წლების წინ კარიერა ერთ-ერთ ქართულ ოჯახურ ბიზნესში დავიწყე. ჩემთვის პირველი ემოციური შოკი იყო, რომ კომპანიის მსხვილი მასშტაბების მიუხედავად, მას აღმასრულებელი დირექტორი არ ჰყავდა და მართვის ფუნქცია მთლიანად დამფუძნებელს ჰქონდა შეთავსებული. როცა ვამბობ „მართვის ფუნქცია“ - ვგულისხმობ, არა მხოლოდ სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრას, არამედ იმის გადაწყვეტას, როგორი ჟალუზი უნდა შეეძინათ რომელიმე დეპარტამენტის ოთახისთვის (Like, literally).
მიკრო-მენეჯმენტის შედეგად დროში გაწელილი გადაწყვეტილებები დაუსრულებლად გროვდებოდა შეუსრულებელი დავალებებისა და დაძაბულობების სახით. გროვდებოდა to do list-ებში თანამშრომლების დესკტოპებზე, გროვდებოდა ჩვენს მაგიდებსა და ოთახებში.
შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მიკრო-მენეჯმენტის წინაპირობა იყო, არა თავისთავად ყველა გადაწყვეტილების კონტროლის სურვილი, არამედ „შვილივით გამოზრდილი“ ბიზნესის წარუმატებლობის შიში, რომელიც ყოველდღიურობაში თანამშრომლების დროის, ენერგიისაა და ნერვების, ხოლო უფრო დიდ პერსპექტივაში - კომპანიის ეფექტიანობის ფასად ჯდებოდა.
მაშინ პირველად გამიჩნდა კითხვა:
სად გადის ოჯახური ბიზნესისთვის ის გარდამტეხი ზღვარი, როცა დამფუძნებლებმა კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დააყენონ ძველი მეთოდების ეფექტურობა და ბიზნესის ინსტიტუციონალიზაციაზე დაიწყონ ფიქრი?
რა გამოარჩევთ ოჯახურ ბიზნესებს სხვა ტიპის ბიზნესებისგან?
ზოგადი განმარტებით, ესაა ბიზნესი, რომელსაც ფლობს და მართავს ერთი ან მეტი ოჯახის წევრი (Handler, 1989; Hollander & Elman, 1988). სხვა განმარტებებით, ოჯახური ბიზნესი არის „ორგანიზაცია, რომელშიც ერთი ან ორი ოჯახის წევრები ახდენენ გავლენას ორგანიზაციის განვითარების მიმართულებაზე, მენეჯმენტის როლებისა და მესაკუთრეების უფლებების შეთავსებით.“ (Davis and Tagiuri, 1982)
თანამედროვე მსოფლიოში ოჯახური ბიზნესები ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ისინი სხვადასხვა ქვეყნების GDP-ს მნიშვნელოვან ნაწილს ქმნიან. მაგალითისთვის, აშშ-ში GDP-ში ოჯახური ბიზნესების წილი 64%-ია.[1]
ევროპასა და აშშ-ში მრავლად გვხვდება მსხვილი ოჯახური ბიზნესები, რომლებმაც გაიარეს განვითარების კომპლექსური გზა და ჩამოყალიბდნენ ცნობილ და წარმატებულ კომპანიებად. ევროპაში მსგავსი ბიზნესების საუკეთესო მაგალითებია ღვინის მწარმოებელი ისეთი კომპანიები იტალიიდან და საფრანგეთიდან, როგორებიცაა Antinori, Frescobaldi, Bollinger და სხვა.
რა ქმნის ოჯახური ბიზნესების წარმატებას?
სხვა ბიზნესებთან შედარებით, ოჯახური ბიზნესების მთავარი უპირატესობა ოჯახის წევრებს შორის არსებული ძლიერი პერსონალური კავშირები და მათგან მომდინარე საერთო ღირებულებებია. ეს ღირებულებები ბიზნესთან დაკავშირებულ სიამაყის გრძნობასთან ერთად ქმნის ლოიალობის მაღალ ხარისხს და რთულ პერიოდებში ხშირად იქცევა ამ ბიზნესების წარმატების გარანტად.
