მენეჯმენტ კონსულტანტი, ბიზნეს სტრატეგია და გაციფრულება
თანამედროვე ბიზნესის სწრაფად განვითარებად გარემოში „ციფრული ტრანსფორმაცია“ ტრენდულ ტერმინს მიღმა, სტრატეგიული მნიშვნელობის კრიტიკულ აუცილებლობად იქცა. ბიზნესი მკვეთრი რეალობის წინაშე დგას: ადაპტირდეს ან დარჩეს წარსულში. ტექნოლოგიების სწრაფი ტემპებითა და განუწყვეტელმა განვითარებამ ფუნდამენტურად შეცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი, სამუშაო ჩვევები თუ სამომხმარებლო ქცევა.
შესაბამისად, ამ დინამიურ ლანდშაფტში წარმატების მისაღწევად ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია მკაცრი მოცემულობაა, მისი სიღრმისეულად გაგება და დანერგვა გადამწყვეტი გახდა ბიზნესის მდგრადი და გრძელვადიანი წარმატებისთვის.
როდესაც ციფრულ ტრანსფორმაციაზე საუბრობენ ხშირად ასევე გაიგებთ სიტყვას "გაციფრულება", ამ სიტყვებს იყენებენ როგორც სინონიმებს, მაგრამ რეალურად შინაარსობრივად ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ციფრული ტრანსფორმაციის არსის უკეთ აღსაქმელად აუცილებელია განვსაზღვროთ განსხვავება დიგიტიზაციას, დიგიტალიზაციასა (გაციფრულება) და ციფრულ ტრანსფორმაციას შორის.
Ø მარტივად რომ ვთქვათ, დიგიტიზაცია ნიშნავს რაიმეს ანალოგიდან ციფრულ ფორმატში გადაყვანას რაც გულისხმობს ფიზიკური ან ანალოგური მონაცემების, როგორიცაა ტექსტური, ხმოვანი ან ვიზუალური მონაცემები, გარდაქმნას ციფრულ ფორმატში, რომელიც შეიძლება შენახულ იქნეს და დამუშავდეს ელექტრონულად. მაგალითად, ბეჭდური დოკუმენტის დასკანერება და ელ-ვერსიად გადაქცევა.
Ø დიგიტალიზაცია ანუ გაციფრულება არის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად, ეფექტიანობისა და ფასეულობის გასაზრდელად. იგი გულისხმობს ციფრული ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას ტრადიციული ბიზნეს ამოცანების აღსრულებისას. მაგალითად, ციფრული ხელსაწყოების დანერგვა, როგორიცაა მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის (CRM) სისტემა ან ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმების დანერგვა ბიზნეს ოპერაციების გასამარტივებლად.
დიგიტალიზაცია/გაციფრულება უფრო მეტია ვიდრე არსებული ანალოგური მონაცემების ციფრული კონვერტაცია და გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციას ბიზნესის კონკრეტულ ასპექტში.
Ø ციფრული ტრანსფორმაცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თანამედროვე გაჯეტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება. იგი მოიცავს ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ციფრულ ტექნოლოგიებს მთელი ორგანიზაციის მასშტაბით და მოითხოვს ბიზნეს დომეინების გადაფასებას - როგორია ბიზნესის სტრატეგია ციფრულ სამყაროში, როგორ იქმნება ფასეულობა მომხმარებლისთვის; იგი მოიცავს ოპერაციებისა და პროცესების ოპტიმიზაციას, ინოვაციური კულტურის ხელშეწყობას და მონაცემთა გამოყენებას მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
ციფრული ტრანსფორმაციის მაგალითია, როდესაც სამედიცინო კლინიკა ნერგავს ტელემედიცინის სისტემას, რომლის გამოყენებითაც პაციენტებს შეუძლიათ დაჯავშნონ ვირტუალური შეხვედრები, ჰქონდეთ ელექტრონული სამედიცინო ისტორიები, ისაუბრონ ექიმებთან ონლაინ და უსაფრთხოდ მიიღონ სამედიცინო კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად.
მისი არსით, ციფრული ტრანსფორმაცია არის უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველი პროცესი, ვიდრე მონაცემების დიგიტიზაცია ან კონკრეტული ბიზნეს ოპერაციის გაციფრულება. წარმოუდგენელია ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებით განხორციელება, თუ მას წინ არ უძღვის დიგიტიზაციის და დიგიტალიზაციის ეტაპები.
