გიფიქრიათ, რომ დილით ოფისში თქვენს კოლეგასთან ერთად ჭიქა ყავის დალევამ, წინა საღამოს ამბებისა თუ მიმდინარე დღის გეგმების გამოკითხვამ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში თქვენს ეფექტიანობაზე იქონიოს გავლენა?
რა პასუხებს მივიღებთ, თუ გამოვკითხავთ ჩვენი გუნდის წევრებს იმ ქცევებისა და აქტივობების შესახებ, რომლებსაც კომპანია ორგანიზაციული გარემოს გაჯანსაღებისა და თანამშრომლების ეფექტიანობის ზრდისთვის იყენებს? უმეტესობა ალბათ გიპასუხებთ: თიმბილდინგი, რომელიც შარშან იყო ან უახლოეს მომავალში იგეგმება, ყოველთვიური შეხვედრები პროექტების მიმდინარე სტატუსების გადასამოწმებლად, კორპორატიული წვეულებები, ტრენინგები და სხვა.
ამის მიუხედავად, თანამშრომლების ძალიან მცირე ნაწილი დაასახელებს იმ რიტუალებს, რომლებიც კომპანიაში არადეკლარირებულად არსებობს. მათი გამოყენებით, ჭკვიანი ლიდერები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე:
- ზრდიან თანამშრომლების ჩართულობასა და ეფექტიანობას
- ქმნიან ძლიერ კავშირებს კომპანიის გუნდის წევრებს შორის
- ასტიმულირებენ სასურველ ქცევებს
- ამცირებენ სტრესის დონეს
ჩართულობის ზრდა
რიტუალები ეხმარება გუნდის წევრებს, რომ მოახდინონ ღირებულებების ტრანსლირება ყოველდღიურ საქმიანობაში. ისევ ჭიქა ყავის მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, დღის დასაწყისში კოლეგასთან დღის გეგმებსა თუ გამოწვევებზე გულახდილი საუბარი შეიძლება იქცეს ბიძგად დღის განმავლობაში მეტად აქტიურები და თამამები ვიყოთ ჯგუფურ დისკუსიებში და მეტი მიმღებლობა გვქონდეს სხვისი აზრის მიმართაც.
ორგანიზაციები, რომლებიც დეკლარირებულ ღირებულებს ყოველდღიურ რიტუალებში ნერგავენ, იზიდავენ ადამიანებს, რომელთა ღირებულებებსაც ეს რიტუალები პასუხობს. ამის საპირისპიროდ, ჩართულობის გამოწვევა ხშირად ჩნდება ორგანიზაციებში, სადაც დეკლარირებული ღირებულებები არ ტრანსლირდება რიტუალებში.
ძლიერი კავშირების შექმნა
ადამიანები, რომლებიც გრძნობენ კავშირს, უფრო ეფექტურად მუშაობენ ერთად. საერთო რიტუალები ხელს უწყობს მრავალფეროვანი სამუშაო ძალის გაერთიანებასა და ორგანიზაციის კულტურის გაძლიერებას.
რიტუალები ზრდის მიკუთვნებულობის შეგრძნებასა და ნდობას გუნდის წევრებს შორის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ორგანიზაციებში, სადაც შედარებით ნაკლებია შეჭიდულობა სხვადასხვა დეპარტამენტებსა და პოზიციებს შორის.
კორპორატიულ კულტურაში ცნობილი მაგალითია Grundfos Olympics, სადაც Grundfos თავის 1000 დასაქმებულს 55 ქვეყნიდან გარკვეული პერიოდულობით თავს უყრის დანიაში „ოლიმპიურ თამაშებში“ მონაწილეობისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნებიდან ცხოვრობენ თავიანთ დანიელ გუნდის წევრებთან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ინტერპერსონალური ურთიერთობების გაღრმავებას.
სასურველი ქცევის სტიმულირება
მცირე, თუნდაც უმნიშვნელო რიტუალების დანერგვა ხშირად ორგანიზაციის ეფექტიანობის ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
კვლევით და საკონსულტაციო კომპანია ACT-ში მსგავსი რიტუალის მაგალითია პროცესების ოპტიმიზაციის მცდელობა, რამაც სათავე ე.წ „მუდების კონკურსიდან“ აიღო. ეს რიტუალი ორგანიზაციაში არასაჭირო დანახარჯების (მათ შორის, დროის, ადამიანური რესურსების და ა.შ) შემცირებასა და საუკეთესო შემთხვევაში, აღმოფხვრას ემსახურება და მასში ყველა თანამშრომელია ჩართული. მისი მთავარი იდეაა, რომ არსებული სისტემა დაიხვეწოს ქვემოდან ზემოთ, სწორედ იმ ადამიანების ინიციატივით, ვისაც ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ ამა თუ იმ პროცესთან შეხება და ყველაზე ობიექტურად აფასებენ მათში არსებულ ხარვეზებს. სხვადასხვა ნომინაციებში („რჩეული გასაგდები მუდა“, „მუდას ყველაზე ორიგინალური სახელი“, „ყველაზე არგუმენტირებული დასაბუთება“ და „მუდას საკითხის ყველაზე მარტივი გადაწყვეტა“) გამარჯვებული გუნდების წახალისება ხდება პრიზებით, იდენტიფიცირებული დანახარჯების შემცირება კი კომპანიის საერთო ეფექტიანობის ზრდაზე აისახება.
სტრესის დონის შემცირება
სწრაფად ცვალებადი გარემოს პირობებში, ორგანიზაციებს უწევთ მაქსიმალური მოქნილობის შენარჩუნება. ეს ხშირად არც ისე სახარბიელოდ აისახება მათ შედეგებზე. ცვალებადი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ცვლილებების ქარცეცხლში, მნიშვნელოვანია ორგანიზაციული კულტურის სიმყარის შენარჩუნება.
რიტუალები ხელს უწყობს ორგანიზაციის შიდა სტაბილურობისა და გამძლეობის უზრუნველყოფას. ისინი ეხმარება გუნდის წევრებს, მიუხედავად გამოწვევებისა შეინარჩუნონ ფოკუსი მთავარ მიზანზე და თავი დაიცვან სასოწარკვეთილებისგან. სწორედ რიტუალები აღმოჩნდა ბევრი ორგანიზაციისთვის COVID-19 პანდემიის დროს ორგანიზაციული სიჯანსაღის შენარჩუნების გარანტი. მსგავსი რიტუალების მაგალითია ვირტუალური დღესასწაულები და Happy Hour.
ორგანიზაციული რიტუალები მრავლად გვხვდება ისეთი ცნობილი კომპანიების კულტურებში, როგორებიცაა Google, Zoom, Zappos და სხვა.
მაგალითისთვის, Google-ში მსგავსი რიტუალის მაგალითია ყოველკვირეული ღია შეხვედრები (ე.წ TGIF) მაღალი რანგის აღმასრულებლებთან, სადაც კომპანიის თანამშრომლებს მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ დასვან კითხვები მათთვის საინტერესო თემებზე და მიიღონ ამომწურავი პასუხები.
Zoom-ის ორგანიზაციული კულტურა გამოირჩევა ადამიანებზე ორიენტაციით. მენეჯმენტის მხრიდან წახალისებულია თანამშრომლების მიერ ოფისში ოჯახის წევრების მიყვანა, რაც ერთის მხრივ გუნდის, ხოლო მეორე მხრივ თანამშრომლების პირადი ცხოვრების სიჯანსაღის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
განსაკუთრებით კრეატიული ორგანიზაციული რიტუალებით გამოირჩევა Zappos. კომპანიის სიმბოლოდ ქცეული „უცნაური ტალანტების შოუ“ არა ვარსკვლავების, არამედ ინდივიდუალიზმის აღმოჩენას ემსახურება. თითოეულ თანამშრომელს ეძლევა შესაძლებლობა დატკბეს საკუთარი უნიკალურობით და უცნაური თუ უხერხული ტალანტები გაუზიაროს გუნდის წევრებს.
ამ სტატიის დასასრულს გიზიარებთ რამდენიმე არადეკლარირებულ რიტუალს, რომელთა ნაწილი შეიძლება უკვე არსებობს თქვენს კომპანიაში და შეგიძლიათ გაეცნოთ რა სარგებელს ქმნიან ისინი თქვენი კომპანიისთვის:
დილის შეხვედრები ყავაზე - ყოველი დღე კომპანიაში უნდა იწყებოდეს ფრაზით - „გამარჯობა, როგორ ხარ?“. თითოეულ ჩვენგანს სჭირდება განტვირთვა და გამოფხიზლება, რის საშუალებასაც ზოგად თემებზე საუბარი გვაძლევს. 5-10 წუთიანი საუბარი თანამშრომელთან ხშირად დღის გეგმების განხილვაში გადაიზრდება. ასეთი დიალოგები ხშირად სრულდება კითხვებით „დღეს რაზე მუშაობ, დღეს რას აპირებ?“, რაც ქმნის ზოგად წარმოდგენას თქვენი ან თქვენი კოლეგის დღის გეგმაზე.
15 წუთიანი stand-up შეხვედრები გუნდის წევრებთან - ინფორმაციის გაზიარება საკუთარი დღის გეგმების შესახებ და საკუთარ პროექტებზე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი, რომელიც საერთო წარმოდგენას ქმნის თუ რა ეტაპზეა გუნდი, თავისუფლდება თუ არა დამატებითი რესურსი სადმე ან სჭირდება თუ არა ვინმეს დახმარება პროექტის დროულად ჩაბარებისთვის.
გაცნობის წრე - გუნდი ქმნის წრეს და უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ თავზე ისეთ ინფორმაციას, რაც დანარჩენი გუნდის წევრებს არ ეცოდინებათ. არსებული რიტუალი ხშირად ხორციელდება ყავის რიტუალთან ერთადაც, მაგრამ შედარებით მცირე წრეში, ხოლო ეს უკანასკნელი მოითხოვს მთლიანი გუნდის ჩართულობას. ეს ქმნის ერთგვარ კავშირს გუნდის წევრებს შორის, რაც დაეხმარებათ საერთო პროექტების შეთანხმებით შესრულებაში.
ახალი თანამშრომლის on-boarding - ყველა ახალ თანამშრომელს სჭირდება ადაპტაცია სამუშაო გარემოსთან და გუნდთან. ცვლილებები ყველასთვის არ არის მარტივი, ამიტომ სასურველია გუნდის ინიციატივით დაიგეგმოს რაიმე ტიპის აქტივობა ახალ თანამშრომელთან, რისი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მაგალითიც, Pub Crawl საღამოს მოწყობაა.
Knowledge sharing - გუნდის წევრები იკრიბებიან პერიოდულად და უყვებიან თავის გამოცდილებაზე (შეცდომებისა და საუკეთესო გამოცდილებების შესახებ), რაც ხელს უწყობს გუნდის წევრების ზოგად ზრდას. ასევე, გუნდის წევრები აცნობიერებენ, რომ შეცდომებს მეტ-ნაკლებად ყველა უშვებს, რაც შეცდომების შიშით გამოწვეული სტრესის დონის შემცირებაზეც აისახება.
შესაძლოა, რომ ჩამოთვლილიდან ზოგიერთი რიტუალი უკვე არის თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი. ამის მიღმა, დაფიქრდით, კიდევ რა რიტუალები არსებობს თქვენს კომპანიაში? როგორ უწყობენ ხელს ისინი თქვენი და ზოგადად, კომპანიის ეფექტიანობას? როდის ან ვინ შექმნა ისინი? მთავარია გვახსოვდეს, რომ რიტუალები თავისით არ იქმნება და მათი შექმნაც, გაძლიერებაც და ინიცირებაც ადამიანების მიერ ხდება.