/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
გაციფრულება
გაციფრულება

სამყარო, რომელშიც დღეს ბიზნესი ოპერირებს ციფრულია და შესაბამისად, უბიძგებს კომპანიებს გაციფრულებისკენ. მათ დღის წესრიგში უკვე აღარ დგას შეკითხვა „უნდა გაციფრულდნენ თუ არა?“. ახლა აქტუალურია იმის გარკვევა თუ „როგორ უნდა გაციფრულდნენ ეფექტურად“, რაც კომპანიის განვითარებისთვის, მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.


კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია არის ერთგვარი მეტამორფოზა, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის ორგანიზაციის საქმიანობის წესს და გავლენას ახდენს მის სამუშაო პროცესზე, საკომუნიკაციო არხებზე, იმპლემენტირებულ სისტემებზე, ორგანიზაციულ სტრუქტურასა და კულტურაზე. საკონსულტაციო სფეროში კლიენტებთან მუშაობის ოცწლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ციფრული ტექნოლოგიებით შესაძლებელია კომპანიას ახალი სული შთაბერო. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია დაგროვილი გამოცდილება სხვებს გავუზიაროთ, რათა თანამედროვე სამყაროს ციფრულ გამოწვევებს კომპანიები ღირსეულად გაუმკლავდნენ, გაძლიერდნენ და თანამედროვე ბიზნეს რუკაზე თავისი ადგილი დაიმკვიდრონ.


ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების სპექტრი ძალიან ფართო, ხოლო მათი გამოყენებით მიღებული ბენეფიტები მრავალფეროვანია. ციფრული რევოლუცია ახლებურად აკავშირებს ადამიანებს, პროცესებსა და ტექნოლოგიებს. კომპანიებსა და მათ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში, ერთ ენაზე ისაუბრონ.


ციფრული ტრანსფორმაცია ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ, პრობლემის გადაჭრის ახლებური გზაა - ის ახალ ღირებულებებსა და ფასეულობებს სძენს კომპანიებს. ციფრული მეტამორფოზა კომპანიის, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმის ტრანსფორმაციას გულისხმობს და არა მხოლოდ მისი განყენებული, რომელიმე ერთი ნაწილის ინოვაციას. ჩვენი გამოცდილებით, ეს მეტამორფოზა მაინდსეტის ცვლილებიდან იწყება, რომელიც შემდგომში, სრულიად ახალ ბიზნეს მოდელში ტრანსფორმირდება. ციფრული ტრანსფორმაცია ხდება არა დროის კონკრეტულ მომენტში, არამედ იგი განვითარების უწყვეტ პროცესს წარმოადგენს, რომელიც კომპანიებს უბიძგებს არასდროს შეწყვიტონ შეკითხვების დასმა და მზად შეხვდნენ ახალ გამოწვევებს.


ჩვენი მიდგომა


გვჯერა, რომ ციფრული სამყარო ჩვენი მომავლის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი კომპანიებს ეხმარება შემოქმედებითობა და ტექნოლოგია ერთმანეთთან დააკავშირონ, რათა ციფრული შესაძლებლობები აქციონ ციფრულ რეალობად.

კომპანიის ციფრული მეტამორფოზა ექვს ეტაპს ეფუძნება:


1


მიგვაჩნია, რომ მომავალი სწორედ იმ ტექნოლოგიებით იქმნება, რომელსაც ადამიანები მართავენ (harness). ციფრულ სამყაროში კომპანიებს სჭირდებათ ციფრული მაინდსეტის მქონე ადამიანები, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა დაინახონ ტექნოლოგიების ძალა და მისი შესაძლებლობები ბიზნესში. ნებისმიერი იდეა, ტექნოლოგია თუ სიახლე ფუჭია შესაბამისი მზაობის, მაინდსეტის, გაუმჯობესებული უნარებისა და ინოვაციურობისკენ სწრაფვის გარეშე.


2


ორგანიზაციის ციფრული დიაგნოსტიკა გვეხმარება შევაფასოთ კლიენტების ფაქტობრივი მდგომარეობა და მათი პოზიცია ციფრულ ერაში. ამ ეტაპზე გამოვლენილი შესაძლებლობებითა და იდენტიფიცირებული გამოწვევების გაანალიზებით ვსახავთ შემდგომ ნაბიჯებს.









