საზოგადოების დაუცველი წევრების საჭიროებების ზრდის პარალელურად, საერთაშორისო დახმარების სისტემის შემცირებამ ჰუმანიტარულ და განვითარების სექტორში მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული ხარვეზები მეტად გამოავლინა. ბავშვზე მორგებული მმართველობა მათი მოგვარების გზამკვლევად გვევლინება.
1. დიზაინი, რომელიც წარმატებას უზრუნველყოფს: უფლებებიდან შედეგებამდე
გლობალურად, საჯარო თუ სამოქალაქო, ჰუმანიტარულ თუ განვითარებაზე ორიენტირებულ სექტორებში შეინიშნება ტენდენცია: უფლებები აღიარებული, მაგრამ ხშირად ნაკლბად ხელმისაწვდომია. პოლიტიკის ინსტრუმენტები, პროგრამები დასახულ მიზნებს მხოლოდ ნაწილობრივ აღწევს. სერვისები დაუცველი მოსახლეობის საჭიროებებს ბოლომდე ვერ პასუხობს. სიღარიბის, დისკრიმინაციის და სხვა გამოწვევების პირისპირ დარჩენილი ბავშვები ხშირად იმ ოთახის მიღმა რჩებიან, სადაც მათ შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება.
ეს სტატია აღწერს დიზაინის ჩარჩოს - ბავშვზე მორგებულ მმართველობას, რომელიც თანაბრად გამოადგება სხვადასხვა მოთამაშეს: მთავრობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს თუ საკონსულტაციო კომპანიებს შექმნან სისტემები, რომლებიც ბავშვების საჭიროებებზე რეაგირებს.
ბავშვზე მორგებული მმართველობა მონაწილეობრივი მეთოდებით შეგროვებულ ხელშესახებ მონაცემებს აკავშირებს გეგმებთან, ქმედებებთან და ბიუჯეტებთან. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სექტორით ან მოთამაშით. ნაცვლად ამისა, იგი საშუალებას გვაძლევს, ეროვნულ თუ ადგილობრივ დონეზე სტრატეგიული სიზუსტით განვახორციელოთ რეფორმა, პროგრამა თუ აქტივობა, მიუხედავად იმისა, ახორციელებს მას საჯარო უწყება, სამოქალაქო ორგანიზაცია თუ საკონსულტაციო კომპანია.
ლუის კეროლის ციტატის კვალდაკვალ, ჩარჩო გვასწავლის, როგორ ჩავრთოთ ბავშვები და მათი ოჯახები გადაწყვეტილების მიღების თუ აღსრულების ყველა ეტაპზე იმგვარად, რომ თავიდანვე განვსაზღვროთ ჩვენი საბოლოო დანიშნულების წერილი - მათი რეალური საჭიროებების მოგვარება. ეს ამცირებს წარუმატებლობის რისკებს და პოლიტიკის ინსტრუმენტებს, პროგრამებსა თუ აქტივობებს აქცევს ადგილობრივ კონტექსტზე მორგებულ, ხარჯთეფექტიან და მასშტაბირებად ინტერვენციებად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც საერთაშორისო დახმარება შემცირებულია.
მთავრობებისა და განვითარების სფეროს წარმომადგენლების — მათ შორის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო კომპანიებისთვის, ბავშვზე მორგებული მმართველობა განხორციელების რისკების პრევენციული მართვის მექანიზმია. მისი გამოყენება მყიფე კონტექსტებში ინტერვენციებს ლეგიტიმურობას სძენს და რესურსების მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას უწყობს ხელს. დონორებისათვის, რომლებიც ჰუმანიტარულ და განვითარების პროგრამებს უჭერენ მხარს, იზრდება ალბათობა იმისა, რომ მათ მიერ გაწეული დახმარება მდგრად და გრძელვადიან პროგრესს განაპირობებს.
2. მონაწილეობა რეაგირების გარეშე: უმოქმედო მექანიზმის ანატომია
სახელმწიფოების, სამოქალაქო თუ საკონსულტაციო სექტორების ფარგლებში არსებული სისტემების ნაწილი შეისწავლის იმ პირთა საჭიროებებს, რომელთაც ემსახურება, თუმცა ვერ ახდენს მათზე რეაგირებას. ხორციელდება მონაწილეობითი აქტივობები, ისმის ბენეფიციართა ხმები, რომლებიც ხანდახან ვერ ახდენენ გავლენას იმაზე, თუ რომელი აქტივობა ფინანსდება, რა ფორმით ხორციელდება ის და როგორ ხდება მისი მონიტორინგი. შედეგად ყალიბდება ტენდენცია: რესურსები იხარჯება არაეფექტიან გადაწყვეტილებებზე, სერვისები ვერ პასუხობს ინტერსექციულ გამოწვევებს, ხოლო პოლიტიკის ინსტრუმენტები არასრულყოფილია. დროთა განმავლობაში ეს ძირს უთხრის ინტერვენციებისა და მათ განმახორციელებელ პირთა სანდოობას, ეფექტიანობას და ართულებს მდგრადი პროგრესის მიღწევას.
