უფროსი კონსულტანტი
ტრანსფორმირებული უმაღლესი სასწავლო პროცესის შესახებ
კოვიდრეალობასთან ადაპტაცია, დღევანდელობის აუცილებლობა გახდა. ადამიანებს მასთან თანაცხოვრების სწავლა, ქვეყნებს კი - პანდემიის შედეგების განსაზღვრა და მასზე აქტიური მუშაობა უწევთ. ამ კოვიდქაოსს არც განათლების სფერო ჩამორჩა, რომელმაც საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიიღო. ჯერ იყო და სასწავლო პროცესი ყველგან შეჩერდა და შემდეგ, მთელს მსოფლიოს ახალი ფორმატით მოუწია სასწავლო გზის გაგრძელება.
მსოფლიო ბანკმა 2020 წელს სპეციალური ანგარიში [1] წარმოადგინა, რომელიც უმაღლეს განათლებაზე COVID-19-ის გავლენას ეხებოდა. ევროპისა და აზიის სიტუაციური ანალიზის შედეგად, ანგარიშში გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც პანდემიის შედეგად ამ ორი კონტინენტის უმაღლეს სასწავლებლებს შეეხო. აღმოჩნდა, რომ ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა, თანაბრად აწუხებს სხვადასხვა კონტინენტის მოსახლეობას - დაბალი სიჩქარე ვერ უზრუნველყოფს ონლაინ სწავლების დინამიკურ პროცესს, ხოლო უკეთესი ხარისხის მომსახურება, ბევრი მათგანისთვის ძვირი სიამოვნებაა. ამასთან ერთად, პრობლემატურ საკითხად გამოიკვეთა პერსონალური კომპიუტერების ხელმისაწვდომობა. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ თავად უმაღლეს სასწავლებლებს არ ჰქონდათ ონლაინ სწავლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც მომხმარებელთა დიდ რაოდენობაზე იქნებოდა გათვლილი და არც აკადემიური გუნდის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ მზად, ლექციების სრულად გაციფრულებისათვის. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის ანგარიშში ისიცაა აღნიშნული, რომ დისტანციური სწავლება ყოველთვის როდია ეფექტური, განსაკუთრებით კი ისეთი აქტივობების დროს, როგორებიცაა დისკუსიები, ინტერაქტიული ჯგუფური მუშაობა და სხვა. ანუ ყველაფერი ის, რაც სტუდენტს საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს. ანგარიშში ისიცაა აღნიშნული, რომ კოგნიტურ უნარებზე ფოკუსირება ხშირად სოციოემოციური უნარების ხარჯზე ხდებოდა, რაც ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
საერთაშორისო კვლევების თანახმად, პანდემიამ გლობალური მასშტაბით 200 მილიონზე მეტ, მათ შორის 157 ათასზე მეტ[2] საქართველოს სტუდენტს აურ-დაურია ცხოვრება [3]. უმაღლესი განათლების სფეროს მთავარ აქტორებთან - სტუდენტებთან ერთად, ამ გაურკვევლობის მორევში უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის წევრებიც აღმოჩნდნენ. ტრანსფორმირებული სასწავლო პროცესის კვალდაკვალ ეისითიში გადავწყვიტეთ გაგვეგო, როგორ აფასებენ რიგითი თბილისელები ონლაინ სწავლებას და რას თვლიან ყველაზე დიდ პრობლემად. როგორც ივნისში ჩატარებული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, ზოგადად, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ონლაინ სწავლებას გამოკითხული თბილისელები ნეგატიურად აფასებენ [მაქსიმალური 10-ქულიანი დადებითი შეფასებიდან ეს გავლენა 4.1 ქულით ფასდება]. იმის შეფასება კი, კონკრეტულად რა გავლენა მოახდინა მან ჩვენი ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე, პასუხი კიდევ უფრო ნეგატიურია [3.3 ქულა მაქსიმალური 10 ქულიდან].
ონლაინ სწავლების სირთულეები
ჩვენს რესპონდენტებს ვკითხეთ თუ რა სირთულეებთან იყო/არის დაკავშირებული უნივერსიტეტების მიერ პანდემიის გამო ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. 18%-მა განაცხადა, რომ ინტერნეტთან ყველას არ ჰქონდა/არ აქვს წვდომა; ხოლო მეორე 18%-მა მთავარ სირთულედ ონლაინ სწავლებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არქონა დაასახელა, რაც პერსონალური კომპიუტერის არქონას, სამუშაო სივრცის არარსებობასა და სხვა ტექნიკურ პრობლემებს აერთიანებს. ამ სირთულეებს შორის კი „ყველაზე მეტად პრობლემური“ 19%-თვის ინტერნეტზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა დასახელდა.
