/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

ზეთის ეფექტი - საკვების ფასები პანდემიის ფონზე

09.06.2021 2 წუთის საკითხავი
ლიკა გოდერძიშვილი

უფროსი კონსულტანტი

ზეთის ეფექტი - საკვების ფასები პანდემიის ფონზე

კოვიდ პანდემიის დაწყებასთან ერთად ეკონომიკურმა დაღმასვლამ საზოგადოება სამსახურების დაკარგვისა და შემოსავლების შემცირების წინაშე დააყენა. შემოსავლების მკვეთრი შემცირება, პირდაპირ კავშირშია მომხმარებლების მყიდველობითუნარიანობასთან და თუ პარალელურად, დღევანდელ ბაზარზე საკვებზე ფასების მზარდ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, სურათი არც ისე სახარბიელო გამოდის. ფაქტია, ის ყველაზე მწვავედ ურტყამს დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებს, რომელთა შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ საკვებზე იხარჯება.


მაშინ როცა წინა წელთან შედარებით, 2021 წელს გლობალურად საკვებზე ფასები საშუალოდ 14%-ით გაიზარდა (მსოფლიო ბანკი, საკვების ფასების ინდექსი 2021), საქართველოც არ ჩამორჩა აღნიშნულ ნეგატიურ ტენდენციას. ეისითიში, მიმდინარე წლის აპრილში სწორედ საკვებზე გაზრდილი ფასების გავლენით დავინტერესდით და რესპონდენტები, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში საკვებზე გაწეული ხარჯების დინამიკაზე, პროდუქტების გამოყენების სიხშირეზე გამოვკითხეთ.


ზრდის მასშტაბები


გაზაფხულზე სოციალური მედია საქართველოში ზეთზე ფასების რეკორდულმა ზრდის ამბავმა დაიპყრო და აღნიშნული, ყველაზე პოპულარულ სახუმარო თუ სამსჯელო თემად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდეგ, ზეთის ფასმა დღეს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ამ ამბავში, სამწუხაროდ ზეთი ერთადერთი მთავარი გმირი არ აღმოჩნდა და პანდემია, საკვებზე ფასების კოლოსალური ზრდის კატალიზატორად მოგვევლინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, აპრილში სურსათის კატეგორიაში ფასები 0.3%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, რაც ინფლაციის 7.2%-იან მაჩვენებლეში 0.1%-იანი ზრდით აისახა. საკვების ჯგუფებში ფასები ყველაზე მეტად ხილსა და ზეთზე, თევზეულსა და ტკბილელულზე გაიზარდა:




ჩვენს მიერ გამოკითხული 401 რესპონდენტიდან უმეტესობა აღნიშნავს ფასების მკვეთრ ზრდას და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, საკვებზე გაწეული მათი ხარჯები უფრო და უფრო გაიზარდა. ასაკობრივ ჭრილში თუ შევხედავთ, სურათი ანალოგიურია ყველა ჯგუფისთვის -18-34 წლის, 35-54 წლისა და 55+ წლის რესპონდენტების უმრავლესობისთვის (საშუალოდ 75%), საკვებზე ფასების ზრდა ბოლო 6 თვის განმავლობაში საგრძნობია.


ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების უმრავლესობა ყველაზე ხშირად (ყოველდღე, კვირაში რამდენჯერმე) პურსა და პურპროდუქტებს, ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებსა და ტკბილეულს მოიხმარს. შედარებით იშვიათად მოიხმარენ ნახევარფაბრიკატებსა და კონსერვებს, თევზეულსა და ზეთს, კარაქს, შაქარსა და ყველს. ამ ჩამონათვალს საქსტატის ფასების დინამიკას თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ მომხმარებლებს მათ მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებადი საკვები პროდუქტები გაუძვირდათ. ჩამოთვლილი პროდუქტები, მომხმარებლების კალათაში ყველაზე დიდ ადგილს იკავებენ მოხმარების სიხშირით. 




შოკის გავლენა


მოკლედ რომ შევაჯამოთ, პანდემია და მისი უარყოფითი ეფექტები ეკონომიკაზე მოულოდნელი არ ყოფილა - საკვების მიწოდების ჯაჭვის გარღვევა და პროცესების შეფერხება ლოგიკურად, ანალოგიური კრიზისების თანმდევია. კოვიდმა გლობალური სასურსათო ღირებულების ჯაჭვების ფუნქციონირება შეაფერხა, რაც სურსათის მიწოდების ყველა ფაზას შეეხო. აღნიშნულის საწყისი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ შემოღებული შეზღუდვები იყო.2


დღეისთვის, საკვების ფასებს პანდემიით გამოწვეულ შოკთან უწევს გამკლავება. ფასები იზრდება როგორც თვიდან-თვემდე, ისე წლიურ ჭრილშიც. მართალია, განვითარებადი, საკვების იმპორტიორი ქვეყნები კოვიდით გამოწვეული ფასების ზრდის პირველი სამიზნეა, თუმცა იმპორტ-დამოკიდებულ საქართველოში, რომელზეც სხვა გარეგანი ეკონომიკური ფაქტორებიც აქტიურად მოქმედებს, თუნდაც ქართული ვალუტის გაუფასურება, პროდუქტებზე ფასის ზრდა კიდევ უფრო შესამჩნევი და საგრძნობია.

საინტერესო ინსაიტები
03.06.2021

Covid19-ის გავრცელებამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი კრიზისი გამოიწვია, რომლიდანაც თავის დაღწევას, დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 158 მილიონს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3,2 მილიონს გადასცდა. პანდემიამ მთელი მსოფლიო შეცვალა და მასთან ერთად, ყველა არსებულ ინდუსტრიაზე იქონია მტკივნეული გავლენა. მისი შედეგები აისახა გლობალური ეკონომიკის რეცესიაში, იქნება ეს მცირე და საშუალო ბიზნესების გაკოტრება, უმუშევრობის ზრდა, ტურიზმის სექტორის ჩამოშლა, საფონდო ბაზარზე არსებული რეკორდული ვარდნა თუ სხვა.


ეკონომიკური რეცესია პანდემიის ფონზე


გლობალური ეკონომიკა საგრძნობლად დაზიანდა, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულმა რეგულაციებმა განაპირობა. პანდემიის დაწყებისთანავე რადიკალურად შეიცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი, საქმიანობა და ზოგადად, ჩვენი ყოველდღიურობა. მალევე, ქვეყნების უმეტესობამ გამოაცხადა მკაცრი კარანტინი, როგორც ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება და სოციალური დისტანცია, როგორც ერთმანეთის დაცვის საუკეთესო გზა. ამ შეზღუდვებმა დიდი გავლენა იქონია გლობალურ ეკონომიკაზე და მილიონობით ადამიანი, სამსახურის გარეშე დატოვა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით ამ წელს 114 მილიონი ადამიანი დარჩა სამუშაო ადგილის გარეშე. ჯამურად კი, მთელი წლის განმავლობაში გლობალური სამუშაო საათების 8.8 პროცენტი დაიკარგა, რაც 255 მილიონი სრული სამუშაო განაკვეთის ეკვივალენტურია. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად დაკარგულ სამუშაო საათებს. შრომით ბაზარზე დაკარგული რესურსი, ცხადია, განაპირობა კომპანიების გაკოტრებამ ან იძულებით გამოწვეულმა კადრების შემცირებამ. 2020 წელს გლობალური მასშტაბით მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 3.7 ტრილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით, რაც 4,4 პროცენტიან შემცირებაში აისახა. ეკონომიკის გაუმჯობესების პროცესს, განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური დისტანციის შენარჩუნებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც ვირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელების გამო დაწესდა.

 

იმუნიზაცია, როგორც გადარჩენის გზა


Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობა სხვადასხვა ლაბორატორიებში ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და დღეისათვის, ქვეყნების უმეტესობაში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. სოციალური შეკრებების აღსადგენად და საერთო სამუშაო სივრცეში დასაბრუნებლად, ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანთა ჯანმრთელობის გაუარესების რისკების მინიმიზაცია. ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ კოლექტიური ე.წ. „ჯოგური“ იმუნიტეტის გამომუშავებით არის შესაძლებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის/მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი რეზისტენტული უნდა იყოს ვირუსის მიმართ. ამის მიღწევა კი, მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციითაა შესაძლებელი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას საკმაოდ დიდი დრო და სამედიცინო რესურსი სჭირდება. ამას ემატება მოქალაქეების არასაკმარისი მზაობაც, რომელიც ზოგჯერ კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნულ პროცესს. ამ ყველაფრის ერთობლიობით, იმუნიზაციის პროცესი დროში იწელება და ეკონომიკური დაღმასვლა, გაურკვეველი ვადით გრძელდება.




მასობრივი ვაქცინაციის პოტენციური ეფექტი


მსოფლიოს მასშტაბით, ამ დროისთვის გაკეთებულია ვაქცინის 2,02 მილიარდ დოზაზე მეტი და სრულად აცრილია 443 მილიონზე მეტი ადამიანი. ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული მსოფლიო მოსახლეობის 11 პროცენტზე მეტს და სრულად აცრილია მოსახლეობის 5,7 პროცენტი. მართალია, კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ გარკვეული დროა საჭირო, თუმცა რამოდენიმე ქვეყნის მაგალითით უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, ვაქცინაციის პირველად შედეგებსა და დადებით ტენდენციებზე.





მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესში მოწინავე როლს ისრაელი იკავებს, სადაც მოსახლეობის 63%-ზე მეტს ვაქცინაციის ერთი პროცედურა მაინც აქვს ჩატარებული და სრულად აცრილია მოსახლეობის 56 პროცენტზე მეტი. ამან კი, ქვეყანას საშუალება მისცა გამოიმუშაოს კოლექტიური იმუნიტეტი და განაახლოს აქტივობები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ საერთო სამუშაო სივრცეებში, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ისრაელში, ვაქცინაციის დონე იმდენად მაღალია, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება აღარ არის სავალდებულო და რეგულაციები მნიშვნელოვნად შემსუბუქებულია. ასევე, გაიხსნა სკოლები და სრულად აცრილ ადამიანებს, შეუძლიათ თავისუფლად ესტუმრონ რესტორნებს, დაესწრონ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, კონცერტებს დიდ დარბაზებში და რელიგიური დღესასწაულები, მასობრივი თავშეყრის ადგილებში აღნიშნონ. ვაქცინაციის შედეგად შემცირებული რეგულაციების ფონზე, ქვეყანაში უკვე ამუშავდა მომსახურების სფერო და ამ სექტორში დასაქმებული კომპანიები დგამენ პირველ ნაბიჯებს ფინანსური კრიზისიდან თავის დასაღწევად.



ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 51 პროცენტსაქვს მიღებული ვაქცინის ერთი დოზა მაინც და სრულად აცრილია მოსახლეობის 41.5%-ზე მეტი. მოხსნილია მკაცრი რეგულაციების ნაწილი, მათ შორის: სრულად აცრილ მოქალაქეებს შეუძლიათ არ ატარონ პირბადეები ღია და დახურულ სივრცეში, თუ ეს კონკრეტული შტატის კანონით არ არის მოთხოვნილი. ასევე არ არის სავალდებულო ქვეყნის შიდა თუ საერთაშორისო მგზავრობისას კოვიდ ტესტის გაკეთება ანდა თვითიზოლაცია, რაც ხელს უწყობს ტურიზმის გამოცოცხლებას და ამ სექტორში მოქმედი კომპანიებისა და მათი თანამშრომლების ეკონომიკურ აქტივობაში დაბრუნებას.



ეს ქვეყნები ვაქცინაციის მაღალი დონის დახმარებით ახერხებენ გახსნან ეკონომიკა, განაახლონ ყოველდღიური აქტივობები და ბიზნესის სექტორს მისცენ სრული დატვირთვით მუშაობის საშუალება - რაც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.


რთული გამოწვევებიდან ახალი შესაძლებლობისკენ


ყველა ჩვენგანმა ვიცით თუ როგორი იყო მსოფლიო პანდემიამდე, მაგრამ როგორი იქნება ის შემდეგ, ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია. წარსულში არსებული კრიზისების დაძლევის გამოცდილებით, როგორიც იყო 30-იანი წლების დიდი დეპრესია, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური ეკონომიკური კრიზისი, საბჭოთა სოციალისტური ბლოკის დაშლით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა თუ 2009-2010 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისი, ჩვენ, მსოფლიოს წამყვან ანალიტიკოსებთან/ექსპერტებთან ერთად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პანდემიის დამარცხებას კიდევ უფრო მეტი ცვლილება მოჰყვება:


შეცვლილი სამომხმარებლო ქცევა - პანდემიამ უკვე მკვეთრად იმოქმედა ადამიანთა სამომხმარებლო ქცევაზე და გრძელვადიან პერიოდში, ეს ცვლილება კიდევ უფრო მკაფიო გახდება. არასტაბილურობასთან გამკლავებისას ადამიანებს შეეცვალათ პრიორიტეტები, მოთხოვნილებები და ღირებულებები. მომხმარებლების მოლოდინები კომპანიების მიმართ შეიცვლება, მათ ახლებურად ენდომებათ მომსახურების მიღება და პროდუქტის შეძენა. შესაბამისად, კომპანიებს მოუწევთ მათი სამუშაო მეთოდების მოდელირება და სავარაუდოა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ელექტრონული კომერციის, მომსახურების დისტანციურად გაწევისა და პროცესების ავტომატიზაციის როლი.


შრომითი ბაზარი - დისტანციურად მუშაობა ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ბადებს დამსაქმებლებისა და დასაქმებულთათვის. დღეს უფრო და უფრო მეტი დასაქმებული გამოთქვამს სურვილს იმუშაოს დისტანციურად ან ჰიბრიდულად - გარკვეული პერიოდებით დისტანციურ და საოფისე რეჟიმში. სავარაუდოა, რომ თავად დამსაქმებლებიც განიხილავენ კადრების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანას პოსტ პანდემიურ პერიოდში, რაც დანახარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.


ბიზნეს სექტორი - ბევრი ინდუსტრია დადგა გარდაუვალი ცვლილებების წინაშე და პანდემიასთან გასამკლავებლად კომპანიებს საკმაოდ მტკივნეული დარტყმების მოგერიება მოუწიათ. გარემოს ასეთმა ცვლილებამ კი, ბიზნესს თავისი სტრატეგიის გადახედვისკენ უბიძგა. მრავალ ინდუსტრიაში ბიზნესის კეთების ტრადიციული მეთოდები არაეფექტიანი აღმოჩნდა, ხოლო თავად ბიზნეს სუბიექტებმა, არასაკმარისი მოქნილობისა და ადაპტაციის უნარი გამოავლინეს. ასეთ კომპანიებს, ახლებური ბიზნეს მოდელების შემუშავება, მათი სტრატეგიის მოდელირება და მომხმარებელთა ახალ მოთხოვნებზე მორგება მოუწევთ, რაც პოსტპანდემიურ პერიოდსაც უნდა შეესაბამებოდეს.


ციფრული ერა - ბიზნესის სექტორის გაციფრულების პროცესი ჯერ კიდევ პანდემიამდე მიმდინარეობდა, მაგრამ Covid19-ის გავრცელებამ ეს პროცესი წარმოუდგენლად დააჩქარა. ციფრული ტრანსფორმაცია დღევანდელ რეალობაში გარდაუვალია და მისი აუცილებლობა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება პანდემიის დამარცხების შემდეგ. სწორედ ციფრულმა ტექნოლოგიებმა გახადა შესაძლებელი პანდემიის დროს დისტანციურად მუშაობა, სწავლა და ზოგადად, ახლებურად კომუნიკაცია. პანდემიის შემდგომაც გაგრძელდება ინტენსიური ინვესტირება ციფრული ტექნოლოგიების სექტორში და მათი გამოყენებით, ახალი სერვისებისა თუ სრულიად ახალი ინდუსტრიების წარმოქმნა გარდაუვალი იქნება.


Covid19-ის პანდემიამ კაცობრიობა არაერთი გამოწვევის და ამავე დროს, შესაძლებლობის წინაშე დააყენა. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსური პროცესია, რომელშიც მხოლოდ ერთად, გაერთიანებული ძალებით შეიძლება უპირატესობის მოპოვება. პანდემიასთან გამკლავების პროცესში, შესაძლებელია ეკონომიკური მაჩვენებლები გაუტოლდეს ან გადააჭარბოს კიდეც პრეკოვიდურ შედეგებს, მაგრამ თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, პანდემიამ ძირეულად შეცვალა გარემო ფაქტორებიც და ადამიანთა მაინდსეტიც. მართალია, გადაჭრით არავინ იცის როგორი იქნება ახალი რეალობა, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველამ გავითავისოთ, რომ მასობრივი ვაქცინაცია არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის მარტივ გზას და გლობალური/ლოკალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთგვარ რეცეპტს. უბრალოდ, ვაქცინაცია გვაძლევს შანსს ვიცხოვროთ ნაკლები შეზღუდვებით, დავუბრუნდეთ სოციალურ სივრცეებს და საკუთარი ხელებით აღვადგინოთ ეკონომიკა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - მასობრივი ვაქცინაცია დაგვეხმარება ერთად გავიაროთ გზა მოსახლეობის იმუნიზაციიდან ეკონომიკის რეგენერაციამდე.

26.05.2021

ბოლო წლების მანძილზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, ნათლად აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის პოზიტიურ დამოკიდებულებას ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამასთან, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის ადასტურებდნენ ქვეყნის სწრაფვას ევროპული ინსტიტუტებისადმი. მეტიც, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ხმამაღლა განაცხადა, რომ ქვეყანა ემზადება 2024 წლისათვის  გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. არსებობს მოლოდინი, რომ ეს დაპირება სწორედ ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციით გაკეთდა, რაც  ზრდის დადებითი შედეგის მოლოდინს.

ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ინიციატივიაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მათ ექვს აღმოსავლეთ მეზობელს შორის: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა, ერთი მხრივ, შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს გააერთიანონ ძალისხმევა ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოებისათვის, მეორე მხრივ, წარმოადგენს ევროკავშირის ქმედით ინსტრუმენტს შეაფასოს ქვეყნების პროგრესი და დაგეგმოს შესაბამისი პოლიტიკა.|

პარალელურად, ევროპული ინსტიტუტები აქტიურად აკვირდებიან პარტნიორობის წევრი ქვეყნების მოსახლეობას და მათ დამოკიდებულებას, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ისე თავად ამ ინსტიტუტების მიმართ. 2016 წლიდან ეისითი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკვირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ საზოგადოებრივ აზრს. ერთ-ერთი ასეთი კვლევა 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარდა, რომლის შედეგებიც საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, როგორც მოსახლეობის განწყობებსა და პრეფერენციებზე, ისე ამ ექვს ქვეყანაში არსებულ განსხვავებულ სურათზე.

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 63% დადებითად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ

2021 წლის მარტში ეისითის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის (15 წლისა და უფროსი ასაკის) უმრავლესობა, პოზიტიურადაა განწყობილი ევროკავშირისადმი და მეტიც, როგორც ირკვევა, აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის, კეთილგანწყობა ყველაზე მაღალია საქართველოს მოსახლეობაში. საინტერესოა, რომ არც ნეიტრალურად განწყობილთა რაოდენობაა მცირე (35%), ნეგატიურად ამ ინსტიტუტს კი მხოლოდ 1% აფასებს.


წყარო: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, შერჩევის ზომა – 6000 რესპონდენტი, მარტი 2021, ეისითი

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის  უმრავლესობა (76%) ენდობა ევროკავშირის, მიუხედავად იმისა, მოწონს თუ არა ეს ინსტიტუტი


საინტერესოა, რომ კიდევ მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც შეიძლება არ მოსწონდეს ეს ევროპული ინტიტუტი, თუმცა ფაქტია,  ნდობას მაინც უცხადებს მას. ამ თვალსაზრისითაც, ევროკავშირის მიმართ ნდობის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობაშია ყველაზე მაღალი.



წყარო: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, შერჩევის ზომა – 6000 რესპონდენტი, მარტი 2021, ეისითი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები უკვე მოისმინეს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის შტაბბინებში. ასევე, უკვე დაგეგემილია, რომ 2024 წლის ჩათვლით, ეისითი და მისი საერთაშორისო პარტნიორები ყოველი წლის გაზაფხულზე მიაწვდიან ბრიუსელს ექვსივე ქვეყნის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს. საბოლოო ჯამში კი, რა შედეგებს დადებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.

19.05.2021

როდესაც სინოფარმის ვაქცინაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  ავტორიზაციას მთელი ქვეყანა სულგანაბული ელოდებოდა, სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ,  ხელმეორედ ჩაგვეტარებინა კვლევა, რომელიც თბილისელებში ვაქცინაციასთან დაკავშირებულ რეალობას დაგვანახებდა და ეს მონაცემები,  2 თვის წინანდელი სურათისთვის შეგვედარებინა. იქნებ ამ ლაბირინთში, კიდევ უფრო ნათლად დაგვენახა თუ რას ფიქრობს დღეს დედაქალაქის მოსახლეობა ვაქცინაციაზე და რამდენად არის ის მზად ასაცრელად.  გაგვერკვია, რა გველის თუკი სვლას, ასეთი ტემპით გავაგრძელებთ.   

კორონავირუსს დღეს  მთელი მსოფლიო მის ხელთ არსებული  ერთადერთი       იარაღით – ვაქცინით ცდილობს გაუმკლავდეს.  ეს ბრძოლა  აქტიურ ფაზაშია შესული და  საერთაშორისო კვლევითი ცენტრი Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 176 ქვეყანაში უკვე 1,48 მილიარდზე მეტი დოზაა  გადანაწილებული. ეს კი დღეში, დაახლოებით 24.5 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გულისხმობს. [1]


თბილისელების ინფორმაციის წყარო


საქართველოში ვაქცინის შემოტანამდე (თებერვალში) და შემოტანიდან 2 თვის შემდეგ (აპრილში), კვლევისა და საკონსულტაციო კომპანიამ ეისითი,  თბილისელების ვაქცინაციისადმი დამოკიდებულების გამოვლენის მიზნით ორი კვლევა ჩაატარა. საინტერესოა რა მოლოდინები ჰქონდა ჩვენს მოსახლეობას ვაქცინაციამდე და რა ხდება დღეს, ვაქცინაციის პერიოდში.


თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში 33%-ით გაიზარდა ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე. ახლა უკვე 70% აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, საკმარის ინფორმაციას ფლობს და მზადაა გადაწყვეტილების მისაღებად.  მართალია, ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროები ორივეგან უცვლელი დარჩა: ინტერნეტი, ტელევიზია და მეგობრები/ახლობლების ფაქტორი, თუმცა მეორე გამოკითხვისას, მცირედი პროცენტული ზრდა (6%-იანი) მაინც გამოიკვეთა ტელევიზიის შემთხვევაში (სულ 67%) და 11%-იანი მეგობარ/ახლობლების (სულ 26%) დასახელებისას.


ასაკობრივ ჯგუფებს თუ შევხედავთ აღმოვაჩენთ, რომ 55 წელს ზემოთ მოქალაქეების 80% ინფორმაციის მიღებისას ტელევიზიას ანიჭებენ უპირატესობას, მაშინ როდესაც 18-34 წლის წარმომადგენელთა 87%-ისთვის, პირველ ადგილზე ინტერნეტი რჩება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ  მეგობარ-ახლობელთა, როგორც სანდო წყაროდ დასახელების მაჩვენებელი, თანაბრად გაიზარდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, რაც სავარაუდოდ აცრილი მოქალაქეების  რეკომენდაციების შედეგია.


ვაქცინაციის მთავარი ბარიერი  


თბილისელების უმრავლესობას, 19%-ს აქვს მოლოდინი, რომ ვაქცინის გაკეთება 2022 წელს მოუწევთ და ამ მხრივ, მოლოდინები წინა ტალღასთან შედარებით მცირედითაა შეცვლილი.  თბილისელების 79% კი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია უდაოდ, ეპიდსიტუაციას გააუმჯობესების ერთადერთი გზაა.


წინა ტალღასთან შედარებით 7%-ით გაიზარდა ვაქცინის გასაკეთებლად მოსახლეობის მზაობა და დღეს, თბილისელების 45%-ი მზადაა ან  დანამდვილებით ამბობს, რომ ჩაიტარებს ვაქცინაციას. საინტერესოა, რომ ვაქცინაციისთვის მზაობა ყველაზე უფრო აქტიურად  35-54 წლის მოქალაქეებში (48%) იკვეთება და ამ ასაკის თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე, მზად არის მის ჩასატარებლად. თუმცა, მიუხედავად ამ მცირედი პროცენტული ზრდისა, 44% მაინც მერყეობს (არ არის დარწმუნებული რომ გაიკეთებს ან არ სურს გაკეთება) და ამის მიზეზად, ვაქცინების მიმართ ზოგად უნდობლობასა და  შესაძლო გვერდით მოვლენებს ასახელებს.


ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინა ტალღასთან შედარებით, ვაქცინების გვერდითი ეფექტების შიშმა მოსახლეობაში 6%-ით მოიმატა და  38%-მდე გაიზარდა. რაც ერთის მხრივ ლოგიკურია და დაკავშირებულია იმ ერთეულ შემთხვევებთან, როდესაც ვაქცინაციის პროცედურას პაციენტის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება ან გარდაცვალება მოჰყვა, როგორც  მსოფლიო მასშტაბით, ისე საქართველოში. თუმცა, გარკვეული დოზით  ესეც სადაო საკითხია, რადგან რიგ შემთხვევებში კავშირი ამ ორ ფაქტს შორის არ დასტურდება და ყველაფერი, მოსაზრებებსა და ვარაუდებს ეფუძნება. ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთანავე საქართველოში დაფიქსირებული გარდაცვალების შემთხვევაც მოსახლეობის აღქმაში  უშუალოდ  ვაქცინაციის პროცესს და კონკრეტულ ვაქცინას  დაუკავშირდა. მოგვიანებით ექიმების მიმართ დაწყებულმა გამოძიებამ აღნიშნული შემთხვევის გვიანი სამედიცინო მართვის ნიშნები გამოკვეთა, თუმცა აღნიშნული ფაქტის არადროულმა და ბუნდოვანმა კომუნიკაციამ გაჩენილი აღქმის გაქარწყლება ბოლომდე ვერ შეძლო. ამიტომ კვლევის თანახმად ასტრაზენეკას აცრისგან თავის შეკავების მიზეზებში უმრავლესობა სწორედ გვერდით მოვლენებს ასახელებს.2


მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ერთ-ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ვაქცინაციის პროცესის უწყვეტ რეჟიმს, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობა და მობილიზებაა. ამის შესანიშნავი მაგალითია ისრაელი, რომელმაც 5 თვეში სრულად აცრა მოსახლეობის 56,3 პროცენტი (5,09 მლნ) და შეძლო მწვანე ზონად გამოცხადებულიყო. ამ ქვეყანამ ვაქცინაციის  კამპანია ჯერ კიდევ 2020 წლის 19 დეკემბერს დაიწყო, როდესაც პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ  პირდაპირ ეთერში აიცრა, და თავადვე ჩაუდგა სათავეში საინფორმაციო კამპანიას, სადაც ვიდეორგოლების საშუალებით ისრაელის მოსახლეობაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით გაჩენილ ყველა შეკითხვას უპასუხა.  ორ კვირაზე ნაკლებ პერიოდში კი, ისრაელის მოსახლეობის 10% -ზე მეტს ვაქცინის  პირველი დოზა უკვე გაკეთებული ჰქონდა.


სასურველი ვაქცინების შესახებ


ჩვენს ქვეყანაში  3 ტიპის ვაქცინა გამოიყენება: ამერიკული ფაიზერი (30 მარტიდან),  ბრიტანული ასტრა ზენეკა (15 მარტიდან) და  ჩინური სინოფარმი (4 მაისიდან). საინტერესოა თბილისელების დამოკიდებულება უშუალოდ თითოეულ ვაქცინასთან  დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ



ყველაზე მეტი ნდობა კვლავ ფაიზერს აქვს – 27%, შემდეგ მოდის ასტრაზენეკა  – 15%  და მოდერნა 15%. ყველაზე ნაკლები ნდობით  სპუტნიკი – 4% და სინოფარმი4% სარგებლობს.


