22 დღეა უკრაინა იცავს თავის მიწას და თავისუფლებას, დანარჩენი მსოფლიო კი, ვირტუალურად ჩართულია ომში. მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გააქტიურებამ უკრაინაში მიმდინარე ომის სიცხადე დედამიწის ყველა წერტილში მიიტანა. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ომს უკვე ჰყავს სასურველი გამარჯვებული მსოფლიოში და ეს უკრაინაა.
მსოფლიო მკაფიო და რადიკალურია თავის ქმედებებში, ომის დაწყების დღიდან რუსეთს უპრეცედენტოთ მაღალი რანგის და დიდი რაოდენობის სანქციები დაუწესდა და პროცესი არ ჩერდება.
ამან შექმნა მოლოდინი, რომ სანქციებს უნდა ჰქონდეს სწრაფი და დამანგრეველი ეფექტი და ომი უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, თუმცა რეალობა სხვაგვარია - სანქციები ნამდვილად დამანგრეველია რუსეთისთვის, მაგრამ ომი არ მთავრდება.
ფრთოსანი სანქციები ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ
ექსპერტები განმარტავენ, რომ სანქციების მიზანი ორგვარია - მოკლევადიან პერსპექტივაში ის ემსახურება რუსეთის ეკონომიკურ შოკირებას და მიმართულია დისკომფორტის შექმნით რუსეთის მოქალაქეების გამოფხიზლებაზე, რომლებმაც თავის მხრივ უნდა აიძულონ თავიანთი ხელისუფლება დაიხიოს უკან.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი, სანქციების დაწესების მიზანია რუსეთის ეკონომიკის მწყობრიდან ისე გამოყვანა, რომ მან კიდევ დიდხანს ვეღარ შეძლოს წონასწორობის აღდგენა, რაც მის მთავარ პრიორიტეტს - სამხედრო გაძლიერებას შეასუსტებს და საბჭოთა კავშირის აღდგენის ამბიციებს მოკლავს.
დეფოლტი იმპერიის კარზე
როგორ ითარგმნა რეალობაში ორივე ეს მიზანი შედეგის ენაზე - რუსეთის ეკონომიკა ამ ეტაპზე ტექნიკური დეფოლტის წინაშეა, ფიტჩის პროგნოზით (www.fitchratings.com) რუსეთის დეფოლტის რისკი წელს 71%. დეფოლტი ტექნიკურია, რადგანაც რუსეთი ვერ შეძლებს ოპერატიულად დაფაროს საგარეო ვალდებულებები, მიზეზი კი არა ფინანსების ნაკლებობა (ამ ეტაპზე), არამედ არსებული ფინანსების ვერ განკარგვაა, რადგანაც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ანგარიშები გაყინულია.
სარეზერვო ფონდის 175 მილიარდს რუსეთი უსაფრთხოების ბალიშად განიხილავდა. თუმცა ფონდში დაცული თანხის ნაწილი სწორედ იმ ქვეყნების ობლიგაციებშია, რომელმაც სანქციები დაუწესა რუსეთს, შესაბამისად, მათი გამოყენება ვერ მოხდება, მეორე ნაწილი ოქროშია, თუმცა მისი მყიდველის პოვნა დღევანდელ ბაზარზე, რუსეთის არსებული იმიჯით, თითქმის წარმოუდგენელია.
რუსეთი ცდილობს ქვეყნის შიგნით მაინც შეინარჩუნოს ოპტიმიზმის ნაპერწკალი და ფინანსთა სამინისტროს „გონებამახვილურ გეგმაზე“ ალაპარაკდა, რომლის თანახმადაც შეიქმნება გარკვეული ანგარიშები, სადაც განთავსდება ვალისთვის საჭირო ოდენობის თანხა რუბლში, ხოლო „მევალეებს“ რუსეთი ეტყვის, რომ „თანხა ანგარიშებზე დევს, უბრალოს ის მათ ეროვნულ ვალუტაშია (რომელიც რეალურად აღარავის სჭირდება), თუ მიღება სხვა ვალუტაში სურთ, მაშინ მოახდინონ უცხოური ვალუტის ანგარიშების განბლოკვა“.