3


თანამედროვე კომპანიები საქმიანობენ ციფრულ სამყაროში, შესაბამისად მათი სტრატეგია უნდა უზრუნველყოფდეს ციფრულ სამყაროში ოპერირებას. ამ ეტაპზე ციფრულ სამყაროში სამოქმედო სტრატეგიის ფორმირებამ შესაძლოა კომპანიებს ბიზნეს მოდელის ცვლილებისკენ უბიძგოს.


4


ციფრული სტრატეგიის ფორმირების შემდეგ ხდება ორგანიზაციის, როგორც ერთიანი ორგანიზმის მომზადება ციფრული ტრანსფორმაციისთვის, რაც მოიცავს ორგანიზაციული სტრუქტურის, ქცევისა და კულტურის მოდიფიკაციას.









5


ციფრული სამყაროს შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ესაჭიროება ციფრული უნარები. შესაბამისად, კომპანიაში ციფრული მეტამორფოზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს თანამშრომლები წარმოადგენენ. შემდეგი ეტაპი კომპანიის თანამშრომელთა ციფრული უნარების გამომუშავებასა და გაუმჯობესებას გულისხმობს.


6


ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანებული ციფრული მაინდსეტის, სტრატეგიის, ორგანიზაციული კულტურისა და თანამშრომელთა ციფრული უნარების კულმინაციის შედეგი აისახება ორგანიზაციის გაციფრულებაში.




ციფრული დიაგნოსტიკა arrow

ჩვენი გუნდი აფასებს კომპანიის მდგომარეობას, სად იმყოფება მოცემული მომენტისთვის კომპანია და რა მიმართულებით სურს მას წასვლა/განვითარება. ამ პროცესში ასევე ვაკვირდებით კომპანიის ტექნოლოგიებს, მონაცემთა სისტემებსა და კომპანიის მამოძრავებელ ძალას - ადამიანებს. კომპლექსური მიდგომით შევისწავლით კომპანიის ორგანიზაციულ კულტურას, ლიდერშიფის ფორმებსა და მართვის მეთოდებს. ეს პროცესი გვეხმარება ძირეულად შევისწავლოთ კომპანია და მასთან დაკავშირებული ფაქტორები. ორგანიზაციის შიდა ეკოსისტემის შეფასების შემდეგ, მას ვუკავშირებთ გარემო ფაქტორებს - ვახდენთ კომპანიის პოზიციონირების შეფასებასა და ინდუსტრიის ტრენდების იდენტიფიცირებას.


კომპანიის შესწავლის შემდეგ, ეისითის გუნდი ეხმარება მას ახალი შესაძლებლობების შექმნაში და აძლიერებს მას, რათა კომპანიამ ციფრული ერის გამოწვევები კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით მიიღოს (embrace).

ციფრული სტრატეგია arrow

გვჯერა, რომ კომპანიის გაციფრულების წარმატებით განხორციელება დამოკიდებულია მძლავრ, მიზანმიმართულ სტრატეგიაზე, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს მაინდსეტის დონეზე გაითავისონ ციფრული სამყაროს არსი. ამის საფუძველზე, ჩვენს კლიენტებს ვეხმარებით მოიპოვონ ციფრული უპირატესობა, რისი მიღწევაც შესაძლებელია მართებული ციფრული ინიციატივების წამოწყებითა და საჭირო პროცესების, პლატფორმებისა თუ კულტურის შექმნით. უფრო კონკრეტულად კი, მათ ვეხმარებით ციფრული სტრატეგიის გზამკვლევის (roadmap) შექმნაში, რომელიც შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

  • ციფრული ხედვის ფორმირება - გაციფრულების გავლენა ინდუსტრიაზე, ახალი შესაძლებლობები და კონკურენტები, შესაბამისი ბიზნეს და საოპერაციო მოდელის შერჩევა/იდენტიფიცირება.
  • კონკურენტული უპირატესობის შეფასება - რა გავლენა აქვს კონკურენციაზე გაციფრულებას, ვავლენთ კომპანიის უპირატესობებსა და მტკივნეულ წერტილებს შემდეგი პრევენციისთვის.
  • გაციფრულება გაუმჯობესებისთვის - კომპლექსური შესწავლის საფუძველზე ვავლენთ იმ ციფრულ შესაძლებლობებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება კომპანიის საქმიანობას და წარმოადგენს ოპტიმიზაციის საუკეთესო გზას.
  • ვაკუუმის ამოვსება - ამ ეტაპზე ვავლენთ დასახული ციფრული მიზნების მისაღწევად საჭირო უნარებს, სისტემებსა თუ პლატფორმებს და ვუკავშირებთ კომპანიის ფაქტობრივ მდგომარეობას. შესაბამისად, ვაძლიერებთ კომპანიის გუნდს მოიძიოს ან შექმნას საჭირო რესურსები.
  • ტრანსფორმაციის გზამკვლევი - კომპანიებს ვეხმარებით გზა გაიკვლიონ ტრანსფორმაციის უწყვეტ პროცესში და მხარს ვუჭერთ საჭირო ნაბიჯების გაანალიზებაში, რათა მიაღწიონ მკაფიო, გაზომვად შედეგებს.
ციფრული კულტურა arrow

ჩვენი ღრმა რწმენით, ნებისმიერი კრიზისის გადალახვისა თუ შესაძლებლობის მაქსიმალურად ათვისების ერთ-ერთ განუყოფელ და უმნიშვნელოვანეს ელემენტს თანამშრომელთა გუნდი წარმოადგენს. ჩვენი კონსულტანტები ეხმარებიან კომპანიებს გააუმჯობესონ ან შექმნან ისეთი ორგანიზაციული გარემო, რომელიც ფასილიტაციას გაუწევს შთაგონებას, შემოქმედებასა და ახალი იდეები გენერირებას. მიგვაჩნია, რომ სწორედ ადამიანების მიერ მართული ციფრული ტექნოლოგიები განაპირობებს ბიზნესის ახალ, ციფრულ ერაში კომპანიების წარმატებას. შესაბამისად, ჩვენს კლიენტებს ვეხმარებით მათი ადამიანური რესურსის გადამზადებაში, ციფრული უნარების შესაძენად კვალიფიკაციის ამაღლებასა და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაში. უფრო ზუსტად კი, ვმუშაობთ შემდეგი მიმართულებებით:

  • ეჯაილური ორგანიზაციული სტრუქტურა
  • ადამიანური რესურსების მართვის ციფრული მეთოდები (Digital HR)
  • სამუშაო სივრცის (WORKSPACE) გაციფრულება
  • თანამშრომელთა ციფრული უნარებით აღჭურვა
გაციფრულება arrow

ჩვენ არ ვიზიარებთ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ციფრული ტექნოლოგიებით ადამიანის ჩანაცვლება მოხდება შრომით ბაზარზე. ჩვენმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ციფრული ტექნოლოგიების იმპლემენტაცია ეხმარება ადამიანებს უფრო მაღალი ეფექტურობის მიღწევასა და ხელშესახები, გაზომვადი შედეგების მიღწევაში. გვჯერა, რომ მომავალი დღეს, ადამიანების მიერ მართული ციფრული ტექნოლოგიებით იქმნება და მიგვაჩნია, რომ გაციფრულება ბიზნესის განვითარების განუყოფელი ნაწილია.


ბიზნესის მუდმივად ცვალებადი გარემო კომპანიებს უბიძგებს მაქსიმალური მოქნილობისა და ოპერატიულობისკენ. ამის მისაღწევად კი, მნიშვნელოვანია შერჩეული ტექნოლოგიებისა და პლატფორმების სწორი გამოყენება. ადამიანური რესურსისა და ციფრული ტექნოლოგიების კომბინირებით, შესაძლებელია კომპანიებმა მომხმარებლებისთვის გააუმჯობესონ ან შექმნან უფრო მაღალი ფასეულობის მქონე გამოცდილება. შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით კლიენტ კომპანიებს მოახდინონ პერსონალური სამომხმარებლო გამოცდილებისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის ოპტიმიზაცია. ვაძლიერებთ მათ, რათა შეძლონ ოპერაციების სრულყოფა და ავტომატიზაცია - პროცესებისა და ოპერაციების ოპტიმიზაცია. ასევე შთავაგონებთ მათ, ახალი ციფრული შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებით შექმნან ინოვაციური ფასეულობები, მათ შორის:

  • ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები
  • გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის სისტემების (CRM) ტრანსფორმაცია
  • ბიზნეს პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია
  • პროდუქტებისა და სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია
  • საწარმოო მეთოდების გაციფრულება/ავტომატიზაცია
  • ციფრული მომარაგების/მიწოდების ჯაჭვი
  • ინოვაციის გაძლიერება (სტიმულირება)
  • ციფრული პლატფორმები (მაგ CRM, ONA?)
  • კიბერ უსაფრთხოება
  • მეგა მონაცემები და ანალიტიკა

ჩვენი მიდგომა გულისხმობს როგორც კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ციფრული გზებით, ასევე ორგანიზაციის გაძლიერებას ციფრული ტრანსფორმაციის განსახორციელებლად. ჩვენი კონსულტანტები კომპანიებს ეხმარებიან მათი შესაძლებლობების გაცნობიერებაში და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაში, რათა შექმნან ციფრული - მომავლის ბიზნესი.

პროდუქტი
საინტერესო ინსაიტები
09.12.2021

კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ACT-მ წამოიწყო ვიდეორუბრიკა #ახალინორმა, სადაც თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზეა საუბარი. მაგალითად, რატომ არის დღეს ცვლილებები გარდაუვალი და როგორ აქციოთ ტრანსფორმაციის პროცესი თქვენთვის და კომპანიისთვის წარმატების გარანტიად? სულ რაღაც, ხუთი წუთის განმავლობაში, ამის შესახებ, ACT-ის ხედვის ლიდი თინათინ რუხაძე გესაუბრებათ.



04.11.2021

შეუძლებელია, პრობლემა გადაიჭრას იმავე ფიქრის დონეზე, რომელმაც ის წარმოშვა.
Problems cannot be solved by the same level of thinking that created them.

აინშტაინი


თუ არ არის პროგრესი, იწყება რეგრესი. სტაბილურობა არ ნიშნავს უცვლელობას, ის მხოლოდ მდგრადი განვითარების შედეგია. ციფრულ ერაში სამყარო საოცარი ტემპით იცვლება და ბიზნესს ისღა დარჩენია, რომ ამ ცვლილებების ტალღაზე ან სერფერივით ისრიალოს, ან ტალღის ქვეშ გაუჩინარდეს. პანდემიამ ცვლილებების კასკადი კიდევ უფრო ააჩქარა – შეცვალა ადამიანები, მათი ემოციები, სოციალური ყოფა და პრიორიტეტები. შედეგად, შეიცვალა ბიზნესის ეკოსისტემა და თამაშის წესებიც: შეიცვალა სხვადასხვა ინდუსტრიის პერსპექტივები, მოთხოვნა პროდუქტებსა და სერვისებზე, სამომხმარებლო ქცევა და პრეფერენციები, პროდუქტის/სერვისის შერჩევის კრიტერიუმები, მიწოდების არხები, ბრენდის კომუნიკაციის შინაარსი და სტილი – ერთი სიტყვით, შეიცვალა ყველაფერი. შედეგად, დღეს არ მეგულება ბიზნესი, რომელსაც არ უდგას ბიზნესმოდელის ან ორგანიზაციული ტრანსფორმაციის საჭიროება – გადარჩენისთვის ან, პირიქით, ახალი შესაძლებლობების ათვისებისთვის. დღეს ბიზნესის წარმატება პირდაპირ კავშირშია იმასთან, რამდენად დროულად აღმოაჩენს იგი ტრანსფორმაციის საჭიროებას და რამდენად სწორად წარმართავს ამ პროცესს.


კომპანიის ბიზნესმოდელის ან ორგანიზაციული ტრანსფორმაციის საჭიროების ნიშანი ბევრია, უტყუარი 6 სიმპტომი კი შემდეგია:


  • ბაზარზე არსებული პოტენციალის ვერათვისება და არადამაკმაყოფილებელი ზრდის ტემპი
  • ზრდის ტემპის შენელება / კომპანიის შემცირების ტენდენცია
  • ეფექტიანობისა და მოგებიანობის კლების დინამიკა
  • ღირებული კადრების გადინება ან არაჯანსაღი ორგანიზაციული კლიმატი
  • შემოქმედებითობისა და ინოვაციის ნაკლებობა
  • სტაგნაციის, „წრეზე სიარულის“ ან უკანსვლის შეგრძნება.


მოდი, კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ: თუ თქვენ დიდი ხანია, არ მოგწონთ თქვენი ბიზნესის შედეგები ან კომპანიაში არსებული სიტუაცია, მაგრამ მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, ვერ ცვლით ამ არასასურველ მოცემულობას, იცოდეთ – კომპანია დანამდვილებით საჭიროებს ტრანსფორმაციას.


ტრანსფორმაციის საჭიროების დანახვა და აღიარება ბიზნესის წარმატების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. კომპანიის მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ტრანსფორმაცია ბევრად მეტია, ვიდრე ცალკეული ნაწილის ცვლილება – ტრანსფორმაცია ნიშნავს სრულ გარდასახვას. წარუმატებელი ქეისების ანალიზი ცხადყოფს, რომ კომპანიების უმრავლესობა სწორედ ამ ეტაპზე უშვებს საბედისწერო შეცდომას: ისინი ცდილობენ პრობლემის ლოკალიზებას, მინიმალური დანახარჯებით მის ეფექტიან გადაჭრას ან შესაძლებლობის ათვისებას მინიმალური რესურსებითა და ძველი მიდგომებით. ამის უკან, რა თქმა უნდა, არის რაციონალური მოტივები: დროის მოგება, ხარჯთეფექტიანობა, გამოცდილი გზით სიარული, ყველაზე სხარტი გადაწყვეტილებების მოძებნის ამბიცია და სხვა. თუმცა, საბოლოო ჯამში, კომპანიას ეს მიდგომა ძალიან ძვირი უჯდება, რადგან პატარა ცვლილებებით დიდი ტრანსფორმაციული შედეგების მიღწევა შეუძლებელია. შედეგად, კომპანია იღებს წყალში გადაყრილ რესურსებს ან უარესს – წარუმატებელი მცდელობებით კომპანიის მმართველი გუნდის ფრუსტრაციასა და, ბოლოს, თანამშრომლებში მენეჯმენტის და ზოგადად კომპანიის მომავლის მიმართ ნდობის შერყევასა და ნიჰილიზმს.


ეისითიში ბიზნესების ტრანსფორმაციის პროცესს უკვე 19 წლის მანძილზე ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დაგროვილი გამოცდილება ორგანიზაციის ტრანსფორმაციისა და მართვის უნიკალურ მოდელად ვაქციეთ, რომელსაც „სამის ძალა“ (The power of three”) დავარქვით. PWR3- ის ფილოსოფიის მიხედვით, ნებისმიერი სახის ტრანსფორმაციის წარმატებას ამ სამი ძალის ერთობა, ბალანსი და მუდმივობა განაპირობებს: შემოქმედების ძალა, წესრიგის ძალა და ცვლილებების ძალა.


ორგანიზაციულ კონტექსტში, კომპანიის განვითარებისა და წარმატების სამ მთავარ ძალად მიგვაჩნია: (1) ხედვა – (შემოქმედება), (2) კულტურა – (წესრიგი) და (3) აღსრულება – (ცვლილებები).


ჩვენი მიდგომის მიხედვით, კომპანიის ტრანსფორმაცია მისი ხედვის განახლებით იწყება. ცვლილებების მეორე ეტაპი ახალი ხედვის შესაბამისი ორგანიზაციული კულტურის ფორმირებაა, ხოლო ცვლილებების მესამე ეტაპი ორგანიზაციული სისტემების, პროცესების გარდაქმნას და ახალი ხედვისა და მიზნების აღსრულებისთვის საჭირო რესურსების მობილიზებას ეხება.


ჩვენი მოდელი ორგანიზაციის ლიდერშიფს ფიქრსა და გადაწყვეტილებების მიღებას მუდმივად ამ სამ განზომილებაში – ხედვა, კულტურა, აღსრულება – სთავაზობს. ჩვენი რწმენით, მხოლოდ ის გადაწყვეტილებებია საუკეთესო შედეგის მომტანი, რომლებიც 1) ემსახურება კომპანიის ხედვასა და მთავარ მიზნებს, ამავე დროს 2) თანხვდენილია კომპანიის ფასეულობებთან და ითვალისწინებს თანამშრომელთა ინტერესებს, და 3) რომელთა აღსრულების რესურსიც კომპანიაში ნამდვილად არსებობს. სხვა სიტყვებით, PWR3 არა მხოლოდ ორგანიზაციის ტრანსფორმაციის, არამედ მისი ეფექტიანი მართვის მოდელიცაა, რომელიც კომპანიის მენეჯმენტს ეხმარება თანამიმდევრული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც, თავის მხრივ, კომპანიის მდგრად განვითარებას ემსახურება.


THE POWER OF THREE®-ის უნიკალური ფილოსოფია, მოდელი და სამუშაო პრინციპები ეისითის შესაძლებლობას აძლევს, განსაკუთრებული როლი შეასრულოს თავისი კლიენტების ტრანსფორმაციაში. PWR3®-ის შედეგად ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის ნიშნები თვალსაჩინოა და ასე გამოიყურება:


  • მისიის შეგრძნებით ანთებული თანამშრომლები.
  • შეთანხმებული ხედვა და პრიორიტეტები, ეფექტიანი მენეჯერული გადაწყვეტილებები.
  • ორგანიზაციული ფასეულობები და ქცევის ნორმები, რომელთაც ყველა თანამშრომელი პატივს სცემს და იზიარებს.
  • შემოქმედებითობისა და ინოვაციურობის ზრდა.
  • პროცესები ადამიანებისთვის და შედეგებისთვის და არა პროცესი – პროცესისთვის.
  • ფოკუსი მომხმარებლებზე და მათთვის მაქსიმალური ფასეულობის შექმნაზე.
  • დასახული მიზნების მიღწევა, ზრდა და განვითარება.
  • ლიდერშიფში თავდაჯერებულობის, განვითარებისა და წარმატების ცნობიერების დამკვიდრება. 
  • ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესება.


PWR3 ეს არის ცვლილებების ძალა, რომელიც, ერთი მხრივ, ეხმარება ორგანიზაციებს, გახდნენ უფრო მდგრადები ახალი გამოწვევების წინაშე, ხოლო მეორე მხრივ, ზრდის მათ კრეატიულობას და ღიაობას ახალი შესაძლებლობების მიმართ. ჩვენ გვჯერა, რომ საკუთარი მისიის განსაკუთრებულობის შეგრძნებასთან ერთად სწორედ ეს თვისებები აქცევს კარგ კომპანიებს დიდებულ კომპანიებად.

10.05.2021

ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა კრიზისმა ციფრული ტრანსფორმაციის ტემპები ერთი-ორად დააჩქარა და ბიზნესებს, დისტანციური მუშაობის დანერგვისა და ელექტრონული კომერციის განვითარების „დღის წესრიგში“ შეტანა აიძულა. არც ბაზრის მეორე მხარე, მომხმარებლები დარჩენილან ციფრული ზეგავლენის გარეშე. მათთვის ელექტრონული ვაჭრობა ფიზიკურის ჩამნაცვლებლად ან შემავსებლად მოგვევლინა და სავარაუდოა, რომ აღნიშნული ცვლილებები მათ ქცევაში უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს და პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც შენარჩუნდება. თუმცა, საინტერესოა ამ პროცესების უკანა მხარე – შეძლო თუ არა ყველა ბიზნესმა დროულად და თანაბრად ეპასუხა ციფრული გამოწვევებისთვის, როგორია საერთაშორისო სტატისტიკა და ხედვა, მისცა თუ არა საცალო ვაჭრობის პანდემიურმა ლანდშაფტმა ბიზნესებს დრო და რესურსები ადაპტაციისთვის?


საერთაშორისო ტენდენციები – არიან თუ არა ბიზნესები მზად გაციფრულებისთვის?

უკვე დიდი ხანია, რაც მომხმარებლის ქცევის ცვლილება და მათი მზაობა ელექტრონული კომერციის პროცესებში ჩასართავად, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ერთ-ერთ ძირითადი ფოკუსი გახდა. მაგალითად, გაერთიანებული ერების კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (შემდგომში, UNICTAD) ყოველწლიურად ზომავს B2C ელექტრონული კომერციის ინდექსს, რომელიც ინდივიდების მიერ ინტერნეტის მოხმარების დონეებს, დაცული ინტერნეტ სერვერების წილსა და ფინანსურ ინსტიტუტებში ანგარიშების ფლობის მონაცემებს აერთიანებს. ანალოგიურად, საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირი (ITU) გვთავაზობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსს[1], რომლის ორიენტირიც ასევე მომხმარებლის მიერ აქტიურ ონლაინ ვაჭრობასა და ამ პროცესში გამოყენებული არხებისკენაა მიმართული. ამავე სიაშია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (შემდგომში, OECD) სტატისტიკაც.


