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება, ისევ მომავლის საკითხად დარჩება. აღნიშნულის ფონზე, სულ უფრო იმატებს ისეთი ფაქტორების მნიშვნელობა, როგორებიცაა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა, ვაქცინირებულთა რაოდენობის ზრდა, შერბილებული პანდემიური ტალღების ფონზე შეზღუდვების მოხსნა და ა.შ. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ტურისტული პროცესების გააქტიურებასთან, რაც საციცოცხლოდ აუცილებელია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ტურიზმი უმუშევრობასთან გამკლავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.
*გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის ივნისში, შემთხვევითი შერჩევის გზით, 411 სრულწლოვან თბილისელთან. გამოყენებული მეთოდი სატელეფონო ინტერვიუ. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.