ციფრული პროდუქტებისა და ზოგადად IT სფეროს სწრაფი განვითარების პარალელურად დიდი პოპულარობით სარგებლობს ეჯაილ (Agile) მეთოდოლოგია, რომელიც არის განმეორებითი და კოლაბორაციული მიდგომა პროექტის მენეჯმენტისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის, კონცენტრირებულია მოქნილობაზე, მომხმარებელთა კმაყოფილებასა და მუდმივ გაუმჯობესებაზე. ეჯაილი უკვე კარგად აპრობირებული მიდგომაა, რადგან ის გუნდებს საშუალებას აძლევს შექმნან მაღალი ხარისხის პროდუქტები, რომლებიც აკმაყოფილებს მომხმარებელთა საჭიროებებს სწრაფად ცვალებად ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ეჯაილი ყველაზე აქტიურად გამოიყენება IT ინდუსტრიაში, მიდგომა შესაძლოა ბიზნესის ფართო სპექტრზე, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებში (SME) გავრცელდეს.
ზომისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მცირე და საშუალო საწარმოები (SME) უნიკალური გამოწვევების წინაშე დგანან, რაც მოითხოვს განსხვავებულ და ინოვაციურ მიდგომებს ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ მიდგომას შეუძლია დაეხმაროს SME სექტორის წარმომადგენლებს უკეთესად უპასუხონ სწრაფ და მუდმივად ცვალებად ბიზნეს გარემოს და მიაღწიონ უკეთეს შედეგებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორგანიზაციებს აქვთ შეზღუდული რესურსები და უწევთ გარემო ცვლილებების ტემპით ოპერირება.
აღნიშნულ სტატიაში გაგაცნოთ ეჯაილის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.
დაიწყეთ მცირე ნაბიჯების გადადგმით
მცირე და საშუალო ბიზნესში ეჯაილის დანერგვისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა პროცესის პატარ-პატარა ნაბიჯებთ დაწყება, რადგან მთლიანი ორგანიზაცია ერთიანად ვერ გადაეწყობა ოპერირების ახლებურ სისტემაზე. შესაბამისად, უმჯობესია ეჯაილის მეთოდოლოგიის გამოყენების გამოცდილების შექმნა, ამისათვის - შეარჩიეთ ერთი პროექტი ან გუნდი, რომელიც ეჯაილით იხელმძღვანელებს. თანდათან გააფართოვეთ/გააზიარეთ მიღებული გამოცდილება კომპანიის დანარჩენ ნაწილში, რაც თანამშრომლებს მისცემს შესაძლებლობას ეტაპობრივად და სიღრმისეულად გაითავისონ ეჯაილ მეთოდოლოგია. ეს მიდგომა ამცირებს მთელი ორგანიზაციის შეფერხების რისკს და საშუალებას აძლევს გუნდის წევრებს მიიღონ საჭირო ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და საერთო ჯამში, ზრდის მათი მზაობის მაჩვენებელს ინოვაციური მეთოდოლოგიების გამოყენებისთვის.
პროცესში ჩართეთ გუნდის ყველა წევრი
ეჯაილ მეთოდოლოგიის განუყოფელი ნაწილია კოლაბორაცია და კომუნიკაცია გუნდის წევრებს, დაინტერესებულ მხარეებსა და მომხმარებლებს შორის. ყველას წახალისება, რომ მონაწილეობა მიიღონ სამუშაო პროცესში, დაგეხმარებათ ყველას ჰქონდეს მკაფიოდ გააზრებული პროექტის მიზნები და საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეიტანენ წვლილს პროექტის წარმატებაში. ეს ასევე ხელს შეუწყობს მისკომუნიკაციის მინიმუმამდე შემცირებას და პროექტის საერთო ხარისხის გაუმჯობესებას.
პრიორიტეტი მიანიჭეთ მოქნილობას
ეჯაილის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ცვლილებებზე რეაგირების სწრაფი უნარი -Responding to change over following a plan. მცირე და საშუალო საწარმოები ხშირად აწყდებიან გარემო ფაქტორების უეცარ ცვლილებებს და აუცილებელია, რომ მათ შეძლონ სწრაფად და ეფექტურად მოერგონ ახალ რეალობას. ხშირად, მენეჯერთათვის მნიშვნელოვანია "სრულყოფილი" პროდუქტის/სერვისის შექმნა, თუმცა მუდმივი ცვლილებების ფონზე კონცენტრაცია სრულყოფილებაზე ყოველთვის ეფექტური გადაწყვეტილება არ არის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულყოფილების დევნამ, შესაძლოა ხელი შეუშალოს კომპანიას მისი კლიენტებისთვის ფასეულობის შექმნაში.
“Done is Better Than Perfect."
