ტექნოლოგიური ინოვაციების ეპოქაში, როდესაც ინდუსტრიები უპრეცედენტო ტემპით განიცდიან ცვლილებებს, გარდამტეხი მომენტების (critical juncture) მართვა ორგანიზაციების მდგრადობის აუცილებელი პირობაა.
გარდამტეხი მომენტები მოიცავს ისეთ ბიზნესპროცესებს, რომლებიც არა მხოლოდ დღევანდელ საქმიანობაზე, არამედ ხვალინდელ და შორეულ მომავალზეც ახდენს გავლენას. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ციფრულ ტრანსფორმაციასთან, რადგან ტექნოლოგიური პლატფორმების შერჩევა, ციფრული სტრატეგიის განსაზღვრა, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და პარტნიორული ქსელების შექმნა წარმოადგენს გარდამავალ ეტაპებს, რომლებზეც ორგანიზაციები იღებენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. ეს გადაწყვეტილებები მრავალწლიანი გავლენით განსაზღვრავს მათ შესაძლებლობებს და მედეგობას კონკურენტულ გარემოში.
ციფრულ ეპოქაში Path Dependency-ის [1] ტიპის მიდგომა განსაზღვრავს, თუ რა სტრატეგიას აირჩევს კომპანია და როგორ აისახება ეს გრძელვადიან მიზნებზე გათვლილ საქმიანობაზე.
ციფრული ტრანსფორმაციის ჭრილში კი მთავარი კითხვა ისაა, როგორ გადიან კომპანიები გარდამტეხი ეტაპების კრიტიკულ მომენტებს და რაზეა დამოკიდებული მათი მედეგობა ცვალებად გარემოში.
ეს სტატია განიხილავს, თუ როგორ ხდება ციფრული ტრანსფორმაცია „Critical Juncture“-ის კონტექსტში და რა სტრატეგიები უზრუნველყოფს წარმატებას ცვალებად გარემოში.
ციფრული ტრანსფორმაცია როგორც გარდამტეხი ეტაპის კრიტიკული მომენტი
ციფრული ტრანსფორმაცია არ არის ერთჯერადი მოვლენა. ეს არის სტრატეგიული გარდამავალი ეტაპი, რომლის დროსაც ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ ხელახლა განსაზღვრონ თავიანთი მიზნები, ღირებულებები და ბაზარზე პოზიციონირება.
ტექნოლოგიური ინოვაციები, მომხმარებელთა მოლოდინების ცვლილება და კონკურენციის მზარდი ზეწოლა გარდაუვალად ქმნის კრიტიკულ მომენტებს, რომლებზეც ადეკვატური რეაგირება ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმატებისთვის გადამწყვეტია. მაგალითად, 2000-იანი წლების დასაწყისში მუსიკის ინდუსტრიამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა: Apple-ის iTunes-მა არა მხოლოდ შექმნა ახალი ბიზნესმოდელი, არამედ შეცვალა მომხმარებელთა ქცევა. ამის საპირისპიროდ, Tower Records ვერ მოახერხა ადაპტაცია და საბოლოოდ ბაზრიდან გაქრა.
გარდამავალი მომენტების ძირითადი მახასიათებლებია:
- მაღალი ფსონი: თითოეული გადაწყვეტილება განსაზღვრავს ორგანიზაციის კონკურენტულ პოზიციას.
- გაურკვევლობა: შედეგები არაპროგნოზირებადია, რაც მოითხოვს მოქნილ და ინფორმირებულ მიდგომას.
- გრძელვადიანი გავლენა: ამჟამინდელი არჩევანი განსაზღვრავს როგორც მომავალ შესაძლებლობებს, ისე შეზღუდვებს.
ინსტიტუციური დამოკიდებულება ციფრული ტრანსფორმაციის დროს
როდესაც ორგანიზაციები ირჩევენ ტექნოლოგიას, პლატფორმას ან სტრატეგიას, ისინი ეყრდნობიან წარსულ გამოცდილებას, რომელიც ხშირად ქმნის ინსტიტუციურ დამოკიდებულებას. ეს დამოკიდებულება შეიძლება გახდეს ჩაკეტილი ციკლი, რაც მომავალში ცვლილებებს ართულებს.
Cloud პროვაიდერების შერჩევა ამის შესანიშნავი მაგალითია. AWS-ის, Microsoft Azure-ის ან Google Cloud-ის არჩევანი განსაზღვრავს ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, ოპერაციულ პროცესებსა და პარტნიორულ ურთიერთობებს. ეს გადაწყვეტილება, თავის მხრივ, მომავალში სხვა პლატფორმაზე გადასვლას ართულებს.
Spotify-ის ადრეული ინტეგრაცია Facebook-თან აჩვენებს ინსტიტუციური დამოკიდებულების დადებით და უარყოფით მხარეებს. მომხმარებელთა სწრაფი ზრდა შედგა, თუმცა დამოკიდებულება სოციალურ მედიაპლატფორმაზე პოტენციურად რისკის შემცველი იყო კომპანიისთვის, რომელსაც ძლიერი პარტნიორული ქსელები არ ჰქონდა განვითარებული.
როგორ ვმართოთ ციფრული ტრანსფორმაცია გარდამტეხი ეტაპის კრიტიკულ მომენტში
ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის მართვა მოითხოვს გრძელვადიან ხედვას, მოქნილობასა და პარტნიორული ქსელების სწორად გამოყენებას. ქვემოთ განვიხილოთ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც გარდამავალ ეტაპზე, კრიტიკულ მომენტებში, წარმატებას განსაზღვრავს.
მომავალზე ორიენტირებული აზროვნება
სტრატეგიული გადაწყვეტილებები უნდა ორიენტირდეს არა მხოლოდ დღევანდელი პრობლემების გადაჭრაზე, არამედ ინოვაციებისა და მასშტაბირების შესაძლებლობების შექმნაზე. მათი მთავარი მიზანი უნდა იყოს გრძელვადიანი სტაბილურობისა და ინოვაციისთვის საფუძვლის შექმნა.
მაგალითად, Netflix-ის მონაცემებზე დაფუძნებულმა პერსონალიზაციის სტრატეგიამ არა მხოლოდ მომხმარებლის გამოცდილება გააუმჯობესა, არამედ უზრუნველყო გრძელვადიანი ზრდა. კომპანიამ გააცნობიერა, რომ ფილმების გაქირავების ბიზნესი სტაბილური ვერ იქნებოდა, რის შედეგადაც მან მომხმარებელზე მორგებული, მონაცემებით მართვადი პლატფორმა შექმნა.
მოქნილი ინფრასტრუქტურა და ცვლილებების გატარების უნარი: მოდულარული არქიტექტურა ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას, სწრაფად მოერგონ ცვლილებებს და დანერგონ ახალი პროდუქტები მინიმალური დანახარჯებით. ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია სწრაფად განვითარებად ინდუსტრიებში.
ეკოსისტემური აზროვნება:
ეკოსისტემური მიდგომა გულისხმობს პარტნიორული ურთიერთობების მართვას და ღირებულებების შექმნას როგორც შიდა, ისე გარე მოთამაშეებთან. Amazon-ის მიდგომა, რომელმაც თავისი პლატფორმა გახსნა მესამე მხარის გამყიდველებისთვის, ამის ნათელი მაგალითია. ამან არა მხოლოდ გაზარდა შეთავაზებული პროდუქტების ასორტიმენტი, არამედ შექმნა მრავალმხრივი ქსელი, რომელიც ყველა მოთამაშისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ეს მიდგომა ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენონ პარტნიორების ძლიერი მხარეები და შექმნან ღირებულების ახალი ფორმები, რაც ცალ-ცალკე რთულად მიღწევადი იქნებოდა.
გრძელვადიანი სტრატეგიების პრიორიტეტიზაცია: ხშირად ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ორგანიზაციები ფოკუსირდებიან მოკლევადიან სარგებელზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემებს ქმნის. ციფრული ტრანსფორმაციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება მისი სტრატეგია ორგანიზაციის გრძელვადიან მიზნებს.
Kodak-ის ისტორია, რომელიც ვერ მოერგო ციფრულ რეალობას, გვაჩვენებს, რა ხდება, როცა კომპანია მოკლევადიან მოგებაზე ფოკუსირდება და არ აქვს გრძელვადიანი გათვლები. საპირისპიროდ, Tesla-მ თავისი გრძელვადიანი ხედვით – ელექტრო ბატარეაზე და არა ჰიბრიდებზე ფოკუსირებით – ბაზარზე ლიდერის პოზიცია მოიპოვა, რადგან კონკურენტებმა ბაზარზე შემოსვლა დააგვიანეს.
Digital Wheel®: დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი ციფრულ ტრანსფორმაციაში ნავიგაციისთვის
იმისათვის, რომ დავეხმაროთ ორგანიზაციებს ტრანსფორმაციის კრიტიკულ ეტაპებზე წარმატებით ნავიგაციაში, ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა Digital Wheel®, დიაგნოსტიკური მოდელი, რომელიც შექმნილია ორგანიზაციის ციფრული მზადყოფნის შესაფასებლად. ეს ინსტრუმენტი აერთიანებს ისეთ კრიტიკულ ასპექტებს, როგორებიცაა: ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, ოპერაციული მოქნილობა, მონაცემთა მენეჯმენტი, თანამშრომლობის ციფრული უნარები, კულტურული მზაობა ცვლილებებისთვის და სხვ.
მოდელი არა მხოლოდ განსაზღვრავს, თუ რა ეტაპზე იმყოფება ესა თუ ის კომპანია ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში, არამედ ქმნის გზამკვლევს, რომელიც კომპანიებს ტრანსფორმაციის პროცესის მართვაში დაეხმარება.
როგორც სერენ კიერკეგორი[2] ამბობს, "Life can only be understood backwards; but it must be lived forwards." ორგანიზაციებისთვის, ისევე როგორც ინდივიდებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ წარსული გადაწყვეტილებების ანალიზით მიიღონ გაკვეთილები, მაგრამ ამავდროულად, წინსვლაზე და მომავალ მიზნებზე იყვნენ ფოკუსირებული. მხოლოდ ამ გზით შეუძლიათ მათ მდგრადობის უზრუნველყოფა და ცვალებად გარემოში წარმატების მიღწევა.
[1] ტერმინი გულისხმობს გადაწყვეტილებების მიღებაზე წარსული ინსტიტუციური არჩევანის და პრაქტიკის გავლენას.
[2] Søren Kierkegaard დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი