ომის დაწყების პირველივე დღეს, ჯერ კიდევ მთელი სამყაროსთვის წარმოუდგენელი იყო თუ რა სიმამაცის, გამბედაობის, პატრიოტიზმისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის მატარებელი იყო უკრაინელი ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ რუსი აგრესორების სტრატეგიით უკრაინაში შეჭრიდან 72 საათში უნდა დაეპყროთ კიევი, ხოლო ამერიკელი ექსპერტების თქმით ამისთვის ოკუპანტებს 96 საათი დასჭირდებოდათ, უკრაინამ შეძლო და უკვე 4x დღეა იბრძვის დამოუკიდებლობისა და ეროვნული ღირებულებებისთვის.
წარმოუდგენელი სიმამაცისა და პატრიოტიზმის წყალობით, ისინი ახერხებენ მოიგერიონ მტერი, დაიბრუნონ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები და ხშირად საკუთარი სიცოცხლის საფასურად შეაკავონ ან შეანელონ რუსი ოკუპანტები. უკრაინელი ხალხის შეუპოვრობისა და გმირობის მიღმა კი შეგვიძლია დავინახოთ ეფექტური ლიდერშიფის გავლენა.
თითოეულ ადამიანს აქვს პოტენციალი გახდეს გმირი და ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ უკრაინელთა მაგალითზე. ასევე ხაზგასასმელია, რომ კრიზისულ სიტუაციაში თითოეული ადამიანის გონებაში მიმდინარეობს მუდმივი ჭიდილი შიშსა და გამბედაობას შორის - ასეთ დროს კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ლიდერებს, ანუ ადამიანებს რომლებიც გამოიჩენენ ინიციატივას არ შეეპუონ მტერს და იბრძოლონ საკუთარი თავისუფლებისა და ამ შემთხვევაში, ქვეყნის დასაცავად. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ის გაბედული და შეუპოვარი ლიდერი აღმოჩნდა პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, რომელიც უკრაინელ ხალხს გაუღვივებდა ბრძოლის სურვილსა და შემართებას თავისუფლებისა და სამშობლოს დასაცავად. გარდა ამისა, არა აქვს მნიშვნელობა ადამიანის წარმომავლობას, სოციალურ სტატუსსა თუ რაიმე სხვა მახასიათებელს, მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებით, თითოეული ჩვენგანი ვრწმუნდებით, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა გახდეს ნამდვილი ლიდერი.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით აღსანიშნავია, რომ ბიზნეს ინდუსტრიის ლიდერებს ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინსაითის დანახვა შეუძლიათ ზელენსკისეულ ლიდერშიფის სტილში. თუკი დავაკვირდებით ზელენსკის ქმედებებს საომარი მოქმედებების განმავლობაში, შესაძლებელია გამოვავლინოთ მისი ლიდერშიფის ეფექტურობის მახასიათებლები, რომლებიც უკრაინელ ხალხს აძლიერებს და მიუხედავად მსხვერპლისა, საომარ განწყობას არ უნელებს.
მოქალაქეებთან ერთად, თავისუფლებისთვის
სიტუაციის გამწვავების შემდეგ ზელენსკის უარყოფითი პასუხი შეთავაზებაზე დაეტოვებინა ქვეყანა უსაფრთხოების მიზნით გახდა უკრაინელთა სულისკვეთების ერთ-ერთი ქვაკუთხედი. პრეზიდენტმა დასავლეთ შემდეგი ციტატით მიმართა "ბრძოლა აქ არის [კიევში]; მე მჭირდება საბრძოლო მასალა და არა გაქცევაში დახმარება" ["the fight is here [in Kyiv]; I need ammunition, not a ride" - წყარო]. ეს იყო საკუთარი მაგალითით სხვების შთაგონების შესანიშნავი შემთხვევა, როდესაც ლიდერი საკუთარი სიმამაცის დემონსტრირებით შთააგონებს სხვებს გამოიჩინონ გამბედაობა. ცალსახაა, რომ მისი ფოკუსი მიმართულია არა შიშსა და საკუთარი ეგოს გამოკვებაზე, არამედ უკრაინელთა გაძლიერებაზე.
