თანამედროვე ეპოქაში ყველანი პირადად ვართ თვითმხილველები, როგორი უპრეცედენტო ტემპით ცვლის ტექნოლოგიური პროგრესი ინდუსტრიებს. განვითარებადი ტექნოლოგიური გარემო ბიზნესებისთვის განსხვავებულ საჭიროებებს აჩენს და მათზე რეაგირების ახლებულ სტრატეგიებს მოითხოვს, რის დასაკმაყოფილებლადაც ხშირად მხოლოდ ტრადიციული სტრატეგიული დაგეგმვა აღარ არის ეფექტური და აუცილებელი ხდება სხვადასხვა ტექნოლოგიური მიღწევების, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება. კომპანიების მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში AI-ს ინტეგრაცია აღმასრულებელ რგოლს უდიდესი მოცულობის მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებს სთავაზობს.
ტრადიციული სტრატეგიული დაგეგმვის გამოწვევები
სტრატეგიული დაგეგმვა გრძელვადიანი მიზნების დასახვის, შიდა და გარე ფაქტორების ანალიზისა და მათზე რეაგირების გზების იდენტიფიცირების პროცესია, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესებს, გამოიყენონ შესაძლებლობები და გადალახონ სწრაფად ცვალებად გარემოში არსებული გამოწვევები რესურსების ოპტიმალური განაწილების, ბაზრის წილის გაფართოებისა თუ მდგრადი ზრდის მისაღწევად.
საკონსულტაციო საქმიანობაში დაგროვილი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა ბიზნესები განსხვავდებიან ერთმანეთისგან სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ადაპტაციის დონით, თუმცა მათგან საუკეთესოებსაც კი ხშირად აქვთ მნიშვნელოვანი სისუსტეები სტრატეგიული დაგეგმვის მცდელობებში, მაგალითად
- დაგეგმვის ღონისძიებები ხორციელდება იშვიათად (წელიწადში ერთხელ ან საერთოდ არა)
- სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას მსჯელობა ხშირად დაფუძნებულია მხოლოდ აღმასრულებელი რგოლის ინტუიციასა და გამოცდილებაზე და არ ითვალისწინებს გარემოში (ბაზარი, კონკურენცია) არსებულ რაციონალურ ფაქტორებს
- დაგეგმვის პროცესში არ არის გამოყენებული საკმარისი, ზუსტი და მიუკერძოებელი მონაცემები
- სტრატეგიების არჩევის და განხორციელების დაწყების შემდეგ, იშვიათად კონტროლდება პროგრესი
რას სთავაზობს AI ბიზნესს დღეს?
დღესდღეობით, ხელოვნური ინტელექტი უკვე აქტიურად გამოიყენება ბიზნესის მართვისა და ოპერაციების სხვადასხვა ეტაპზე. ყველაზე მარტივი ფორმით, იგი ასრულებს აღწერით ფუნქციას და გამოიყენება ისეთი ანალიტიკის საწარმოებლად, როგორებიცაა, მაგალითად, გრაფიკები/დეშბორდები კონკურენტული ანალიზისთვის ან ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების მუშაობის შესასწავლად. AI-ს შედარებით განვითარებულ ვერსიებს გააჩნიათ დიაგნოსტიკური ინტელექტი, რაც გულისხმობს მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის, ძირითადი მიზეზებისა და მამოძრავებლების გაგების უნარს. მსგავს ალგორითმებს შეუძლიათ ისტორიული მონაცემების გაანალიზების საშუალებით შაბლონებისა და ტენდენციების დადგენა მომხმარებელთა ქცევაში, ბაზრის მოთხოვნასა თუ კონკურენტების სტრატეგიებში.
AI-ს განვითარების მესამე და ამ ეტაპისთვის ბიზნესში აქტიურად გამოყენებული ყველაზე პროგრესული ეტაპი პროგნოზირებადი ინტელექტია, რომელსაც გარკვეული დაშვებებისა და წარსული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე სამომავლო პროგნოზების შექმნის უნარი გააჩნია. პროგნოზირებადი ინტელექტი გამოიყენება სხვადასხვა ცვლადებსა და ვარაუდებზე დაფუძნებული სცენარების შესაქმნელად, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესის მფლობელებს შეაფასონ ამ სცენარების პოტენციური გავლენა მათ ბიზნესზე და შეიმუშავონ მათზე რეაგირების ინდივიდუალური სტრატეგიები. პროგნოზირებად ინტელექტს ასევე გააჩნია უნარი გამოავლინოს პოტენციური რისკები, რომელთა მუდმივი მონიტორინგის საშუალებით ორგანიზაციებს შეუძლიათ პროაქტიულად შეამცირონ მათი უარყოფითი გავლენა.
ბიზნესში AI-ს ინტეგრაციის მომდევნო დონეები მოიცავს ანალიტიკაზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებას, გარკვეული გადაწყვეტილებების დელეგირებას ხელოვნური ინტელექტისთვის და ხელოვნური ინტელექტის სრულ ავტონომიას, თუმცა მართვაში ამ ეტაპების სრული ინტეგრაცია ჯერ კიდევ პროცესშია და გარკვეული დრო ესაჭიროება.
და მაინც, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ AI სტრატეგიულ დაგეგმვაში?
იმის მიუხედავად, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მზარდი ტენდენციებით ხასიათდება ბიზნესის მართვის ისეთ საკვანძო მიმართულებებში, როგორებიცაა მარკეტინგი, HR მენეჯმენტი, ლოგისტიკა, მომხმარებელთან ურთიერთობა და ასე შემდეგ, ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალია მისი იმპლემენტაციის ხარისხი სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში, რაც ამ პროცესის მნიშვნელოვანი თავისებურებებითაა განპირობებული. ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული სხვა პროცესებისგან განსხვავებით, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში განსაკუთრებით მაღალია ადამიანური ჩართულობის, რაციონალურ ფაქტორებთან ერთად პირად გამოცდილებასა და ინტუიციაზე, ემოციებზე, ისტორიულ და კულტურულ კონტექსტზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების წილი.
შესაბამისად, თუ კითხვას დავსვამთ შემდეგნაირად, შესაძლებელია თუ არა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის სრული ავტომატიზაცია, პასუხი იქნება - არა (ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მოცემულობით და იმ სამომავლო პერსპექტივით, რისი აღქმაც ამ მოცემულობიდან არის შესაძლებელი). თუმცა არსებულ ბიზნეს კონტექსტზე დაკვირვება გვაძლევს იმის თამამად თქმის შესაძლებლობას, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე ახდენს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის გარკვეული ეტაპებისა და ამ ეტაპებში ჩართული ადამიანების მიდგომებისა და მაინდსეტის ტრანსფორმაციას.
სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში AI-სა და ადამიანების ურთიერთქმედება შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სამ-ეტაპიან პროცესად, რომლის პირველ ეტაპზეც ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს აწვდის პრობლემას/უსვამს კონკრეტულ საკითხს, რისი გადაჭრაც სურს. მეორე ეტაპზე AI ამუშავებს და ანალიზს უკეთებს პრობლემასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზას, რის შედეგადაც სთავაზობს „დამკვეთს“ რამდენიმე ვარიანტს შეთავაზებული პრობლემის გადაჭრისთვის. ამის შემდეგ „დამკვეთს“ ცხადია აქვს არჩევანი - მოცემულ ვარიანტებზე დაფუძნებით მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილება, ანდოს ხელოვნურ ინტელექტს გადაწყვეტილების მიღება ან მოდიფიცირება გაუკეთოს დავალებას სხვა ვარიანტების მისაღებად.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, AI-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში რაციონალური, ფაქტებსა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში, რისი შემდგომი განხილვა და საბოლოო შეფასება კვლავ ადამიანების გავლენის ქვეშ რჩება.
რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების ხელოვნური ინტელექტისთვის დელეგირება თავისთავად შეცვლის გარკვეული პოზიციების სპეციფიკას ორგანიზაციებში და გამოიწვევს დამსაქმებელთა მოთხოვნის ზრდას ე.წ „სტრატეგისტებზე“, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული რეკომენდაციების ორგანიზაციის ღირებულებებსა და მიზნებთან შესაბამისობაზე. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი უნარები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინტუიციური სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას. ასეთი უნარების მაგალითია შემოქმედებითი აზროვნება, არამხოლოდ ფაქტების, არამედ კონტექსტის ანალიზისა და აბსტრაქტული აზროვნების უნარი.
რა სარგებელს ქმნის AI სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში?
სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა კომპანიებს რამდენიმე მნიშვნელოვან სარგებელს სთავაზობს, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება,
- განმეორებადი და მექანიკური ამოცანების ავტომატიზაცია - იძლევა ამ ამოცანებზე დახარჯული დროის შემცირების, ხარჯების ოპტიმიზაციისა და ბიზნესის პროდუქტიულობისა და ეფექტურობის ზრდის საშუალებას
- გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ოპტიმიზაცია - AI ალგორითმებს შეუძლიათ უზრუნველყონ მიუკერძოებელი და მონაცემებზე დაფუძნებული მიგნებები, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესის მმართველებს მიიღონ უფრო სწრაფი და ინფორმირებული გადაწყვეტილებები
- პროგნოზირების სიზუსტის ზრდა - განაპირობებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული რისკების შემცირებას და მუდმივი მონიტორინგის საშუალებით დროულად გამოავლენს სხვადასხვა ანომალიებს
რომელი ბიზნესები მიიღებენ მაქსიმალურ სარგებელს სტრატეგიულ დაგეგმვაში AI-ს გამოყენებით?