OECD-ის 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული ელ.კომერციის ანგარიშს „ელექტრონული კომერცია კოვიდ-19-ის პერიოდში“ თუ შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ონლაინ ვაჭრობა ძალიან სწრაფად კრეფს განვითარების ტემპს. ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში ელ.ფოსტითა და ინტერნეტით საცალო გაყიდვები (შეკვეთები) 2020 წლის აპრილში 30%-ით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. იგივე  ტენდენციები იკვეთება აშშ-შიც, სადაც ელ.კომერციაში 14%-16%-იანი ზრდა ფიქსირდება (იხ. დიაგრამა 1). ანგარიშში ასევე ხაზგასმულია 2020 წლის პირველ ნახევარში ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზია-ოკეანეთის რეგიონებში ელ.ვაჭრობის ლანდშაფტის დინამიზმის განვითარება.


[1] The ICT Development Index (IDI)



წყარო: OECD, ელ.ვაჭრობა COVID-19-ის პერიოდში, 2020, ოქტომბერი. გამოთვლები ეფუძვნება EUROSTAT-ის სტატისტიკას.


ძალზედ საინტერესო სურათი გამოჩნდა  UNICTAD-ის 2020 წლის ზაფხულის ანგარიშში „კოვიდ-19 და ელექტრონული ვაჭრობა“, რომელიც 23 ნაკლებად განვითარებული ქვეყნიდან 257 კომპანიის გამოცდილებას აერთიანებდა[1]. რამდენიმე გამოკვეთილი ტენდენცია ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას:


  • სრულიად ციფრული ბიზნეს მოდელები (გამოკითხული მესამე მხარის ონლაინ ბაზრების/third party online marketplaces 60%) უფრო გამძლე აღმოჩნდა პანდემიის მიმართ, ვიდრე ელ.ვაჭრობის კომპანიები, რომლებიც შედარებით მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ახალი გამოწვევებისთვის.

  • სოციალური მედიის გამოყენება და ვებ-საიტების რაოდენობის ზრდა აშკარაა ფოკუს ქვეყნებში. გაყიდვის აღნიშნულმა არხებმა სწრაფი ზრდა პანდემიური კრიზისის დაფიქსირების პერიოდიდან დაიწყეს. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აქტუალური Facebook პლატფორმა აღმოჩნდა.

  • პანდემიამ გააძლიერა ელ. ვაჭრობის ეკოსისტემაში ადრე არსებული დაბრკოლებები. მომარაგების ჯაჭვებისა და ლოჯისტიკური პროცესების დარღვევა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის არ არსებობა, რესპონდენტების 60%-ზე მეტისთვის ძირითადი გამოწვევა აღმოჩნდა.

  • რესპონდენტების ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ ელ.კომერციის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგიის გაუმჯობესება, ყველაზე პრიორიტეტული რამ არის, რაზეც აქტიური მუშაობა უნდა მიდიოდეს.

  • პანდემიურმა გამოწვევებმა გავლენა იქონია კომპანიების ICT მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზეც. შესაბამისად, კომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათი მთავრობების მიერ შემოთავაზებულ მხარდამჭერ პროგრამებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეროვნული ელ.კომერციის სტრატეგიის განახლება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზებაა.


[1] აღნიშნული ქვეყნები უმეტესად აფრიკისა და აზია – წყნარი ოკეანეთის რეგიონებს მოიცავდა.

