/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN ძიება
Logo
  • ჩვენი ექსპერტიზა
  • ინსაიტები
  • ღონისძიებები
  • პროექტები
  • ჩვენ შესახებ
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაცია POWER3®
  • სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
  • ბიზნეს სტრატეგია და ზრდა
  • სოციალური ინკლუზია და ტრანსფორმაცია
  • ციფრული ტრნასფორმაცია და ინოვაცია
  • დემოკრატია და კარგი მმართველობა
  • ორგანიზაციული განვითარება და ადამიანების მენეჯმენტი
  • პოლიტიკის შემუშავება
  • ოპერაციები და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი (BPM)
  • კვლევა და შეფასება
  • მონაცემთა მენეჯმენტი და ანალიტიკა
  • საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი
საინტერესო
  • ACT ინსტიტუტი
  • ACT კვლევა
  • ელ. წიგნები
  • კომპანია
  • ჩვენი გუნდი
  • სიახლეები
  • ვაკანსია
Logo
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაცია POWER3®
  • სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
  • ბიზნეს სტრატეგია და ზრდა
  • სოციალური ინკლუზია და ტრანსფორმაცია
  • ციფრული ტრნასფორმაცია და ინოვაცია
  • დემოკრატია და კარგი მმართველობა
  • ორგანიზაციული განვითარება და ადამიანების მენეჯმენტი
  • პოლიტიკის შემუშავება
  • ოპერაციები და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი (BPM)
  • კვლევა და შეფასება
  • მონაცემთა მენეჯმენტი და ანალიტიკა
  • საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი
საინტერესო
  • ACT ინსტიტუტი
  • ACT კვლევა
ინსაიტები
ღონისძიებები
პროექტები
  • კომპანია
  • ჩვენი გუნდი
  • სიახლეები
  • ვაკანსია
ACT Logo
Start search
ნესტან გაფრინდაშვილი
05.08.2025

ეკონომიკური განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა - რა კავშირია მათ შორის და როგორ ფასდება ის?

საზოგადოებაში ფართოდ დამკვიდრებულია მოსაზრება, რომ ადამიანთა კეთილდღეობა უპირველესად დაკავშირებულია ეკონომიკურ სიმდიდრესთან. ამას, ცხადია, აქვს თავისი არგუმენტები. შესაძლოა, ადამიანთა კეთილდღეობას დიდწილად მართლაც განაპირობებდეს მათი ფინანსური შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე, ქვეყნების განვითარების შესადარებლად ხშირად იყენებენ სხვადასხვა სახის ეკონომიკურ ინდიკატორებს, როგორიცაა, მაგალითად, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ).

ლიტერატურის ანალიზი აჩვენებს, რომ ფულს/ეკონომიკურ შემოსავლებს ახასიათებს კლებადი უკუგება ბედნიერებასთან მიმართებაში (ბედნიერების განცდაც, თავის მხრივ, კეთილდღეობის შემადგენელი ნაწილია). დროის გარკვეულ მონაკვეთში ბედნიერება დაკავშირებულია ეკონომიკურ შემოსავლებთან, თუმცა, გრძელვადიან პერიოდში, ბედნიერებასა და მაღალ ეკონომიკურ შემოსავლებს შორის ეს კავშირი აღარ იკვეთება.