დავიწყოთ იქედან, რომ ყველა ბიზნესს, მიუხედავად ზომისა და ინდუსტრიისა, აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტად, ვიდრე დღეს. თუმცა სტრატეგიულ დაგეგმვაში ხელოვნური ინტელექტისგან მიღებული სარგებელი რამდენიმე წინაპირობის არსებობის პირდაპირპროპორციულია. შესაბამისად, ამ პროცესის დაწყებამდე აუცილებელია დასვათ კითხვები (შენიშვნა: ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საბაზისო კითხვა, თუმცა ისინი არაა ამომწურავი; მზაობის შეფასების პროცესი გაცილებით კომპლექსური იქნება):
- ფლობთ თუ არა ყველა მონაცემს (შიდა და გარე), რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე? - გახსოვდეთ, გარემოში მიმდინარე ხშირად უმნიშვნელო საკითხებმაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს თქვენს სტრატეგიაზე.
- რამდენად ხარისხიანია თქვენს ხელთ არსებული მონაცემები? - გახსოვდეთ, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შედეგი ზუსტად ისეთი ხარისხის იქნება, რა ხარისხის ინფორმაციასაც მიაწვდით. შესაბამისად, მონაცემთა სიზუსტისა და სანდოობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ეფექტური AI ანალიზისთვის, რაც თავის მხრივ მოითხოვს დამატებით ინვესტიციებს მონაცემთა მართვის სისტემებში.
- რამდენად მოქნილია თქვენი ბიზნესი? – AI-ს მიერ შექმნილი სცენარები და რეკომენდაციები ტურბულენტურ გარემოში სწრაფი რეაგირების სტრატეგიების შემუშავების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი ბიზნეს პროცესები, სისტემები, სტრუქტურები და თქვენი გუნდის მაინდსეტი ხელს შეუწყობს ამ რეკომენდაციების იმპლემენტაციას.
რა პოტენციური რისკები გააჩნია AI-ის ჩართვას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში?
იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ ხელოვნური ინტელექტი ჩართოთ სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში, აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ არ არსებობს უნივერსალური ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია ყველა თქვენი პრობლემის გადაჭრა. ამასთან, აუცილებელია გავიაზროთ, რომ ხელოვნური ინტელექტი არ არის „ჯადოსნური“. შესაბამისად, არარეალური მოლოდინებისა და წარუმატებელი იმპლემენტაციის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მისი სწორი სტრუქტურირება და კონტექსტუალიზაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას სჭირდება „გაწვრთნა“ სწორი პასუხებისა და პროგნოზების გასაცემად.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პროცესში უნდა გაითვალისწინოთ ეთიკის პრობლემაც. სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას მენეჯერები ითვალისწინებენ სხვადასხვა ეთიკურ ასპექტს და ადამიანურ ღირებულებებს, პოტენციურ გავლენას საზოგადოებასა და გარემოზე, რომლებიც შეიძლება არ იყოს ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის სისტემაში.
სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კიდევ ერთი გამოწვევა პასუხისმგებლობაა. სინამდვილეში, მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ პასუხისმგებელნი იყვნენ თავიანთ გადაწყვეტილებებზე, მაგრამ არა მანქანებს (თუნდაც ინტელექტუალურ მანქანებს). ეს გამოწვევა სამომავლოდ გააჩენს AI-ს სტრატეგიული გადაწყვეტილებების სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობას. ხელოვნური ინტელექტის სისტემების ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეული ზიანის მარეგულირებელი ჩარჩოს შესაქმნელად საჭირო იქნება ხელოვნური ინტელექტის ცნებისა და მისი სტატუსის ცალსახად განსაზღვრა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში.
.......
დასასრულს, ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე შეცვალა და მომავალში კიდევ უფრო საფუძვლიანად გარდაქმნის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს. მისი გამოყენებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ უზრუნველყონ სწრაფად ცვალებად ლანდშაფტთან თავიანთი სტრატეგიების ადაპტაცია გრძელვადიანი წარმატების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ორგანიზაციებმა ასევე უნდა იზრუნონ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებაზე და უზრუნველყონ მისი პასუხისმგებლობით გამოყენება გადაწყვეტილების მიღების კრიტიკულ პროცესში.