უხილავ მტრად გამოცხადებული კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობა ეტაპობრივად ხელშესახები ხდება. მსოფლიო ვაქცინაციის კამპანია გრძელდება, ბლუმბერგის მონაცემებით ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია 111 ქვეყანაში, სადაც ჯამში 279 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინაა შეტანილი. ქვეყნების ნაწილმა შეძლო ვაქცინაციის სრული კურსის (2 აცრა რამდენიმე კვირიანი ინტერვალით) ჩატარება, საერთო ჯამში მსოფლიოში 28 მილიონი ადამიანი უკვე სრულყოფილად აიცრა.
ბლუმბერგის საიტზე განთავსებულ მსოფლიო რუკაზე, რომელიც ასახავს ვაქცინაციის პროგრესს ქვეყნების მიხედვით, საქართველო ჯერ-ჯერობით მონაცემების გარეშეა, ქვეყანაში ამ დროისათვის არ არის შემოტანილი არცერთი ქვეყნის წარმოებული ვაქცინა.
ქვეყანაში ვაქცინის შემოტანამდე ეისითიმ გამოიკითხა თბილისელები და დაინტერესდა მათი ვაქცინაციისადმი დამოკიდებულებითა და კონკრეტული ვაქცინების მიმართ მზაობით.
Covid-19 VS ვაქცინა
თბილისელთა 80% მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის პროცესი დადებითად იმოქმედებს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებაზე. მოსახლეობაში მაღალია ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებაც, ყოველი მეორე თბილისელი ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას ვაქცინის შესახებ, რაც თემის აქტუალურობითა და მაღალი მოლოდინით აიხსნება.
ინფორმაციის მიღების ყველაზე აქტიური წყარო ინტერნეტია, თბილისის მოსახლეობის 70% სწორედ მას ასახელებს ინფორმირების მთავარ საშუალებად, მაღალია ტელევიზიით ინფორმაციის მიღება, განსაკუთრებით მოსახლეობის უფროსი თაობის წარმომადგენლებში (55+), 18-34 წლის თაობა კორონა ვირუსის შესახებ ინფორმირებული ძირითადად ინტერნეტიდან არის, თუმცა სხვა თაობებისგან განსხვავებით მაღალია მეგობრების და ახლობლების მიერ ინფორმაციის გაზიარება, ყოველი მეოთხე თბილისელი ახლობელთან განიხილავს ან მისგან იღებს ინფორმაციას კორონა ვირუსის წინააღმდეგ ვაქინაციის შესახებ.
იქცევა თუ არა ვაქცინა გოდოდ?!
18-34 წლის ყოველი მესამე თბილისელი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია პირადად მას მომავალ წელს მოუწევს. ოპტიმისტურად არიან განწყობილნი 34-55 წლის მოქალაქეები (26%), რომლებიც ვაქცინის გაკეთებას, იმ შემთხვევაში თუ ის შემოვა, 2021 წლის შემოდგომაზე გეგმავენ. 55+ უფროსი თაობის წარმომადგენლების 23% ასევე ფიქრობს, რომ მას ვაქცინა 2021 წლის შემოდგომაზე ჩაუტარდება. კვლევა ცხადყოფს, რომ გაზაფხულზე არა რისკ ჯგუფში მყოფი და სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისგან განსხვავებით, რიგით მოქალაქეებს ვაქცინა გაზაფხულზე არ მოუწევთ. თუმცა საერთო სურათში ასახული პროცენტული სხვაობების სიმცირე და „არ ვიცი“ პასუხის პროცენტულობა (12%) ცხადყოფს, რომ მოსახლეობა დაბნეულია და არ არის ზუსტად ჩამოყალიბებული თავის წარმოდგენაში თუ როდის დაიწყება მოსახლეობის სრული ვაქცინაცია ქვეყანაში.
გაკეთება თუ არ გაკეთება?!
თაობების მიხედვით ვაქცინაციის გაკეთების მზაობა ყველაზე მეტად 55+ ასაკის მოქალაქეებშია (43%). რაც აღნიშნული ასაკის რისკის ქვეშ ყოფნითაც აიხსნება. თუმცა ამ ასაკის ყოველ მეოთხე მოქალაქეს ჯერ არ გადაუწყვეტია ვაქცინაცია, ყოველი მესამე კი, არ აპირებს გაიკეთოს კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
ვაქცინაციასთან დაკავშირებით გადაუწყვეტელობის ყველაზე მაღალი ხარისხი მილენიალებშია, რომელთა 32%-მა არ იცის ჩაიტარებს თუ არა ვაქცინაციას, მილენიალების მხოლოდ 41% აცხადებს მზაობას ვაქცინაციის პროცესისთვის, გამოკითხულთა 26%-ს კი ამ დროისთვის არ სურს ვაქცინის გაკეთება.
ვაქცინისთვის თბილისელების მზაობის საერთო სურათში პასუხების პროცენტული თანაფარდობა მიუთითებს, რომ თბილისის მოსახლეობა ჯერ ისევ არ არის ჩამოყალიბებული ვაქცინაციის აუცილებლობის საკითხზე, ყოველი მესამე თბილისელი არ არის მზად გაიკეთოს (31%) კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან ჯერ არ ჩამოყალიბებულა (29%).
კვლევის შედეგად დგინდება, რომ ჩამოყალიბების პროცესში თბილისელები შემდეგი საზოგადოებრივი ჯგუფების აზრს გაითვალისწინებდნენ: სამედიცინო პერსონალი (59%), ნაცნობი კომპეტენტური მედიცინის მუშაკები (32%) და ეკლესია (12%).
კარგი თუ მალე
ვაქცინაციისგან თავის შეკავების ძირითადი მიზეზი კვლევის მიხედვით COVID-19-ის ვაქცინის მიმართ უნდობლობაა (34%), რომელიც ყველაზე მძაფრად 55+ ასაკის ადამიანებშია გამოხატული (40%) ყოველი მესამე თბილისელი კი, ღელავს გვერდით მოვლენებზე, რომელიც შეიძლება ახლდეს ვაქცინას (32%). 18-34 წლის თაობის წარმომადგენლების 13% კი, აცხადებს რომ საერთოდ არ აღელვებს კორონა ვირუსის გადატანა.
ზოგადი მაღალი უნდობლობის ფონზე საინტერესოა, რომელია თბილისელებისთვის ის ვაქცინა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან და რომლის გაკეთებასაც კატეგორიულად არ აპირებენ. ეისითი დაინტერესდა ბაზარზე არსებული ყველა ცნობილი ვაქცინის მიმართ თბილისელების დამოკიდებულებით. კვლევის შედეგად დგინდება, რომ ყველაზე მაღალი სანდოობით არსებულ ვაქცინებს შორის სარგებლობს ამერიკული წარმოების ფაიზერი და მოდერნა (50%) და ევროპული წარმოების ვაქცინები – ბიო-ენ-ტექი და ასტრაზენეკა (46%). თბილისელების უმრავლესობა არ არის მზად გაიკეთოს რუსული და ჩინური წარმოების ვაქცინა, უფრო მეტიც თბილისელების 63% აცხადებს, რომ არცერთ შემთხვევაში არ გაიკეთებს რუსული წარმოების სპუტნიკ V-ს, ხოლო ყოველი მეორე თბილისელი (53%) უარს იტყვის ჩინური ვაქცინით – სინოფარმით აცრაზე.
*კოვაქს პლატფორმის ვაქცინის განაწილების გეგმის მიხედვით საქართველო ჯამში 215 ათას ასტრაზენეკასა და ფაიზერ/ბიო-ენ-ტექის ვაქცინას ორ ეტაპად მიიღებს, თუმცა აღნიშნულ გეგმაში არ არის დაკონკრეტებული ზუსტი დრო, როდის გადმოეცემა ვაქცინები ქვეყანას. შესაბამისად, მაღალი მოლოდინის და ამავე დროს უნდობლობის ფონზე მნიშვნელოვანი ხდება მოსახლეობისთვის ვაქცინაციის დაწყების გეგმის და დადებითი ეფექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.
*კოვაქს პლატფორმის ვაქცინის განაწილების გეგმა: https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/act-accelerator/covax/covax-interim-distribution-forecast.pdf?sfvrsn=7889475d_5
* გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 414 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2021 წლის 16-18 თებერვალს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს.