უფროსი მენეჯმენტ-კონსულტანტი (ორგანიზაციული ფსიქოლოგია, მენტალური ჯანმრთელობა)
ურთიერთობის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ჩვენ ცხოვრებას დიდწილად განსაზღვრავს სხვა ადამიანებთან ჩვენი ურთიერთობების სტილი და ის, თუ როგორი გვინდა ჩვენი ადგილი იყოს სამყაროში, რომელიც მუდმივად იცვლება. ამ ორ კითხვაზე პასუხი გარკვეულწილად განაპირობებს ჩვენი ცხოვრების მიმართულებას. აქ არ არსებობს მარტივი რაციონალური გადაწყვეტილება. იგი კომპლექსურია და მასზე ზეგავლენას ჩვენი აღზრდა, გამოცდილება, ბავშვობა და მათ შორის გენეტიკური ფაქტორებიც ახდენს.
ურთიერთობების მატრიცა, რომელიც სტატიაშია განხილული „ჰუმანური ლიდერობის ფსიქოლოგიის“ ავტორების (Michel Paschen, Erich Dihmaier) კონცეპტს ეფუძნება, სადაც ურთიერთობები ორი პოლარობის ჭრილშია განხილული. კერძოდ, ჩვენ ვეძებთ ახლო ურთიერთობას სხვა ადამიანებთან და ამიტომ ვეძებთ სიახლოვესა და ურთიერთობაში ჩართულობას. ან ჩვენ შეიძლება გვსურდეს გამოვყოთ საკუთარი თავი სხვებისგან და ვეძიოთ ინდივიდუალობა და ავტონომია. აქედან გამომდინარე, ურთიერთობებზე ორიენტირებული ინდივიდები ღია და გახსნილები არიან, გამოირჩევიან გუნდურობით და ადვილად აჩენენ ნდობას გუნდის წევრებში, ხოლო ავტონომიაზე ორიენტირებული ადამიანები ინდივიდუალისტები, უფრო კონკურენტუნარიანები არიან და მუდმივად სხვებისგან გამორჩეულობას ცდილობენ.
ბუნებრივია ინდივიდებში ეს ორიენტაცია სხვადასხვა დოზით არის გამოხატული და ის შესაძლოა კონტექსტის მიხედვით იცვლებოდეს. ზოგიერთ სიტუაციაში შეიძლება გვსურდეს სიახლოვე და ზოგიერთ სიტუაციაში კი - განცალკევებულობა. თუმცა მიუხედავად ამისა, ინდივიდებში წამყვანი ორიენტაცია ხშირ შემთხვევებში შესამჩნევია. იგი განსაკუთრებით თვალშისაცემი კონფლიქტების დროსაა. თუ დავაკვირდებით გარშემომყოფებს და მათი ურთიერთობების სტილს, უეჭველად აღმოვაჩენთ ადამიანის შინაგანი კომპასის მიმართულებას - ინდივიდუალობა, განსხვავება და კონკურენცია თუ სიახლოვე და ჩართულობა. არიან ადამიანები, რომლებსაც ამ ორი პოლუსიდან უკიდურესი ახასიათებთ, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ საკუთარი თავის სხვებისგან გარჩევას ან ვერ ახერხებენ ურთიერთობების დამყარებას.
ამ ორ ორიენტაციას თავისი შიშები ახასიათებს. ურთიერთობაზე ორიენტირებულ ადამიანებს მარტოობისა და იზოლაციის შიში აქვთ. ავტონომიაზე ორიენტირებულ ადამიანებს კი - ინდივიდუალობისა და განსაკუთრებულობის დაკარგვის შიში. რამდენადაც ძლიერია ეს შიში, იმდენად ძლიერია და თვალშისაცემია ენერგია, რასაც ადამიანები ხარჯავენ იმაში, რომ იყვნენ სხვებისთვის მოსაწონი და გუნდში მიღებული. მეორე პოლარობისთვის დამახასიათებელი შიშის დროს კი, ენერგია იხარჯება ყურადღების ცენტრში ყოფნასა და ყოველ შესაძლო შემთხვევაში საკუთარი უპირატესობის ხაზგასმაზე. ამ ქცევით ტენდენციებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენ ცხოვრებაზე, მათ შორის ლიდერობის სტილზეც.
საკუთარ თავში ტენდენციის ამოსაცნობად საკმარისია დავსვათ კითხვები: პრინციპში რა არის ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი? ახლო, ღია, სანდო ურთიერთობები, საერთო ნიადაგის გაზიარება, სხვებთან თანასწორობა, მიკუთვნებულობის გრძნობა, ალტრუიზმი თუ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გამორჩევა, მეტის მიღწევა, ინდივიდუალურობა და სხვებისგან მკაფიოდ გამორჩეული ცხოვრებით ცხოვრება.
ქვემოთ უფრო დეტალურად არის წარმოდგენილი ორივე ტენდენციისთვის დამახასიათებელი ქცევითი პატერნები.
ურთიერთობებზე ორიენტაცია |
მთავარი შიში - მარტოობა და იზოლაცია
|
როცა ეს ორიენტაცია ძლიერია: |
|
|
|
|
|
|
|
|
|
ავტონომიაზე ორიენტაცია |
მთავარი შიში - ინდივიდუალობისა და მნიშვნელოვნების ნაკლებობა
|
როცა ეს ორიენტაცია ძლიერია: |
|
|
|
|
|
|
|
|
|
მეორე ფუნდამენტური კითხვა ეხება ცვალებად სამყაროში ჩვენს იდენტობას. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ასევე შეგვიძლია ორი პოლარობით. კონტინიუმის ერთ ბოლოში ცვალებად სამყაროში საკუთარი თავისთვის გამოთვლის, პროგნოზირებისა და კონტროლირებადი სტრუქტურის შექმნაა. ამ პოლუსს ბალანსზე ორიენტაცია ეწოდება. ასეთი ორიენტაციის ინდივიდები ეძებენ წესებს, კანონზომიერებას, პროგნოზირებადობასა და სტრუქტურას. კონტინიუმის მეორე პოლარობა სტიმულირებაზე ორიენტაციაა. ასეთ ინდივიდებს სურთ სრულად განიცადონ სამყაროს ცვალებადობა. ისინი ეძებენ ყველაფერში სიახლესა და ცვლილებებს, ახასიათებთ თავგადასავლები და ცნობისმოყვარეობა.
როგორც ურთიერთობებზე ორიენტაციის პოლარობებს, ამ მიმართულებებსაც თავისი შიშები გააჩნია. წონასწორობაზე (ბალანსზე) ორიენტირებულ ადამიანებს ეშინიათ გაურკვევლობის, სპონტანურობის და შესაბამისად, თავისუფლების. ეს შიში აღმოიფხვრება წესების, კონტროლის მექანიზმებისა და პროგნოზირებადობის კუნძულის შექმნით.
მეორეს მხრივ, სტიმულირებაზე ორიენტირებული ადამიანები განიცდიან წესებზე დამორჩილებისა და უცვლელობის შიშს. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს მათ ცხოვრებაში, ეს იქნება რაიმე მნიშვნელოვანის ან დიდებულის გამოტოვება. მათი შიში არის მიჯაჭვულობა, შეზღუდვა და თავისუფლებისა და სპონტანურობის შეუძლებლობა.
თუ დავაკვირდებით, ჩვენს ირგვლივ აღმოვაჩენთ ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან მათ ცხოვრებაში კანონზომიერების არარსებობით, როდესაც მოულოდნელი მოვლენები მათგან ითხოვს მოქნილობას ან როდესაც ყველაფერი დაგეგმილის მიხედვით არ ვითარდება. ასევე, ჩვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად აწუხებთ საკუთარი თავის მიბმა ნებისმიერ რამესთან თუ ვინმესთან, იქნება ეს ცხოვრების პარტნიორი, ცხოვრების წესი თუ უბრალოდ ვალდებულება. ეს ადამიანები იტანჯებიან, როდესაც ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ მათ ცხოვრებაში დაკეტილია კარი, რომლის გაღება შეუძლებელია.
ბალანსზე ორიენტაცია |
მთავარი შიში - გაურკვევლობა და დეზორიენტირებულობა
|
როცა ეს ორიენტაცია ძლიერია: |
|
|
|
|
|
|
|
|
სტიმულზე ორიენტაცია |
|||||||
მთავარი შიში - წესებზე დამორჩილება და უცვლელობა
|
ყველა ორიენტაცია თითოეულ ჩვენგანში განსხვავებული პრიორიტეტით და სხვადასხვა ხარისხით ვლინდება და ბუნებრივია, ის ლიდერულ ურთიერთობებსაც ეხება - ლიდერული ურთიერთობები, მათი განსხვავებული მოტივაციები და ქცევითი პატერნები სწორედ ამ ოთხ ორიენტაციაზე გადის. ყველაზე ნათლად კი ჩვენი დომინანტურ მახასიათებლები კონფლიქტებში იგრძნობა. აქედან გამომდინარე, ლიდერებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საკუთარ თავში ძირითადი ორიენტირებისა და პოლარობების გაცნობიერება, რაც თავისთავად აადვილებს სხვების დანახვას და მიმღებლობას, ასევე კონფლიქტების პრევენციასა თუ მათ ეფექტიანად მართვას.
"ყველა ქალს კი ვეტყოდი: გჯეროდეთ საკუთარი თავის, იოცნებეთ და იფიქრეთ მასშტაბურად, იფრინეთ მაღლა! რადგან სიმართლე ისაა, რომ ადამიანის პოტენციალს - მამაკაცი იქნება თუ ქალი - საზღვარი არ აქვს"
8 ნოემბერს გაიმართა საქართველოში გაეროს ასოციაციის (UNA) და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) კონფერენცია - "Impact Tbilisi Conference: from Blueprints to Breakthroughs"
კონფერენცია მოიცავდა პანელურ დისკუსიას თემაზე „პარტნიორობის როლი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში“, სადაც ყურადღება გამახვილდა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მრავალმხრივ ასპექტებზე. პანელური მსჯელობის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა, რაც უფრო სტაბილური საზოგადოების ფორმირებას ხელს შეუწყობს. შეხვედრაზე აღიარებული იქნა ქალების მხარდაჭერის აუცილებლობა „შუშის ჭერის“ (glass ceiling) დამსხვრევაში და ხაზი გაესვა ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერების მნიშვნელობას. საერთო ჯამში, ჯგუფმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობისა და გაძლიერების მნიშვნელობას, როგორც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.
პანელის მომხსენებელი იყო ACT მმართველი პარტნიორი და მენეჯმენტ-კონსულტანტი თინათინ რუხაძე, რომელმაც ისაუბრა თემაზე „საკუთარ თავში ეჭვის შეტანიდან - წარმატებამდე: ქალთა გაძლიერება“. თინათინ რუხაძემ ისაუბრა იმ პრობლემებსა და საერთო ბარიერებზე, რომლებსაც ქალები ხშირად აწყდებიან.
ჩვენ სიამოვნებით გიზიარებთ თინათინ რუხაძის ამ ემოციურად დატვირთულ გამოსვლას "საკუთარ თავში ეჭვის შეტანიდან - წარმატებამდე: ქალთა გაძლიერება", რომელსაც გთავაზობთ სრულად და უცვლელად, რადგანაც ის საკუთარ გამოცდილებას და იდეებს გვიზიარებს!
ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი პირადი ისტორია, რომელიც, იმედი მაქვს, თქვენთვის შთაგონების წყარო გახდება. მე გამიმართლა, რომ გამზარდა წარმოუდგენლად ძლიერმა ქალმა, ბებიამ, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა ჩვენს ოჯახში. ალბათ, სწორედ ამიტომ ბავშვობიდან ქალებს სუსტებად არასოდეს აღვიქვამდი. ეს რწმენა გახდა ჩემი ცხოვრების ძირითადი პრინციპი, რამაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წინსვლა და წარმატება მომიტანა. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემი პიროვნული ზრდისა და ჩემი პოტენციალის რეალიზების ყველაზე დიდი დაბრკოლება ჩემს ქალურ იდენტობასთან იყო დაკავშირებული.
ჩვენი კომპანია ACT 2002 წელს დავაფუძნეთ, რასაც მომდევნო წლებში კომპანიის ძალიან სწრაფი ზრდა მოჰყვა. 2008 წლისთვის ჩვენ გავხდით უმსხვილესი კვლევითი კომპანია საქართველოში, ხოლო 2014 წლისთვის ჩვენი ბიზნესი გაფართოვდა და გავხსენით ოფისები ბაქოსა და ალმატაში. თუმცა, 2014 წლიდან ჩვენი კომპანიის ზრდა შენელდა. წარმატების ძველ ფორმულას შედეგი რატომღაც აღარ მოჰქონდა. როგორც კომპანიის მმართველისა და ხედვის ლიდერისთვის, ეს ჩემთვის ძალზე შემაშფოთებელი იყო. მუდმივად ვეკითხებოდი საკუთარ თავს: „რას ვაკეთებთ არასწორად? რა ცვლილებებია საჭირო ჩვენი ზრდის ხელახლა დასაწყებად?” მაგრამ პასუხები არ ჩანდა.