ამ გეგმის სწამთ რუსეთში იმპერიალისტური კარის ექსპერტებს, თუმცა დამოუკიდებელი რუსი ექსპერტები უკვე ხვდებიან, რომ მსგავსი ხრიკებით ქვეყანას ეკონომიკური კოლაფსისგან ვერავინ გადაარჩენს. მათი შეფასებით ეკონომიკის დაცემა გარდაუვალია და რუსეთის ეკონომიკური მაჩვენებელი დაუბრუნდება 90-იანი წლების დასაწყისს.
დომინოს პრინციპი
სანქციებმა უკვე მოიტანა რუსეთში მოკლევადიანი შედეგები - საწარმოო ჯაჭვები გაწყვეტილია, მწარმოებლები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან სხვა ქვეყნიდან შემოსულ პროდუქტებზე ჩერდებიან ან სასწრაფოდ ეძებენ ალტერნატიულ მომწოდებლებს. ჯაჭვის თავიდან აწყობას სჭირდება დრო, თუმცა ექსპერტთა შეფასებით სანქციები აქაც იმოქმედებს, რადგანაც თუ რუსეთს ჰქონდა საშუალება რამდენიმე შეთავაზებიდან ყველაზე მომგებიანი აერჩია, ახალი შეზღუდვების გათვალისწინებით აიღებს იმას, რასაც იშოვის, ეს კი იქნება უფრო ძვირი. ამასთან, ყოველი დაგვიანებული ან ვერ აწყობილი ჯაჭვი გამოიწვევს წარმოების შემცირებას და უმუშევრობას ქვეყანაში.
რუსეთისთვის კიდევ უფრო უიმედოა გრძელვადიანი პერსპექტივა. ომის დასრულების შემდეგაც რუსეთში ვარაუდობენ, რომ ქვეყანას სანქციებს მალე არ მოუხსნიან, თუმცა მოხსნის შემთხვევაშიც ყველა ფინანსური ოპერაციის დაგეგმვისას აღნიშნული რისკები გათვალისწინებული იქნება, ეს კი, ნებისმიერი მსხვილი ინვესტიციის თუ პარტნიორობის შემაფერხებელი გახდება.
საქართველო - ეკონომიკური პარკინგი
სანქციების შედეგად რუსეთში ეკონომიკური საქმიანობა იქნება ძვირი, ხოლო ადამიანები უფრო ღარიბი. რა თქმა უნდა მსგავსი პერსპექტივა არ არის მომხიბვლელი მათთვის, ვინც უკვე განჭვრეტს სანქციების ეფექტს.
სწორედ ამიტომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა გადაწყვიტა ოპერატიულად ემოქმედა და ქვეყანა დაეტოვებინა, ამით: 1. გაქცეოდა სიღარიბეს 2. გადაერჩინა თავისი ფინანსური მდგომარეობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით ბოლო ორი კვირის მონაცემებით საქართველოში რუსეთის 25 000-მდე მოქალაქე შემოვიდა, რომელთაგან 3000 ჯერ ისევ ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება.
ომის დაწყებიდან მალევე საქართველოში უძრავი ქონების ერთ-ერთი მსხვილი პლატფორმის (ss,ge) დამფუძნებელმა ლევან კილაძემ წარმოადგინა მონაცემები, რომლის მიხედვითაც „უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად იმატა ვებ.გვერდის ვიზიტორთა რაოდენობამ რუსეთიდან“. ამასთან, საჯარო რეესტრში ოფიციალურად უკვე დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი კომპანია, რომლის მფლობელი რუსეთის მოქალაქეა.
