მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე შეფასდეს, როგორ აკმაყოფილებს პირობებს - ასეთი გახლდათ ევროკომისიის ვერდიქტი 2022 წლის 17 ივნისს, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა. „თანამებრძოლმა“ უკრაინამ და მოლდოვამ კი, პერსპექტივასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციაც მიიღეს.
ამავე რეკომენდაციით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება, თუ შეძლებს, თავადვე ამოიყვანოს საკუთარი თავი ჭაობიდან და განახორციელოს უკვე არაერთხელ მოთხოვნილი რეფორმები სასამართლოში, აღმოფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, მოახდინოს დეოლიგარქიზაცია, ეფექტიანად გამოიძიოს სამართალდარღვევები, ხელი შეუწყოს თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი მედია გარემოს შექმნას და სხვა.
17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია იმედგაცრუება აღმოჩნდა არაერთი ჩვენი თანამემამულისთვის. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შექმნილი შესაძლებლობა და მისი არ/ვერ გამოყენების განცდა; ბრაზი ხელისუფლების, თუ საკუთარი უსუსურობის მიმართ და გულში სუსტად მოკიაფე იმედი, რომ ევროსაბჭო არ გაითვალისწინებს ევროკომისიის რეკომენდაციას, ალბათ იმ განცდებისა და იმედების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თითოეულ ჩვენთაგანს 17 ივნისს დაეუფლა.
ოპტიმისტური მოლოდინები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიმართ და ევროპული არჩევანის უპირატესობების უპირობო აღქმა კიდევ ერთხელ უჩვენა „ეისითის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 802 რესპონდენტი გამოიკითხა. აღსანიშნავია, რომ კვლევის საველე სამუშაოები 17 ივნისის ევროკომისიის სხდომამდე ერთი დღით ადრე დასრულდა და 11-16 ივნისის პერიოდი მოიცვა. კვლევის შერჩევის ცდომილებამ 4.2% შეადგინა.
ქართველი ხალხი ნაპოლეონის წინააღმდეგ
გეოგრაფია ბედისწერაა - ამ ფრაზას ნაპოლეონ ბონაპარტს მიაწერენ. თუმცა, ამ ბედისწერის შეცვლის სჯეროდათ გამოჩენილ ქართველებს საუკუნეების წინ და გვჯერა ახლაც, როდესაც ვცდილობთ მასთან პირდაპირი საზღვრის არქონის მიუხედავად, ევროპული ოჯახის წევრებად ვიქცეთ. ევროპა ჩვენთვის არა მხოლოდ უამრავი სარგებელია კონკრეტულ სფეროებში, არამედ იმ ღირებულებების განსხეულებაა, რომლებიც წინაპრების გზაზე გვაბრუნებს.
ამიტომ, გამოკითხულების აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - როგორც გზა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ - მნიშვნელოვანია: ასეთია გამოკითხულების 84%-ის აზრი. მათი რიცხვი, ვისაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოდ ეჩვენება, არ აღემატება 11%-ს.
თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება?
ამავდროულად, ყოველი მეორე გამოკითხული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს უახლოესი თვეების განმავლობაში ელის (50%). სტატუსის მიღების იმედი არ აქვს 33%-ს, კითხვაზე პასუხის გაცემა კი ვერ შეძლო რესპონდენტების 17%-მა.
ასოცირებული ტრიო - ბოლომდე ერთად
ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას - ევროინტეგრაციისკენ გაცხადებულ სწრაფვასთან ერთად, საერთო რუსული მძიმე მიმკვიდრეობა და დაკარგული ტერიტორიებიც აერთიანებთ. მსგავსი კონტექსტი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის გამორჩეული ორიენტაცია ევროკავშირის წევრობისკენ, ერთი შეხედვით, პერსპექტივების მსგავსებასაც ქმნიდა, თუმცა 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაციებმა დაადასტურა საქართველოს რამდენადმე განსხვავებული აღქმა. ერთგვარ იმედგაცრუებად იქცა მოლდოვის დაწინაურება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა არც საომარ მოქმედებებშია ჩართული და, შეუიარაღებელი თვალით, არც გამორჩეული, ნახტომისებრი პროგრესი აქვს.
ის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შანსები საქართველოსა და მოლდოვისთვის, მოსახლეობის გადასახედიდან, ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, კვლევამაც დაადასტურა. მონაცემების თანახმად, რესპონდენტები განსაკუთრებით გამოყოფდნენ უკრაინის მაღალ შანსებს, მიეღო კანდიდატის სტატუსი, საქართველოს და მოლდოვას კი, დაახლოებით მსგავსად აფასებდნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი და რუსული აგრესიის ყოველდღიურად მომგერიებელი უკრაინის შემთხვევაში, გადაწყვეტილება შეიძლებოდა აღქმული ყოფილიყო, გარკვეულწილად, როგორც მოცემულობა, მაგრამ მოლდოვასთან მიმართებაში, პრაქტიკულად, თანაბარი შანსების აღქმა და დამდგარი შედეგი წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის მოლოდინებთან, საქართველოც ეხილათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონეთა რიგებში.
როგორ აფასებთ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოპოვების შანსს საქართველოსთვის? უკრაინისთვის? მოლდოვისთვის?
ირიბი დადასტურება იმისა, რომ მოსახლეობა ელოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, არის დებულებაზე პასუხიც „საქართველო ისე, როგორც არასდროს, ახლოს არის ევროკავშირის წევრობასთან“, რასაც დაეთანხმა ყოველი 5 გამოკითხულიდან თითქმის 4 (76%), და არ დაეთანხმა მხოლოდ 1 გამოკითხული (21%). რესპონდენტების 3%-მა კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო. შესაძლებელია, დებულებაზე დათანხმება ასევე გულისხმობდეს ხელსაყრელი მომენტის აღქმას მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე, რაც ქვეყანამ ვერ გამოიყენა. ამას მოწმობს გამოკითხულების 2/3-ის აზრი იმის თაობაზე, რომ „თუ საქართველო უახლოეს მომავალში არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მას ასეთი შანსი დიდხანს აღარ ექნება“ (66%).
ეთანხმებით თუ არა შემდეგ დებულებებს:
დამსახურება და პასუხისმგებლობა მოსალოდნელ სტატუსზე
კითხვამ იმის თაობაზე, თუ ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ვისი დამსახურება იქნება ეს, უჩვენა, რამდენად არის დისკრედიტირებული პოლიტიკური კლასი ქვეყანაში და როგორ რჩებიან მოქალაქეები საკუთარი თავის იმედად/ამარა. კერძოდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, გამოკითხულების ყველაზე დიდი წილი ამაში ხალხის და არა პოლიტიკოსების დამსახურებას დაინახავდა (40%). კრებსითად საქართველოს მთავრობის როლზე საუბრობს 2-ჯერ ნაკლები - რესპონდენტების 20%. პარლამენტის, ქვეყნის პრემიერის და პრეზიდენტის როლზე კი, მთლიანობაში, მიუთითებს 14%. დასავლეთის/ევროპელი პარტნიორების როლზე საუბრობს რესპონდენტების 9%.
იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეყანა ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, 10-დან 4 გამოკითხულისთვის ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება (38%). რესპონდენტების 16%-ის აზრით, შექმნილ ვითარებაზე ასევე პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტი, ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი და ბიძინა ივანიშვილი. გამოკითხულების 12% ხედავს ოპოზიციური პარტიების ბრალეულობასაც.
თქვენი აზრით, თუ საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ვისი დამსახურება იქნება ეს?
თქვენი აზრით, თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა?
ევროკავშირის წევრობა უდრის ქვეყნის განვითარებულ მომავალს
მოსახლეობისთვის სრულიად აშკარაა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული სარგებელი. კერძოდ, 10-დან 9 გამოკითხულისთვის ევროკავშირის წევრობა პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის განვითარებულ მომავალს (90%), მეტ ინტერესს და მოტივაციას აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის საქართველოსთან შემოერთებისთვის (72%), დაცვას რუსეთის სამხედრო აგრესიისგან (66%). მეტიც: არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობა, არამედ მისი წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაც კი რესპონდენტების დიდი უმრავლესობისთვის (84%) მკაფიო სიგნალია რუსეთისთვის, რომ ქვეყანას დასავლური კურსი აქვს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რესპონდენტების ამ ნაწილისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არ მიღება თუ პირდაპირ საპირისპიროზე არა, ქვეყნის საეჭვო საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციაზე მაინც შეიძლება მიუთითებდეს.
ეთანხმებით თუ არა შემდეგ დებულებებს:
რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებით მიღებულ სარგებელს სექტორების მიხედვით, გამოკითხულები ყველაზე მეტად ამას ეკონომიკაში ელიან (57%). აღნიშნულ პასუხს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა დასახელების სიხშირით მეორე-მესამე ადგილს იკავებს სარგებელი განათლებაში (42%) და ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვაში (41%). ხუთეულს ასრულებს სარგებელი ჯანდაცვასა (35%) და სამხედრო სექტორში (36%) - ამ უკანასკნელში ევროკავშირის როლის აღქმა, სავარაუდოდ, უკრაინაში განვითარებული მოვლენებით უნდა აიხსნას.
აქვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უახლოეს მომავალში რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა - 89% აღიქვამდა სამართლიან გადაწყვეტილებად საქართველოს მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 17 ივნისის გადაწყვეტილებამ არ გააძლიეროს აპათიის განცდა, ქვეყნის ხელისუფლებამ კი ყველაფერი იღონოს რეკომენდაციების პაკეტის შესასრულებლად და დადგეს ისტორიის სწორ მხარეს.