ერთ დღეს მივლინებით გავემგზავრე ჩვენს რეგიონალურ ოფისში ალმატაში. გადავწყვიტე ფრენის ოთხი ხანგრძლივი საათი ღრმა თვითანალიზისთვის გამომეყენებინა. ჩემი ფიქრები იმავე გადაუჭრელ საკითხებს ეხებოდა. „რატომ არ შემიძლია ახალი იდეების გენერირება?“ “რატომ ვერ ვპოულობ გამოსავალს?“ - ვეკითხებოდი ჩემს თავს. მთელი რიგი „რატომ“-ის შემდეგ ჩემი ქვეცნობიერებიდან გამაოგნებელი პასუხი მივიღე: „იმიტომ რომ შენ ქალი ხარ“. ძალზე გაოცებული ვიყავი ჩემი საკუთრი ფიქრებით. როგორ შეიძლება მე, ძლიერი ქალებისა და გენდერული თანასწორობის მხარდამჭერს, თავში ასეთი შემზღუდველი აზრები მქონდეს? მაგრამ მერე გამახსენდა მომენტები ჩემი ცხოვრებიდან, როდესაც მეუბნებოდნენ: „კაცის ტვინი გაქვს“, „კაცივით აზროვნებ“, „კაცივით მამაცი ხარ“ და რაც ყველაზე მთავარია, როგორ სიამაყით ვიღებდი ამ შეფასებებს. მაშინ მივხვდი, რომ მიუხედავად ჩემი დეკლარირებული იდეებისა, ღრმად გულში მე დამარწმუნეს კაცების უპირატესობაში. რეალობა კი ისაა, რომ "კაცივითაც რომ ვაზროვნებდე", მე არ ვარ კაცი. ასე რომ, ჩემდა უნებურად ჩემს წარმატებას შევუქმენი ბარიერი - რადგან, ამ ლოგიკით, მე შეიძლება ვყოფილიყავი ძლიერი ქალი, თუმცა ვერასოდეს მივაღწევდი იმხელა წარმატებას, რაც მამაკაცს შეუძლია.
ამ შემზღუდველი ქვეცნობიერი ბარიერის აღმოჩენამ და შემდეგ მისგან გათავისუფლებამ ჩემს ცხოვრებაშიც და ბიზნესშიც რადიკალური ცვლილებები გამოიწვია. ახალი ხედვით შევცვალეთ ACT-ის ბიზნეს მოდელი და შევქმენით საკონსულტაციო განყოფილება. დღეს კომპანია სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე ის 2014 წელს იყო, ჩვენ 34 ქვეყანაში ვმუშაობთ და მიგვაჩნია, რომ ჩვენს ზრდას არანაირი შეზღუდვა არ აქვს.
ჩემმა ცხოვრების გზამ და სხვა წარმატებულ მეწარმე ქალებთან ურთიერთობამ სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მასწავლა:
პირველი, ქალების განვითარებისთვის ყველაზე დიდი ბარიერი ხშირად მათი შემზღუდველი რწმენაა, რომელიც შეიძლება ისე ღრმად იყოს გამჯდარი ქვეცნობიერებაში, რომ ვერც კი ვაცნობიერებდეთ მის არსებობას. ამ აზროვნებას ხშირად ხელს უწყობს ოჯახი, სკოლა, სოციალური ნორმები და რეალურ ცხოვრებაში უთანასწორობა. მაგალითისათვის, ქალებში ყველაზე მეტად გავრცელებული შემზღუდველი რწმუნებულებებია: "მე არ ვარ საკმარისად კარგი", "მე არ ვიმსახურებ მეტ წარმატებას", "მე ქალი ვარ და არ შემიძლია ამის გაკეთება", "მე არ შემიძლია შევიცვალო", "არ ღირს", "მე ადამიანებს არ ვენდობი“ და „არავინ დამეხმარება“.
მეორე მთავარი ბარიერი არის წარუმატებლობის შიში, სოციალური განსჯის შიში („ცუდი“ ცოლის ან დედის იარლიყის მიკვრის შიში) და თვით წარმატების შიშიც კი - მნიშვნელოვანი ცვლილებების და სოციალური გაკიცხვის შიში, როდესაც ამბიციურ კარიერისტ ქალად გთვლიან.
მესამე ბარიერი არის მხარდამჭერი გარემოს არარსებობა, იქნება ეს ადამიანები თუ სისტემები, რომლებიც აძლიერებენ ქალებს, უზრუნველყოფენ რესურსებზე წვდომას ან მათ ემოციურ მხარდაჭერას.
და ბოლოს, ქალების გაძლიერების მიზნით, მოგიწოდებთ:
• არ გვითხრათ „არა“; მოგვეცით შანსი.
• არ გამოგვცადოთ; გაგვიზიარეთ.
• არ განგვსაჯოთ; გაგვაძლიერეთ!
ყველა ქალს კი ვეტყოდი: გჯეროდეთ საკუთარი თავის, იოცნებეთ და იფიქრეთ მასშტაბურად, იფრინეთ მაღლა! რადგან სიმართლე ისაა, რომ ადამიანის პოტენციალს - მამაკაცი იქნება თუ ქალი - საზღვარი არ აქვს.
თუ თქვენი კომპანიის ზრდა შედეგის ზრდის პროპორციული არ არის, თუ გუნდი არ ქმნის სინერგიას, საკუთარ შეცდომებზე არ საუბრობს და არ აზიარებს გამოცდილებას. მაშინ თქვენს ორგანიზაციაში შესაძლოა ბუნკერულ აზროვნებაა (Silo Mentality), თვითონ ორგანიზაცია კი ბუნკერულია (Silo organization).
რას გულისხმობს ბუნკერული ორგანიზაცია (Silo Organization)?
ბუნკერული ორგანიზაცია გულისხმობს სიტუაციურად - მცირე, მექანიკურ ჯგუფებად დაყოფილ ორგანიზაციას, სადაც თანამშრომლები ქმნიან მათზე მორგებულ სუბ-კულტურას და ცალკეულ შემთხვევებში შეიმუშავებენ სუბ-კულტურისთვის სახასიათო ტერმინოლოგიას, სასაუბრო ენას.
სუბ-კულტურა შესაძლოა ჩამოყალიბდეს დეპარტამენტების, ორგანიზაციული რანგების ან/და სულაც დეპარტამენტის შიგნით რამოდენიმე ადამიანის მიერ. მსგავს სუბ-კულტურებში განხორციელებული ნაბიჯები, ცვლილებები და განწყობები უცნობია მეორე ჯგუფისთვის.
მექანიკური სუბ-კულტურების ჩამოყალიბება, იგივე ბუნკერული სუბ-კულტურა ხელშემშლელია ორგანიზაციისთვის, ვინაიდან ემიჯნება ორგანიზაციის საერთო მიზანს თუ მისიას. ამ დროს ისინი მოქმედებენ საკუთარი მიკრო ინტერესების გათვალისწინებით, ამცირებს ეფექტურობას და სინერგიას ორგანიზაციულ დონეზე თუ დეპარტამენტულ დონეზე.
რატომ ყალიბდება ბუნკერული აზროვნება (Silo Mentality)?
ბუნკერული ორგანიზაცია - ბუნკერული აზროვნების სტილით ყალიბდება, რაც სათავეს არქაული წარსულიდან, ტომური პრინციპებიდან იღებს.
ადამიანებს კვლავ შენარჩუნებული გვაქვს ტომური მოწყობის იმპულსები და მიდრეკილები ვართ, ჩამოვაყალიბოთ მცირე სუბ-კულტურა, ამ სუბ-კულტურასთან გვქონდეს მიკუთვნებულობის განცდა, ხოლო სხვა სუბ-კულტურასთან შევიდეთ კონკურენციაში, „შევეწინააღმდეგოთ“ მას, სწორედ ეს იმპულსები გვკარნახობს მცირე სუბ-კულტურებში ინტერაქციას და სხვა სუბ-კულტურებთან შეჯიბრებითობას[1].
როდესაც ორგანიზაციაში კულტურულ თუ სისტემურ დონეზე არ არის კომუნიკაციის და მაღალი ხარისხის კავშირების დამყარების შესაძლებლობა, როდესაც ორგანიზაციული კულტურა არ ეფუძნება პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობას და ზედა რგოლის მენეჯმენტის მიერ წახალისებულია მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულობა და შეჯიბრებითობა, ეს აძლიერებს ბუნკერულ მენტალიტეტს. მაგალითად, დეპარტამენტებს შორის შეჯიბრობითობის პრინციპი აძლიერებს გათიშულობას და კლავს თანამშრომლობის სურვილს. მენეჯმენტისგან მსგავსი გარემოს მიმართ ტოლერანტულობა კი, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორგანიზაციის კულტურას და განაპირობებს ბუნკერული აზროვნების გაძლიერებას.
საინტერესოა, რომ ბუნკერული აზროვნება შესაძლოა უნებლიედ ჩამოყალიბდეს, როდესაც ერთი გუნდი, დეპარტამენტი, ცდილობს ეფექტურობის სწრაფ ზრდას, მაგრამ არ ითვალისწინებს სხვა გუნდებში არსებულ პროცესებს და მათ საქმიანობას.
ბუნკერულ აზროვნებას დიდი გავლენა აქვს ორგანიზაციის ეფექტურობაზე და შესაძლოა ჰქონდეს რამოდენიმე გამოვლინება:
თანამშრომლების დაბალი მოტივაცია და დენადობის მაღალი მაჩვენებელი
გუნდის დიდი ნაწილი, რომელიც ტოვებს სამსახურს მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის ვადაში, თავს გრძნობს იზოლირებულად, მას არ აქვს კოლაბორაციის უნარი და გუნდთან თუ ლიდერთან ერთიანობის განცდა.
არაეფექტურობა, წარუმატებელი პროექტების მაჩვენებლის ზრდა
ბუნკერული აზროვნების მქონე გუნდი კომუნიკაციის სიმცირისა და გამოცდილების გაზიარების სურვილის არ ქონის გამო ხშირ შემთხვევაში წარუმატებელია, მათ მიერ შესრულებული პროექტების მაჩვენებელი კი დაბალია ან/და ნელ-ნელა იკლებს.
ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა
ბუნკერული აზროვნება გარემოს ვიწრო პერსპექტივიდან აღიქვამს. მსგავსი გუნდები ნაკლებად იღებენ და იზიარებენ ახალი გუნდის წევრის გამოცდილებას, მის პერსპექტივას. მსგავს ორგანიზაციაში შესაძლოა არსებობდეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების განცდა, რომელიც შესაძლოა გამოიხატოს სიტყვებში ან/და ქმედებებში, მაგალითად, „მე ეს მეთოდი უკვე ვცადე და არ იმუშავა“, „მე ბევრჯერ ვცადე დალაპარაკება, მაგრამ არ გაამართლა“ და ა.შ.
პრობლემის მოგვარების ალტენატიული გზის არ არსებობა
ბუნკერული აზროვნებისას კომუნიკაციის, გაზიარების სიმცირის გამო კომპანიები და გუნდები კარგავენ პრობლემის მოგვარების და მიზნის მიღწევის ალტერნატიული გზების შესაძლებლობას. კარგავენ არსებული სიტუაციის შემოქმედებითად გაანალიზების შესაძლებლობას.
ბუნკერული აზროვნების ცვლილების რამოდენიმე გზა არსებობს და თითოეული მათგანი კოლაბორაციის და კომუნიკაციის პროცესის გაუმჯობესებაზე გადის.
განვიხილოთ რამოდენიმე შესაძლო ნაბიჯი, რომელიც ბუნკერული ორგანიზაციის ცვლილებაში დაგეხმარებათ:
გუნდის მიერ ორგანიზაციის მისიის და ხედვის გააზრება
ბუნკერული აზროვნების დაძლევის მნიშვნელოვანი გზა მკაფიო და ნათელი, ავთენტური მისიის და ხედვის ჩამოყალიბებაა. მისიის და ხედვის ჩამოყალიბებისას არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზედა რგოლის მენეჯმენტის შემუშავების პროცესში ჩართვა და გუნდის თითოეული წევრისთვის მისიის და ხედვის მნიშვნელობის ახსნა, დიად მიზანში მათი როლის ჩვენება.
ლიდერის როლი
ბუნკერული აზროვნების შეცვლა შესაძლებელია ჩართული და დაინტერესებული ლიდერის დახმარებით, რომელიც თანამშრომლების მხრიდან წაახალისებს. კითხვების დასმას და ქმნის შესაბამის პლატფორმებს ამისთვის.
ბუნკერული აზროვნების შეცვლისთვის მნიშვნელოვანია ლიდერი იყოს როლური მოდელი, გამოხატოს ემპათია და ღიაობა თანამშრომლების იდეებისა თუ ინიციატივებისადმი.
ორგანიზაციული კულტურის კომპონენტების ცვლილება
ბუნკერული აზროვნების შეცვლა ძალიან რთულია ორგანიზაციული კულტურის და ორგანიზაციაში არსებული ფასეულობების გადახედვისა და შეცვლის გარეშე. მთავარი პრინციპი არის ორგანიზაციისთვის ორგანული და ამავდროულად წარმატების განმაპირობებელი ფასეულობების აღმოჩენა, მისი ხაზგასმა და ორგანიზაციის თითოეულ პროცესსა თუ სტანდარტში მისი გათვალისწინება.
კულტურის ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში ნეგატიური ან ნეიტრალური კავშირების (ბუნკერული კავშირების გამომწვევი) მაღალი ხარისხის კავშირებით (HQC) ჩანაცვლება. ასევე ორგანიზაციაში არსებული არაფორმალური ლიდერების, ე.წ. კულტურის ბროკერების (cultural brokers) ჩართვა და სუბ-კულტურების აზროვნების ცვლილებაში მათი მხარდაჭერა. ორგანიზაციული სისტემების ჩამოყალიბებისას კულტურულ ბროკერებს მნიშვნელობის ხაზგასმა და სისტემის მთავარ კომპონენტად ქცევა.
მობილური ორგანიზაციული სტრუქტურა
ეს არის ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს მარტივ მოწყობას და დეპარტამენტების ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობას. მსგავსი ორგანიზაციული სტრუქტურის საუკეთესო მაგალითია ეჯაილური მოწყობა.
სტრუქტურის ანალიზისას და მისი ცვლილებისას მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ორგანიზაციაში არსებული სირთულეები, კომუნიკაციის და კოლაბორაციის წარმატებული თუ წარუმატებელი მაგალითები და ჩამოყალიბდეს ინკლუზიური მოწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს:
ქროს - ფუნქციური გუნდები (ასევე მოიხსენიებენ, როგორც ვეფხვის გუნდებს)
გუნდების მსგავსი მოწყობა თანამედროვე ბიზნესის სტანდარტებს სრულად შეესაბამება და გულისხმობს სხვადასხვა დეპარტამენტის, სხვადასხვა ფუნქციის, უნარის, ცოდნის მქონე ადამიანების გაერთიანებას ერთი საერთო პროექტის ან/და მიზნის შესასრულებლად.
ქროს - ფუნქციური გუნდების შემადგენლობა შესაძლოა ცვალებადი იყოს მიზნების და ამოცანების შესაბამისად.
არსებობს ორი ტიპის ქროს-ფუნქციური გუნდი („ვეფხვის გუნდები“). ერთ შემთხვევაში, გუნდი იკრიბიბა ერთჯერადად რაიმე დიდი პრობლემის არსებობისას. ამის მაგალითია კრიზისის მართვისას გუნდური მუშაობის პრინციპი.
მეორე შემთხვევაში, გუნდი ატარებს უფრო მუდმივ ხასიათს - მაგალითად, როდესაც გუნდში ადამიანს აქვს როლი მისი ყოველდღიური ვალდებულებების პარალელურად ორგანიზაციაში, მაგალითად, ორგანიზაციაში ადამიანი შესაძლოა იყოს ფინანსური მენეჯერი და ამასთანავე, იყოს გამოცდილების გაზიარებისთვის ჩამოყალიბებული ქროს-ფუნქციური გუნდის წევრი, რომლის ამოცანაც ორგანიზაციული განვითარების და გაზიარების სისტემების ჩამოყალიბებაა.
ორივე შემთხვევაში სასურველია გუნდების წევრების პერიოდული როტაცია.
ინფორმაციის ნაკადი
ბუნკერული ორგანიზაციის თავიდან არიდებისთვის ძალიან ეფექტურია საზიარო მენეჯმენტ პლატფორმის გამოყენება, რომელშიც მოხდება ორგანიზაციაში არსებული სიახლეების/ინფორმაციის გაზიარება და ასახული იქნება განხორციელებული ან/და მიმდინარე პროექტების სტატუსი.
ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში არსებობდეს საკომუნიკაციო სქემა, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული ინფორმაციის ნაკადების მართვის პრინციპი და კომპანიის შიგნით გასავრცელებელი ინფორმაციის ტიპი თუ პერიოდულობა.
[1] მარიო მოსას, დერეკ ნიუბერის და გრეგ ურბანის წიგნი “კულტურული თავსატეხი”.
მოსახლეობის უმრავლესობას სურს ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ქვეყნის მხოლოდ ნახევარს აქვს იმედი, რომ ეს წელს მოხდება.
სურვილი და იმედი
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში უნდა მიიღონ, თუმცა მანამდე ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას გამოაქვეყნებს და გადაწყვეტილებაც დიდწილად ამ შეფასებებს დაეფუძნება. ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღე რჩება.
კვლევითმა კომპანიამ - „ეისითი“ საქართველოში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული დამოკიდებულებების კვლევა ჩაატარა.
მოსახლეობის გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის 20-31 ოქტომბერს ჩატარდა, სატელეფონო კვლევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18-65 წლის, 809 რესპონდენტი, შერჩევის ჯამური ცდომილება შეადგენს 3,5%.
კვლევის თანახმად 10-დან 9 საქართველოს მოქალაქეს (87%) სურს რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კვლევის თანახმად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილი თბილისში მაცხოვრებელთა 92% აქვს, ხოლო რეგიონებში 85%-ს.
საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი კი - 45% ფიქრობს, რომ ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიმდინარე წელს. ოპტიმისტურად არიან განწყობილი რეგიონებში - 47% ვარაუდობს, რომ წელს აღნიშნულ სტატუს ქვეყანა მიიღებს, ხოლო შედარებით ნაკლებია მოლოდინი დედაქალაქში - ყოველი 10 გამოკითხულიდან მხოლოდ 4 მოქალაქე ელის წელს კანდიდატის წევრობის სტატუსს.
ევროკავშირის წევრობა ნიშნავს ქვეყნის განვითარებულ მომავალს.
საქართველოს მოსახლეობისთვის ცალსახაა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებისგან მიღებული სარგებელი. ეისითის მიერ გასულ წელს (2022 წლის ივნისი) ჩატარებული კვლევის თანახმად ქვეყნის მოსახლეობის 90%-სთვის ევროკავშირის წევრობა ნიშნავს საქართველოს განვითარებულ მომავალს.
წევრობა გამოკითხული მოქალაქეებისთვის ასოცირდებოდა რუსეთის სამხედრო აგრესიისგან დაცვის საშუალებად (66%), ყოველი 10 მოქალაქიდან 8-ს მიაჩნდა, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება რუსეთისთვის გაგზავნილი მკაფიო სიგნალი, რომ საქართველოს დასავლური კურსი აქვს.
ამიტომაც გასული წლის შედეგები ემთხვევა წლევანდელი კვლევის ძირითად მონაცემს და ავლენს ქართველი ხალხის ურყევ ნებას - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. 2022 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ყოველი მეორე მოქალაქე ელოდა. გამოკითხვისას მოსახლეობის აზრით სტატუსის ვერ მიღების მიზეზების სამეული ასე გამოიყურებოდა: ადამიანის უფლებების დარღვევა (27%), რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მიმართ არამკაფიო პოზიცია (26%) და პრობლემები სასამართლო სისტემაში (26%).
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას მოსახლეობის 83% მნიშვნელოვან მოვლენად აფასებდა და თვლიდა, რომ საქართველო ისე როგორც არასდროს ახლოს არის ევროკავშირის წევრობასთან. მოქალაქეები მიიჩნევდნენ რომ თუ საქართველო უახლოეს მომავალში არ მიიღებს წევრობის კანდიდატის სტატუსს მას ასეთი შანსი დიდხანს აღარ ექნება.
ხალხის არჩევანი და ხალხის დამსახურება
გასული წლის კვლევა ასევე ავლენდა ხალხის აზრით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებაზე პასუხისმგებელს - 10-დან ყოველი ოთხი მოქალაქე (38%) თვლიდა, რომ პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს ქვეყნისთვის ამ შანსის მიცემას და კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს - გამოკითხულთა უმრავლესობის (40%) აზრით - ეს ქართველი ხალხის დამსახურება იქნება.
8 ნოემბერს ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას გამოაქვეყნებს, სწორედ ეს დასკვნა იქნება დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების წინაპირობა, ჩვენ უკვე ვიცით რა სურს ქვეყანის მოსახლეობის უმრავლესობას, თუმცა არ ვიცით გამართლდება თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი მოქალაქეების მოლოდინი, რომლებიც თვლიან, რომ ჭიქა ნახევარდ სავსეა და ქვეყანა ევროპის კარს აუცილებლად წელს შეაღებს.