გრაფიკი # 1. სირთულეები, რომლებთანაც იყო/არის დაკავშირებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა პანდემიის გამო
გასული წლის ბოლოს, გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის ჩვენ კვლევა ჩავატარეთ, რომელიც ახალგაზრდებზე COVID-19-ის სოციო-ეკონომიკური გავლენის შეფასებას [4] ისახავდა მიზნად და საინტერესოა, რომ ონლაინ სწავლასთან დაკავშირებით უშუალოდ ახალგაზრდებთანაც მსგავსი ხედვები და პრობლემები გამოიკვეთა. კვლევაში თბილისის, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას და ონლაინ სწავლასთან დაკავშირებით ისეთი სირთულეები დასახელდა, როგორებიცაა ონლაინ სწავლების მიმართ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის დაბალი მზაობა და ტექნიკური პრობლემები: ინტერნეტზე დაბალი ხელმისაწვდომობა და ონლაინ სწავლებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობა. ეს უკანასკნელი პრობლემა, განსაკუთრებულად მწვავედ იდგა იმ ოჯახებში, რომლის რამოდენიმე წევრს უწევდა ონლაინ სწავლა და მუშაობა.
საინტერესოა ჩვენი გამოკითხვის კიდევ ერთი შედეგი - ათიდან ერთი გამოკითხული თბილისელის აზრით, ონლაინ სწავლებაზე გადასვლა საკმაოდ ნეგატიური შედეგის მომტანი აღმოჩნდა საზოგადოების გარკვეული ჯგუფისთვის, რაც ასოციალურობასა და მასთან დაკავშირებულ სტრესს უკავშირდება. გამოკითხულთა 11%-მა სოციალიზაციის არქონა სერიოზულ პრობლემად დაასახელა, რომელმაც მომავალში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება შეუქმნას როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს. სხვათაშორის, ეს გამოწვევა ზემოთხსენებული, გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის ჩატარებული კვლევის დროსაც, ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად დასახელდა.
ონლაინ სწავლების დადებითი ეფექტის შესახებ
მართალია, ონლაინ სწავლება ბევრ სირთულესთან იყო და დღესაც არის დაკავშირებული, თუმცა, ამ მეთოდს თავისი უპირატესობებიც აქვს. თბილისელებს ვკითხეთ, თუ რა არის, მათი აზრით ონლაინ სწავლების დადებითი ეფექტი. აღნიშნულის შეფასება ათიდან ერთ გამოკითხულს გაუჭირდა (12%), ხოლო 21% არ ფიქრობს, რომ ონლაინ სწავლებაზე გადასვლას შეიძლება საერთოდ რაიმე დადებითი ეფექტი ჰქონდეს. თუმცა, გამოკითხულთა უმრავლესობამ ონლაინ სწავლების სიკეთეებზე საუბრისას, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოყო - დროის დაზოგვა დაასახელა 21%-მა და პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელებისაგან დაცვა, ანუ უსაფრთხოება გამოკითხულთა 20%-მა.
გრაფიკი # 2. ონლაინ სწავლის დადებითი ეფექტი
როგორც ირკვევა, უშუალოდ ახალგაზრდებისთვის ონლაინ სწავლებას თავისი დადებითი ეფექტიც აქვს - დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვასთან ერთად, ის სტუდენტებს სხვა საქმისთვის სწავლის მარტივად შეთავსების შესაძლებლობას აძლევს. ონლაინ სწავლების სწორედ ეს დადებითი მხარეები გამოავლინა გასული წლის ბოლოს, ახალგაზრდებთან ჩატარებულმა კვლევამაც. [5] ამავე კვლევამ მაშინ ისიც უჩვენა, რომ ჩამოთვლილი უპირატესობების გამო, ჰიბრიდული სწავლების მოდელზე გადასვლას ახალგაზრდები მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ.
ონლაინ სწავლების დადებით მხარეებზე საუბრისას ახალგაზრდებმა კიდევ ერთ რამე აღნიშნეს - ამ ახალი ფორმატის დანერგვამ, გაზარდა შესაძლებლობა და ხელმისაწდომი გახადა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ონლაინ სასწავლო კურსებში მონაწილეობა. ეს კი, სწავლისა და განვითარების მსურველთათავის, მნიშვნელოვანი და ძლიერი არგუმენტია.
სწავლების ფორმატი პოსტპანდემიურ რეალობაში
რესპონდენტებს ასევე ვკითხეთ, თუ როგორი უნდა იყოს, მათი აზრით, საუნივერსიტეტო სწავლების ფორმატი პანდემიის დასრულების შემდეგ. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული თბილისელების უმრავლესობა (57%) მხოლოდ ოფლაინ (აუდიტორული) სწავლების იდეას უჭერს მხარს. თუმცა, ჰიბრიდული სწავლების ფორმატსაც თავისი მომხრეები საკმარისად ჰყავს - 39%.
გრაფიკი # 3. როგორი უნდა იყოს საუნივერსიტეტო სწავლების ფორმატი პანდემიის დასრულების შემდეგ
ონლაინ სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, ჰიბრიდული სწავლების იდეას ახალგაზრდები ცალსახად დადებითად აფასებენ. რადგან მთავარი დადებითი ეფექტი - „სხვა საქმეებთან სწავლის შეთავსება“ საკმაოდ მძიმეწონიანი არგუმენტი აღმოჩნდა მათთვის. სწორედ ამიტომ, სავსებით ბუნებრივია, რომ პოსტკოვიდურ რეალობაში ჰიბრიდული სწავლების ფორმატის არსებობას ახალგაზრდები სიხარულით შეხვდებიან.
თუმცა, ჰიბრიდული სწავლებისადმი ახალგაზრდების პოზიტიური განწყობების მიუხედავად, საქართველოს საუნივერსიტეტო სისტემის ამგვარ მოდელზე გადასვლა, შესაძლოა ნაადრევი იყოს. ამ ეტაპზე უნივერსიტეტებში არსებული სწავლების შერეული მოდელი ხომ იძულებითი პასუხია კოვიდგამოწვევაზე და არა სწავლების ახალი ფორმატი, რომელიც ეფექტიანი საუნივერსიტეტო განათლების სისტემის შესაქმნელად შემუშავდა.
და ბოლოს - რა იქნება ხვალ?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, პანდემია არათუ დამარცხდა, არამედ შემოდგომისთვის თავიდან იკრებს ძალებს და მაღალია ალბათობა, რომ დისტანციური სწავლება და მუშაობა უახლოესი მომავლის გარდაუვალი რეალობა გახდება. ზუსტად ამიტომ, ონლაინ სწავლების სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით, ევროკომისიამ შექმნა ციფრული განათლების უახლოესი წლების სამოქმედო გეგმა (Digital Education Action Plan (2021-2027)[6], სადაც აღნიშნულია ის პრიორიტეტები, რომლებზეც შედეგზე ორიენტირებული სწავლებისთვის ფოკუსირება უნდა მოხდეს. კერძოდ, გეგმაში საუბარია ციფრული უნარების დახვეწაზე, ინფრასტრუქტურის შესაბამისად გამართვაზე, მეტი ციფრული სპეციალისტის მომზადებაზე; ასევე მომხმარებელზე ორიენტირებული (user-friendly) მექანიზმებისა და დაცული პლატფორმებს შექმნაზე, რომლებიც იცავს ელექტრონულ პრივატულობასა და ეთიკურ სტანდარტებს.
ბუნებრივია, ყველა ეს საკითხი აქტუალური იქნება საქართველოსთვისაც და თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დისტანციური სწავლება უმაღლესი განათლების მიღების აუცილებელი კომპონენტი გახდება. როგორ მოახერხებს ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევასთან გამკლავებას და მომავალი თაობებისთვის, ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფას, ამას მხოლოდ დრო თუ გვიჩვენებს. თუმცა, ერთი რამ კი ცხადია - იძულებით ონლაინ სწავლებაზე გადასვლის აუცილებლობა, სულ მცირე, ხელს შეუწყობს როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური გუნდის წარმომადგენლების ციფრული კომპეტენციების გაზრდას, უნივერსიტეტების მიერ ციფრული შესაძლებლობების გაძლიერებას, პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებასა და ელექტრონული სწავლებისთვის აუცილებელი ხარისხიანი კონტენტის შექმნას. მას უდავოდ აქვს ის უპირატესობები, რომელთა ეფექტიანი გამოყენებაც განათლების სფეროს პოსტპანდემიურ რეალობაში თამამად და წარმატებით შეეძლება.
[1] COVID-19 Impact on Tertiary Education in Europe and Central Asia
[2] საქსტატი
[3] Farnell, T., et al., 2021. The impact of COVID-19 on higher education: a review of emerging evidence. Analytical report. European Commission. EU Publications.
[4] Assessing the Socio-economic Impact of COVID-19 on Young People in Georgia
[5] Assessing the Socio-economic Impact of COVID-19 on Young People in Georgia
ეს კითხვა ალბათ არაერთხელ დაგისვამთ საკუთარი თავისთვის და მეგობრებთან შეკრებილებს, ხშირად გისაუბრიათ კიდეც - როდიდან შევძლებთ მოგზაურობას? ინტერნეტში კოვიდუსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალს ვამოწმებთ და წამდაუწუმ ვკითხულობთ - „ჩვენ ახლა წითელი სტატუსის მქონე ქვეყნების სიაში ვართ თუ ნარინჯისფერის?“, ქუჩაში კი, კანტიკუნტად მოსიარულე ტურისტებს მათივე სითამამით განცვიფრებულები ვაყოლებთ თვალს.
მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში COVID-19 პანდემიად გამოცხადდა, მთელი მსოფლიოს ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა. დაღდასმულ სექტორებს შორის, ტურიზმი ერთ-ერთ ყველაზე „საშიშ“ აქტივობად დასახელდა და თუ OECD-ის კვლევას დავესესხებით, 2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ტურიზმის დაახლოებით 80%-იანი ვარდნაც კი იყო ნავარაუდევი. არადა ტურიზმი, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ციფრებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ 2010-2019 წლების განმავლობაში ამ სექტორიდან მიღებული შემოსავლები მშპ-ში 5%-დან 18%-მდე გაიზარდა, რამაც საგრძნობლად გაამსხვილა ბიუჯეტი. ერთია ბიუჯეტი, მეორე კი ხალხი, რომელმაც ამ სექტორში შემოსავლის წყარო იპოვა.
