2002 წელს, წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, UNESCO-მ ფართომასშტაბიანი პროექტი დაიწყო – „წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, რომლის დროსაც ყოველწიურად სახელდება ერთი კონკრეტული ქალაქი და მას წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი ენიჭება. 2021 წლის 23 აპრილს, ეს საპატიო სტატუსი ჩვენი დედაქალაქისთვის ამოქმედდა, რომლის შედეგადაც ზუსტად 1 წლის განმავლობაში, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გადაიქცევა.
მსოფლიო პანდემიის ფონზე, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ კორონა გარკვეულწილად დაგვეხმარა ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხების წინა პლანზე წამოწევაში. თითოეული ჩვენგანი სხვადასხვაგვარად ვცდილობთ მომატებული სტრესული ფონის დაბალანსებას შედარებით სასიამოვნო აქტივობებით, რომლის არჩევანი პანდემიამ საკმაოდ შეამცირა. საბედნიეროდ, წიგნების კითხვა იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალში შედის, რომელიც ცოდნის მიღებასთან ერთად, განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა.
თუ ვამბობთ, რომ პანდემიამ ბევრი ჩვენთაგანის ცხოვრება შეცვალა, ლოგიკურად ჩნდება კითხვა – იქონია თუ არა მან გავლენა წიგნის კითხვაზეც?! რეალურად, შეუწყო თუ არა ხელი გამოთავისუფლებულმა დრომ ჩვენს საზოგადოებაში კითხვის გააქტიურებას თუ პირიქით, მოზღვავებულმა სტრესმა პასიურ მკითხველებად გვაქცია?!
„მკითხველთა ჩვევის ცვლილების სისტემატიური კვლევა არსებული პრაქტიკაა მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს ბაზარზეც აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი ამ მიმართულებით, რადგან მიღებული ინფორმაცია საფუძველია წიგნის ბაზრის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში, რომელმაც საგამომცემლო ინდუსტრიაში სიღრმისეული ცვლილებები მოახდინა.“ – აცხადებს „ქართული წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი თინათინ ბერიაშვილი.
სწორედ „წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ და „მწერალთა სახლის“ ერთობლივი დაკვეთით, კომპანია ეისითიმ ქართული წიგნის ბაზრის მასშტაბური კვლევა ჩაატარა, რომლის მონაცემებზე დაყრდნობით, გარკვეული ტენდენციები გამოიკვეთა.
წიგნის კითხვა წელიწადში ერთხელ, 2-3 თვეში ერთხელ თუ ყოველდღე
2021 წლის თებერვალში ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩვენი საზოგადოება ზუსტად ორ თანაბარ ჯგუფად იყოფა: მოსახლეობის ნახევარი, რომელმაც 2020 წლის განმავლობაში მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა წაიკითხა და მეორე ნახევარი, რომელმაც ვერ შეძლო თუნდაც 1 წიგნის წაკითხვა მთელი წლის მანძილზე.
შედეგების თანახმად ასევე გაირკვა, რომ მკითხველი საზოგადოების ნახევარზე მეტი (56%) მინიმუმ კვირაში ერთხელ კითხულობდა ლიტერატურას, მათ შორის 19% ამას ინტენსიურად, ყოველ დღე ახერხებდა; მაშინ, როდესაც რესპონდენტთა თითქმის მეოთხედი წიგნებს საკმაოდ იშვითად, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ორ-სამ თვეში ერთხელ უთმობდა დროს. აღნიშნული პასიური მკითხველები თბილისთან შედარებით კიდევ უფრო მეტია რეგიონულ ქალაქებში.
რა თქმა უნდა, საინტერესო იყო ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე პასუხის მიღება და იმის გაგება, შეიცვალა თუ არა პანდემიის პირობებში კითხვის სიხშირე. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მკითხველი მოსახლეობის ნახევრის კითხვის ინტენსივობაზე პანდემიას გავლენა საერთოდ არ მოუხდენია, მაშინ როდესაც გამოკითხულთა მესამედმა სწორედ ეს დაასახელა კითხვის სიხშირის მომატების მიზეზად. 15%-მა კი აღნიშნა, რომ ამ პირობებში, სამწუხაროდ, უფრო ნაკლები დროის გამონახვას ახერხებს წიგნების წასაკითხად.
წლის განმავლობაში მკითხველები საშუალოდ 13 წიგნის წაკითხვას ახერხებენ (ამ სიაში ქართული და თარგმნილი ლიტერატურის შემდეგ, უმცირესობაში ხვდება უცხო ენაზე გამოცემული წიგნები), თუმცა მოსახლეობის ნახევარზე მეტი (55%) თავის წლის მაქსიმუმად 1-6 წიგნს ასახელებს. ამ კონტექსტშიც სხვაობა გვხვდება დედაქალაქსა და რეგიონების მაჩვენებლებს შორის – თბილისის მოსახლეობის მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობა 2-ჯერ უსწრებს რეგიონის მაჩვენებელს.
ფავორიტი ჩაკეტილ სივრცეში – მხატვრული ლიტერატურა
საინტერესოა, რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას მომხმარებელზე წასაკითხი წიგნის შერჩევისას: მეგობრები? წიგნის პოპულარობა თუ სხვა რამ? გამოკითხული მოსახლეობის 46% წიგნის შერჩევისას ყველაზე მეტად ახლობლებისა და მეგობრების რეკომენდაციით ხელმძღვანელობს; 42%-თვის არანაკლებ მნიშვნელოვანია წიგნის შინაარსი და ანოტაცია, ხოლო 31% არჩევანს საყვარელ ავტორებზე აკეთებს.
როგორც კვლევამ გვაჩვენა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (86.5%) ძირითადად მხატვრულ ლიტერატურას ანიჭებს უპირატესობას, მაშინ როდესაც 13.5%- არამხატვრული ლიტერატურის მოყვარულად რჩება. ბოლო 1 წლის მანძილზე მხატვრული ლიტერატურის ყველაზე აქტიურად წაკითხვად კატეგორიებს შორისაა: თანამედროვე ლიტერატურა, კლასიკური ნაწარმოებები და დეტექტივი/ჰორორი/მისტიკა. არამხატვრული ლიტერატურიდან კი, ყველაზე დიდ ინტერესს ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურ თემებზე დაწერილი წიგნები იმსახურებს.
„პანდემიას არ უმოქმედია წაკითხული ლიტერატურის არჩევანზე“ – ასე ამბობს ყოველი 10 გამოკითხულიდან 9. თუმცა, დარჩენილი 10%-თვის პანდემიამ თანამედროვე ლიტერატურის, სამეცნიერო ფანტასტიკის/ფენტეზის/უტოპიისა და დეტექტივის/ ჰორორის/ მისტიკის მიმართ გაზარდა ინტერესი.
სად ვკითხულობთ, სად ვყიდულობთ
ლოგიკურია, რომ წიგნის რეალიზაციის სხვადასხვა ობიექტებს შორის, წიგნის მაღაზიები ისევ უპირობოდ ლიდერობს. პანდემიის დაწყებამდე, მათ წლის განმავლობაში მკითხველთა 75% სტუმრობდა, რასაც საგრძნობლად ჩამოუვარდება წიგნის ფესტივალებზე დასწრების მაჩვენებელი (18%). რაც შეეხება ბიბლიოთეკებს, აქ ჩვენი მოსახლეობის აქტიურობა კიდევ უფრო დაბალია. პანდემიის პერიოდზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მოსახლეობის 77%-ს მის დაწყებამდეც კი არ უსარგებლია ბიბლიოთეკით, რის ძირითად მიზეზადაც დროისა და საჭიროების არქონას ასახელებენ.
საინტერესოა მოსახლეობის განწყობა უახლოეს მომავალში საკუთარი ბიბლიოთეკის განახლებასთან დაკავშირებით. შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 14% ნაკლებად განიხილავს ან საერთოდაც გამორიცხავს წიგნის შეძენას მიმდინარე წლის მანძილზე. თუმცა საქმე არც ისე ცუდადაა, რადგან 10-დან 6 მკითხველი (64%) მზადაა ესტუმროს წიგნის რეალიზაციის ობიექტებს, რომელთაგან ნახევარს (31%) ეს დანამდვილებით აქვს გადაწყვეტილი.
მიუხედავად იმ ტურბულენტური ზონისა, რომელშიც ახლა მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო იმყოფება, საბედნიეროდ, წიგნებზე მოთხოვნა და მისი შეძენის სურვილი კვლავ არსებობს. როგორც ირკვევა, არც ახალ ცხოვრების ტემპს მოუხდენია კითხვის ჩვევაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა. თუმცა, შეუძლებელია თვალის დახუჭვა იმაზე, რომ მოსახლეობის ნახევარი წიგნების კითხვას საერთოდ ვერ ახერხებს. ეს კი, კიდევ უფრო ნათელს ხდის და მკაფიოდ მიგვანიშნებს იმაზე, რომ წიგნების კითხვის ჩვევას პოპულარიზაცია სჭირდება.
როგორც „მწერალთა სახლის“ საერთაშორისო პროექტების კონსულტანტი – ნათია ლურსმანაშვილი აღნიშნავს – „მწერალთა სახლი“ ცოცხალი ორგანიზმია, რომლის ბენეფიციარებიც არიან როგორც გამომცემლობები, ასევე მკითხველები. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში მათი ქცევის ცვლილება (მათ შორის პანდემიის გავლენით), პირდაპირ კავშირშია ორგანიზაციის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრასთან“.
გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის თებერვალში, შემთხვევითი შერჩევის გზით, 1000 ზრდასრულ (16+) მოსახლესთან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის, გორის და ზუგდიდის მასშტაბით. გამოყენებული მეთოდი – პირისპირი ინტერვიუ. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.4%-ს.