ცხადია, რომ მხოლოდ ეკონომიკური ინდიკატორები არ განსაზღვრავს ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ კეთილდღეობას და შესაძლოა, არც გადამწყვეტი ფაქტორი იყოს ის. უფრო მეტიც, ადამიანის ევოლუციური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე დაკვირვებით ჩანს, რომ ეკონომიკური წინსვლა ყოველთვის არ იყო დაკავშირებული ბედნიერების უფრო მაღალ დონესთან[i]. გავიხსენოთ ადამიანური საჭიროებების ერთგვარი კლასიფიკაცია (ე.წ. „მასლოუს პირამიდა“), რომელიც 1943 წელს ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაამ მასლოუმ წარმოადგინა თავის ნაშრომში „ადამიანის მოტივაციის თეორია“[ii]. საჭიროებების უმაღლეს, მე-5 დონეს („თვით-რეალიზაციის მოთხოვნილება“) ავტორი „საბოლოო ბედნიერების“ (ultimately happy) მდგომარეობას უწოდებს, სადაც „ადამიანი უნდა იყოს ის, რად ყოფნაც მას შეუძლია (what a man can be, he must be)“. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური საჭიროებების ეს მოდელი „პირამიდის“ სახელწოდებით არის ცნობილი, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ საჭიროებებისთვის პირამიდის ფორმა თავად აბრაამ მასლოუს არ მიუცია[iii]. სინამდვილეში, საჭიროებებს შორის არ არის მკაცრად იერარქიული დამოკიდებულება. ცხადია, საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარეშე ადამიანებს სხვა, უფრო მაღალი დონის საჭიროებებზე ფიქრი გაუჭირდებათ. თუმცა, არ არის აუცილებელი ყოველი ეტაპის შესაბამისი საჭიროებები სრულად დაკმაყოფილდეს, რომ ადამიანი შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. უფრო რეალურია, რომ ადამიანური საჭიროებების მოდელს, პირამიდაზე მეტად, ტალღოვანი ფორმა ჰქონდეს[iv], რაც იმის გამოხატულებაა, რომ სხვადასხვა ეტაპის შესაბამისი საჭიროებების დაკმაყოფილება ერთმანეთის პარალელურადაც შესაძლებელია. ფინანსური უსაფრთხოების საკითხები (მათ შორის, შემოსავალი, დასაქმება, ქონება და ა.შ.) „მასლოუს პირამიდის“ მე-2 საფეხურს ეკუთვნის. თუმცა, ეს იმის თქმის საფუძველი არ უნდა გახდეს, რომ თუ საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ფინანსური უსაფრთხოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ამ საზოგადოებამ არ უნდა იფიქროს უფრო მაღალი დონის, კეთილდღეობისა და ბედნიერების მისაღწევი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. მაგალითისთვის, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ „გარემოს დაცვა მდიდარი ქვეყნების ფუფუნებაა“. თუმცა, რეალობა ისაა, რომ გარემოზე ზრუნვა და მდგრადი განვითარება ყველა ქვეყნისთვის (მშპ-ის დონის მიუხედავად) თანაბრად მნიშვნელოვანია, ვინაიდან გარემოსა და ბუნებისეული კაპიტალის მიმართ ადამიანების დღევანდელ ქცევაზე დამოკიდებულია ზოგადად პლანეტის და, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მომავალიც.

კეთილდღეობასა და ბედნიერებას, როგორც ინდივიდისა და საზოგადოების განვითარების საყოველთაო მიზანს, არაერთი მოაზროვნისა და მეცნიერის ყურადღება მიუქცევია. „ბედნიერებისკენ სწრაფვა“ სახელმწიფო დონეზე ადამიანის უფლებების კონტექსტშიც გაჩნდა. გავიხსენოთ ჩანაწერი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაში (მიღებულია 1776 წლის 4 ივლისს), რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ „დამფუძნებელ მამასა“ და აშშ-ის მესამე პრეზიდენტს თომას ჯეფერსონს უკავშირდება: „შემოქმედმა მიანიჭა ყველა ადამიანს განსაზღვრული განუყოფელი უფლებები და მათ შორისაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა“[v].

ბედნიერებისა და კეთილდღეობის შესახებ შეფასებები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს 21-ე საუკუნეში და ეს გამოიხატება როგორც ეროვნულ დონეზე სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკაში კეთილდღეობის მიზნების ინტეგრირებაში, ასევე, პლანეტარული მასშტაბით რიგი საერთაშორისო ინდიკატორებისა და ინდექსების განვითარების სახით. ეროვნულ დონეზე საჯარო პოლიტიკაში კეთილდღეობის საკითხების ინტეგრირების საინტერესო მაგალითები გვხვდება გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, კანადაში. საერთაშორისო დონეზე კეთილდღეობისა და ბედნიერების კვლევების მასშტაბით ამ ეტაპზე გამორჩეულია სამი შეფასება / ინდექსი, რომლებსაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ (უფრო დეტალურად კეთილდღეობის ეროვნული და საერთაშორისო მოდელების შესახებ გაეცანით მოკლე კვლევით მიმოხილვას სტატიის ბოლოს თანდართულ დოკუმენტში): ნახეთ სრული სტატია.pdf