ტურიზმი კოვიდის დროს ტალღაზე ლივლივს ჰგავს - რეგულაციების შემცირებას მოჰყვება ხოლმე ფრენების გაზრდილი რაოდენობა, გადატვირთული სასტუმროები, რაც თითქოს მის გამოცოცხლებას მოასწავებს. თუმცა, დროდადრო გამოვლენილი ყოველი ახალი პანდემიური ტალღა, დღევანდელ მყიფე გარემოს კიდევ უფრო არასანდოს ხდის და ქვეყანას გაურკვეველ მდგომარეობაში აბრუნებს. რა გამოსავალი რჩება მაშინ, როდესაც გარემო ასეთი არასტაბილურია, ტურიზმის სექტორი კი სრულად მასზეა დამოკიდებული?
ზოგადი პასუხი ამ კითხვაზე შესაძლოა იყოს ადაპტაცია, ტურიზმის მორგება არსებულ რეალობას. თუმცა, დღეს, ტურისტად მოგზაურობა არც თუ ისე მიმზიდველად ჟღერს. ამის მიზეზია დაუცველობის შეგრძნება, კოვიდინფიცირებულთა მუდმივად ცვალებადი მაჩვენებელი, უცხო ქვეყანაში საზღვრების კვლავ ჩაკეტვის რისკები და ა.შ. ზუსტად ამ დროს, შედარებით იმედისმომცემი ხდება შიდა ტურიზმი, რომელიც გარკვეულ რისკებს უკან იტოვებს და მოკლევადიანი მოგზაურობის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო წლების (2016-2020 წ.წ.) მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ 15 წლის და უფროსი ასაკის რეზიდენტების დაახლოებით ნახევარი, ქვეყნის შიგნით პირველ რიგში მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად მოგზაურობს. მას საგრძნობლად ჩამორჩება სხვა მიზეზებით (შოპინგი, მკურნალობა-გაჯანსაღება, ა.შ) მოგზაურთა რიცხვი. ხოლო დასვენება-გართობისთვის ადგილობრივად ჩვენი მოქალაქეების 10%-იც კი არ მოგზაურობს. მართლია, ეს რიცხვი თითქმის ორმაგდება ხოლმე ზაფხულის პერიოდში, თუმცა ფაქტია, საკუთარ ქვეყანაში დასვენებისა და გართობის მიზნით მოგზაურობა საქართველოში ძალზედ არაპოპულარულ თემად რჩება. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო პანდემიამდე და ასეა ახლაც, 2021 წლის პირველ კვარტალშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე აქტიურად მონახულებულ ადგილებს შორისაა - თბილისი, ~მერეთი და აჭარის ა/რ. სხვათაშორის, პანდემიის პირობებში, წინა წლებთან შედარებით, დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა (16%-მდე) აგარაკებზე დასვენების მსურველთა რიცხვი.
„მახსოვს როგორ ვამაყობდი და მომწონდა ჩემი ცხოვრების სტილი, მუდმივი მოგზაურობები და თავგადასავლები: ბერლინი, პარიზი, დაკა, ნიუ დელი, კერალა... განსხვავებული ქვეყნები, კულტურები და ამბები“, - მიყვება სალომე, რომელსაც პანდემიამდე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობა საკმაოდ ხშირად უწევდა, - „ერთხელ, მეგობარი ჩამოვიდა ბანგლადეშიდან და დამირეკა, ცოტა ხნით შემხვდიო. მთელი საღამო, გაოგნებული მიყვებოდა რაჭაზე, სვანეთზე და კიდევ, რაღაც ტბებს ასახელებდა. დამრგვალებული თვალებით მეკითხებოდა - რაა? არ იციო?. პანდემიის დაწყებიდან რამოდენიმე თვეში მივხვდი, ახლა დადგა ზუსტად ის დრო, როდესაც მე, ჩემი ქვეყნის გაცნობა უნდა დავიწყო. გეგმა მაქვს - ამ წელს საქართველოს ყველა ეროვნული პარკი უნდა მოვიარო! ნაკრძალები, ტბები ვნახო. წყალტუბოში უკვე ვიყავი, ყაზბეგშიც. სამცხე-ჯავახეთში ტბებზე მოკალათებული უცნაური სილამაზის ფრინველებიც ვნახე და რავიცი, ახლა ჭიათურისკენ მიჭირავს თვალი“.
ეისითი დაინტერესდა, თუ რამდენად არიან წელს მზად თბილისელი დამსვენებლები, სალომეს მსგავსად, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობისთვის? სად აპირებენ დასვენებას და რამდენად იქონია პანდემიამ გავლენა მათ გადაწყვეტილებაზე?
კვლევამ აჩვენა, რომ 18+ მოსახლეობის 28% საერთოდ არ გეგმავს ზაფხულში დედაქალაქის დატოვებას. აქედან 9%-მა თბილისიდან გასვლაზე უარი წელს სწორედ პანდემიის გამო თქვა, რის მთავარ მიზეზებად უსაფრთხოდ დასვენების რისკები და შემოსავლის შემცირება დაასახელა. გამოკითხულთა 12%-ს კი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი დაისვენებს თუ არა, რასაც უმთავრესად სამსახურს ან ფინანსების არქონას მიაწერენ.
გამოკითხულთა უმეტესობა, 60% კი მაინც განიხილავს ზაფხულში მოგზაურობას, თუმცა მათ შორის ძალზედ მწირია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც წლევანდელი ზაფხულის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავს (6%). კვლევამ აჩვენა, რომ ზაფხულში ქალაქიდან გასვლის მსურველები ძირითადად 54 წლამდე თბილისელები არიან. მათ შორის, 34 წლამდე ახალგაზრდები უმთავრესად ზღვაზე ან მთაში აპირებენ დასვენებას, ხოლო 35-54 წლის ასაკის მოსახლეობისთვის თანაბარად სასურველია ზღვაზე და ოჯახის/ახლობლის აგარაკზე გატარებული შვებულება.
მოულოდნელი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ პანდემიიდან გამომდინარე, მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკმაოდ აერია საზაფხულო გეგმები, რაც შერჩეულ დასასვენებელ ადგილს, ხანგრძლივობას და ყველაზე მეტად, ბიუჯეტს უკავშირდება. ლოკაციის შეცვლა გამოკითხულთა მეხუთედს (20%) მოუწია, რომელთა შორის ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც პანდემიამდე როგორც ზღვის, ასევე მთის კურორტებს სტუმრობდნენ და/ან აქტიურად მოგზაურობდნენ საზღვარგარეთ. გამოიკვეთა ისიც, რომ პანდემიის გამო გართულებული ეკონომიკური მდგომარეობის და უცხო გარემოში დიდი ხნით გაჩერების სურვილის ნაკლებობის გამო, მოგზაურთა დიდი ნაწილი გრძელვადიან მოგზაურობას მოკლევადიან დასვენებას ამჯობინებს.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შექმნამ პოზიტიური მოლოდინი გააჩინა საზოგადოებაში, ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემა დღემდე აქტუალურია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. უფრო მეტიც, OECD-ის ვარაუდით, 2021 წელს კვლავ “გადარჩენის რეჟიმში” მოგვიწევს ცხოვრება და ტურიზმის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება, ისევ მომავლის საკითხად დარჩება. აღნიშნულის ფონზე, სულ უფრო იმატებს ისეთი ფაქტორების მნიშვნელობა, როგორებიცაა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა, ვაქცინირებულთა რაოდენობის ზრდა, შერბილებული პანდემიური ტალღების ფონზე შეზღუდვების მოხსნა და ა.შ. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ტურისტული პროცესების გააქტიურებასთან, რაც საციცოცხლოდ აუცილებელია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ტურიზმი უმუშევრობასთან გამკლავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.
*გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის ივნისში, შემთხვევითი შერჩევის გზით, 411 სრულწლოვან თბილისელთან. გამოყენებული მეთოდი სატელეფონო ინტერვიუ. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.
კოვიდ პანდემიის დაწყებასთან ერთად ეკონომიკურმა დაღმასვლამ საზოგადოება სამსახურების დაკარგვისა და შემოსავლების შემცირების წინაშე დააყენა. შემოსავლების მკვეთრი შემცირება, პირდაპირ კავშირშია მომხმარებლების მყიდველობითუნარიანობასთან და თუ პარალელურად, დღევანდელ ბაზარზე საკვებზე ფასების მზარდ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, სურათი არც ისე სახარბიელო გამოდის. ფაქტია, ის ყველაზე მწვავედ ურტყამს დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებს, რომელთა შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ საკვებზე იხარჯება.
მაშინ როცა წინა წელთან შედარებით, 2021 წელს გლობალურად საკვებზე ფასები საშუალოდ 14%-ით გაიზარდა (მსოფლიო ბანკი, საკვების ფასების ინდექსი 2021), საქართველოც არ ჩამორჩა აღნიშნულ ნეგატიურ ტენდენციას. ეისითიში, მიმდინარე წლის აპრილში სწორედ საკვებზე გაზრდილი ფასების გავლენით დავინტერესდით და რესპონდენტები, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში საკვებზე გაწეული ხარჯების დინამიკაზე, პროდუქტების გამოყენების სიხშირეზე გამოვკითხეთ.
ზრდის მასშტაბები
გაზაფხულზე სოციალური მედია საქართველოში ზეთზე ფასების რეკორდულმა ზრდის ამბავმა დაიპყრო და აღნიშნული, ყველაზე პოპულარულ სახუმარო თუ სამსჯელო თემად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდეგ, ზეთის ფასმა დღეს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ამ ამბავში, სამწუხაროდ ზეთი ერთადერთი მთავარი გმირი არ აღმოჩნდა და პანდემია, საკვებზე ფასების კოლოსალური ზრდის კატალიზატორად მოგვევლინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, აპრილში სურსათის კატეგორიაში ფასები 0.3%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, რაც ინფლაციის 7.2%-იან მაჩვენებლეში 0.1%-იანი ზრდით აისახა. საკვების ჯგუფებში ფასები ყველაზე მეტად ხილსა და ზეთზე, თევზეულსა და ტკბილელულზე გაიზარდა:
ჩვენს მიერ გამოკითხული 401 რესპონდენტიდან უმეტესობა აღნიშნავს ფასების მკვეთრ ზრდას და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, საკვებზე გაწეული მათი ხარჯები უფრო და უფრო გაიზარდა. ასაკობრივ ჭრილში თუ შევხედავთ, სურათი ანალოგიურია ყველა ჯგუფისთვის -18-34 წლის, 35-54 წლისა და 55+ წლის რესპონდენტების უმრავლესობისთვის (საშუალოდ 75%), საკვებზე ფასების ზრდა ბოლო 6 თვის განმავლობაში საგრძნობია.
ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების უმრავლესობა ყველაზე ხშირად (ყოველდღე, კვირაში რამდენჯერმე) პურსა და პურპროდუქტებს, ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებსა და ტკბილეულს მოიხმარს. შედარებით იშვიათად მოიხმარენ ნახევარფაბრიკატებსა და კონსერვებს, თევზეულსა და ზეთს, კარაქს, შაქარსა და ყველს. ამ ჩამონათვალს საქსტატის ფასების დინამიკას თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ მომხმარებლებს მათ მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებადი საკვები პროდუქტები გაუძვირდათ. ჩამოთვლილი პროდუქტები, მომხმარებლების კალათაში ყველაზე დიდ ადგილს იკავებენ მოხმარების სიხშირით.
შოკის გავლენა
მოკლედ რომ შევაჯამოთ, პანდემია და მისი უარყოფითი ეფექტები ეკონომიკაზე მოულოდნელი არ ყოფილა - საკვების მიწოდების ჯაჭვის გარღვევა და პროცესების შეფერხება ლოგიკურად, ანალოგიური კრიზისების თანმდევია. კოვიდმა გლობალური სასურსათო ღირებულების ჯაჭვების ფუნქციონირება შეაფერხა, რაც სურსათის მიწოდების ყველა ფაზას შეეხო. აღნიშნულის საწყისი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ შემოღებული შეზღუდვები იყო.2
დღეისთვის, საკვების ფასებს პანდემიით გამოწვეულ შოკთან უწევს გამკლავება. ფასები იზრდება როგორც თვიდან-თვემდე, ისე წლიურ ჭრილშიც. მართალია, განვითარებადი, საკვების იმპორტიორი ქვეყნები კოვიდით გამოწვეული ფასების ზრდის პირველი სამიზნეა, თუმცა იმპორტ-დამოკიდებულ საქართველოში, რომელზეც სხვა გარეგანი ეკონომიკური ფაქტორებიც აქტიურად მოქმედებს, თუნდაც ქართული ვალუტის გაუფასურება, პროდუქტებზე ფასის ზრდა კიდევ უფრო შესამჩნევი და საგრძნობია.
Covid19-ის გავრცელებამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი კრიზისი გამოიწვია, რომლიდანაც თავის დაღწევას, დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 158 მილიონს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3,2 მილიონს გადასცდა. პანდემიამ მთელი მსოფლიო შეცვალა და მასთან ერთად, ყველა არსებულ ინდუსტრიაზე იქონია მტკივნეული გავლენა. მისი შედეგები აისახა გლობალური ეკონომიკის რეცესიაში, იქნება ეს მცირე და საშუალო ბიზნესების გაკოტრება, უმუშევრობის ზრდა, ტურიზმის სექტორის ჩამოშლა, საფონდო ბაზარზე არსებული რეკორდული ვარდნა თუ სხვა.
ეკონომიკური რეცესია პანდემიის ფონზე
გლობალური ეკონომიკა საგრძნობლად დაზიანდა, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულმა რეგულაციებმა განაპირობა. პანდემიის დაწყებისთანავე რადიკალურად შეიცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი, საქმიანობა და ზოგადად, ჩვენი ყოველდღიურობა. მალევე, ქვეყნების უმეტესობამ გამოაცხადა მკაცრი კარანტინი, როგორც ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება და სოციალური დისტანცია, როგორც ერთმანეთის დაცვის საუკეთესო გზა. ამ შეზღუდვებმა დიდი გავლენა იქონია გლობალურ ეკონომიკაზე და მილიონობით ადამიანი, სამსახურის გარეშე დატოვა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით ამ წელს 114 მილიონი ადამიანი დარჩა სამუშაო ადგილის გარეშე. ჯამურად კი, მთელი წლის განმავლობაში გლობალური სამუშაო საათების 8.8 პროცენტი დაიკარგა, რაც 255 მილიონი სრული სამუშაო განაკვეთის ეკვივალენტურია. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად დაკარგულ სამუშაო საათებს. შრომით ბაზარზე დაკარგული რესურსი, ცხადია, განაპირობა კომპანიების გაკოტრებამ ან იძულებით გამოწვეულმა კადრების შემცირებამ. 2020 წელს გლობალური მასშტაბით მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 3.7 ტრილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით, რაც 4,4 პროცენტიან შემცირებაში აისახა. ეკონომიკის გაუმჯობესების პროცესს, განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური დისტანციის შენარჩუნებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც ვირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელების გამო დაწესდა.
იმუნიზაცია, როგორც გადარჩენის გზა
Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობა სხვადასხვა ლაბორატორიებში ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და დღეისათვის, ქვეყნების უმეტესობაში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. სოციალური შეკრებების აღსადგენად და საერთო სამუშაო სივრცეში დასაბრუნებლად, ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანთა ჯანმრთელობის გაუარესების რისკების მინიმიზაცია. ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ კოლექტიური ე.წ. „ჯოგური“ იმუნიტეტის გამომუშავებით არის შესაძლებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის/მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი რეზისტენტული უნდა იყოს ვირუსის მიმართ. ამის მიღწევა კი, მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციითაა შესაძლებელი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას საკმაოდ დიდი დრო და სამედიცინო რესურსი სჭირდება. ამას ემატება მოქალაქეების არასაკმარისი მზაობაც, რომელიც ზოგჯერ კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნულ პროცესს. ამ ყველაფრის ერთობლიობით, იმუნიზაციის პროცესი დროში იწელება და ეკონომიკური დაღმასვლა, გაურკვეველი ვადით გრძელდება.
მასობრივი ვაქცინაციის პოტენციური ეფექტი
მსოფლიოს მასშტაბით, ამ დროისთვის გაკეთებულია ვაქცინის 2,02 მილიარდ დოზაზე მეტი და სრულად აცრილია 443 მილიონზე მეტი ადამიანი. ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული მსოფლიო მოსახლეობის 11 პროცენტზე მეტს და სრულად აცრილია მოსახლეობის 5,7 პროცენტი. მართალია, კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ გარკვეული დროა საჭირო, თუმცა რამოდენიმე ქვეყნის მაგალითით უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, ვაქცინაციის პირველად შედეგებსა და დადებით ტენდენციებზე.
მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესში მოწინავე როლს ისრაელი იკავებს, სადაც მოსახლეობის 63%-ზე მეტს ვაქცინაციის ერთი პროცედურა მაინც აქვს ჩატარებული და სრულად აცრილია მოსახლეობის 56 პროცენტზე მეტი. ამან კი, ქვეყანას საშუალება მისცა გამოიმუშაოს კოლექტიური იმუნიტეტი და განაახლოს აქტივობები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ საერთო სამუშაო სივრცეებში, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ისრაელში, ვაქცინაციის დონე იმდენად მაღალია, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება აღარ არის სავალდებულო და რეგულაციები მნიშვნელოვნად შემსუბუქებულია. ასევე, გაიხსნა სკოლები და სრულად აცრილ ადამიანებს, შეუძლიათ თავისუფლად ესტუმრონ რესტორნებს, დაესწრონ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, კონცერტებს დიდ დარბაზებში და რელიგიური დღესასწაულები, მასობრივი თავშეყრის ადგილებში აღნიშნონ. ვაქცინაციის შედეგად შემცირებული რეგულაციების ფონზე, ქვეყანაში უკვე ამუშავდა მომსახურების სფერო და ამ სექტორში დასაქმებული კომპანიები დგამენ პირველ ნაბიჯებს ფინანსური კრიზისიდან თავის დასაღწევად.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 51 პროცენტსაქვს მიღებული ვაქცინის ერთი დოზა მაინც და სრულად აცრილია მოსახლეობის 41.5%-ზე მეტი. მოხსნილია მკაცრი რეგულაციების ნაწილი, მათ შორის: სრულად აცრილ მოქალაქეებს შეუძლიათ არ ატარონ პირბადეები ღია და დახურულ სივრცეში, თუ ეს კონკრეტული შტატის კანონით არ არის მოთხოვნილი. ასევე არ არის სავალდებულო ქვეყნის შიდა თუ საერთაშორისო მგზავრობისას კოვიდ ტესტის გაკეთება ანდა თვითიზოლაცია, რაც ხელს უწყობს ტურიზმის გამოცოცხლებას და ამ სექტორში მოქმედი კომპანიებისა და მათი თანამშრომლების ეკონომიკურ აქტივობაში დაბრუნებას.
ეს ქვეყნები ვაქცინაციის მაღალი დონის დახმარებით ახერხებენ გახსნან ეკონომიკა, განაახლონ ყოველდღიური აქტივობები და ბიზნესის სექტორს მისცენ სრული დატვირთვით მუშაობის საშუალება - რაც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
რთული გამოწვევებიდან ახალი შესაძლებლობისკენ
ყველა ჩვენგანმა ვიცით თუ როგორი იყო მსოფლიო პანდემიამდე, მაგრამ როგორი იქნება ის შემდეგ, ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია. წარსულში არსებული კრიზისების დაძლევის გამოცდილებით, როგორიც იყო 30-იანი წლების დიდი დეპრესია, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური ეკონომიკური კრიზისი, საბჭოთა სოციალისტური ბლოკის დაშლით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა თუ 2009-2010 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისი, ჩვენ, მსოფლიოს წამყვან ანალიტიკოსებთან/ექსპერტებთან ერთად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პანდემიის დამარცხებას კიდევ უფრო მეტი ცვლილება მოჰყვება:
შეცვლილი სამომხმარებლო ქცევა - პანდემიამ უკვე მკვეთრად იმოქმედა ადამიანთა სამომხმარებლო ქცევაზე და გრძელვადიან პერიოდში, ეს ცვლილება კიდევ უფრო მკაფიო გახდება. არასტაბილურობასთან გამკლავებისას ადამიანებს შეეცვალათ პრიორიტეტები, მოთხოვნილებები და ღირებულებები. მომხმარებლების მოლოდინები კომპანიების მიმართ შეიცვლება, მათ ახლებურად ენდომებათ მომსახურების მიღება და პროდუქტის შეძენა. შესაბამისად, კომპანიებს მოუწევთ მათი სამუშაო მეთოდების მოდელირება და სავარაუდოა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ელექტრონული კომერციის, მომსახურების დისტანციურად გაწევისა და პროცესების ავტომატიზაციის როლი.
შრომითი ბაზარი - დისტანციურად მუშაობა ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ბადებს დამსაქმებლებისა და დასაქმებულთათვის. დღეს უფრო და უფრო მეტი დასაქმებული გამოთქვამს სურვილს იმუშაოს დისტანციურად ან ჰიბრიდულად - გარკვეული პერიოდებით დისტანციურ და საოფისე რეჟიმში. სავარაუდოა, რომ თავად დამსაქმებლებიც განიხილავენ კადრების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანას პოსტ პანდემიურ პერიოდში, რაც დანახარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.
ბიზნეს სექტორი - ბევრი ინდუსტრია დადგა გარდაუვალი ცვლილებების წინაშე და პანდემიასთან გასამკლავებლად კომპანიებს საკმაოდ მტკივნეული დარტყმების მოგერიება მოუწიათ. გარემოს ასეთმა ცვლილებამ კი, ბიზნესს თავისი სტრატეგიის გადახედვისკენ უბიძგა. მრავალ ინდუსტრიაში ბიზნესის კეთების ტრადიციული მეთოდები არაეფექტიანი აღმოჩნდა, ხოლო თავად ბიზნეს სუბიექტებმა, არასაკმარისი მოქნილობისა და ადაპტაციის უნარი გამოავლინეს. ასეთ კომპანიებს, ახლებური ბიზნეს მოდელების შემუშავება, მათი სტრატეგიის მოდელირება და მომხმარებელთა ახალ მოთხოვნებზე მორგება მოუწევთ, რაც პოსტპანდემიურ პერიოდსაც უნდა შეესაბამებოდეს.
ციფრული ერა - ბიზნესის სექტორის გაციფრულების პროცესი ჯერ კიდევ პანდემიამდე მიმდინარეობდა, მაგრამ Covid19-ის გავრცელებამ ეს პროცესი წარმოუდგენლად დააჩქარა. ციფრული ტრანსფორმაცია დღევანდელ რეალობაში გარდაუვალია და მისი აუცილებლობა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება პანდემიის დამარცხების შემდეგ. სწორედ ციფრულმა ტექნოლოგიებმა გახადა შესაძლებელი პანდემიის დროს დისტანციურად მუშაობა, სწავლა და ზოგადად, ახლებურად კომუნიკაცია. პანდემიის შემდგომაც გაგრძელდება ინტენსიური ინვესტირება ციფრული ტექნოლოგიების სექტორში და მათი გამოყენებით, ახალი სერვისებისა თუ სრულიად ახალი ინდუსტრიების წარმოქმნა გარდაუვალი იქნება.
Covid19-ის პანდემიამ კაცობრიობა არაერთი გამოწვევის და ამავე დროს, შესაძლებლობის წინაშე დააყენა. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსური პროცესია, რომელშიც მხოლოდ ერთად, გაერთიანებული ძალებით შეიძლება უპირატესობის მოპოვება. პანდემიასთან გამკლავების პროცესში, შესაძლებელია ეკონომიკური მაჩვენებლები გაუტოლდეს ან გადააჭარბოს კიდეც პრეკოვიდურ შედეგებს, მაგრამ თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, პანდემიამ ძირეულად შეცვალა გარემო ფაქტორებიც და ადამიანთა მაინდსეტიც. მართალია, გადაჭრით არავინ იცის როგორი იქნება ახალი რეალობა, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველამ გავითავისოთ, რომ მასობრივი ვაქცინაცია არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის მარტივ გზას და გლობალური/ლოკალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთგვარ რეცეპტს. უბრალოდ, ვაქცინაცია გვაძლევს შანსს ვიცხოვროთ ნაკლები შეზღუდვებით, დავუბრუნდეთ სოციალურ სივრცეებს და საკუთარი ხელებით აღვადგინოთ ეკონომიკა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - მასობრივი ვაქცინაცია დაგვეხმარება ერთად გავიაროთ გზა მოსახლეობის იმუნიზაციიდან ეკონომიკის რეგენერაციამდე.