ხშირად ციფრული ტრანსფორმაციის წარუმატებელი მცდელობები, სწორედ არათანმიმდევრული მიდგომით არის განპირობებული, როდესაც სწორად არ არის შეფასებული კომპანიების ციფრული მზაობა. თუმცა შესაძლებლობები ნამდვილად უსაზღვროა, ციფრული ერის შესაბამისი ხედვითა და ციფრული შესაძლებლობების ათვისებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ თავიანთი ბიზნეს მოდელების ტრანსმფორმაცია, რათა გაზარდონ ეფექტურობა და გახსნან ზრდის უპრეცედენტო პოტენციალი.
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესს შეუძლია სამომავლო პოტენციალის შექმნა და ხელშესახები სარგებლის მიღება დღეს, უფრო კონკრეტულად:
ციფრული გამოწვევების მიღმა
რა თქმა უნდა, ციფრული ტრანსფორმაციის გავლა შეუძლებელია გამოწვევების გარეშე. ცვლილებებისადმი რეზისტენტულობა, შეუსაბამო IT ინფრასტრუქტურა და ციფრული წიგნიერება, კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ბიუჯეტირების გათვალისწინება იმ გამოწვევების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ბიზნესი შეიძლება წააწყდეს. თუმცა, მძლავრი ციფრული სტრატეგიით, სწორ გადაწყვეტილებებში ინვესტიციით და უწყვეტი განვითარების კულტურის ხელშეწყობით, ამ გამოწვევების დაძლევა ნამდვილად შესაძლებელია.
გახსოვდეთ, ციფრული ტრანსფორმაცია არ არის ერთჯერადი მოვლენა, არამედ უწყვეტი პროცესია. ცალსახაა, რომ მომავალი ციფრულია და გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი სახით სურთ ბიზნესებს ამ მომავალში არსებობა, მათივე ლიდერების ხელშია. თუმცა მოქმედების დრო სწორედ დღეს არის, რადგან ტექნოლოგიური განვითარების ტემპი უფრო და უფრო ჩქარდება და მდგრადი წარმატების მიღწევის ამბიცია გაუტოლდა ამ ტემპის კვალდაკვალ განვითარებას.
დაიწყეთ თქვენი ციფრული ტრანსფორმაცია დღეს და შექმენით თქვენი ბიზნესის მომავალი წარმატება.
ურთიერთობის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ჩვენ ცხოვრებას დიდწილად განსაზღვრავს სხვა ადამიანებთან ჩვენი ურთიერთობების სტილი და ის, თუ როგორი გვინდა ჩვენი ადგილი იყოს სამყაროში, რომელიც მუდმივად იცვლება. ამ ორ კითხვაზე პასუხი გარკვეულწილად განაპირობებს ჩვენი ცხოვრების მიმართულებას. აქ არ არსებობს მარტივი რაციონალური გადაწყვეტილება. იგი კომპლექსურია და მასზე ზეგავლენას ჩვენი აღზრდა, გამოცდილება, ბავშვობა და მათ შორის გენეტიკური ფაქტორებიც ახდენს.
ურთიერთობების მატრიცა, რომელიც სტატიაშია განხილული „ჰუმანური ლიდერობის ფსიქოლოგიის“ ავტორების (Michel Paschen, Erich Dihmaier) კონცეპტს ეფუძნება, სადაც ურთიერთობები ორი პოლარობის ჭრილშია განხილული. კერძოდ, ჩვენ ვეძებთ ახლო ურთიერთობას სხვა ადამიანებთან და ამიტომ ვეძებთ სიახლოვესა და ურთიერთობაში ჩართულობას. ან ჩვენ შეიძლება გვსურდეს გამოვყოთ საკუთარი თავი სხვებისგან და ვეძიოთ ინდივიდუალობა და ავტონომია. აქედან გამომდინარე, ურთიერთობებზე ორიენტირებული ინდივიდები ღია და გახსნილები არიან, გამოირჩევიან გუნდურობით და ადვილად აჩენენ ნდობას გუნდის წევრებში, ხოლო ავტონომიაზე ორიენტირებული ადამიანები ინდივიდუალისტები, უფრო კონკურენტუნარიანები არიან და მუდმივად სხვებისგან გამორჩეულობას ცდილობენ.