წინა ტალღასთან შედარებით 14%-ით  გაზრდილია იმ რესპოდენტთა რიცხვი, რომლებიც აცხადებენ რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთებენ ასტრაზენეკას.  ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთების მთავარ ბარიერად შესაძლო გვერდითი მოვლენები დასახელდა (33%), ხოლო ჩინური  ვაქცინის შემთხვევაში, არასაკმარისი ინფორმაცია (26%). თუმცა, მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 4 მაისს, ვიდრე  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სინოფარმს ავტორიზაციას მიანიჭებდა (ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიენიჭა) ვაქცინაციის დაჯავშნის პლატფორმაზე თავისუფალი ადგილები თითქმის აღარ იყო.  სინოფარმზე ასეთი დიდი მოთხოვნა ორი შესაძლო მიზეზით აიხსნება: პირველი – მოქალაქეები დარწმუნებულები იყვნენ, რომ სინოფარმი დიდი ალბათობით მიიღებდა ავტორიზაციას და წინასწარ დაიჭირეს თადარიგი და მეორე – ავტორიზაციის მიუხედავად მოქალაქეებისთვის მთავარი იყო აცრის პროცესი დროულად დაწყებულიყო და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდნენ ქვეყანაში ამ ვაქცინაზე დარეგისტრირებულთა რაოდენობამ დღეისათვის 25000-ს მიაღწია. რეგისტრაციის პორტალი ვეღარ უძლებს მსურველთა ნაკადს, ვაქცინის მოთხოვნა აღემატება არსებულ ლიმიტს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მზაობას. ისინი ხვდებიან, რომ აცრა გადარჩენის ერთადერთი გზაა და სასურველი ვაქცინის მოლოდინში, შეიძლება დიდი დრო დაიკარგოს. დრო, რომელიც პანდემიის პერიოდში ძვირად ფასობს.


ლაბირინთიდან გამოსასვლელის ძიებაში

დავინტერესდით ვაქცინაციაზე გადაწყვეტილების მიღებისას ვის მოსაზრებას ითვალისწინებენ ყველაზე მეტად თბილისელები. აქ გამოვლინდა შემდეგი  ჯგუფები:


  1. სამედიცინო პერსონალი – 49%
  2. ნაცნობი, კომპეტენტური მედიცინის მუშაკი – 27%
  3. ახლობლები/ნათესავები/მეგობრები – 19%

წინა ტალღასთან შედარებით 10% – ით შემცირდა სამედიცინო პერსონალის და  11% – ით გაიზარდა ახლობლების/ნათესავების/მეგობრების აზრის გათვალისწინების მაჩვენებელი,  რაც კიდევე ერთხელ მოწმობს, ვაქცინირებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდის მნიშვნელობაზე. გამოდის, რომ გაზრდილი ვაქცინირებული ახლობლების რაოდენობა, ავტომატურად ზრდის ვაქცინაციის მსურველებს.


კვლევით ირკვევა, რომ მოქალაქეებმა  გადაწყვიტეს ჩაიტარონ ვაქცინამდე პრევენციული დიაგნოსტიკა და მომზადებულები შეხვდნენ აცრის პროცედურას. გამოკითხულთა 90% ალერგოლოგის კონსულტაციას გეგმავს 86% – სისხლის საერთო ანალიზის გაკეთებას, ხოლო 83%  კუაგულოგრამით სისხლის შემდედებელი სისტემის მდგომარეობის დადგენას აპირებს.


კვლევაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედაქალაქის მოსახლეობის დამოკიდებულებები  ვაქცინაციის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ შეიცვალა. გაიზარდა მოსახლეობის მზაობა ასაცრელად და  მცდელობა, თავად იპოვონ გამოსავალი ვაქცინაციის ლაბირინთში: აიცრან შემოთავაზებული ვაქცინებით, ჩაიტარონ წინა პროფილაქტიკური პროცედურები, თავად მოიძიონ ინფორმაცია  სხვადასხვა წყაროდან – რათა არ დაკარგონ მთავარი, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების ერთადერთი შანსი.


[1] https://www.bloomberg.com/graphics/covid-vaccine-tracker-global-distribution/  

[2] https://stopcov.ge/


* შემთხვევითი შერჩევის პრინციპით პირველ ტალღაზე თებერვალში ჩატარდა 414, ხოლო მეორე ტალღის ფარგლებში,  აპრილში – 401 სატელეფონო ინტერვიუ.

 


ავტორი: თათია ბრეგვაძე

ანალიტიკოსი, ACT კვლევა