იმის ფონზე, როცა სხვადასხვა ბიზნესის მმართველებს თანამშრომელთა მოტივაციისთვის ხშირად უხდებათ კომპლექსური და ინოვაციური ინიციატივების განხორციელება, ოჯახური ბიზნესის წევრები გამოირჩევიან ძლიერი ენთუზიაზმით. იმის შეგრძნება, რომ ბიზნესი ოჯახის სიმბოლოა და მისი სახელის გაგრძელებას ემსახურება, ზეგანაკვეთურ სამუშაოს სიამოვნებადაც კი აქცევს ხოლმე.
ოჯახის სახელის „უკვდავყოფა“ საფუძველს ქმნის შედარებით სტაბილურობისთვისაც გრძელვადიან პერიოდში. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იგივე ფაქტორი შეიძლება იქცეს ხელისშემშლელად გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე მოქნილი რეაგირებისთვის.
აღნიშნული ბიზნესების წარმატება ფინანსურ მაჩვენებლებშიც ითარგმნება, კერძოდ, მსგავსი ბიზნესები ხშირად ხასიათდებიან შემცირებული ხარჯებით, რადგან სხვა
[1] Conway Center for Family Business - Family Business Facts, https://www.familybusinesscenter.com/resources/family-business-facts/
დასაქმებულებისგან განსხვავებით ოჯახის წევრები გაცილებით ხშირად არიან თანახმა ფინანსური „მსხვერპლი“ გაიღონ თავიანთი ბიზნესისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, ფულად ნაკადებთან დაკავშირებული პრობლემების დროს, დათანხმდნენ შედარებით დაბალ ანაზღაურებას.
რა უქმნის ოჯახური ბიზნესების წარმატებას საფრთხეს?
გამოწვევები, რომლებსაც თანამედროვე ოჯახური ბიზნესები აწყდებიან, უფრო კომპლექსურია, ვიდრე ოდესმე. ინტენსიური კონკურენციის, სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს პირობებში, მათ კონკურენტების მსგავსად და რიგ შემთხვევაში, მეტად მტკივნეულადაც უწევთ თავის გადარჩენისა და წარმატებისთვის ბრძოლა.
ოჯახურ ბიზნესებს უწევთ კონკრეტულად მათთვის დამახასიათებელი - ფსიქოლოგიური განზომილებების დაბალანსება, რომელშიც ერთი ოჯახის წევრები ერთად მუშაობენ. ამ განზომილებაში მთავარ გამოწვევას ბიზნესისა და ოჯახის საქმეებს შორის ბალანსის შენარჩუნება წარმოადგენს - ოჯახის კონფლიქტები აისახება ყოველდღიურ ბიზნეს გადაწყვეტილებებზე, ხოლო ბიზნესის პრობლემები ხშირად ხდება განხილვის საგანი ოჯახური ვახშმის მაგიდასთან.
იმის გამო, რომ ოჯახური ბიზნესების უმეტესობა მცირე ადამიანური და ფინანსური რესურსით იწყება, ზრდის გარკვეულ ეტაპზე სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმარება - სხვადასხვა სისტემების, სტრუქტურებისა და მართვის სტილის (რე)ფორმირება.
მართვის სტილის რეფორმირების საჭიროება ხშირად ბიზნესის მმართველის ცვლილებასაც მოიაზრებს. ოჯახური ბიზნესის მფლობელისთვის დიდი გამოწვევაა მენეჯმენტის გადაცემა „მემკვიდრისთვის“.
ამასთან, დამფუძნებლები ხშირად არიან „მარტოხელა მგლები“, რომლებიც მარტო უმკლავდებიან ბიზნესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რამდენად სტრესულიც არ უნდა იყოს ეს. ისინი ხშირად სკეპტიკურად არიან განწყობილი „გარედან“ მოსული ადამიანებისა და მათგან პროფესიული რჩევის მიღების მიმართ, რადგან მიდრეკილი არიან შეინარჩუნონ ბიზნესი „ოჯახს შიგნით“. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა სავსებით გასაგებია, რიგ შემთხვევებში ის შეიძლება მცდარი იყოს. გარე კონსულტანტები, რომლებსაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ ბიზნესის განვითარების რთული პროცესის მართვაში, მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენენ ოჯახური ბიზნესებისთვის, როცა მათ უწევთ ტრანსფორმაცია და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა.