ბუნებრივია ინდივიდებში ეს ორიენტაცია სხვადასხვა დოზით არის გამოხატული და ის შესაძლოა კონტექსტის მიხედვით იცვლებოდეს. ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება გვსურდეს სიახლოვე და ზოგიერთ სიტუაციაში კი - განცალკევებულობა. თუმცა მიუხედავად ამისა, ინდივიდებში წამყვანი ორიენტაცია ხშირ შემთხვევებში შესამჩნევია. იგი განსაკუთრებით თვალშისაცემი კონფლიქტების დროსაა. თუ დავაკვირდებით გარშემომყოფებს და მათი ურთიერთობების სტილს, უეჭველად აღმოვაჩენთ ადამიანის შინაგანი კომპასის მიმართულებას - ინდივიდუალობა, განსხვავება და კონკურენცია თუ სიახლოვე და ჩართულობა. არიან ადამიანები, რომლებსაც ამ ორი პოლუსიდან უკიდურესი ახასიათებთ, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი თავის სხვებისგან გარჩევას ან ვერ ახერხებენ ურთიერთობების დამყარებას.
ამ ორ ორიენტაციას თავისი შიშები ახასიათებს. ურთიერთობაზე ორიენტირებულ ადამიანებს მარტოობისა და იზოლაციის შიში აქვთ. ავტონომიაზე ორიენტირებულ ადამიანებს კი - ინდივიდუალობისა და განსაკუთრებულობის დაკარგვის შიში. რამდენადაც ძლიერია ეს შიში, იმდენად ძლიერია და თვალშისაცემია ენერგია, რასაც ადამიანები ხარჯავენ იმაში, რომ იყვნენ სხვებისთვის მოსაწონი და გუნდში მიღებული. მეორე პოლარობისთვის დამახასიათებელი შიშის დროს კი, ენერგია იხარჯება ყურადღების ცენტრში ყოფნასა და ყოველ შესაძლო შემთხვევაში საკუთარი უპირატესობის ხაზგასმაზე. ამ ქცევით ტენდენციებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენ ცხოვრებაზე, მათ შორის ლიდერობის სტილზეც.
საკუთარ თავში ტენდენციის ამოსაცნობად საკმარისია დავსვათ კითხვები: პრინციპში რა არის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი? ახლო, ღია, სანდო ურთიერთობები, საერთო ნიადაგის გაზიარება, სხვებთან თანასწორობა, მიკუთვნებულობის გრძნობა, ალტრუიზმი თუ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გამორჩევა, მეტის მიღწევა, ინდივიდუალურობა და სხვებისგან მკაფიოდ გამორჩეული ცხოვრებით ცხოვრება.
ქვემოთ უფრო დეტალურად არის წარმოდგენილი ორივე ტენდენციისთვის დამახასიათებელი ქცევითი პატერნები.
ურთიერთობებზე ორიენტაცია |
მთავარი შიში - მარტოობა და იზოლაცია
|
როცა ეს ორიენტაცია ძლიერია: |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ავტონომიაზე ორიენტაცია |
მთავარი შიში - ინდივიდუალობისა და მნიშვნელოვნების ნაკლებობა
|
როცა ეს ორიენტაცია ძლიერია: |
|
|
|
|
|
|
|
|
|
მეორე ფუნდამენტური კითხვა ეხება ცვალებად სამყაროში ჩვენს იდენტობას. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ასევე შეგვიძლია ორი პოლარობით. კონტინიუმის ერთ ბოლოში ცვალებად სამყაროში საკუთარი თავისთვის გამოთვლის, პროგნოზირებისა და კონტროლირებადი სტრუქტურის შექმნაა. ამ პოლუსს ბალანსზე ორიენტაცია ეწოდება. ასეთი ორიენტაციის ინდივიდები ეძებენ წესებს, კანონზომიერებას, პროგნოზირებადობასა და სტრუქტურას. კონტინიუმის მეორე პოლარობა სტიმულირებაზე ორიენტაციაა. ასეთ ინდივიდებს სურთ სრულად განიცადონ სამყაროს ცვალებადობა. ისინი ეძებენ ყველაფერში სიახლესა და ცვლილებებს, ახასიათებთ თავგადასავლები და ცნობისმოყვარეობა.
როგორც ურთიერთობებზე ორიენტაციის პოლარობებს, ამ მიმართულებებსაც თავისი შიშები გააჩნია. წონასწორობაზე (ბალანსზე) ორიენტირებულ ადამიანებს ეშინიათ გაურკვევლობის, სპონტანურობის და შესაბამისად, თავისუფლების. ეს შიში აღმოიფხვრება წესების, კონტროლის მექანიზმებისა და პროგნოზირებადობის კუნძულის შექმნით.
მეორეს მხრივ, სტიმულირებაზე ორიენტირებული ადამიანები განიცდიან წესებზე დამორჩილებისა და უცვლელობის შიშს. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს მათ ცხოვრებაში, ეს იქნება რაიმე მნიშვნელოვანის ან დიდებულის გამოტოვება. მათი შიში არის მიჯაჭვულობა, შეზღუდვა და თავისუფლებისა და სპონტანურობის შეუძლებლობა.
თუ დავაკვირდებით, ჩვენს ირგვლივ აღმოვაჩენთ ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან მათ ცხოვრებაში კანონზომიერების არარსებობით, როდესაც მოულოდნელი მოვლენები მათგან ითხოვს მოქნილობას ან როდესაც ყველაფერი დაგეგმილის მიხედვით არ ვითარდება. ასევე, ჩვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად აწუხებთ საკუთარი თავის მიბმა ნებისმიერ რამესთან თუ ვინმესთან, იქნება ეს ცხოვრების პარტნიორი, ცხოვრების წესი თუ უბრალოდ ვალდებულება. ეს ადამიანები იტანჯებიან, როდესაც ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მათ ცხოვრებაში დაკეტილია კარი, რომლის გაღება შეუძლებელია.
ბალანსზე ორიენტაცია |
მთავარი შიში - გაურკვევლობა და დეზორიენტირებულობა
|
როცა ეს ორიენტაცია ძლიერია: |
|
|
|
|
|
|
|
|
სტიმულზე ორიენტაცია |
|||||||
მთავარი შიში - წესებზე დამორჩილება და უცვლელობა
|
ყველა ორიენტაცია თითოეულ ჩვენგანში განსხვავებული პრიორიტეტით და სხვადასხვა ხარისხით ვლინდება და ბუნებრივია, ის ლიდერულ ურთიერთობებსაც ეხება - ლიდერული ურთიერთობები, მათი განსხვავებული მოტივაციები და ქცევითი პატერნები სწორედ ამ ოთხ ორიენტაციაზე გადის. ყველაზე ნათლად კი ჩვენი დომინანტურ მახასიათებლები კონფლიქტებში იგრძნობა. აქედან გამომდინარე, ლიდერებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საკუთარ თავში ძირითადი ორიენტირებისა და პოლარობების გაცნობიერება, რაც თავისთავად აადვილებს სხვების დანახვას და მიმღებლობას, ასევე კონფლიქტების პრევენციასა თუ მათ ეფექტიანად მართვას.
კალენდარზე 2024 წელია და ბიზნესი დიდი ტრანსფორმაციული ცვლილებების წინაშე დგას. ერთი მხრივ, გეოპოლიტიკური არასტაბილურობა და კლიმატური ცვლილებები ბიზნესს თვითგადარჩენისა და მედეგობის ზრდის გადაუდებელ აუცილებლობას უჩენს. მეორე მხრივ კი, ტექნოლოგიური წინსვლა, განსაკუთრებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარება (AI), ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში რევოლუციას გვპირდება. ამ კრიტიკულ ეტაპზე ბიზნესის განვითარება მდგრადობის შენარჩუნებას, ციფრული ტექნოლოგიებისა და ადამიანური პოტენციალის ათვისებას შორის დელიკატურ ბალანსს მოითხოვს.
სტატიის მიზანია, დაეხმაროს ბიზნესის მმართველებს აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავებაში და მეტიც, ამ რთულ კონტექსტში მისცეს მათ ნავიგაციისა და ბიზნესის განვითარების ხედვა.
მდგრადობა ბიზნესის 2024 წლის სტრატეგიული იმპერატივი ხდება. გარემოში მიმდინარე ცვლილებებისა და გამოწვევების მიმართ გამძლეობა, კონკურენტუნარიანობის ზრდა, სტაბილური და გრძელვადიანი განვითარება არა მხოლოდ ბიზნესის საჭიროება, არამედ მომხმარებლებისა და ინვესტორების მთავარი მოთხოვნაა.
ქვემოთ განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც 2024-ში საქართველოში ბიზნესგარემოს ფორმირებას და, შესაბამისად, ბიზნესის მდგრადობაზე ზეგავლენას მოახდენს. ბიზნესის მმართველების ერთ-ერთი პრიორიტეტი კი სწორედ ამ მოსალოდნელ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის მომზადება უნდა იყოს.
