ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდში ბევრი კომპანია ინსტინქტურად მიმართავს თავდაცვით სტრატეგიებს - აჩერებს ინვესტიციებს, ამცირებს ხარჯებს და აყოვნებს ინიციატივების განხორციელებას. ამ ტენდენციას აქტიურად ვხედავთ საქართველოშიც, სადაც პოლიტიკური სირთულეებისა და მაკროეკონომიკური ზეწოლის ფონზე ბიზნეს ლიდერებს ეჭვები უჩნდებათ და თავშეკავებულად მოქმედებენ.
როდესაც პოლიტიკური ვითარება არასტაბილურია, ეკონომიკური შენელება უფრო მეტად თვალსაჩინო ხდება. მუხრუჭდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ინვესტიციები, ინფლაციის გავლენით კი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მცირდება.
ამ ფონზე, გასაგებია, რომ კომპანიები სწრაფად ცდილობენ ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაციას, ინვესტიციების შეზღუდვასა და გაფართოების გეგმების გადახედვას. თუმცა, ჩნდება კრიტიკული კითხვა:
რა არ უნდა შემცირდეს არცერთ ვითარებაში?
პასუხი მარტივია: არ უნდა დავთმოთ სტრატეგიული მიმართულებები.
მოკლევადიანმა ეკონომიამ არ უნდა ჩაანაცვლოს გრძელვადიანი ზრდის პოტენციალი.
წინდახედული კომპანიები აცნობიერებენ, რომ გაურკვევლობის პერიოდს თან სდევს შესაძლებლობები ძირითადი მიმართულებების გაძლიერებისთვის, ციფრულ ტრანსფორმაციაში ინვესტირებისთვის, ბრენდის ღირებულების გადაფასებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის სტრატეგიის გადახედვისთვის.
ეს არ არის მხოლოდ ხარჯები - ეს არის ზრდის საფუძვლები, რომლებიც ბაზრის სტაბილიზაციის შემდეგ მნიშვნელოვან უპირატესობას ქმნიან.
დღევანდელი ლიდერობა ნიშნავს ბალანსს - სიფრთხილეს, მაგრამ არა პარალიზებას. საჭიროა ოპტიმიზაცია დღევანდელ ამოცანებზე, მაგრამ ხედვის შენარჩუნება ხვალინდელ დღეზე.
როგორ უნდა იმოქმედოს ლიდერმა კრიზისის პირობებში?
გარემოს ხშირი ცვალებადობის პირობებში წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტიანად შეძლებს ორგანიზაცია ადაპტაციას. ქვემოთ წარმოდგენილია ძირითადი მოქმედების მიმართულებები, რომლებიც დაეხმარება კომპანიებს ეფექტური მენეჯმენტის შენარჩუნებაში კრიზისულ პერიოდში:
-
დაგეგმე მომავლის სხვადასხვა სცენარი
-
შეიმუშავე რამდენიმე სავარაუდო სცენარი მომავალი ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით, მათ შორის ოპტიმისტური, საბაზისო და პესიმისტური ვარიანტები.
-
განსაზღვრე ძირითადი რისკ-ფაქტორები, რომლებიც გავლენას მოახდენს კომპანიის ოპერაციებზე (მაგალითად: ლარის კურსის მერყეობა, მომხმარებელთა ნდობის / მსყიდველუნარიანობის დონის ცვლილება, რეგულაციური გარემო).
-
თითოეული სცენარისთვის შეიმუშავე შესაბამისი მოქმედების გეგმა.
-
უზრუნველყავი ფინანსური სტაბილურობა და მოქნილობა
-
გადახედე ორგანიზაციის ხარჯვით პოლიტიკას. შეამცირე არაპრიორიტეტული ხარჯები და შენარჩუნე ინვესტიციები სტრატეგიულ მიმართულებებში.
-
შექმენი ფინანსური რეზერვები კრიტიკული პერიოდებისთვის.
-
დააწესე პრიორიტეტები მიმდინარე ვალდებულებების შესრულებასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებში.
-
გაააქტიურე თანამშრომლების ჩართულობა
-
გააძლიერე შიდა კომუნიკაცია და გამჭვირვალობა.
-
შექმენი კროსფუნქციური ჯგუფები კონკრეტული ამოცანების მართვისთვის.
-
გაზარდე თანამშრომლების ჩართულობა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში.
-
განაგრძე ინვესტირება ინოვაციებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაში
-
მოიძიე შესაძლებლობები ორგანიზაციული პროცესების ავტომატიზაციისა და ციფრულ პლატფორმებზე გადასვლისთვის.
-
განავითარე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს მოქნილობას, ეფექტურობასა და უკეთეს კავშირს მომხმარებელთან.
-
ციფრული ცვლილებები განიხილე არა როგორც ხარჯი, არამედ როგორც გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობა.
-
გადააფასე მომხმარებელთან ურთიერთობის სტრატეგია
-
რეგულარულად დააკვირდი მომხმარებელთა ქცევის ცვლილებებსა და მათი საჭიროებების დინამიკას.
-
გააძლიერე ურთიერთობა ლოიალურ მომხმარებლებთან. გაუმჯობესებული მომსახურება, გამჭვირვალე კომუნიკაცია და ნდობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
-
შექმენი შეთავაზებები, რომლებიც ადაპტირებულია მიმდინარე გამოწვევებზე.
-
გადახედე სტრატეგიულ პრიორიტეტებს გრძელვადიანი ზრდის მხარდასაჭერად
-
იმუშავე იმ მიმართულებების გაძლიერებაზე, რომლებიც ბაზრის სტაბილიზაციის შემდეგ კომპანიის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს.
-
შენარჩუნე ინვესტიცია იმ მიმართულებებში, რომლებიც გრძელვადიან კონკურენტულ უპირატესობას უზრუნველყოფს.
გაურკვევლობა როგორც ახალი შესაძლებლობა
დღეს, რაც გაურკვევლობაა, ხვალ შეიძლება გადაიქცეს ახალი კონკურენტული რეალობად. სწორედ ამიტომ, ლიდერებს ევალებათ არა მხოლოდ რეაგირება, არამედ მომავლის მიზანმიმართული ფორმირება.
კრიზისის დროს მნიშვნელოვანია:
-
ხედვის შენარჩუნება,
-
სწორი პრიორიტეტების განსაზღვრა,
-
და ინვესტირება ზრდის პოტენციალში, მაშინაც კი, როცა ეს რთულად წარმოსადგენია.
სტრატეგიული მენეჯმენტი არ ნიშნავს მხოლოდ გადარჩენას — ის ნიშნავს წინსვლას მაშინ, როცა სხვები ჩერდებიან.
ლიდერობა კი დღეს განისაზღვრება ადაპტაციის უნარით, ღირებულებებზე დაფუძნებული მოქმედებით და მომავლის ხედვით.