დამფუძნებლისა და ბიზნესის „ურთიერთობა“
სხვადასხვა კვლევების მიხედვით არსებობს დამფუძნებლის რამდენიმე ტიპი ოჯახური ბიზნესის მიმართ დამოკიდებულების მიხედვით.
- დამფუძნებლისთვის ბიზნესი ერთდროულად არის მისი „შვილი“ და „საყვარელი“ - დამფუძნებლისთვის მთავარი ინტერესის ობიექტი არის ბიზნესი და მისი „კარგად ყოფნა“, ხოლო ყველა დასაქმებული აღიქმება, როგორც ინსტრუმენტი ამის მისაღწევად. ნებისმიერი გადაწყვეტილება იქმნება მხოლოდ დამფუძნებლის გონებაში და ხორციელდება მხოლოდ მისი ნებართვით, რადგან არსებობს შიში, რომ სხვებს შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ბიზნესის ინტერესებს. როგორც კი რომელიმე დასაქმებული გამოავლენს ძალაუფლების ზრდის სურვილს, ის დიდი ალბათობით კომპანიის გარეთ აღმოჩნდება. მსგავსი ბიზნესები წყვეტენ არსებობას დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ, რადგან მათ გარდა არც არავინ იცის, რისთვის არსებობდა ეს ბიზნესი.
- დამფუძნებლისთვის ბიზნესი არის მისი საკუთარი თავის გაგრძელება, „მე“-ს რეალიზება - ბიზნესის ყველა წარმატება დამფუძნებლის პირადი წარმატებაა. მსგავს შემთხვევებში გაცილებით დიდია ინტერესი, დამფუძნებლის ჩამოშორების შემდეგაც ბიზნესი დარჩეს მის უკვდავსაყოფად.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ოჯახური ბიზნესების 30% აღწევს წარმატებით მეორე თაობამდე, მესამე თაობამდე - 13%, ხოლო მეოთხემდე - მხოლოდ 3%.[1] შესაბამისად, ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე დამფუძნებლის მიერ „შვილივით გამოზრდილ“ კომპანიაზე თავდაუზოგავი ზრუნვა და ყველა გადაწყვეტილების საკუთარ თავზე აღება.
[1] Family Business Magazine - A critical look at 'survival' statistics, https://www.familybusinessmagazine.com/critical-look-survival-statistics
გზა ბიზნესის ინსტიტუციონალიზაციამდე
კომპლექსური ოჯახური ურთიერთობების ფონზე ბიზნესის ზრდის კვალდაკვალ ბრძნული გადაწყვეტილებაა მისი ინსტიტუციონალიზაცია, რაც გულისხმობს ბიზნესის მართვას კონკრეტული სტანდარტებისა და წესების მიხედვით და მართვის პროცესის ინდივიდებისგან გათავისუფლებას. მსგავსი სისტემა ბიზნესებს აძლევს საშუალებას მეტად ადაპტირებადი გახდნენ სწრაფად ცვალებადი გარემო ფაქტორების მიმართ.
მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებს შორის არსებობდეს ნდობა და მზაობა, რომ ხელიდან გაუშვან ყოველდღიური ოპერაციების მართვის სადავეები ისე, რომ არ ჰქონდეთ ბიზნესის მიღმა დარჩენის შიში.
შესაბამისი სტრატეგიული ამოცანების განსაზღვრისა და როლებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილების პირობებში, გაცილებით მარტივი ხდება მსგავსი ტრანზიცია. ახალ გარემოში განსაზღვრულია ოჯახის წევრების/დამფუძნებლების როლიც, ისინი რჩებიან მფლობელების როლში და ჩართული არიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა აღარ ან ნაკლებად ერევიან კომპანიის ყოველდღიურ მართვაში.
ეს მოცემულობა მენეჯერებისთვის ქმნის შესაძლებლობას შემცირებული პირადი ინტერესების პირობებში მეტად მოქნილი და კონკურენტუნარიანი გახადონ ბიზნესი.