/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

#ახალინორმა: როგორ აქციოთ ტრანსფორმაციის პროცესი კომპანიის წარმატების გარანტიად?

09.12.2021 1 წუთის საკითხავი
#ახალინორმა: როგორ აქციოთ ტრანსფორმაციის პროცესი კომპანიის წარმატების გარანტიად?

კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ACT-მ წამოიწყო ვიდეორუბრიკა #ახალინორმა, სადაც თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზეა საუბარი. მაგალითად, რატომ არის დღეს ცვლილებები გარდაუვალი და როგორ აქციოთ ტრანსფორმაციის პროცესი თქვენთვის და კომპანიისთვის წარმატების გარანტიად? სულ რაღაც, ხუთი წუთის განმავლობაში, ამის შესახებ, ACT-ის ხედვის ლიდი თინათინ რუხაძე გესაუბრებათ.



საინტერესო ინსაიტები
04.11.2021

შეუძლებელია, პრობლემა გადაიჭრას იმავე ფიქრის დონეზე, რომელმაც ის წარმოშვა.
Problems cannot be solved by the same level of thinking that created them.

აინშტაინი


თუ არ არის პროგრესი, იწყება რეგრესი. სტაბილურობა არ ნიშნავს უცვლელობას, ის მხოლოდ მდგრადი განვითარების შედეგია. ციფრულ ერაში სამყარო საოცარი ტემპით იცვლება და ბიზნესს ისღა დარჩენია, რომ ამ ცვლილებების ტალღაზე ან სერფერივით ისრიალოს, ან ტალღის ქვეშ გაუჩინარდეს. პანდემიამ ცვლილებების კასკადი კიდევ უფრო ააჩქარა – შეცვალა ადამიანები, მათი ემოციები, სოციალური ყოფა და პრიორიტეტები. შედეგად, შეიცვალა ბიზნესის ეკოსისტემა და თამაშის წესებიც: შეიცვალა სხვადასხვა ინდუსტრიის პერსპექტივები, მოთხოვნა პროდუქტებსა და სერვისებზე, სამომხმარებლო ქცევა და პრეფერენციები, პროდუქტის/სერვისის შერჩევის კრიტერიუმები, მიწოდების არხები, ბრენდის კომუნიკაციის შინაარსი და სტილი – ერთი სიტყვით, შეიცვალა ყველაფერი. შედეგად, დღეს არ მეგულება ბიზნესი, რომელსაც არ უდგას ბიზნესმოდელის ან ორგანიზაციული ტრანსფორმაციის საჭიროება – გადარჩენისთვის ან, პირიქით, ახალი შესაძლებლობების ათვისებისთვის. დღეს ბიზნესის წარმატება პირდაპირ კავშირშია იმასთან, რამდენად დროულად აღმოაჩენს იგი ტრანსფორმაციის საჭიროებას და რამდენად სწორად წარმართავს ამ პროცესს.


კომპანიის ბიზნესმოდელის ან ორგანიზაციული ტრანსფორმაციის საჭიროების ნიშანი ბევრია, უტყუარი 6 სიმპტომი კი შემდეგია:


  • ბაზარზე არსებული პოტენციალის ვერათვისება და არადამაკმაყოფილებელი ზრდის ტემპი
  • ზრდის ტემპის შენელება / კომპანიის შემცირების ტენდენცია
  • ეფექტიანობისა და მოგებიანობის კლების დინამიკა
  • ღირებული კადრების გადინება ან არაჯანსაღი ორგანიზაციული კლიმატი
  • შემოქმედებითობისა და ინოვაციის ნაკლებობა
  • სტაგნაციის, „წრეზე სიარულის“ ან უკანსვლის შეგრძნება.


მოდი, კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ: თუ თქვენ დიდი ხანია, არ მოგწონთ თქვენი ბიზნესის შედეგები ან კომპანიაში არსებული სიტუაცია, მაგრამ მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, ვერ ცვლით ამ არასასურველ მოცემულობას, იცოდეთ – კომპანია დანამდვილებით საჭიროებს ტრანსფორმაციას.