გეოპოლიტიკური ფაქტორები
საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტშია, რომელშიც რეგიონალური გადაჯგუფებები მიმდინარეობს. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართ შფოთვა იზრდება. არანაკლებ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გაღვივების ალბათობის ზრდა. აღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ვაჭრობაზე, ტურიზმზე, ინვესტიციებსა და საქონლის ფასებზე. აქედან გამომდინარე, ბიზნესმა უნდა შეინარჩუნოს სიფრთხილე გეოპოლიტიკური რისკის მიმართ და შეიმუშაოს საგანგებო (კრიზისული) გეგმები. აქვე უნდა აღინიშნოს კიბერუსაფრთხოების ზომების გამკაცრების საჭიროებაც, რადგან დღეს უსაფრთხოება მხოლოდ ფიზიკურ საზღვრებზე არ გადის.
არ შეიძლება უგულებელვყოთ ლოკალური პოლიტიკური კონტექსტი – კერძოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები ყოველთვის უკავშირდება პოლიტიკურ დაპირისპირებებსა და გაურკვევლობის ზრდას. ეს კი, ერთი მხრივ, მომხმარებლის სენტიმენტისა და ყიდვის განწყობის შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორების სიფრთხილის ზრდას იწვევს. შესაბამისად, ბიზნესს მეტი რესურსის მობილიზება დასჭირდება როგორც მომხმარებლებთან, ისე ინვესტორებთან კომუნიკაციისას.
ეკონომიკური ფაქტორები
ეკონომიკურ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოზიტიური ფაქტორი ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაა. სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პოზიტიური მოლოდინი 2024-ში. მსოფლიო ბანკის შეფასებით[1], ქვეყნის ეკონომიკის ზრდა – 4,8%-ის, ხოლო ინფლაცია 2,5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის სტაბილურად დაბალი მაჩვენებელი კი ბიზნესის მდგრადობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ბიზნესისთვის დიდ შესაძლებლობებს აჩენს აგრეთვე საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები რამდენიმე ქვეყანასთან და მიმდინარე მოლაპარაკებები სხვებთან, გარე ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჯერ პანდემიამ, ხოლო შემდგომ უკრაინის ომმა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებმა და გლობალურმა ეკონომიკურმა შენელებამ, მიწოდების ჯაჭვში სერიოზული შეფერხებები (მაგ. დაგვიანებები, „ძაბრის ეფექტი“) გამოიწვია. ამ ფაქტორმა შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა მოახდენოს ქართულ ექსპორტზეც. შესაბამისად, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, სტრატეგიული ალიანსები და თანამედროვე ლოგისტიკური ტექნოლოგიების დანერგვა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგია ხდება.
სავაჭრო რეგულაციები კიდევ ერთი გამოწვევაა, რომელიც ქართულმა ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კომპლექსურ ქსელში ნავიგაცია და სხვა პოტენციური შეზღუდვები მნიშვნელოვან საკანონმდებლო რისკს აჩენს. შესაბამისად, საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ ინფორმირებულობა და მასთან შესაბამისობაში ყოფნა გადამწყვეტია. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ევროკავშირის სავაჭრო რეგულაციები, რომელთა შესაბამისობაში ბიზნესის მოყვანა უახლოესი წლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება.
კიდევ ერთი დიდი ეკონომიკური რისკ-ფაქტორი რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ხდება, რომ საქართველომ პრიორიტეტად იქციოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვება განახლებადი ენერგიის განვითარებითა და რეგიონული ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებით. საქართველოს პოტენციალი ჰიდროენერგიისა და მზის ენერგიის მიმართ კიდევ უფრო გადამწყვეტი ხდება ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და მდგრადობისთვის. ეს კი კერძო ბიზნესს მწვანე ინვესტიციების მოზიდვისა და მწვანე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს უჩენს.
კლიმატის ცვლილება, გარემო და უსაფრთხოება
გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველო დაუცველია კლიმატის ისეთი ცვლილების ზემოქმედების მიმართ, როგორიცაა წყალდიდობა და გვალვა. შესაბამისად, ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია უნდა იყოს. ბიზნესმა კი, თავის მხრივ, კლიმატური რისკის დაზღვევითა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციაში ინვესტიციით გზით უნდა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და მდგრადობა.
2024 წელს სასურსათო უსაფრთხოება და მდგრადი სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის არანაკლები პრიორიტეტი იქნება. მდგრად სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაზე ფოკუსირება და ადგილობრივი საკვების წარმოება იძენს დიდ მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებას და ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას. ბიზნესის თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი სურსათის წარმოების მიმზიდველობა გაიზრდება.