  • „ადამიანის განვითარების ინდექსი“ (HDI)

HDI ზომავს ადამიანის განვითარებას სამი ძირითადი განზომილებით[vi]: (1) ხანგრძლივი და ჯანსაღი სიცოცხლე (სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაბადებისას); (2) ცოდნა (სწავლების მოსალოდნელი წლები და სწავლების საშუალო წლები); (3) ცხოვრების ღირსეული დონე (მთლიანი ეროვნული შემოსავალი (GNI) მოსახლეობის ერთ სულზე). საინტერესოა, რომ ინდექსის მორგება ხდება სხვადასხვა დამატებითი კომპონენტითაც, მათ შორის, გარემოსდაცვითი კომპონენტებით. კერძოდ, ინდექსში ერთვება ორი დამატებითი ინდიკატორი: „ნახშირორჟანგის ემისიები მოსახლეობის ერთ სულზე“ და „მატერიალური კვალი[vii] მოსახლეობის ერთ სულზე“, რის შედეგადაც მიიღება „პლანეტარული წნეხის“ მიხედვით მორგებული (planetary pressures-adjusted) ადამიანის განვითარების ინდექსი (PHDI).

უახლესი (2022 წლის) შეფასებით, HDI-ის მიხედვით, მსოფლიოს 193 ქვეყანას შორის საქართველო იკავებს მე-60 ადგილს და „ადამიანის განვითარების ძალიან მაღალი დონის“ ჯგუფში არის 0.814 ქულით. თუმცა, PHDI-ის მიხედვით, საქართველოს ქულა 0.767-მდე მცირდება (5.8%-ით ნაკლები, ვიდრე HDI-ის ქულა).

HDI-სა და PHDI-ს ქულებს შორის განსხვავება კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება შედეგების გრძელვადიან პერიოდში დაკვირვებისას. რაც უფრო მეტად მაღალი და მზარდია განსხვავება HDI-სა და PHDI-ს შორის, ეს იმას ნიშნავს, რომ განვითარების პარალელურად და უფრო მაღალი განვითარების ჯგუფში შემავალი ქვეყნებისგან „პლანეტარული წნეხიც“ მეტია.

  • „ბედნიერი პლანეტის ინდექსი“ (HPI)

HPI იზომება შემდეგი სამი ინდიკატორის საშუალებით: (1) სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; (2) თვით-გაცხადებული კეთილდღეობა; (3) „ნახშირბადის კვალი“[viii]. HPI წარმოადგენს იმ ეფექტიანობის მაჩვენებელს, რითაც ქვეყნები დედამიწის შეზღუდულ რესურსებს გადაქმნიან მათი მოქალაქეების კეთილდღეობაში.

HPI-ის 2024 წლის ანგარიშში წარმოდგენილია შედეგები 2021 წლის მდგომარეობით მსოფლიოს 147 ქვეყნისთვის[ix]. „ბედნიერი პლანეტის ინდექსი“ ისე არის შედგენილი, რომ მაქსიმუმი (100) ქულა მიენიჭება გარემოსდაცვითი საზღვრების დაცვის ფარგლებში მიღწეულ მაქსიმალურ კეთილდღეობას. სხვა ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ, საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყანაც კი (ვანუატუ 57.9 ქულით) მაქსიმალური შედეგისგან ჯერ კიდევ შორს არის და მხოლოდ 16 ქვეყანას აქვს 50 ქულაზე მეტი. HPI-ის სიაში საქართველო იკავებს მე-80 ადგილს 37.2 ქულით და ეს პოზიცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა წლების განმავლობაში.

როგორც 2024 წლის ანგარიშში არის განხილული, HPI-ის დონე გარკვეულწილად იზრდება მშპ-თან ერთად გარკვეულ მომენტამდე, მაგრამ შემდეგ ისევ მცირდება. ამასთან, აღსანიშნავია ამ კავშირის სისუსტეც: მშპ ხსნის HPI-ის ცვალებადობის მხოლოდ 21%-ს (R2=0.2138). კიდევ უფრო სუსტია კავშირი მშპ-ის ზრდის ტემპსა და HPI-ის შორის. მშპ-ის ზრდის ტემპი ხსნის HPI-ის ცვალებადობის 6%-ზე ნაკლებს (R2=0.0582). როგორც შედეგები აჩვენებს, სწრაფი ეკონომიკური ზრდა არ არის დაკავშირებული ქვეყნების მაღალ HPI-თან.

  • „მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშები“ (World Happiness Reports)

2025 წლის „მსოფლიოს ბედნიერების ანგარიშში“ წარმოდგენილია შედეგები 147 ქვეყნისთვის[x]. ფინეთი და დანია სიის სათავეში არიან, ხოლო ავღანეთი სიაში ბოლო ადგილს იკავებს. „ბედნიერების ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს პოზიცია თითქმის უცვლელია ბოლო სამი წლის განმავლობაში (ქვეყანა იკავებდა 90-ე - 91-ე ადგილებს მსოფლიოში 2022-2024 წლების პერიოდში), თუმცა, რეიტინგი შედარებით გაუმჯობესებულია თუნდაც 2019-2021 წლებთან და მანამდე პერიოდთან შედარებით, როდესაც საქართველო მსოფლიოს პირველი ასეულის შემადგენელი ქვეყნების მიღმა იყო. „ცხოვრების შეფასება“ 0-10-ქულიან შკალაზე გაზრდილია საქართველოში 2024 წელს, 2011 წელთან შედარებით (3.892 ქულა 2011 წელს და 5.400 ქულა 2024 წელს). თუმცა, ის, რომ საქართველოს ქულა მაქსიმუმის (10) ნახევარს სულ ოდნავ აღემატება (5.4) და მსოფლიო რეიტინგშიც სიის პირველი ნახევრის ქვეყნებს მიღმაა, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევებია ადამიანების ცხოვრების ხარისხის კუთხით.

კვლევის ავტორების მიერ ქვეყნების „ბედნიერების ინდექსის“ ახსნა ხდება ექვსი კომპონენტის მიხედვით: (1) მშპ მოსახლეობის ერთ სულზე; (2) ჯანმრთელი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა; (3) სოციალური მხარდაჭერა; (4) თავისუფლება ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებისას; (5) ქველმოქმედება; (6) კორუფციის აღქმა. 2005 წლიდან 2024 წლამდე მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ ერთად აღებული, ეს ექვსი ცვლადი ხსნის „ცხოვრების შეფასებებში“ დაახლოებით სამ მეოთხედზე (75%-ზე) მეტს. ეს ტენდენცია ჩანს საქართველოს შედეგებშიც. ამასთან, საქართველოს შემთხვევაში ყველაზე დიდი ამხსნელობითი როლი მშპ-ის ცვლადს უკავია (საშუალოდ 25-28%-ის ფარგლებში), მაღალი და ზრდადია სოციალური მხარდაჭერის ფაქტორის როლი (საშუალოდ 16-24%-ის ფარგლებში), ყველაზე დაბალი და ზოგჯერ ნულოვანი როლი აქვს ქველმოქმედების ფაქტორს.

ზემოთ განხილული სამივე საერთაშორისო შეფასება მართლაც განსაკუთრებით ფასეულ ინფორმაციას გვაძლევს საზოგადოებების განვითარების, კეთილდღეობისა და ბედნიერების შესახებ სხვადასხვა პერსპექტივით. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო შეფასებებისა და ინდექსების განვითარების პარალელურად, უფრო აქტუალური გახდეს დეტალური და ყოვლისმომცველი ეროვნული კეთილდღეობის შეფასების მოდელების დანერგვა (უფრო დეტალურად კეთილდღეობის ეროვნული და საერთაშორისო მოდელების შესახებ გაეცანით მოკლე კვლევით მიმოხილვას სტატიის ბოლოს თანდართულ დოკუმენტში). ცხადია, რომ ბედნიერებისა და კეთილდღეობის შეფასებების მრავალფაქტორული მოდელის განვითარება და მისი დანერგვა საქართველოში ეროვნულ დონეზე უფრო ზუსტ წარმოდგენას მოგვცემს იმაზე, თუ რა განაპირობებს და რეალურად როგორ იცვლება საზოგადოების კეთილდღეობა, ვიდრე ამას აჩვენებს განცალკევებულად აღებული ეკონომიკური აქტივობის ამსახველი ინდიკატორები.


[i] Harari, Y. N. (2014). „Were we happier in the stone age?“. The Guardian.

https://www.theguardian.com/books/2014/sep/05/were-we-happier-in-the-stone-age

[ii] Maslow, A. H. (1943). „A Theory of Human Motivation“. York University, Toronto, Ontario. ISSN 1492-3713. Originally Published in Psychological Review, 50, 370-396.

https://psychclassics.yorku.ca/Maslow/motivation.htm

[iii] Kaufman, S.B. (2020). „Transcend: The New Science of Self-Actualization“.

https://www.bps.org.uk/psychologist/transcending-maslows-pyramid

[iv] Cloke, H. (2023). „Maslow’s Hierarchy of Needs: A Guide for Learning Professionals“.

https://www.growthengineering.co.uk/maslows-hierarchy/

[v] „We hold these truths to be self-evident, that all men are created equal, that they are endowed by their Creator with certain unalienable Rights, that among these are Life, Liberty and the pursuit of Happiness.--That to secure these rights, Governments are instituted among Men, deriving their just powers from the consent of the governed, --That whenever any Form of Government becomes destructive of these ends, it is the Right of the People to alter or to abolish it, and to institute new Government, laying its foundation on such principles and organizing its powers in such form, as to them shall seem most likely to effect their Safety and Happiness“.

Declaration of Independence: A Transcription. In Congress, July 4, 1776.

https://www.archives.gov/founding-docs/declaration-transcript

[vi] Human Development Index (HDI).

https://hdr.undp.org/data-center/human-development-index#/indicies/HDI

[vii] „Material footprint” refers to the total amount of raw materials extracted to meet final consumption demands. It is one indication of the pressures placed on the environment to support economic growth and to satisfy the material needs of people.

https://unstats.un.org/sdgs/report/2019/goal-12/

[viii] „Carbon Footprint“ is an estimate of the per capita greenhouse gas emissions associated with consumption and economic activity within a country.

https://happyplanetindex.org/HPI_2024_report.pdf

[ix] The Happy Planet Index - 2021 Results.

https://happyplanetindex.org/hpi/

[x] Helliwell, J., Layard, R., Sachs, J., De Neve, J.-E., Aknin, L., & Wang, S. (2025). „World Happiness Report 2025“. University of Oxford: Wellbeing Research Centre.

https://worldhappiness.report/ed/2025/

გაიგე მეტი

ყველას ნახვაarrow
ეკონომიკური განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა - რა კავშირია მათ შორის და როგორ ფასდება ის?
გაიგეთ მეტი arrow
ნავიგაცია გაურკვევლობაში: სტრატეგიული პრიორიტეტი ბიზნეს ლიდერებისთვის
ეკონომიკური განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა - რა კავშირია მათ შორის და როგორ ფასდება ის?
გაიგეთ მეტი arrow
ბრენდის სტრატეგიის ევოლუცია: ადაპტაცია დინამიკურ ბაზარზე
ეკონომიკური განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა - რა კავშირია მათ შორის და როგორ ფასდება ის?
გაიგეთ მეტი arrow
ღირებულებები კრიზისში
ACT Logo
კომპანია კონტაქტი
Terms&Conditions Privacy
+995 32 2 422 322
Zurab Anjaparidze street 1
Terms&Conditions Privacy