ტრანსფორმაციის საჭიროების დანახვა და აღიარება ბიზნესის წარმატების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. კომპანიის მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ტრანსფორმაცია ბევრად მეტია, ვიდრე ცალკეული ნაწილის ცვლილება – ტრანსფორმაცია ნიშნავს სრულ გარდასახვას. წარუმატებელი ქეისების ანალიზი ცხადყოფს, რომ კომპანიების უმრავლესობა სწორედ ამ ეტაპზე უშვებს საბედისწერო შეცდომას: ისინი ცდილობენ პრობლემის ლოკალიზებას, მინიმალური დანახარჯებით მის ეფექტიან გადაჭრას ან შესაძლებლობის ათვისებას მინიმალური რესურსებითა და ძველი მიდგომებით. ამის უკან, რა თქმა უნდა, არის რაციონალური მოტივები: დროის მოგება, ხარჯთეფექტიანობა, გამოცდილი გზით სიარული, ყველაზე სხარტი გადაწყვეტილებების მოძებნის ამბიცია და სხვა. თუმცა, საბოლოო ჯამში, კომპანიას ეს მიდგომა ძალიან ძვირი უჯდება, რადგან პატარა ცვლილებებით დიდი ტრანსფორმაციული შედეგების მიღწევა შეუძლებელია. შედეგად, კომპანია იღებს წყალში გადაყრილ რესურსებს ან უარესს – წარუმატებელი მცდელობებით კომპანიის მმართველი გუნდის ფრუსტრაციასა და, ბოლოს, თანამშრომლებში მენეჯმენტის და ზოგადად კომპანიის მომავლის მიმართ ნდობის შერყევასა და ნიჰილიზმს.


ეისითიში ბიზნესების ტრანსფორმაციის პროცესს უკვე 19 წლის მანძილზე ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დაგროვილი გამოცდილება ორგანიზაციის ტრანსფორმაციისა და მართვის უნიკალურ მოდელად ვაქციეთ, რომელსაც „სამის ძალა“ (The power of three”) დავარქვით. PWR3- ის ფილოსოფიის მიხედვით, ნებისმიერი სახის ტრანსფორმაციის წარმატებას ამ სამი ძალის ერთობა, ბალანსი და მუდმივობა განაპირობებს: შემოქმედების ძალა, წესრიგის ძალა და ცვლილებების ძალა.


ორგანიზაციულ კონტექსტში, კომპანიის განვითარებისა და წარმატების სამ მთავარ ძალად მიგვაჩნია: (1) ხედვა – (შემოქმედება), (2) კულტურა – (წესრიგი) და (3) აღსრულება – (ცვლილებები).


ჩვენი მიდგომის მიხედვით, კომპანიის ტრანსფორმაცია მისი ხედვის განახლებით იწყება. ცვლილებების მეორე ეტაპი ახალი ხედვის შესაბამისი ორგანიზაციული კულტურის ფორმირებაა, ხოლო ცვლილებების მესამე ეტაპი ორგანიზაციული სისტემების, პროცესების გარდაქმნას და ახალი ხედვისა და მიზნების აღსრულებისთვის საჭირო რესურსების მობილიზებას ეხება.


ჩვენი მოდელი ორგანიზაციის ლიდერშიფს ფიქრსა და გადაწყვეტილებების მიღებას მუდმივად ამ სამ განზომილებაში – ხედვა, კულტურა, აღსრულება – სთავაზობს. ჩვენი რწმენით, მხოლოდ ის გადაწყვეტილებებია საუკეთესო შედეგის მომტანი, რომლებიც 1) ემსახურება კომპანიის ხედვასა და მთავარ მიზნებს, ამავე დროს 2) თანხვდენილია კომპანიის ფასეულობებთან და ითვალისწინებს თანამშრომელთა ინტერესებს, და 3) რომელთა აღსრულების რესურსიც კომპანიაში ნამდვილად არსებობს. სხვა სიტყვებით, PWR3 არა მხოლოდ ორგანიზაციის ტრანსფორმაციის, არამედ მისი ეფექტიანი მართვის მოდელიცაა, რომელიც კომპანიის მენეჯმენტს ეხმარება თანამიმდევრული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც, თავის მხრივ, კომპანიის მდგრად განვითარებას ემსახურება.