ხელოვნური ინტელექტი (AI) მზადაა, გარდაქმნას ინდუსტრიები ისე, როგორც არასდროს. ის მონაცემების გადამუშავებისა და ანალიზის, სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის თვალსაზრისით წარმოუდგენელ შედეგებს იძლევა. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები – პერსონალიზებული ჯანდაცვით დაწყებული, ჭკვიან ქალაქებამდე – უსაზღვროა. თუმცა, შესაძლებლობებთან ერთად ის აჩენს პროფესიების ცვლილების, სამუშაო ძალის გადაადგილებებისა და დასაქმებულებში უთანასწორობის ზრდის რისკს. აქედან გამომდინარე, ბიზნესმა აქცენტი უნდა გადაიტანოს სამუშაო ძალის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ტექნოლოგიური ნახტომით ყველამ ისარგებლოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენების საკითხი განსაკუთრებულად მწვავედ დგება, რაც ბიზნესისგან მოითხოვს პასუხისმგებლობას, გამჭვირვალობას, ეთიკურ პრაქტიკასა და უსაფრთხოების ზომების დაცვას ტექნოლოგიების გამოყენებასთან მიმართებით.
2024-ში ტექნოლოგიური განვითარების გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში შემდეგია:
ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ეფექტიანია მონაცემთა ანალიზსა და განმეორებითი ოპერაციების შესრულებაში. თუმცა ის ვერ ანაცვლებს ისეთ უნიკალურ ადამიანურ თვისებებს, როგორიცაა კრეატიულობა, თანაგრძნობა და კრიტიკული აზროვნება. ზოგადად, რამდენადაც გაიზრდება ტექნოლოგიებისა და AI-ის გამოყენების შესაძლებლობები, იმდენადად გაიზრდება მოთხოვნა იმ ადამიანურ კაპიტალზე, რომელსაც ამ ტექნოლოგიებთან ურთიერთობისა და მათი ეფექტიანი გამოყენების უნარი აქვთ. შესაბამისად, 2024-ში ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი ხდება საკუთარ თანამშრომლებში ამ თვისებებისა და კომპეტენციების განვითარება. კონკურენტულ უპირატესობას ის ბიზნესები შეიძენენ, რომლებიც ინვესტიციას თანამშრომლების კეთილდღეობასა და განვითარებაში ჩადებენ, წაახალისებენ გუნდურობას და დანერგავენ უწყვეტი სწავლის კულტურას. AI-ზე ორიენტირებულ ეპოქაში ბიზნესის ნამდვილი კონკურენტული უპირატესობა ადაპტაციის, ინოვაციებისა და რთული პრობლემების გადაჭრის უნარი იქნება.
საქართველოში 2024-ში ბიზნესის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები ადამიანური კაპიტალის მიმართულებით შემდეგია:
შესაბამისად, თანამშრომლებისთვის ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნა, მათი ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობა ბიზნესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზრუნავი იქნება. შესაბამისად, გაიზრდება ინვესტიციები ტრენინგებში, მენტალური ჯანმრთელობის, პიროვნული განვითარებისა და ფიზიკური ჯანმრთელობის პროგრამებში.
2024 წელი არ არის უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი წელი – ეს არის გარდამტეხი მომენტი – ცვლილებების წელი. არჩევანი, რომელსაც ახლა გააკეთებს ბიზნესი – მდგრადობის, ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და ადამიანური პოტენციალის გზაჯვარედინზე – განსაზღვრავს მის მომავალს. დღეს ბიზნესისთვის განვითარება ნიშნავს პარადიგმის ცვლილებას, რომელიც აიძულებს მას, გადახედოს თავის ბიზნესმოდელს, განვითარების სტრატეგიას, ლიდერობის კონცეფციას; გახდეს უფრო ეთიკური და პასუხისმგებლობიანი საზოგადოებისა და გარემოს მიმართ, გახდეს უფრო სწრაფი, ისწავლოს მეტი, რათა შეძლოს ტექნოლოგიების სიკეთეებით სარგებლობა, და, რაც მთავარია, გახდეს მეტად ადამიანზე ცენტრირებული, რადგან სწორედ ადამიანის უნარები და პოტენციალი ხდება ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი თანამედროვე ეპოქაში. და თუ ბიზნესი შეძლებს, თავი გაართვას ამ ტრანსფორმაციულ ცვლილებებს, ის არა მხოლოდ გადარჩება, არამედ აყვავდება და მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებების შეტანასაც შეძლებს თავის გარემოში.
წყარო : Forbes Georgia
[1] https://www.worldbank.org/en/publication/global-economic-prospects
"ყველა ქალს კი ვეტყოდი: გჯეროდეთ საკუთარი თავის, იოცნებეთ და იფიქრეთ მასშტაბურად, იფრინეთ მაღლა! რადგან სიმართლე ისაა, რომ ადამიანის პოტენციალს - მამაკაცი იქნება თუ ქალი - საზღვარი არ აქვს"
8 ნოემბერს გაიმართა საქართველოში გაეროს ასოციაციის (UNA) და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) კონფერენცია - "Impact Tbilisi Conference: from Blueprints to Breakthroughs"
კონფერენცია მოიცავდა პანელურ დისკუსიას თემაზე „პარტნიორობის როლი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში“, სადაც ყურადღება გამახვილდა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მრავალმხრივ ასპექტებზე. პანელური მსჯელობის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა, რაც უფრო სტაბილური საზოგადოების ფორმირებას ხელს შეუწყობს. შეხვედრაზე აღიარებული იქნა ქალების მხარდაჭერის აუცილებლობა „შუშის ჭერის“ (glass ceiling) დამსხვრევაში და ხაზი გაესვა ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერების მნიშვნელობას. საერთო ჯამში, ჯგუფმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობისა და გაძლიერების მნიშვნელობას, როგორც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.
პანელის მომხსენებელი იყო ACT მმართველი პარტნიორი და მენეჯმენტ-კონსულტანტი თინათინ რუხაძე, რომელმაც ისაუბრა თემაზე „საკუთარ თავში ეჭვის შეტანიდან - წარმატებამდე: ქალთა გაძლიერება“. თინათინ რუხაძემ ისაუბრა იმ პრობლემებსა და საერთო ბარიერებზე, რომლებსაც ქალები ხშირად აწყდებიან.
ჩვენ სიამოვნებით გიზიარებთ თინათინ რუხაძის ამ ემოციურად დატვირთულ გამოსვლას "საკუთარ თავში ეჭვის შეტანიდან - წარმატებამდე: ქალთა გაძლიერება", რომელსაც გთავაზობთ სრულად და უცვლელად, რადგანაც ის საკუთარ გამოცდილებას და იდეებს გვიზიარებს!
ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი პირადი ისტორია, რომელიც, იმედი მაქვს, თქვენთვის შთაგონების წყარო გახდება. მე გამიმართლა, რომ გამზარდა წარმოუდგენლად ძლიერმა ქალმა, ბებიამ, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა ჩვენს ოჯახში. ალბათ, სწორედ ამიტომ ბავშვობიდან ქალებს სუსტებად არასოდეს აღვიქვამდი. ეს რწმენა გახდა ჩემი ცხოვრების ძირითადი პრინციპი, რამაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წინსვლა და წარმატება მომიტანა. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემი პიროვნული ზრდისა და ჩემი პოტენციალის რეალიზების ყველაზე დიდი დაბრკოლება ჩემს ქალურ იდენტობასთან იყო დაკავშირებული.
ჩვენი კომპანია ACT 2002 წელს დავაფუძნეთ, რასაც მომდევნო წლებში კომპანიის ძალიან სწრაფი ზრდა მოჰყვა. 2008 წლისთვის ჩვენ გავხდით უმსხვილესი კვლევითი კომპანია საქართველოში, ხოლო 2014 წლისთვის ჩვენი ბიზნესი გაფართოვდა და გავხსენით ოფისები ბაქოსა და ალმატაში. თუმცა, 2014 წლიდან ჩვენი კომპანიის ზრდა შენელდა. წარმატების ძველ ფორმულას შედეგი რატომღაც აღარ მოჰქონდა. როგორც კომპანიის მმართველისა და ხედვის ლიდერისთვის, ეს ჩემთვის ძალზე შემაშფოთებელი იყო. მუდმივად ვეკითხებოდი საკუთარ თავს: „რას ვაკეთებთ არასწორად? რა ცვლილებებია საჭირო ჩვენი ზრდის ხელახლა დასაწყებად?” მაგრამ პასუხები არ ჩანდა.
ერთ დღეს მივლინებით გავემგზავრე ჩვენს რეგიონალურ ოფისში ალმატაში. გადავწყვიტე ფრენის ოთხი ხანგრძლივი საათი ღრმა თვითანალიზისთვის გამომეყენებინა. ჩემი ფიქრები იმავე გადაუჭრელ საკითხებს ეხებოდა. „რატომ არ შემიძლია ახალი იდეების გენერირება?“ “რატომ ვერ ვპოულობ გამოსავალს?“ - ვეკითხებოდი ჩემს თავს. მთელი რიგი „რატომ“-ის შემდეგ ჩემი ქვეცნობიერებიდან გამაოგნებელი პასუხი მივიღე: „იმიტომ რომ შენ ქალი ხარ“. ძალზე გაოცებული ვიყავი ჩემი საკუთრი ფიქრებით. როგორ შეიძლება მე, ძლიერი ქალებისა და გენდერული თანასწორობის მხარდამჭერს, თავში ასეთი შემზღუდველი აზრები მქონდეს? მაგრამ მერე გამახსენდა მომენტები ჩემი ცხოვრებიდან, როდესაც მეუბნებოდნენ: „კაცის ტვინი გაქვს“, „კაცივით აზროვნებ“, „კაცივით მამაცი ხარ“ და რაც ყველაზე მთავარია, როგორ სიამაყით ვიღებდი ამ შეფასებებს. მაშინ მივხვდი, რომ მიუხედავად ჩემი დეკლარირებული იდეებისა, ღრმად გულში მე დამარწმუნეს კაცების უპირატესობაში. რეალობა კი ისაა, რომ "კაცივითაც რომ ვაზროვნებდე", მე არ ვარ კაცი. ასე რომ, ჩემდა უნებურად ჩემს წარმატებას შევუქმენი ბარიერი - რადგან, ამ ლოგიკით, მე შეიძლება ვყოფილიყავი ძლიერი ქალი, თუმცა ვერასოდეს მივაღწევდი იმხელა წარმატებას, რაც მამაკაცს შეუძლია.
ამ შემზღუდველი ქვეცნობიერი ბარიერის აღმოჩენამ და შემდეგ მისგან გათავისუფლებამ ჩემს ცხოვრებაშიც და ბიზნესშიც რადიკალური ცვლილებები გამოიწვია. ახალი ხედვით შევცვალეთ ACT-ის ბიზნეს მოდელი და შევქმენით საკონსულტაციო განყოფილება. დღეს კომპანია სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე ის 2014 წელს იყო, ჩვენ 34 ქვეყანაში ვმუშაობთ და მიგვაჩნია, რომ ჩვენს ზრდას არანაირი შეზღუდვა არ აქვს.
ჩემმა ცხოვრების გზამ და სხვა წარმატებულ მეწარმე ქალებთან ურთიერთობამ სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მასწავლა:
პირველი, ქალების განვითარებისთვის ყველაზე დიდი ბარიერი ხშირად მათი შემზღუდველი რწმენაა, რომელიც შეიძლება ისე ღრმად იყოს გამჯდარი ქვეცნობიერებაში, რომ ვერც კი ვაცნობიერებდეთ მის არსებობას. ამ აზროვნებას ხშირად ხელს უწყობს ოჯახი, სკოლა, სოციალური ნორმები და რეალურ ცხოვრებაში უთანასწორობა. მაგალითისათვის, ქალებში ყველაზე მეტად გავრცელებული შემზღუდველი რწმუნებულებებია: "მე არ ვარ საკმარისად კარგი", "მე არ ვიმსახურებ მეტ წარმატებას", "მე ქალი ვარ და არ შემიძლია ამის გაკეთება", "მე არ შემიძლია შევიცვალო", "არ ღირს", "მე ადამიანებს არ ვენდობი“ და „არავინ დამეხმარება“.
მეორე მთავარი ბარიერი არის წარუმატებლობის შიში, სოციალური განსჯის შიში („ცუდი“ ცოლის ან დედის იარლიყის მიკვრის შიში) და თვით წარმატების შიშიც კი - მნიშვნელოვანი ცვლილებების და სოციალური გაკიცხვის შიში, როდესაც ამბიციურ კარიერისტ ქალად გთვლიან.
მესამე ბარიერი არის მხარდამჭერი გარემოს არარსებობა, იქნება ეს ადამიანები თუ სისტემები, რომლებიც აძლიერებენ ქალებს, უზრუნველყოფენ რესურსებზე წვდომას ან მათ ემოციურ მხარდაჭერას.
და ბოლოს, ქალების გაძლიერების მიზნით, მოგიწოდებთ:
• არ გვითხრათ „არა“; მოგვეცით შანსი.
• არ გამოგვცადოთ; გაგვიზიარეთ.
• არ განგვსაჯოთ; გაგვაძლიერეთ!
ყველა ქალს კი ვეტყოდი: გჯეროდეთ საკუთარი თავის, იოცნებეთ და იფიქრეთ მასშტაბურად, იფრინეთ მაღლა! რადგან სიმართლე ისაა, რომ ადამიანის პოტენციალს - მამაკაცი იქნება თუ ქალი - საზღვარი არ აქვს.