გაასწორეთ ფოკუსი 'ღირებულების შექმნაზე'
ეჯაილი იტერაციულ-ინკრემენტული და ციკლური პროცესია - მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესი დაყოფილი იყოს დროით შუალედებად (სპრინტებად), ეს პროცესი განგრძობითია და თითოეული იტერაციით იქმნება პროდუქტის ნაწილი. თითოეული სპრინტის დროს გუნდი ქმნის ხელშესახებ ღირებულებას, შესაძლოა მინიმალურს, მაგრამ მაინც ხელშესახებს. ღირებულებაზე მსგავსი ფოკუსირებით, მცირე და საშუალო კომპანიებს შეუძლიათ უკეთ გაიგონ თავიანთი მომხმარებლების საჭიროებები და უპასუხონ მათ სწრაფად და ეფექტურად. მსგავსი ფოკუსი პროექტულ გუნდს აძლევს შესაძლებლობას რომ ენერგია საკონტრაქტო პირობების ცვლილების ნაცვლად, მომხმარებელთან კოლაბორაციასა და თანაშექმნას დაუთმოს - Customer collaboration over contract negotiation.პროდუქტის ან მომსახურების მცირე ინკრემენტებით მიწოდება კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს დრო არ დახარჯონ ისეთ ფუნქციებზე ან სერვისებზე, რომლებიც არ არის ღირებული მომხმარებლისთვის და, ნაცვლად ამისა, კონცენტრირდნენ ყველაზე ღირებული ფუნქციების ან სერვისების მიწოდებაზე.
„Focus on what the customer needs, rather than what you think can be delivered.“
შეინარჩუნეთ სიმარტივე
ერთი შეხედვით ეჯაილ მეთოდოლოგია რთული ჩანს , ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი დანერგვის პროცესი იყოს მარტივი და გასაგები. მოერიდეთ პროცესის ზედმეტად გართულებას არასაჭირო ბიუროკრატიით და დაიცავით ეჯაილის ძირითადი პრინციპები. ეს დაგეხმარებათ მინიმუმამდე დაიყვანოთ დაბნეულობა თანამშრომელთა შორის და უზრუნველყოთ, რომ კომპანიის სამუშაო პროცესი იყოს მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნაზე ორიენტირებული.
„Working software (product) over comprehensive documentation.“
შეაფასეთ წინ გადადგმული ნაბიჯები
აუცილებელია რეგულარულად თვალყური ადევნოთ პროგრესს და საჭიროებისამებრ განახორციელოთ ცვლილებები, რათა დარწმუნდეთ, რომ პროექტის მიზნების მისაღწევად ყველაფერი მართებულად კეთდება. ეს ხელს შეუწყობს პოტენციური პრობლემების ადრეულ იდენტიფიცირებას და საჭირო აქტივობების ინიცირებას. წარმატების მუდმივი საზომების გამოყენებით, SME კომპანიებს შეუძლიათ უკეთ გაიგონ რა მიდგომებია ეფექტური ან რა არ მუშაობს მათი ორგანიზაციისთვის და განახორციელონ საჭირო ცვლილებები შედეგების გასაუმჯობესებლად.
წაახალისეთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა
კულტურის წახალისება, რომელიც აფასებს განვითარებასა და მუდმივ გაუმჯობესებას, გადამწყვეტია ეჯაილის წარმატებით დანერგვისთვის მცირე და საშუალო კომპანიებში. ეს ნიშნავს გუნდის წევრებისთვის შესაძლებლობების მიცემას, განავითარონ თავიანთი უნარები, დატოვონ მათი კომფორტის ზონა და არ შეუშინდნენ ახალ გამოწვევებს. მუდმივი გაუმჯობესების კულტურის ხელშეწყობით, მცირე და საშუალო ბიზნესებს შეუძლიათ კიდევ უფრო მეტი ექსპერტიზით კონცენტრირდნენ საკუთარი კლიენტებისთვის ფასეული პროდუქტის/სერვისის მიწოდებაზე.
რომ შევაჯამოთ, ეჯაილ მეთოდოლოგია არის მძლავრი მიდგომა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რათა უკეთ ადაპტირდნენ სწრაფ და მუდმივად ცვალებად ბიზნეს გარემოში. ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით, SMEs კომპანიებს შეუძლიათ უზრუნველყონ თავიანთი მომხმარებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების შექმნა და გაზარდონ კოლაბორაციისა და ჩართულობის მაჩვენებელი საკუთარ გუნდში.
ცხადია, ეჯაილი ყველაზე აქტიურად გამოიყენება IT სფეროში, თუმცა ამ მიდგომის ბენეფიტებით სარგებლობა სხვა სფეროებშიც შესაძლებელია. ამისათვის აუცილებელია, რომ ყველა კომპანიამ იპოვოს საკუთარი გზა ეჯაილ ტრანსფორმაციის პირობებში, რაც მათ დაეხმარება მართებული მიდგომისა და მუდმივი გაუმჯობესებისკენ სწრაფვაში, რათა შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა და მიაღწიონ დასახულ მიზნებს.