THE POWER OF THREE®-ის უნიკალური ფილოსოფია, მოდელი და სამუშაო პრინციპები ეისითის შესაძლებლობას აძლევს, განსაკუთრებული როლი შეასრულოს თავისი კლიენტების ტრანსფორმაციაში. PWR3®-ის შედეგად ორგანიზაციაში ტრანსფორმაციის ნიშნები თვალსაჩინოა და ასე გამოიყურება:


  • მისიის შეგრძნებით ანთებული თანამშრომლები.
  • შეთანხმებული ხედვა და პრიორიტეტები, ეფექტიანი მენეჯერული გადაწყვეტილებები.
  • ორგანიზაციული ფასეულობები და ქცევის ნორმები, რომელთაც ყველა თანამშრომელი პატივს სცემს და იზიარებს.
  • შემოქმედებითობისა და ინოვაციურობის ზრდა.
  • პროცესები ადამიანებისთვის და შედეგებისთვის და არა პროცესი – პროცესისთვის.
  • ფოკუსი მომხმარებლებზე და მათთვის მაქსიმალური ფასეულობის შექმნაზე.
  • დასახული მიზნების მიღწევა, ზრდა და განვითარება.
  • ლიდერშიფში თავდაჯერებულობის, განვითარებისა და წარმატების ცნობიერების დამკვიდრება. 
  • ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესება.


PWR3 ეს არის ცვლილებების ძალა, რომელიც, ერთი მხრივ, ეხმარება ორგანიზაციებს, გახდნენ უფრო მდგრადები ახალი გამოწვევების წინაშე, ხოლო მეორე მხრივ, ზრდის მათ კრეატიულობას და ღიაობას ახალი შესაძლებლობების მიმართ. ჩვენ გვჯერა, რომ საკუთარი მისიის განსაკუთრებულობის შეგრძნებასთან ერთად სწორედ ეს თვისებები აქცევს კარგ კომპანიებს დიდებულ კომპანიებად.

30.09.2021

კოვიდ დაზღვევა - ფუფუნება თუ აუცილებლობა?


მოგზაურობისთვის განუყოფელ ნაწილს, როგორიცაა პასპორტი, საფულე და ხელჩანთა უკვე დაემატა სანიტაიზერი და პირბადე. მალე მათ COVID-19 სადაზღვევო პოლისიც შეუერთდება.


ეს არის ახალი შესაძლებლობა სადაზღვევო კომპანიებისთვის, შექმნან მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი შეთავაზება, რადგან უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ითხოვს ჯანმრთელობის ხარჯების სავალდებულო ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტორები კორონავირუსით დაინფიცირდებიან.


თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, იმის ცოდნა თუ რამდენად არის მოგზაური დაცული უცხო ქვეყანაში დაინფიცირებისას და არის თუ არა გარანტია, რომ მას სათანადო ყურადღება მიექცევა.


კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ეისითი დაინტერესდა, მსოფლიო ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გეგმავენ თუ არა თბილისელები მოგზაურობას და რამდენად იცნობენ სამოგზაურო სადაზღვევო პირობებს კოვიდთან მიმართებაში.


ეისითის კვლევით ირკვევა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა (79%) ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კოვიდით დაინფიცირებისას სამკურნალო ხარჯებს ჩვეული სამოგზაურო დაზღვევა არ ფარავს და ეპიდემიოლოგიური რისკი სტანდარტულ გამონაკლისებშია.



არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა შეიმუშავეს სადაზღვევო პაკეტები, სადაც კონკრეტულად კოვიდ-19 ვირუსით გამოწვეული პანდემია ამოიღეს გამონაკლისებიდან და შესთავაზეს მომხმარებლებს აღნიშნული ვირუსით დაინფიცირების შემთხვევით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება. ამ გამონაკლისის დაშვება, რა თქმა უნდა, მაღალი რისკიდან გამომდინარე დაზღვევის ღირებულებაზეც აისახა და ერთი სადაზღვევო დღის ღირებულება საშუალოდ 5-ჯერ გაძვირდა.


„კოვიდ-19-ის დაზღვევა სავალდებულო გახდა ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში შემსვლელთათვის, გაჩნდა მოთხოვნა, და ჩვენც, ერთ-ერთმა პირველმა, შევთავაზეთ ქართველ მომხმარებლებს და პარტნიორ ტურისტულ კომპანიებს სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი, სადაც კოვიდის რისკი შესულია გარკვეული ლიმიტით, რაც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს“ - ამბობს ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაის კომუნიკაციების დირექტორი თინათინ სტამბოლიშვილი.


სადაზღვევო კომპანია იმედი L-ის ალტერნატიული არხების განვითარების დირექტორის ირინა გორაშვილის განცხადებით, მათ ასევე სწრაფად მოახდინეს მოთხოვნაზე რეაგირება და შეიმუშავეს სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი კოვიდის რისკების დაფარვის გათვალისწინებით. თუმცა ფიქრობენ, რომ ეს პროდუქტი მოკლევადიანია და მალე, ვაქცინაციის პროცესის და სამკურნალო საშუალებების განვითარებასთან ერთად კოვიდის რისკი დაიწევს და საჭირო აღარ გახდება.


საზღვარგარეთ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ისევე როგორც საქართველოში კოვიდ დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები სახელმწიფოს მიერ მხოლოდ მოქალაქეებისთვის და/ან მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის ანაზღაურდება.


ტურისტული კოვიდ-გამოცდილება


ჩვენი პირველი გმირი სალომე ბიზნეს სკოლის ახალი კურსდამთავრებულია, ის როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე, ზაფხულში უკვე ორჯერადად ვაქცინირებული იყო. სწავლის დამთავრების აღსანიშნავად, სანამ ცხოვრების ახალი ეტაპს - პირველ სამსახურს დაიწყებდა, მშობლებმა სპეციალურად ამ სასიხარულო მოვლენის აღსანიშნავად გადანახული თანხა გადასცეს და სიურპრიზად მიღებული - ამერიკაში ტურისტული მოგზაურობაც, 2021 წლის ივლისში გადაწყვიტა. პირადად მას არ ჰქონდა ინფორმაცია კოვიდ დაზღვევის შესახებ, როგორც ჩანს არც არავინ მოსთხოვა და დანიშნულების ადგილზე ქვეყანაში შესვლაზეც არ შექმნია პრობლემა. თუმცა, სამწუხაროდ, კოვიდ ვირუსს თავი მაინც ვერ აარიდა და იქ ყოფნის პერიოდში დაინფიცირდა. ვაქცინაციის დამსახურებით მან ვირუსი მსუბუქად გადაიტანა და დღეს თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობს, თუმცა მოგზაურობის გეგმები თავდაყირა დადგა.


სალომეს იზოლაციაში ყოფნა 10 დღით მოუწია, სადაც სავალდებულო 3 დღეში ერთხელ სწრაფი ტესტი (თითო ტესტის ღირებულება 40$), ასევე, სავალდებულო PCR ტესტიც რომლის ღირებულებაც ადგილზე 250$-ია, საკუთარი ხარჯებით აანაზღაურა.


ცნობილია, რომ სანამ კოვიდ დადებითი ხარ მოგზაურობა გეკრძალება, სალომეს მოუწია მისი სამოგზაურო პერიოდის გახანგრძლივება, რაც სასტუმროს ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ასევე, მოუწია უკან დასაბრუნებელი ბილეთის ხელახლა შეძენა, რადგან შეძენილი ბილეთის გადაცვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯამში სალომესთვის კოვიდით გამოწვეული ხარჯების ოდენობა 5,000 აშშ დოლარს მიუახლოვდა.


მეორე ისტორია სოფოსია, რომელიც ასევე ამერიკაში დაინფიცირდა, ვარკვევთ, რომ მას ადგილობრივი ნაცნობებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ დაინფიცირების შემთხვევაში სპეციალური ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ამერიკის მთავრობა კოვიდთთან დაკავშირებულ ხარჯებს თავად დააფინანსებდა, და შესაბამისად, მისი მოგზაურობისას უსიამოვნო მომენტი შედარებით შემსუბუქდა. სოფოს საკმაოდ კომფორტულ კოვიდ სასტუმროში გადაყვანა და ტრანსპორტირება, იზოლაციის პერიოდში სამჯერადი კვება, ექიმების და ექთნის მომსახურება, სწრაფი, PCR ტესტები, და სხვა მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, ამერიკის მთავრობამ თავად დააფინანსა. თუმცა ამერიკა, კერძოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნიუ იორკის შტატი, ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ადგილზე კოვიდით დაინფიცირებული ტურისტის მკურნალობის და მართვის ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს. მსოფლიოს სხვა ქვეყნების ძირითადი ნაწილი კი, აღნიშნულ ხარჯებს თავად ტურისტს აკისრებს.


