კოვიდ პანდემიამ დააჩქარა ჩვენი ციფრული სახეცვლილება. ციფრული გადაწყვეტა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ყოველდღიურობისას, თითოეული ჩვენგანის მთავარი მოლოდინი დისტანციურად განხორციელებადი ქცევების შესაძლებლობაა. კოვიდმა შეცვალა სამუშაოს, განათლების მიღების, სამედიცინო მომსახურების, სოციალური კავშირების, გართობის და დასვენების ჩვეული აღქმა, კოვიდის პირობებში ყველა ამ საჭიროებასთან ასოცირებული მომსახურება თუ პროდუქტი იმის მიხედვით გადაფასდა, თუ რამდენად გვაძლევს ის სახლიდან გაუსვლელობის გარანტიას.
თანამედროვე მშობლების გაჯეტი
გავლენა, რომელიც პანდემიამ ონლაინ სერვისებზე მოახდინა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცვლის და ვეღარასოდეს დააბრუნებს ჩვენთვის აქამდე ცნობილ სამყაროს. სოფო ბუკია წარმატებული ჟურნალისტია, რომლის ცხოვრებაც პანდემიამდე შეიცვალა, მის ოჯახში ტყუპები გაჩნდნენ, კოვიდის მომძლავრების ეტაპზე ისინი ერთი წლისაც არ იყვნენ, ლოქდაუნმა ჩაკეტილ ბინაში ჩვილებთან ერთად გაიარა.
„სრულ იზოლაციაში ვიყავით და მთლიანად გლოვოს და ვოლტის კურიერების კმაყოფაზე გადავედით. ისინი გახდნენ მთავარი კავშირი გარე სამყაროსთან. ბავშვების ძილის დრო რომ მოდის და აღმოაჩენ, რომ მათთვის რძის ყიდვა დაგავიწყდა, მაშინ მოპედიანი კურიერი ხდება სუპერგმირი, რომელსაც შენთვის სანუკვარი განძი მოაქვს“, – აღნიშნავს სოფო.
ჩვილის მშობლების ჩვეული რიტუალი – ბავშვებიანად ან მორიგეობით მძინარედ დატოვებული შვილების გარეშე – მარკეტებსა და აფთიაქებში შერბენა და იქედან ერთი კვირის მარაგით დატვირთული გამოსვლა სოფომ ერთ გაჯეტში მოაქცია, რომელსაც რამდენიმე სახის მომსახურებისთვის იყენებს: მიტანის სერვისის აპლიკაციები პროდუქტებისთვის, ბავშვის მოვლის საშუალებებისა და სათამაშოებისთვის, სამედიცინო აპლიკაცია პედიატრთან კონსულტაციისა და აფთიაქიდან საჭირო მედიკამენტების შეძენისათვის, ტაქსის გამოძახების სერვისი ძიძასთვის.
ხშირად გამოყენებადი სერვისები
კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ეისითი დაინტერესდა თუ რამდენად შეიცვალა სოფოს მსგავსად დედაქალაქის მაცხოვრებელთა ქცევა ონლაინ სერვისებთან მიმართებით. გასულ თვეში ჩატარებული კვლევის თანახმად ყოველმა მესამე თბილისელმა გააქტიურა ციფრული საბანკო სერვისების გამოყენება (ონლაინ გადარიცხვები, კომუნალური გადახდები, ბარათის შეკვეთა და სხვა), რესპოდენტების 22% მზა საკვებს უფრო ხშირად იძახებს, ვიდრე პანდემიამდე, ხოლო მოქალაქეების 20%-სთვის ონლაინ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენის სიხშირე გაიზარდა.ამასთან, მზა საკვების ონლაინ აპლიკაციებით ყველაზე ხშირად 18-34 წლის ახალგაზრდები სარგებლობენ, ჯამში ყოველი მეორე ახალგაზრდა უკვეთავს მზა საკვებს ინტერნეტით.
ყველაზე ნაკლებად ამ ეტაპზე თბილისელები სურსათის შეძენის ონლაინ შესაძლებლობას იყენებენ. უფროსი თაობის წარმომადგენლების 83% საერთოდ არ სარგებლობს ონლაინ მაღაზიით, გამოკითხულთა უმეტესობა სურსათს ტრადიციულად მარკეტში ან უბნის მაღაზიაში იძენს. 18-34 წლის ახალგაზრდების მცირე ნაწილმა (13%) ასევე გააქტიურა ონლაინ აფთიაქების გამოყენება, თუმცა აღნიშნული სერვისის ციფრული ვერსია ვერ სარგებლობს უპირატესობით აფთიაქში სტუმრობასთან შედარებით.
საინტერესოა რა არის მოტივაცია, რის გამოც მომხმარებელს სურსათისა და მედიკამენტის შეძენისთვის სახლიდან გასვლა ურჩევნია, არის თუ არა ეს პროდუქტის ადგილზე შერჩევის, ასორტიმენტის შეფასების, ხოლო მედიკამენტის შემთხვევაში დროის ფაქტორის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ალბათობა, ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი აღნიშნული სერვისების მესვეურებს ისევ მომხმარებელზე დაკვირვებისა და კვლევის შედეგად შეუძლიათ მიიღონ.