არსებობს მიდგომები, რომელთა გამოყენება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებზე ზუსტად მორგებული გადაწყვეტილებების შექმნას უწყობს ხელს. კარგი მმართველობის პრინციპები მიზნად საჯარო უწყებების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ისახავს; გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირება ხელს უწყობს ქალებისა და კაცების, ბიჭებისა და გოგონების განსხვავებული საჭიროებების სამართლიანად ასახვას უწყობს ხელს. ინკლუზიური პროგრამირება ითვალისწინებს სქესს, ასაკს, შეზღუდულ შესაძლებლობებსა და სხვა ფაქტორებს, რომლებიც ბენეფიციართა მრავალფეროვან საჭიროებებს, საზოგადოებაში არსებულ ძალაუფლების დინამიკას და სიკეთეებზე წვდომას განაპირობებს. ეს მიდგომა უზრუნველყოფს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების შინაარსიან და ღირსეულ მონაწილეობას პროგრამის შემუშავების, აღსრულებისა და მისი მონიტორინგის პროცესში. სწორედ მსგავსი მიდგომები ქმნის ხიდს უფლებების არსებობასა და მათით სარგებლობის შესაძლებლობას შორის.
ბავშვზე მორგებული მმართველობა მსგავს ლოგიკას იყენებს ბავშვებთან მიმართებით. პროცესი იწყება ბავშვების საჭიროებების შესახებ მონაცემების შეგროვებით - ეს ბავშვებისა და მათი წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით ხდება. სწორედ ეს მონაცემები ქმნის ინტერვენციის - კანონმდებლობის, პოლიტიკის ინსტრუმენტის, პროგრამისა თუ პროექტის, ბიუჯეტის საფუძველს. გათვალისწინებულია ასევე ანგარიშვალდებულების ისეთი მექანიზმები, როგორიცაა უკუკავშირის მექანიზმები და ადგილობრივი კონსულტაციები, რაც სისტემებს მეტად გამჭვირვალეს ხდის.
ACT Global ამ ჩარჩოს განიხილავს როგორც ინსტრუმენტს, რომელიც საჯარო უწყებებს, საზოგადოებრივ და კერძო ორგანიზაციებს თავიდანვე სწორი სამიზნის განსაზღვრაში ეხმარება, რათა დრო და რესურსები შეცდომების გამოსწორებაზე არ დაიხარჯოს.
3. სისტემები, რომლებიც ადამიანებს ვერ ხედავს
გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამიზნე აუდიტორიის მონაწილეობის შესაძლებლობა არსებობს. მათი საჭიროებების მოსმენას სისტემების მცირე ნაწილი ახერხებს და კიდევ უფრო ნაკლები პასუხობს სწორად - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოების მრავალფეროვანი ჯგუფების რეალური საჭიროებები მათ გარეშე, წინასწარ გაწერილ გეგმას სცდება.
თუ ინტერვენციის - საკანონმდებლო აქტის, პოლიტიკის ინსტრუმენტის, პროგრამის, პროექტისა თუ საბიუჯეტო გეგმის ათვლის წერტილი არასრულყოფილია და მრავალფეროვან გამოწვევებს ვერ ხედავს, ყველაზე ამბიციური აქტივობაც კი აზრს კარგავს. იქმნება უფსკრული რეალურ საჭიროებებსა და თავსმოხვეულ გადაწყვეტებს შორის - არა იმიტომ, რომ სახელმწიფოებსა თუ ორგანიზაციებს ასე უნდათ, არამედ იმიტომ, რომ ინფორმაციის შეგროვების პროცესი ხშირად ადამიანთა ჯგუფებს ვერ ხედავს. პირველ რიგში იკარგება ისეთი ადამიანების საჭიროებები, რომლებიც მრავალრიცხოვანი, ინტერსექციული გამოწვევების წინაშე დგანან.
ამის საპირწონედ, ბავშვზე მორგებული მმართველობა ქმნის სივრცეს ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რათა მათ საკუთარი სიტყვებით ახსნან, თუ რა ახდენს მათზე გავლენას, რა სჭირდებათ, როგორია მათი ყოველდღიური რეალობა. ეს მიდგომა ხშირად ჰფენს ნათელს ისეთ გამოწვევებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოკითხვებში არ ჩანდა. ჩარჩო-მიდგომა მონაწილეობით ინსტრუმენტებს თვისებრივ, ასევე რაოდენობრივი მონაცემების შეგროვების განუყოფელ ნაწილად აქცევს, რათა აისახოს სხვადასხვა ასაკის, სქესის, წარმოშობის, შესაძლებლობის მქონე ბავშვების ყოველდღიური რეალობა.
ბავშვზე მორგებული მმართველობის ინსტრუმენტების გამოყენებით, დაგეგმვა თავიდანვე სწორ მონაცემებზე ფოკუსირებით ხდება - მონაცემებზე, რომლებიც ასახავს, თუ რას მიიჩნევენ ბავშვები გამოწვევად, როგორ აისახება ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. როდესაც საჯარო უწყებები, საზოგადოებრივი თუ კერძო ორგანიზაციები დაგეგმვას რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით იღებენ, ისინი ამცირებენ იმის რისკს, რომ რესურსები მოვალეობის მოხდის მიზნით დაგეგმილ ან არასწორ აქტივობას მოხმარდება.
ACT Global-ის გამოცდილების საფუძველზე, ბავშვების და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ხმების გაჟღერება არ კმარა - მონაწილეობა არა სიმბოლური, არამედ გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი შეფასება, დიალოგი და მონაწილეობითი ინსტრუმენტები პირდაპირ უნდა ახდენდეს გავლენას პოლიტიკის ინსტრუმენტებსა და სხვა ინტერვენციებზე. ამგვარად, ამ გზით მონაწილეობა სიმბოლური აქტიდან სტრუქტურულად ელემენტად გარდაიქმნება.
4. მონაწილეობა, რომელიც ხარჯვას წარმართავს - OR მონაწილეობა, როგორც ბიუჯეტირების საფუძველი
მონაწილეობრივი გზებით საჭიროებებისა და მრავალფეროვანი, ინტერსექციული გამოწვევების იდენტიფიცირება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. თუ ეს მონაცემები დაგეგმვასა და დაფინანსებაზე არ აისახება, ხარვეზი კვლავ რჩება. ბავშვზე მორგებული მმართველობის ინსტრუმენტები გვაძლევს საშუალებას, მონაცემები ყველაზე მნიშვნელოვანს - პრიორიტეტებს, ხარჯვის მიზნებსა და საჭირო სერვისების შესახებ გადაწყვეტილებებს დავუკავშიროთ. მონაწილეობითი ინსტრუმენტები, დიალოგები, შეფასების ბარათები პრობლემების წარმოჩენით არ შემოიფარგლება. ისინი ქმნიან მონაცემებს გეგმების, სექტორული სტრატეგიის მიმოხილვების, მუნიციპალური ბიუჯეტების და სერვისების განსასაზღვრად. ეს ჩარჩო-მეთოდოლოგია საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ ციფრები და ისტორიები, რომლებიც ერთად ბავშვების საჭიროებების სრულ სურათს ქმნის. რაოდენობრივი მონაცემები ასახავს ინტერვენციის მასშტაბს და თვისებრივი ხედვები კი ხსნიან ხარვეზების არსებობას.
ბავშვზე მორგებული მმართველობა მონაცემებს სქესის, ასაკის, შესაძლებლობის, წარმოშობის, გეოგრაფიული განაწილებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით შლის. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები არ ეფუძნება საშუალო მაჩვენებლებს, არამედ ასახავს მრავალფეროვანი გამოწვევების წინაშე მდგარი, გარიყული ბავშვებისა და ოჯახების რეალობას. ამგვარ ინფორმაციაზე დაფუძნებული გეგმა იშვიათად საჭიროებს გადაკეთებას და უკეთ აღწევს დასახულ მიზანს.
5. შეკრული წრე: განხორციელებადან ანგარიშვალდებულებამდე
შეუსრულებელი გეგმები, ნდობის ნაცვლად, კითხვებს აჩენს. სისტემების უმეტესობა ანგარიშვალდებულია სამინისტროების, მარეგულირებლების, ზემდგომი ორგანოებისა თუ დონორების წინაშე. ბავშვზე მორგებული მმართველობა ბავშვების, მათი წარმომადგენლებისა და საზოგადოების ჯგუფების წინაშე ანგარიშვალდებულებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
ამ ჩარჩო-მიდგომის ფარგლებში ანგარიშვალდებულება მოიცავს ბავშვებზე დაფუძნებულ უკუკავშირის პროცესებს, ადგილობრივი შეფასების, საზოგადოებრივი მონიტორინგისა და საბიუჯეტო ხარჯვის ეფექტიანობაზე თვალყურის დევნების შესაძლებლობას. ეს მექანიზმები საჯარო, საზოგადოებრივ და კერძო ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ - შეესაბამება თუ არა მათი ქმედებები მიზანს და ასახავს თუ არა ბავშვების ან თემების მიერ გაზიარებულ პრიორიტეტებს.