მსოფლიო, კოვიდი და მოგზაურობა


მსოფლიოში უკვე მეორე წელია კოვიდ ინფექცია მძვინვარებს, და სახელმწიფოები მას მეტ-ნაკლები წარმატებით ებრძვიან, თუმცა ფაქტია, რომ ახალ ვირუსზე გამარჯვებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.


საერთაშორისო ტურიზმის სფერო ერთ-ერთია, რომელიც კოვიდ პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და ჯერ კიდევ ყველაზე რთულად ახერხებს რეაბილიტაციას.


მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ოფიციალური მონაცემების თანახმად 2021 წლის იანვარ-მარტში, 2020 წელთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტების მიმოსვლა 83% -ით შემცირდა, რაც გამოწვეულია მგზავრობის მაღალი შეზღუდვებით და ტურისტების სიფრთხილით - დაიცვან საკუთარი თავი დაინფიცირებისგან.


UNWTO-ს მიერ ორგანიზებულ ექსპერტთა პანელის ბოლო გამოკითხვის თანახმად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან ერთად ინდუსტრიის ნდობა ნელ-ნელა გაიზარდა 2021 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასევე ევროკავშირის ციფრული მწვანე სერთიფიკატი, რომელიც გულისხმობს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისა და იმუნიტეტის შესახებ ერთიან ელექტრონულ ბაზას, რომლის მიზანია პანდემიის დროს ევროკავშირში თავისუფალი და უსაფრთხო მოგზაურობის ხელშეწყობა. აღნიშნული სერთიფიკატი წარმატებით ფუნქციონირების ევროკავშირის წევრ 27 და არაწევრ 16 ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, ისრაელში, თურქეთში და ა.შ.


საქართველო ამ ეტაპზე კვლავ წითელ ზონაშია, რაც შემომსვლელთათვის კონკრეტული დამაბრკოლებელი ნიშანია, თუმცა ქართველი ტურისტისათვის, რომელსაც სურს მოგზაურობა და სრულად ვაქცინირებულია, გაიცემა კოვიდ ბარათი, რომლის საფუძველზეც, საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის კეთდება ე.წ. „აპოსტილი“, რაც ადასტურებს საბუთის ნამდვილობას და ვალიდურობას. ამისათვის საჭიროა მსურველმა პირმა მიმართოს იუსტიციის სახლს შესაბამისი მოთხოვნით.


თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მიმდინარე პანდემიისა და ახალი შტამების მომატების გამო გაურკვევლობა კვლავ მაღალია, სამოგზაურო შეზღუდვები ჯერ კიდევ არსებობს და ამას ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნებში ვაქცინაციის არათანაბარი ტემპი.


ეისითის კვლევიდან ირკვევა, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ყოველი მე-5 თბილისელი მაინც გეგმავს საზღვარგარეთ მოგზაურობას, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად იკლებს საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველთა წილი. აღნიშნული ტენდენცია აიხსნება იმით, რომ შედარებით მაღალი ასაკის ადამიანები კოვიდ-19-სთვის რისკ ჯგუფს წარმოადგენენ და ამიტომ იკავებენ თავს მოგზაურობისგან, ხოლო ახალგაზრდები, რომლებიც პანდემიამდე უფრო აქტიურად მოგზაურობდნენ, ახლაც აპირებენ გახდნენ ტურისტები მიუხედავად მაღალი რისკისა.



როცა მოგზაურობ, იმისთვის, რომ სიახლით და თავგადასავლებით დატკბე, ჯანმრთელობა და ფინანსური უსაფრთხოება უმთავრესია. ამიტომაც კოვიდ-დაზღვევა აღარ არის ფუფუნება და ის მოგზაურობისთვის განკუთვნილი აუცილებელი ნივთი და სიმშვიდის გარანტიაა.

14.08.2021

მარტოობის 2 წელი

მინდა აცრის გაკეთება იმიტომრომ მეშინია მოვკვდე.

 არ მინდა აცრის გაკეთება იმიტომრომ მეშინია მოვკვდე.