ისინი, ვინც გამოყენებული აპლიკაციების უკან დგანან
მიტანის სერვისი პანდემიამდე კომფორტის მომსახურებად აღიქმებოდა, რომელშიც ადამიანების ნაწილი ფულის გადახდისგან თავს იკავებდა. პანდემიამ შექმნა გარემო, სადაც მიტანის სერვისი ფუფუნებიდან ყოველდღიურ აუცილებლობად იქცა. იზოლაციის პირობებში მოსახლეობისთვის მზა საკვებთან ერთად მნიშვნელოვანი გახდა მარკეტიდან პროდუქტების და აფთიაქიდან მედიკამენტების/ჰიგიენური საშუალებების მიწოდების სერვისი.
ონლაინ მომსახურებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ აღნიშნული სფეროს სტარტაპებს სწრაფი განვითარების საშუალება მისცა – მომსახურების კატეგორიების გამრავალფეროვნება, მასშტაბების ზრდა – სტაფის და პარტნიორი სერვისების თუ პროდუქციის დამატება და შეთავაზებული მომსახურების მუდმივი დახვეწა. ყველა ეს კომპანია ახლა ციფრულად აქტიურ მომხმარებელს სწავლობს, რათა გათვალოს რა იქნება ხვალ აქტუალური მათთვის, ვინც ობიექტური მიზეზების გამო დღეს სახლიდან გამოსვლას ერიდება ან ვერ ახერხებს.
რა აპლიკაცია დარჩება გაჯეტში
არის თუ არა პანდემიით გამოწვეული ონლაინ ყიდვის ქცევები მდგრადი?
გამოკითხვის თანახმად ეპიდსიტუაციის დასრულების შემდეგ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებული თბილისელები კვლავაც გააგრძელებენ ციფრული საბანკო პროდუქტების (94%) და მზა საკვების (86%) ონლაინ შეძენას. სურსათის და სააფთიაქო პროდუქციის შეძენას კი, ისევ მაღაზიებსა და აფთიაქებში გეგმავენ.
თუმცა სოფოს მსგავსად არიან მომხმარებლები, რომლებიც უკვე ხედავენ მკაფიო უპირატესობებს ონალინ შეძენის მდგრადი ქცევის გამომუშავებაში: „პანდემიამდესამსახურიდანგამოსვლისშემდეგვყიდულობდიპროდუქტებს. ბუნდოვნადმახსოვსეგდრო, მაგრამასეიყო. დაესიყოსაშინელიპროცესი – ერთმაღაზიაშიხაჭოარააქვთ, მეორეში – ბანანი, მესამეშიკიდევრაღაც. იმდენიადგილიუნდამოიარო. თანმერეესყველაფერიუნდაზიდომანქანამდე. აფთიაქიციგივე, ვგიჟდებიაპლიკაციაზე, რომელიც ეძებსყველაპროდუქტსერთაფთიაქში. არააქვსმნიშვნელობალოქდაუნიათუარა, გლოვოს, ვოლტს, ექიმოსსულგამოვიყენებ. მათგარეშეარშემიძლია“.
მომხმარებელი ნაკლებს დადის
სოფოსთვის და მომხმარებელთა ნაწილისთვის ონლაინ სერვისების გამოყენებისას ისევ იქმნება პრობლემები, როგორიცაა დაგვიანებული მიწოდება, გაუმართავი სისტემა, რომლითაც კურიერს ხშირად უწევს მომხმარებელთან დაკავშირება მისამართის დასაზუსტებლად, არასრულად შეგროვებული შეკვეთა ან გადახდის სისტემაში არსებული ხარვეზები, თუმცა შეცვლილ რეალობაში ჯანმრთელობის გაფრთხილების და მეტი კომფორტის მოთხოვნილება უბიძგებს მომხმარებელს უფრო მეტი დადებითი დაინახოს აღნიშნულ სერვისებში და დაელოდოს ციფრული „გადაცხოვრების“ დახვეწას.
მანამდე პანდემიისგან თავის არიდება ყველაზე დიდ ციხესიმაგრეში – სახლში გრძელდება, სხვების მსგავსად სოფო ცდილობს შეათავსოს სამსახურისა და მშობლის დატვირთული დღე: „თან სახლში ვარ და თან – არა. დილით ვემშვიდობები როგორც სამსახურში წასვლის წინ – მერე გამოვიხურავ ოთახის კარს და ვმუშაობ საღამომდე. თან ფონად მათი ხმები ჩამესმის. მივეჩვიე რომ ერთი კედლის მიღმა არიან“. ციფრული სახეცვლილება სწრაფი ტემპით გრძელდება და ისევე როგორც საუკუნეების წინ, ადამიანები მიდრეკილი ვართ ამ ციხესიმაგრეში შევიტანოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება, რათა თავი უფრო დაცულად და კომფორტულად ვიგრძნოთ.