მარტივი და ეფექტური კომუნიკაცია
მისკომუნიკაციისა და რუსული პროპაგანდისტული ყალბი ინფორმაციის გავრცელების ფონზე, ზელენსკი თავის სამთავრობო გუნდთან ერთად აქტიურად ცდილობს გააქარწყლოს ყოველგვარი სპეკულირების მცდელობა და ადამიანთა გამიზნულად შეცდომაში შეყვანა, რასაც რუსეთის მესვეურები გამუდმებით ცდილობენ დაბნეულობისა და ქაოსის გამოსაწვავად. ამ დროს კი უკრაინის პრეზიდენტი და სამთავრობო გუნდის წევრები, სხვადასხვა ქალაქების ქუჩებიდან ერთვებიან პირდაპირ ეთერში, რათა უშუალოდ გააგებინონ მოქალაქეებს რეალურად რა ხდება. ამით ისინი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს სიმამაცისკენ მოუწოდებენ და აჩვენებენ მათ გვერდში დგომასა და მხარდაჭერას არამხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებით. ხოლო მტერს მიანიშნებენ, რომ ფრონტის ხაზიდან გაქცევას არავინ აპირებს, რადგან სასწორზე არა იმპერიული მიზნები, არამედ უკრაინელთა დემოკრატიული სახელმწიფო დევს.
ზელენსკისა და მისი გუნდის კომუნიკაციის ფორმა ასევე ძალიან პირდაპირი, კონსტრუქციული და ძირითად სათქმელზე ორიენტირებული სტილით ხასიათდება საერთაშორისო ტრიბუნაზე. იქნება ეს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში ჩართვა, საერთაშორისო ორგანიზაციების სამიტებზე გამოსვლა თუ უბრალოდ თვითერზე აქტიურობა - ფაქტია, რომ უკრაინის სამთავრობო გუნდს კარგად აქვს გაცნობიერებული სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა და აქტიურად ავრცელებენ უცვლელ მესიჯს - უკრაინა არ შეწყვეტს ბრძოლას თავისუფლებისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
ემპათია და ავთენტურობა
მნიშვნელოვანია ლიდერთა მხრიდან ემპათიის გამოჩენა და სხვა ადამიანების ემოციების აღქმა. მხოლოდ ერთი გამოსვლის მოსმენაც საკმარისია, რომ შევამჩნიოთ ზელენსკის ქარიზმატული საუბრის მანერა და ემოციებით გამსჭვალული სიტყვები, რომლებიც იმ კრიზისული მდგომარეობით კიდევ უფრო მწვავედ აღიქმება, რომელშიც ახლა უკრაინაა რუსული იმპერიალიზმის შედეგად.
მიუხედავად სიტუაციის სიმძიმისა, პრეზიდენტი ზელენსკი ინარჩუნებს საკუთარ სახეს, ყოველგვარი მოჩვენებისა და ფორმალობის გარეშე ნებისმიერ სიტუაციაში რჩება ავთენტური - იქნება ეს ჟურნალისტებთან სკამზე ჩამომჯდარი ბრიფინგის გამართვა, საერთაშორისო სამიტებზე სამხედრო მაისურით გამოსვლა თუ უწყინარი ხუმრობა მისთვის სასურველი სატელეფონო ზარების შესახებ. ის უბრალოდ აჩვენებს უკრაინელ ხალხსა და სამყაროს, რომ ჩვეულებრივი ადამიანია და ყველასთვის ჩვეულ ემოციებს განიცდის დაუფარავად, რაც ნებისმიერ ადამიანს ეხმიანება და ასევე იწვევს ემოციურ ბმას.
ცხადია, ეს არ არის სრული სურათი და აღწერა იმისა, თუ როგორი ლიდერშიფის უნარები გამოავლინა ვლადიმირ ზელენსკიმ და სათქმელი ბევრად მეტია. თუმცა თანამედროვე ბიზნეს ლიდერებისთვის საინტერესო და ძლევამოსილი ინსაითების დანახვა ნამდვილად შესაძლებელია. უკრაინის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლიდერთა ქარიზმა იქცევს ყურადღებას, მათი გამბედაობა იწვევს აღტაცებას, მაგრამ მათი თავდადება და შეუპოვრობა შთააგონებს ადამიანებს იბრძოლონ მათი იდეალებისა და ღირებულებებისთვის. ასევე თვალსაჩინოა, რომ ადამიანები მხარს უჭერენ ლიდერებს, რომლებიც მათთვის იბრძვიან, მაგრამ მსხვერპლს იღებენ იმ ლიდერებისთვის, რომლებიც მათ ემსახურებიან.