სინამდვილეში, ამ ორ წინადადებას შორის მთელი განსხვავება ერთ სიტყვაშია, რომლის მიღმაც უზარმაზარი შიში და ბნელი გვირაბი იმალება. ეს „არ“ ნიშნავს - გაურკვეველი, ინფორმაციას მოკლებული შიშის მიღებას და შენში შემოშვებას; იმ ადამიანების აღიარებას, რომლებიც საღი არგუმენტების ნაცვლად დოგმებით გესაუბრებიან და კიდევ იმის ხაზგასმას, რომ საკუთარ თავს საზოგადოებრივ სიკეთეზე მაღლა ვაყენებთ. ერთის მხრივ ამაში უჩვეულო არაფერია, რადგან ადამიანი რაციონალური, მაგრამ ეგოისტი ცხოველია, რომელმაც ოდესღაც, გადარჩენის იოლი გზა სწორედ სოციუმში გაერთიანებით იპოვნა. თუმცა საინტერესოა, რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც კოლექტივში ყოფნა გადარჩენის გარანტიას აღარ იძლევა? მაშინ ის მიდის და გამოქვაბულიდან ეულად იწყებს ყურებას. ჩვენ, უკვე 2 წელია „გამოქვაბულიდან“ (სახლებიდან, ინტერნეტით) ვუმზერთ სამყაროს და პერიოდულად, გარეთ გამოსვლის ცალკეული შესაძლებლობები მხოლოდ ამძაფრებს ჩვენს ბუნებრივ სურვილს - აღარ ვიყოთ მარტო და აღარ ვიყოთ ჩაკეტილები.


ცუნამის მეოთხე ტალღა


კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევები მსოფლიოში 200 მილიონს გადაცდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4 მილიონზე მეტია. ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს 1) ადამიანების თავშეყრა, ანუ სოციალიზაცია, 2) დისტანცირების მოშლა, ანუ ადამიანების მცდელობა სხვებთან იყვნენ უფრო ახლოს, 3) ვაქცინაზე უარის თქმა, ანუ მეცნიერების, როგორც კოლექტიური გონის და უფრო ჭკვიანის არ აღიარება. New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, ბოლო პერიოდში კორონა აფეთქება ყველაზე მძაფრად 6 ქვეყანაში მოხდა და ერთ-ერთი საქართველოა (Fiji, Botswana, Cuba, Georgia, Malaysia and Spain).


წყარო: NewYorkTimes


იმისათვის რომ გადარჩეს, ვირუსი მუდმივ მუტირებას განიცდის. ამ ეტაპზე ის აქტიურად დელტა შტამის სახით ვრცელდება, რომელსაც ახასიათებს უფრო სწრაფი გადადების ტენდენცია. შემსუბუქებულმა შეზღუდვებმა და დელტა შტამის ვაქცინაციისადმი რეზისტენტობამ ვირუსით დაავადებულთა რიცხვის სწრაფი ზრდა გამოიწვია მთელს მსოფლიოში; მათ შორის მდიდარი ქვეყნების იმ ნაწილშიც, სადაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, ვაქცინაციის მთავარი ეფექტი ხომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობის შემცირებაა, რომლებსაც აცრის შემდეგ დაავადება სახლში, შედარებით მარტივი ფორმით გადააქვთ. ეს კი ნიშნავს ზეწოლის შემსუბუქებას ჯანდაცვის სისტემაზე, რაც მდიდარი ქვეყნებისთვის რთული, ხოლო განვითარებადი ქვეყნებისთვის თითქმის დაუძლეველი გამოწვევაა.


მთელ მსოფლიოში ამჟამად 4 მილიარდზე მეტი დოზა ვაქცინაა რეგისტრირებული, რაც საბოლო ჯამში საშუალოდ 55 დოზაა ყოველ 100 კაცზე. მდიდარი ქვეყნების უმეტესობამ უკვე შეძლო საშუალოდ მოსახლეობის 80%-ის სრული (ორჯერადი) ვაქცინაცია, ხოლო ღარიბი ქვეყნების მაჩვენებელი უმეტესად არ აღემატება 5%-ს.


წყარო: NewYorkTimes


ამ მსოფლიო რუკაზე დათვლილია შემთხვევათა რაოდენობა ყოველ 100.000 მოსახლეზე და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 100 კოვიდინფიცირებული, ჩვენს ქვეყანას ჰყავს. 14 აგვისტოს მონაცემებით მსოფლიო რეიტინგის ათეულში საქართველო დაავადების გავრცელებით პირველ ადგილზეა, მაღალია გარდაცვალებათა დინამიკაც. ივლისის თვიდან მოყოლებული გარდაცვლილთა მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება ან ზედა საშუალო ნიშნულზე მერყეობს. აღნიშნულ სტატისტიკაში საქართველო კიდევ ერთი უარყოფითი მაჩვენებლით გამოირჩევა - სრული ვაქცინაცია მოსახლეობის მხოლოდ 5.7% აქვს ჩატარებული, რაც ქვეყნებში ორჯერადი აცრების მაჩვენებელთა საერთო რეიტინგში ქვეყანას 113-ე (5,7%) ადგილზე ამწესებს. ერთჯერადი აცრების მაჩვენებელი კი მხოლოდ 13%-ია, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებისთვის ეს მონაცემი უკვე დიდი ხანია გადაცდა 50 %-ს.