სახელმწიფოს შემთხვევაში - ამის მისაღწევად, მიდგომა ბავშვთა უფლებების ეროვნული სტრატეგიების ბავშვების მიერვე შეფასებას, ბავშვების მიერ შექმნილი ეროვნული თუ საერთაშორისო დონის ანგარიშების შექმნას და ამისათვის საჭირო რესურსების გამოყოფას აუცილებლად მიიჩნევს. ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის შესრულების შესახებ სახელმწიფო ანგარიშების ან მდგრადი განვითარების მიზნებზე ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვების წარდგენასთან ერთად, მნიშვნელოვანია ბავშვების მიერ მომზადებული - მათი რეალობის ამსახველი ანგარიშების საერთაშორისო დონეზე წარსადგენად. ბავშვებს ამის უფლება აქვთ - თუმცა მნიშვნელოვანია სახელმწიფოებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ეს უფლება მათთვის ხელმისაწვდომად აქციოს.
სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო კომპანიებისათვის ანგარიშვალდებულების ეს ინსტრუმენტები ქმნის დამატებით ცოდნას და ადაპტაციის უკეთეს შესაძლებლობას. ამგვარი მონაცემები პროექტის შეფასების, დონორების ანგარიშების და ახალი პროგრამის დიზაინის ნაწილი ხდება.
ACT Global ეხმარება პარტნიორებს, რომ ეს მონაცემები საკუთარი პროგრამირების, ბიუჯეტირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ასახონ.
თუ ანგარიშვალდებულების მექანიზმი სწორადაა გამოყენებული, ის სამიზნე ჯგუფების რეალურ გამოცდილებას ასახავს და ამგვარად შესრულებული სამუშაო გაღებული ხარჯის შედეგს აუმჯობესებს, ზრდის ნდობას და ქმნის სისტემებს, რომლებიც სწავლობენ, თუ როგორ არ შეცდნენ.
6. წერტილი, სადაც ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება
ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედი საჯარო უწყებების, საზოგადოებრივი და საკონსულტაციო კომპანიების უმეტესობა უკვე აგროვებს მონაცემებს, გეგმავს ინტერვენციებსა და აკონტროლებს იმპლემენტაციას. მაგრამ თუ ეს ნაბიჯები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული, მექანიზმი წყვეტს მუშაობას. ამის თავიდან აცილებას ACT Global ბავშვების, ქალების, მოწყვლადი ჯგუფების საკუთარ ინტერვენციებში ჩართვით ცდილობს. ამ პრინციპით ვმოქმედებთ პარტნიორთა და დონორთა ინიციატივების მხარდაჭერის პროცესშიც, რათა უზრუნველვყოთ, რომ ერთობლივად განხორციელებული პროგრამების ამოსავალი წერტილი საზოგადოების იმ ჯგუფის საჭიროებებია, რომელთაც ვემსახურებით. ეს ნიშნავს პროგრამის დაგეგმვას ბენეფიციართა მონაწილეობით, საყურადღებო ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე. საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა გრძელდება იმპლემენტაციის ეტაპზეც - რათა შექმნილი გეგმები და რესურსები მათთვის ხელშესახებ შედეგად გარდაიქმნას; ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვით, ინტერვენციის დასასრულს, ვამოწმებთ, რამდენად სრულყოფილად განხორციელდა ჩვენი, ჩვენი პარტნიორებისა თუ დონორების მიერ საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები შედეგებად.
ეს მიდგომა ეფუძნება ბავშვზე მორგებული მმართველობის ლოგიკას, რომელიც საზოგადოებრივი სიკეთის მისაღწევად შემუშავებულ ინიციატივას ეფექტიან ინტერვენციად გარდაქმნის. ამას მიდგომა სამიზნე ჯგუფების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის, სწორი მონაცემების შეგროვების, მიზნობრივი ქმედებების განხორციელებისა და ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული კომპონენტების მეშვეობით ახერხებს. ამგვარად, ხარვეზები უფრო სწრაფად და ნაკლები ხარჯით აღმოიფხვრება; სამიზნე ჯგუფებისათვის კი პროექტის შედეგები უკეთესი მომავლის წინაპირობა ხდება.
*სტატიაში აღწერილი მიდგომები ასახავს ACT Global-ის გამოცდილებასა და ხედვას, რომელიც ეფუძნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებებსა და კონცეპტუალურ კონტრიბუციებს. ამასთან, ბავშვზე მორგებული მმართველობის კონცეპტუალური აღწერისას მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენდა Save the Children International-ის აპრობირებული პროგრამული მიდგომები — მათ შორის: საჯარო ინვესტირება ბავშვებისთვის, ბავშვებზე მორგებული სოციალური ანგარიშვალდებულება და ბავშვთა უფლებების ანგარიშგება. ეს საერთაშორისო პრაქტიკები წარმოადგენს ღირებულ ჩარჩოს ჩვენი მიდგომების გაძლიერებისთვის.