ისმის შეკითხვა რატომ მოუნდათ რუსეთის მოქალაქეებს ეკონომიკური პარკინგისთვის იმ ქვეყნის გამოყენება, რომელთანაც მრავალწლიანი კონფლიქტი აკავშირებთ, მისი ტერიტორიის 20% კი ოკუპირებული აქვთ. ხომ არ შეიქმნა ჩვენი „სანქციებთან არ შეერთებით“ და რუსეთის მიერ გამოქვეყნებული „არამეგობრული სიის“ (რომელშიც საქართველო არ აღმოჩნდა) გავლენით მოლოდინი, რომ საქართველო არის რუსი „გადამფრენი ჩიტების“ მყუდრო ნავსაყუდელი.
აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, თუმცა გვაქვს მონაცემი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოში ყოველი 10 მოსახლიდან 7 ვარაუდობს რუსეთიდან საქართველოში ჩამოსვლის მსურველთა ნაკადის ზრდას.
კვლევის თანახმად, ყველაზე მეტად მოსახლეობას რუსეთიდან წამოსული მოქალაქეების საქართველოში საცხოვრებლად დარჩენის პერსპექტივა აშფოთებს. საერთო ჯამში კი, მოსახლეობის 70% რუსეთის მოქალაქეებისთვის მინიმუმ ერთი ან რამდენიმე შეზღუდვის დაწესების მომხრეა.
როცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა
ქვეყანაში შექმნილი ეს განწყობა არ არის შემთხვევითი, რუსეთის ქმედებები აიძულებს ყველა ცივილურ ქვეყანას, რომლისთვისაც საშიშია რუსეთის სტრატეგია - ფეხდაფეხ მიყვეს თავის გადასახლებულ მოქალაქეს და იმ ტერიტორიის „გათავისუფლება“ დაიწყოს. ამ ფონზე სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება იჩენს სიფრთხილეს და ერთი მხრივ უსაფრთხოებისთვის, ხოლო მეორე მხრივ აგრესორთან კოლაბორაციის თავიდან აცილების მიზნით, აწესებს შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებისთვის.
„ამ დროისთვის რუსები აქ სასურველი სტუმრები არ არიან“, – განაცხადა ბელგიის მიგრაციის მინისტრმა სამი მჰადიმ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებასთან დაკავშირებით და მოუწოდა ევროკავშირს იგივე გააკეთოს.
მოგვიანებით ბალტიისპირეთის ქვეყნებმა - ესტონეთმა და ლიტვამაც შეაჩერეს ტურისტული ვიზების გაცემა და გამონაკლისის სახით მხოლოდ იმ პირებზე დაუშვეს, რომლებიც ნათესავთან მიემგზავრებიან ან მკურნალობა სურთ.
სანქცია - ეფექტური იარაღი ჰიბრიდულ ომში
საქართველოს მოსახლეობა თანხმდება, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ეფექტურია, ეისითის გამოკითხვის თანახმად აღნიშნულ სანქციებს მოქალაქეების 70% ძალიან ან გარკვეულწილად ქმედითად მიიჩნევს.
სანქციების ეფექტურობის რწმენით და მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით, მოსახლეობის დაკვეთა დამცავი მექანიზმების ამუშავებაა, განსაკუთრებით ქონების უფლებაზე მეტი კონტროლი და რუსეთიდან შემომსვლელთა ნაკადის მეტი ფილტრაცია. საერთაშორისო დაკვეთა კი სანქციების გაზიარებაა, რომელიც შესაძლოა იქცეს მკაფიო სიგნალად ქვეყნისგან, რომელიც ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობის კართან დგას.
მათ კი, ვისაც სანქციების ეფექტურობის სჯერათ, ჩინური ანდაზისაც სწამთ, თუ მდინარის პირას ჩამოჯდები ოდესღაც ის აუცილებლად ჩამოატარებს შენი მტრის გვამს, შეგახსენებთ ეისითის გამოკითხვით დგინდება, რომ საქართველოს მოსახლეობის 84%-მა იცის ვისაც ელოდება ამ მდინარესთან.