წყარო: UNICTAD, კოვიდ-19 და მისი გავლენა ბიზნესების ელ. კომერციაზე, 2020



ეისითის როლი – გამოცდილება კიდევ უფრო ფართო გეოგრაფიული არეალიდან

2020 წლის პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ეისითის საშუალება მისცა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში არაერთ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით (EBRD, მსოფლიო ბანკი, UNDP, USAID) წვლილი შეეტანა გლობალურად, ბიზნეს სექტორის მდგრადობის გაზრდაში და მათზე პანდემიური გავლენის არხების იდენტიფიცირებაში. ამ პროექტებმა საშუალება მოგვცა,  ჩვენც გამოგვეკვლია ელექტრონული ვაჭრობის განვითარების საკითხები ფოკუს რეგიონებში (კავკასია, დასავლეთ ბალკანეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, ცენტრალური აზია და სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი) და შეგვესწავლა პანდემიის გავლენა ბიზნესებზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ფოკუს რეგიონების ბიზნესები სხვადასხვა ხარისხით აღმოჩნდნენ მზად გაციფრულებისთვის  (დიაგრამა 3). თუმცა, ამ განსხვავებული შედეგებისდა მიუხედავად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის საერთო განწყობა, რაც გამოკითხულ რესპოდენტებში გამოიკვეთა – მცირე და საშუალო ბიზნესებს აქვთ სურვილი ელექტრონულ ვაჭრობაში ჩასართავად, თუმცა ყოყმანობენ, ინფორმაციისა და ციფრული ინსტრუმენტების ნაკლებობის, ანდა მათი საერთოდ არ არსებობის გამო.


წყარო: ACT კვლევა, კავკასიაში გამოკითხული 345 SME, დასავლეთ ბანკანეთის რეგიონში გამოკითხული 827 SME


ჩვენს გუნდს საშუალება მიეცა EBRD-ის პროექტის „ Covid-19-ის გავლენის მცირე და საშუალო ბიზნესებზე“ ფარგლებში, დამატებით დაეფარა ცენტრალური აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის (SEMED) ქვეყნებში ოპერირებადი მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევები პანდემიის პერიოდში. კვლევის ფარგლებში, რესპონდენტ მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს ერთ-ერთ ნაწილში ვეკითხებოდით კომპანიის გაყიდვების რა პროცენტული ნაწილი გადაერთო ონლაინ პლატფორმებზე, პანდემიის დაწყების შემდეგ. მთლიანი სურათი აქაც ძალიან საინტერესოა, ჩამოთვლილი რეგიონების მცირე და საშუალო ბიზნესების უმეტესობისთვის გაყიდვები საერთოდ არ გადასულა ონლაინ ვაჭრობაზე, ხოლო სრულად გაციფრულება რესპონდენტების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა შეძლო.  ყველაზე მეტად ამ გარდაქმნებისთვის მომზადებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესები აღმოჩნდნენ (დიაგრამა 4), რისი მიზეზიც,  შესაძლოა ამ რეგიონში არსებული ისედაც კარგად განვითარებული ლოგისტიკური სერვისები და ორგანიზებულობა, ასევე ელ. ვაჭრობის მიმართულებით არსებული გამოცდილება იყო.


წყარო: ACT კვლევა, SEMED გამოკითხული 570 SME, ცენტრალური აზიის რეგიონში გამოკითხული 598 SME, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გამოკითხული 184 SME



დაუგეგმავი ცვლილებები გრძელვადიანი შედეგებით

ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა პანდემიამ, ციფრული განვითარება გარდაუვალ რეალობად იქცა. პასუხების ძიებისას ნათლად დავინახეთ, რომ ეს ერთი შეხედვით მარტივი გზა, სინამდვილეში საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რომლის გასავლელადაც,  მხოლოდ „გაციფრულების სურვილი“ საკმარისი არ არის. ბიზნესებს ერთიანად მოუწიათ ყველა იმ პრობლემასთან გამკლავება, რაც ისედაც, სისტემურად სდევდა ახალ პლატფორმაზე გადასვლის პროცესს: ამ მიმართულებით გამოცდილების არ არსებობა, ინფრასტრუქტურისა თუ რესურსების ნაკლებობა. მართალია, ბიზნესების მხარდაჭერა დღეს ყველა ქვეყნის მთავრობის მთავარი თავის ტკივილია, თუმცა, სხვადასხვა კვლევებში მონაწილე ბიზნესების უმეტესობა (მათი 50%-ზე მეტი) ერთხმად აღიარებს, რომ სამწუხაროდ, მათი ქვეყნების მთავრობები პრიორიტეტული სექტორების განვითარებაზე მუშაობისას, ამ ნაწილს უკანა პლანზე ტოვებენ და ონლაინ ვაჭრობა, მოუგვარებელ საკითხად რჩება.

არადა ფაქტია, გაციფრულება ჩვენს ცხოვრებაში დროებით არ შემოჭრილა. ეს უფრო დაუგეგმავი ცვლილებებია, რომელსაც დროში გაწელილი, გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება.