მოსახლეობის უმრავლესობას სურს ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ქვეყნის მხოლოდ ნახევარს აქვს იმედი, რომ ეს წელს მოხდება.
სურვილი და იმედი
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში უნდა მიიღონ, თუმცა მანამდე ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას გამოაქვეყნებს და გადაწყვეტილებაც დიდწილად ამ შეფასებებს დაეფუძნება. ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღე რჩება.
კვლევითმა კომპანიამ - „ეისითი“ საქართველოში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული დამოკიდებულებების კვლევა ჩაატარა.
მოსახლეობის გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის 20-31 ოქტომბერს ჩატარდა, სატელეფონო კვლევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18-65 წლის, 809 რესპონდენტი, შერჩევის ჯამური ცდომილება შეადგენს 3,5%.
კვლევის თანახმად 10-დან 9 საქართველოს მოქალაქეს (87%) სურს რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კვლევის თანახმად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილი თბილისში მაცხოვრებელთა 92% აქვს, ხოლო რეგიონებში 85%-ს.
საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი კი - 45% ფიქრობს, რომ ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიმდინარე წელს. ოპტიმისტურად არიან განწყობილი რეგიონებში - 47% ვარაუდობს, რომ წელს აღნიშნულ სტატუს ქვეყანა მიიღებს, ხოლო შედარებით ნაკლებია მოლოდინი დედაქალაქში - ყოველი 10 გამოკითხულიდან მხოლოდ 4 მოქალაქე ელის წელს კანდიდატის წევრობის სტატუსს.
ევროკავშირის წევრობა ნიშნავს ქვეყნის განვითარებულ მომავალს.
საქართველოს მოსახლეობისთვის ცალსახაა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებისგან მიღებული სარგებელი. ეისითის მიერ გასულ წელს (2022 წლის ივნისი) ჩატარებული კვლევის თანახმად ქვეყნის მოსახლეობის 90%-სთვის ევროკავშირის წევრობა ნიშნავს საქართველოს განვითარებულ მომავალს.
წევრობა გამოკითხული მოქალაქეებისთვის ასოცირდებოდა რუსეთის სამხედრო აგრესიისგან დაცვის საშუალებად (66%), ყოველი 10 მოქალაქიდან 8-ს მიაჩნდა, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება რუსეთისთვის გაგზავნილი მკაფიო სიგნალი, რომ საქართველოს დასავლური კურსი აქვს.
ამიტომაც გასული წლის შედეგები ემთხვევა წლევანდელი კვლევის ძირითად მონაცემს და ავლენს ქართველი ხალხის ურყევ ნებას - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. 2022 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ყოველი მეორე მოქალაქე ელოდა. გამოკითხვისას მოსახლეობის აზრით სტატუსის ვერ მიღების მიზეზების სამეული ასე გამოიყურებოდა: ადამიანის უფლებების დარღვევა (27%), რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მიმართ არამკაფიო პოზიცია (26%) და პრობლემები სასამართლო სისტემაში (26%).
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას მოსახლეობის 83% მნიშვნელოვან მოვლენად აფასებდა და თვლიდა, რომ საქართველო ისე როგორც არასდროს ახლოს არის ევროკავშირის წევრობასთან. მოქალაქეები მიიჩნევდნენ რომ თუ საქართველო უახლოეს მომავალში არ მიიღებს წევრობის კანდიდატის სტატუსს მას ასეთი შანსი დიდხანს აღარ ექნება.
ხალხის არჩევანი და ხალხის დამსახურება
გასული წლის კვლევა ასევე ავლენდა ხალხის აზრით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებაზე პასუხისმგებელს - 10-დან ყოველი ოთხი მოქალაქე (38%) თვლიდა, რომ პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს ქვეყნისთვის ამ შანსის მიცემას და კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს - გამოკითხულთა უმრავლესობის (40%) აზრით - ეს ქართველი ხალხის დამსახურება იქნება.
8 ნოემბერს ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას გამოაქვეყნებს, სწორედ ეს დასკვნა იქნება დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების წინაპირობა, ჩვენ უკვე ვიცით რა სურს ქვეყანის მოსახლეობის უმრავლესობას, თუმცა არ ვიცით გამართლდება თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი მოქალაქეების მოლოდინი, რომლებიც თვლიან, რომ ჭიქა ნახევარდ სავსეა და ქვეყანა ევროპის კარს აუცილებლად წელს შეაღებს.