ვაქცინა არის, აცრის სურვილი?


ჯერ კიდევ ივნისში, ვიდრე ამერიკის მთავრობა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციიის ვაქცინის გლობალური განაწილების ინიციატივის ფარგლებში, ქართველ ხალხს „ფაიზერის“ ნახევარმილიონ დოზას აჩუქებდა, ეისითიმ კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, გამოკითხული თბილისელებიდან ყოველი მესამე (33%) ორჭოფობდა გაეკეთებინა თუ არა აცრა, მაშინ როდესაც 22% გადაჭრით აცხადებდა, რომ არ ჩაიტარებდა ვაქცინაციას. თუ აღნიშნულ ორჭოფობას გადაწყვეტილებაზე მოქმედ ყველა იმ ნეგატიურ ფაქტორს დავუმატებთ, რომლებსაც გამოკითხულები ასახელებდნენ, ცხადი ხდება, რომ ვაქცინაციის პროცესს ინფორმაციული ნაკლებობა აფერხებს. ამ ფონზე მაღალია არსებული, მწირი ინფორმაციის დამახინჯების („აცრა ცვლის გენეტიკური კოდს“, „იწვევს უშვილობას“) ან ინტერპრეტაციის (აცრა შექმნილია იმისთვის, რომ მოხდეს მოსახლეობის „დაჩიპვა“, „აცრის შემდგომ ადამიანში აქტიურდება 5G ტექნოლოგია) ხარისხი, რომელსაც მოსახლეობის უმეტესობა განიცდის.


ყოველი მესამე გამოკითხული, რომელიც ვერ წყვეტს ჩაიტაროს თუ არა ვაქცინაცია, ორჭოფობის მთავარ მიზეზად ვაქცინის მიმართ შესაძლო ალერგიულ რეაქციას ასახელებს. დანარჩენი შემაფერხებელი ფაქტორები კი ისევ ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება - მოსახლეობა ა) ღელავს ქვეყანაში შემოსული ვაქცინის ხარისხზე (28%), ბ) ფიქრობს, რომ მისი ჯანმრთელობისთვის ვაქცინა საზიანო იქნება (10%), ან გ) ის ვერ დაიცავს/ვერ შეამსუბუქებს მის მდგომარეობას დაინფიცირებისას (7%).


მეტი ინფორმაცია ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების შესახებ - მსოფლიო სტატისტიკა და გართულებების ხარისხი ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის ზრდა და მათზე დაკვირვება, ქვეყანაში შემოსული წარმატებული და აღიარებული ვაქცინები - როგორც ირკვევა თბილისელები ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ამ ფაქტორს აქცევენ ყურადღებას იმისთვის, რომ აცრის საჭიროებაში დარწმუნდნენ და სწორედ ამ თემებზე ინფორმაციას ელიან ისინი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს - აიცრას თუ არა.


კომუნიკაცია როგორც სამოქმედო სტრატეგია


ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსებისას პასუხისმგებელმა პირებმა შესაძლოა გაითვალისწინონ, რომ მათი უმეტესობა, ვინც აცრაზე წასვლას ორჭოფობს, არცერთ საინფორმაციო წყაროს არ ენდობა. მათი მცირე ნაწილი კი, სანდოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, ექიმებს/ინფექციონისტებს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ასახელებს. დაბალი მაჩვენებელი აქვს ახლობლებისა და ნაცნობების რეკომენდაციას, თუმცა ის ოდნავ აღემატება მედიისა და ჯანდაცვის სფეროს ავტორიტეტების პროცენტულ მაჩვენებელს. აღნიშნული მონაცემების გააზრებით ცხადი ხდება, რომ ადამიანები საჭიროებენ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას ამ სფეროში მოღვაწე პასუხისმგებელი პირებისგან და მათგან, ძალიან კონკრეტულ განმარტებებს ელიან.


ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც არ გეგმავენ ვაქცინაციას, საერთოდ არ ენდობიან არცერთ საინფორმაციო წყაროს. საკომუნიკაციო ენაზე ეს ნიშნავს იმას, რომ სტერეოტიპული ბარიერი საკმაოდ მაღალია და ადამიანები ინფორმაციის მიღებას თავადვე ბლოკავენ - ვაქცინის მოწინააღმდეგე ყოველ მეოთხე გამოკითხულს უჭირს დაასახელოს რომელიმე კონკრეტული, სანდო საინფორმაციო წყარო; მათში ასევე დაბალია ოფიციალური პასუხისმგებელი ორგანიზაციებისა ან სტრუქტურების მიერ ინფორმაციის მიღების მოლოდინიც. თუმცა გამოკითხულთა ეს ნაწილი ყველაზე მეტ ნდობას პირად კონტაქტებს უცხადებს და ამიტომ, მათთან მუშაობა, სწორედ ამ პერსონალური საინფორმაციო ველის გააქტიურებით შეიძლება.


მარტოობის დაძლევა


ფაქტია, ჩვენი ქვეყანა ამ ეტაპზე მხოლოდ ნეგატიურად გამოირჩევა კორონასთან დაკავშირებულ საერთო რეიტინგებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც სწორად ვერ მიდის. კოვიდის მართვა უამრავი კომპონენტისგან შედგება, თუმცა როდესაც ყველანი ვაპელირებთ მთავარ, ადამიანურ ფაქტორზე და თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაზე, მაშინ, მთავარ სამოქმედო იარაღად ისევ ადამიანები, მათი პროცესში ჩართულობა და შესაბამისად, მათთან სწორი კომუნიკაცია რჩება.



თუ მათ ყურს დავუგდებთ და სამყაროში ყველაზე დიდ - მარტოობის შიშს გამოვეხმაურებით, რომელსაც უკვე ორი წელია ცხადად ვგრძნობთ, სტრატეგია შემდეგი პუნქტების გათვალისწინებით შეგვიძლია ავაწყოთ:


ვესაუბროთ მათ, ვინც ორჭოფობს. ლოგიკა მარტივია, დროა შევეშვათ მათ, ვინც კატეგორიულ უარზეა და მთელი დრო და ენერგია მივმართოთ იმ ადამიანებზე, რომლებიც გადაწყვეტილებას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იღებენ. ჯამში, სწორედ ამ ადამიანების ჩათვლით მივალთ იმ აუცილებელ 60 %-მდე, რომელიც კორონას დამარცხებისთვის გვჭირდება

მათთვის სანდო წყაროდ გამოვიყენოთ ოფიციალური მონაცემები, კომუნიკატორებად კი, ჯანდაცვის სფეროსთან ასოცირებული პასუხისმგებელი პირები

ვაქცინაციის დადებით მხარეზე აპელირების ნაცვლად, აქცენტი გავაკეთოთ გვერდითი ეფექტების მართვის ცოდნაზე და ამ ცოდნის გაუმჯობესებაზე

საინფორმაციო კამპანია გავააქტიუროთ აღიარებული ვაქცინების კონტექსტში

გავზარდოთ ემოციური პარამეტრებით კომუნიცირება - გავცეთ პანდემიის დამარცხების, ცხოვრების ჩვეული რეჟიმში დაბრუნებისა და გამოქვაბულიდან, მარტოობიდან გამოსვლის დაპირება. ხელი შევუწყოთ, რათა ადამიანებმა იგრძნონ - როგორ შეუძლიათ იზრუნონ პირად ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ისე, რომ ამავე დროს, უახლოესი ადამიანები დაიცვან. ეს ყველაფერი კი იმისთვის გავაკეთოთ, რომ „გამოქვაბულის“ პირას ისევ და ისევ მარტონი არ დავრჩეთ.

ვიდრე პასუხისმგებელი პირები აღნიშნულზე იზრუნებენ, თქვენც გაქვთ ბერკეტი: თუ გინდათ რომ მარტოობის 2 წელი მალე დასრულდეს, თქვენი წილი ვაქცინა ტყვია სწორედ ახლა უნდა გაისროლოთ. თუნდაც, „გამოქვაბულიდან“.