/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

და ... როდიდან შევძლებთ მოგზაურობას?

27.07.2021 4 წუთის საკითხავი
ქეთი მამადაშვილი

კვლევის ანალიტიკოსი

და ... როდიდან შევძლებთ მოგზაურობას?

ეს კითხვა ალბათ არაერთხელ დაგისვამთ საკუთარი თავისთვის და მეგობრებთან შეკრებილებს, ხშირად გისაუბრიათ კიდეც - როდიდან შევძლებთ მოგზაურობას? ინტერნეტში კოვიდუსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალს ვამოწმებთ და წამდაუწუმ ვკითხულობთ - „ჩვენ ახლა წითელი სტატუსის მქონე ქვეყნების სიაში ვართ თუ ნარინჯისფერის?“, ქუჩაში კი, კანტიკუნტად მოსიარულე ტურისტებს მათივე სითამამით განცვიფრებულები ვაყოლებთ თვალს.


მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში COVID-19 პანდემიად გამოცხადდა, მთელი მსოფლიოს ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა. დაღდასმულ სექტორებს შორის, ტურიზმი ერთ-ერთ ყველაზე „საშიშ“ აქტივობად დასახელდა და თუ OECD-ის კვლევას დავესესხებით, 2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო ტურიზმის დაახლოებით 80%-იანი ვარდნაც კი იყო ნავარაუდევი. არადა ტურიზმი, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ციფრებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ 2010-2019 წლების განმავლობაში ამ სექტორიდან მიღებული შემოსავლები მშპ-ში 5%-დან 18%-მდე გაიზარდა, რამაც საგრძნობლად გაამსხვილა ბიუჯეტი. ერთია ბიუჯეტი, მეორე კი ხალხი, რომელმაც ამ სექტორში შემოსავლის წყარო იპოვა.


ტურიზმი კოვიდის დროს ტალღაზე ლივლივს ჰგავს - რეგულაციების შემცირებას მოჰყვება ხოლმე ფრენების გაზრდილი რაოდენობა, გადატვირთული სასტუმროები, რაც თითქოს მის გამოცოცხლებას მოასწავებს. თუმცა, დროდადრო გამოვლენილი ყოველი ახალი პანდემიური ტალღა, დღევანდელ მყიფე გარემოს კიდევ უფრო არასანდოს ხდის და ქვეყანას გაურკვეველ მდგომარეობაში აბრუნებს. რა გამოსავალი რჩება მაშინ, როდესაც გარემო ასეთი არასტაბილურია, ტურიზმის სექტორი კი სრულად მასზეა დამოკიდებული?


ზოგადი პასუხი ამ კითხვაზე შესაძლოა იყოს ადაპტაცია, ტურიზმის მორგება არსებულ რეალობას. თუმცა, დღეს, ტურისტად მოგზაურობა არც თუ ისე მიმზიდველად ჟღერს. ამის მიზეზია დაუცველობის შეგრძნება, კოვიდინფიცირებულთა მუდმივად ცვალებადი მაჩვენებელი, უცხო ქვეყანაში საზღვრების კვლავ ჩაკეტვის რისკები და ა.შ. ზუსტად ამ დროს, შედარებით იმედისმომცემი ხდება შიდა ტურიზმი, რომელიც გარკვეულ რისკებს უკან იტოვებს და მოკლევადიანი მოგზაურობის შესაძლებლობას იძლევა.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო წლების (2016-2020 წ.წ.) მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ 15 წლის და უფროსი ასაკის რეზიდენტების დაახლოებით ნახევარი, ქვეყნის შიგნით პირველ რიგში მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად მოგზაურობს. მას საგრძნობლად ჩამორჩება სხვა მიზეზებით (შოპინგი, მკურნალობა-გაჯანსაღება, ა.შ) მოგზაურთა რიცხვი. ხოლო დასვენება-გართობისთვის ადგილობრივად ჩვენი მოქალაქეების 10%-იც კი არ მოგზაურობს. მართლია, ეს რიცხვი თითქმის ორმაგდება ხოლმე ზაფხულის პერიოდში, თუმცა ფაქტია, საკუთარ ქვეყანაში დასვენებისა და გართობის მიზნით მოგზაურობა საქართველოში ძალზედ არაპოპულარულ თემად რჩება. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო პანდემიამდე და ასეა ახლაც, 2021 წლის პირველ კვარტალშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე აქტიურად მონახულებულ ადგილებს შორისაა - თბილისი,  ~მერეთი და აჭარის ა/რ. სხვათაშორის, პანდემიის პირობებში, წინა წლებთან შედარებით, დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა (16%-მდეაგარაკებზე დასვენების მსურველთა რიცხვი.




„მახსოვს როგორ ვამაყობდი და მომწონდა ჩემი ცხოვრების სტილი, მუდმივი მოგზაურობები და თავგადასავლები: ბერლინი, პარიზი, დაკა, ნიუ დელი, კერალა... განსხვავებული ქვეყნები, კულტურები და ამბები“, - მიყვება სალომე, რომელსაც პანდემიამდე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობა საკმაოდ ხშირად უწევდა, - „ერთხელ, მეგობარი ჩამოვიდა ბანგლადეშიდან და დამირეკა, ცოტა ხნით შემხვდიო. მთელი საღამო, გაოგნებული მიყვებოდა რაჭაზე, სვანეთზე და კიდევ, რაღაც ტბებს ასახელებდა. დამრგვალებული თვალებით მეკითხებოდა - რაა? არ იციო?. პანდემიის დაწყებიდან რამოდენიმე თვეში მივხვდი, ახლა დადგა ზუსტად ის დრო, როდესაც მე, ჩემი ქვეყნის გაცნობა უნდა დავიწყო. გეგმა მაქვს - ამ წელს საქართველოს ყველა ეროვნული პარკი უნდა მოვიარო! ნაკრძალები, ტბები ვნახო. წყალტუბოში უკვე ვიყავი, ყაზბეგშიც. სამცხე-ჯავახეთში ტბებზე მოკალათებული უცნაური სილამაზის ფრინველებიც ვნახე და რავიცი, ახლა ჭიათურისკენ მიჭირავს თვალი“.


ეისითი დაინტერესდა, თუ რამდენად არიან წელს მზად თბილისელი დამსვენებლები, სალომეს მსგავსად, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობისთვის? სად აპირებენ დასვენებას და რამდენად იქონია პანდემიამ გავლენა მათ გადაწყვეტილებაზე?


კვლევამ აჩვენა, რომ 18+ მოსახლეობის 28% საერთოდ არ გეგმავს ზაფხულში დედაქალაქის დატოვებას. აქედან 9%-მა თბილისიდან გასვლაზე უარი წელს სწორედ პანდემიის გამო თქვა, რის მთავარ მიზეზებად უსაფრთხოდ დასვენების რისკები და შემოსავლის შემცირება დაასახელა. გამოკითხულთა 12%-ს კი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი დაისვენებს თუ არა, რასაც უმთავრესად სამსახურს ან ფინანსების არქონას მიაწერენ.


გამოკითხულთა უმეტესობა, 60% კი მაინც განიხილავს ზაფხულში მოგზაურობას, თუმცა მათ შორის ძალზედ მწირია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც წლევანდელი ზაფხულის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავს (6%). კვლევამ აჩვენა, რომ ზაფხულში ქალაქიდან გასვლის მსურველები ძირითადად 54 წლამდე თბილისელები არიან. მათ შორის, 34 წლამდე ახალგაზრდები უმთავრესად ზღვაზე ან მთაში აპირებენ დასვენებას, ხოლო 35-54 წლის ასაკის მოსახლეობისთვის თანაბარად სასურველია ზღვაზე და ოჯახის/ახლობლის აგარაკზე გატარებული შვებულება.


მოულოდნელი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ პანდემიიდან გამომდინარე, მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკმაოდ აერია საზაფხულო გეგმები, რაც შერჩეულ დასასვენებელ ადგილს, ხანგრძლივობას და ყველაზე მეტად, ბიუჯეტს უკავშირდება. ლოკაციის შეცვლა გამოკითხულთა მეხუთედს (20%) მოუწია, რომელთა შორის ძირითადად ის ადამიანები არიან, რომლებიც პანდემიამდე როგორც ზღვის, ასევე მთის კურორტებს სტუმრობდნენ და/ან აქტიურად მოგზაურობდნენ საზღვარგარეთ. გამოიკვეთა ისიც, რომ პანდემიის გამო გართულებული ეკონომიკური მდგომარეობის და უცხო გარემოში დიდი ხნით გაჩერების სურვილის ნაკლებობის გამო, მოგზაურთა დიდი ნაწილი გრძელვადიან მოგზაურობას მოკლევადიან დასვენებას ამჯობინებს.


მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის შექმნამ პოზიტიური მოლოდინი გააჩინა საზოგადოებაში, ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემა დღემდე აქტუალურია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. უფრო მეტიც, OECD-ის ვარაუდით, 2021 წელს კვლავ “გადარჩენის რეჟიმში” მოგვიწევს ცხოვრება და ტურიზმის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება, ისევ მომავლის საკითხად დარჩება. აღნიშნულის ფონზე, სულ უფრო იმატებს ისეთი ფაქტორების მნიშვნელობა, როგორებიცაა ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა, ვაქცინირებულთა რაოდენობის ზრდა, შერბილებული პანდემიური ტალღების ფონზე შეზღუდვების მოხსნა და ა.შ. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ტურისტული პროცესების გააქტიურებასთან, რაც საციცოცხლოდ აუცილებელია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ტურიზმი უმუშევრობასთან გამკლავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.


[1] წყარო 1   [2] წყარო 2


*გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის ივნისში, შემთხვევითი შერჩევის გზით, 411 სრულწლოვან თბილისელთან. გამოყენებული მეთოდი  სატელეფონო ინტერვიუ. მონაცემთა  სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-.  

საინტერესო ინსაიტები
09.06.2021

კოვიდ პანდემიის დაწყებასთან ერთად ეკონომიკურმა დაღმასვლამ საზოგადოება სამსახურების დაკარგვისა და შემოსავლების შემცირების წინაშე დააყენა. შემოსავლების მკვეთრი შემცირება, პირდაპირ კავშირშია მომხმარებლების მყიდველობითუნარიანობასთან და თუ პარალელურად, დღევანდელ ბაზარზე საკვებზე ფასების მზარდ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, სურათი არც ისე სახარბიელო გამოდის. ფაქტია, ის ყველაზე მწვავედ ურტყამს დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებს, რომელთა შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ საკვებზე იხარჯება.


მაშინ როცა წინა წელთან შედარებით, 2021 წელს გლობალურად საკვებზე ფასები საშუალოდ 14%-ით გაიზარდა (მსოფლიო ბანკი, საკვების ფასების ინდექსი 2021), საქართველოც არ ჩამორჩა აღნიშნულ ნეგატიურ ტენდენციას. ეისითიში, მიმდინარე წლის აპრილში სწორედ საკვებზე გაზრდილი ფასების გავლენით დავინტერესდით და რესპონდენტები, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში საკვებზე გაწეული ხარჯების დინამიკაზე, პროდუქტების გამოყენების სიხშირეზე გამოვკითხეთ.


ზრდის მასშტაბები


გაზაფხულზე სოციალური მედია საქართველოში ზეთზე ფასების რეკორდულმა ზრდის ამბავმა დაიპყრო და აღნიშნული, ყველაზე პოპულარულ სახუმარო თუ სამსჯელო თემად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის შემდეგ, ზეთის ფასმა დღეს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ამ ამბავში, სამწუხაროდ ზეთი ერთადერთი მთავარი გმირი არ აღმოჩნდა და პანდემია, საკვებზე ფასების კოლოსალური ზრდის კატალიზატორად მოგვევლინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, აპრილში სურსათის კატეგორიაში ფასები 0.3%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, რაც ინფლაციის 7.2%-იან მაჩვენებლეში 0.1%-იანი ზრდით აისახა. საკვების ჯგუფებში ფასები ყველაზე მეტად ხილსა და ზეთზე, თევზეულსა და ტკბილელულზე გაიზარდა:




ჩვენს მიერ გამოკითხული 401 რესპონდენტიდან უმეტესობა აღნიშნავს ფასების მკვეთრ ზრდას და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, საკვებზე გაწეული მათი ხარჯები უფრო და უფრო გაიზარდა. ასაკობრივ ჭრილში თუ შევხედავთ, სურათი ანალოგიურია ყველა ჯგუფისთვის -18-34 წლის, 35-54 წლისა და 55+ წლის რესპონდენტების უმრავლესობისთვის (საშუალოდ 75%), საკვებზე ფასების ზრდა ბოლო 6 თვის განმავლობაში საგრძნობია.


ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტების უმრავლესობა ყველაზე ხშირად (ყოველდღე, კვირაში რამდენჯერმე) პურსა და პურპროდუქტებს, ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებსა და ტკბილეულს მოიხმარს. შედარებით იშვიათად მოიხმარენ ნახევარფაბრიკატებსა და კონსერვებს, თევზეულსა და ზეთს, კარაქს, შაქარსა და ყველს. ამ ჩამონათვალს საქსტატის ფასების დინამიკას თუ შევადარებთ, დავინახავთ, რომ მომხმარებლებს მათ მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებადი საკვები პროდუქტები გაუძვირდათ. ჩამოთვლილი პროდუქტები, მომხმარებლების კალათაში ყველაზე დიდ ადგილს იკავებენ მოხმარების სიხშირით. 




შოკის გავლენა


მოკლედ რომ შევაჯამოთ, პანდემია და მისი უარყოფითი ეფექტები ეკონომიკაზე მოულოდნელი არ ყოფილა - საკვების მიწოდების ჯაჭვის გარღვევა და პროცესების შეფერხება ლოგიკურად, ანალოგიური კრიზისების თანმდევია. კოვიდმა გლობალური სასურსათო ღირებულების ჯაჭვების ფუნქციონირება შეაფერხა, რაც სურსათის მიწოდების ყველა ფაზას შეეხო. აღნიშნულის საწყისი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ შემოღებული შეზღუდვები იყო.2


დღეისთვის, საკვების ფასებს პანდემიით გამოწვეულ შოკთან უწევს გამკლავება. ფასები იზრდება როგორც თვიდან-თვემდე, ისე წლიურ ჭრილშიც. მართალია, განვითარებადი, საკვების იმპორტიორი ქვეყნები კოვიდით გამოწვეული ფასების ზრდის პირველი სამიზნეა, თუმცა იმპორტ-დამოკიდებულ საქართველოში, რომელზეც სხვა გარეგანი ეკონომიკური ფაქტორებიც აქტიურად მოქმედებს, თუნდაც ქართული ვალუტის გაუფასურება, პროდუქტებზე ფასის ზრდა კიდევ უფრო შესამჩნევი და საგრძნობია.

03.06.2021

Covid19-ის გავრცელებამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი კრიზისი გამოიწვია, რომლიდანაც თავის დაღწევას, დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 158 მილიონს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3,2 მილიონს გადასცდა. პანდემიამ მთელი მსოფლიო შეცვალა და მასთან ერთად, ყველა არსებულ ინდუსტრიაზე იქონია მტკივნეული გავლენა. მისი შედეგები აისახა გლობალური ეკონომიკის რეცესიაში, იქნება ეს მცირე და საშუალო ბიზნესების გაკოტრება, უმუშევრობის ზრდა, ტურიზმის სექტორის ჩამოშლა, საფონდო ბაზარზე არსებული რეკორდული ვარდნა თუ სხვა.


ეკონომიკური რეცესია პანდემიის ფონზე


გლობალური ეკონომიკა საგრძნობლად დაზიანდა, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულმა რეგულაციებმა განაპირობა. პანდემიის დაწყებისთანავე რადიკალურად შეიცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი, საქმიანობა და ზოგადად, ჩვენი ყოველდღიურობა. მალევე, ქვეყნების უმეტესობამ გამოაცხადა მკაცრი კარანტინი, როგორც ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება და სოციალური დისტანცია, როგორც ერთმანეთის დაცვის საუკეთესო გზა. ამ შეზღუდვებმა დიდი გავლენა იქონია გლობალურ ეკონომიკაზე და მილიონობით ადამიანი, სამსახურის გარეშე დატოვა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით ამ წელს 114 მილიონი ადამიანი დარჩა სამუშაო ადგილის გარეშე. ჯამურად კი, მთელი წლის განმავლობაში გლობალური სამუშაო საათების 8.8 პროცენტი დაიკარგა, რაც 255 მილიონი სრული სამუშაო განაკვეთის ეკვივალენტურია. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად დაკარგულ სამუშაო საათებს. შრომით ბაზარზე დაკარგული რესურსი, ცხადია, განაპირობა კომპანიების გაკოტრებამ ან იძულებით გამოწვეულმა კადრების შემცირებამ. 2020 წელს გლობალური მასშტაბით მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 3.7 ტრილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით, რაც 4,4 პროცენტიან შემცირებაში აისახა. ეკონომიკის გაუმჯობესების პროცესს, განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური დისტანციის შენარჩუნებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც ვირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელების გამო დაწესდა.

 

იმუნიზაცია, როგორც გადარჩენის გზა


Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობა სხვადასხვა ლაბორატორიებში ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და დღეისათვის, ქვეყნების უმეტესობაში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. სოციალური შეკრებების აღსადგენად და საერთო სამუშაო სივრცეში დასაბრუნებლად, ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანთა ჯანმრთელობის გაუარესების რისკების მინიმიზაცია. ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ კოლექტიური ე.წ. „ჯოგური“ იმუნიტეტის გამომუშავებით არის შესაძლებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის/მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი რეზისტენტული უნდა იყოს ვირუსის მიმართ. ამის მიღწევა კი, მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციითაა შესაძლებელი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას საკმაოდ დიდი დრო და სამედიცინო რესურსი სჭირდება. ამას ემატება მოქალაქეების არასაკმარისი მზაობაც, რომელიც ზოგჯერ კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნულ პროცესს. ამ ყველაფრის ერთობლიობით, იმუნიზაციის პროცესი დროში იწელება და ეკონომიკური დაღმასვლა, გაურკვეველი ვადით გრძელდება.




მასობრივი ვაქცინაციის პოტენციური ეფექტი


მსოფლიოს მასშტაბით, ამ დროისთვის გაკეთებულია ვაქცინის 2,02 მილიარდ დოზაზე მეტი და სრულად აცრილია 443 მილიონზე მეტი ადამიანი. ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული მსოფლიო მოსახლეობის 11 პროცენტზე მეტს და სრულად აცრილია მოსახლეობის 5,7 პროცენტი. მართალია, კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ გარკვეული დროა საჭირო, თუმცა რამოდენიმე ქვეყნის მაგალითით უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, ვაქცინაციის პირველად შედეგებსა და დადებით ტენდენციებზე.





მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესში მოწინავე როლს ისრაელი იკავებს, სადაც მოსახლეობის 63%-ზე მეტს ვაქცინაციის ერთი პროცედურა მაინც აქვს ჩატარებული და სრულად აცრილია მოსახლეობის 56 პროცენტზე მეტი. ამან კი, ქვეყანას საშუალება მისცა გამოიმუშაოს კოლექტიური იმუნიტეტი და განაახლოს აქტივობები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ საერთო სამუშაო სივრცეებში, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ისრაელში, ვაქცინაციის დონე იმდენად მაღალია, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება აღარ არის სავალდებულო და რეგულაციები მნიშვნელოვნად შემსუბუქებულია. ასევე, გაიხსნა სკოლები და სრულად აცრილ ადამიანებს, შეუძლიათ თავისუფლად ესტუმრონ რესტორნებს, დაესწრონ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, კონცერტებს დიდ დარბაზებში და რელიგიური დღესასწაულები, მასობრივი თავშეყრის ადგილებში აღნიშნონ. ვაქცინაციის შედეგად შემცირებული რეგულაციების ფონზე, ქვეყანაში უკვე ამუშავდა მომსახურების სფერო და ამ სექტორში დასაქმებული კომპანიები დგამენ პირველ ნაბიჯებს ფინანსური კრიზისიდან თავის დასაღწევად.



ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 51 პროცენტსაქვს მიღებული ვაქცინის ერთი დოზა მაინც და სრულად აცრილია მოსახლეობის 41.5%-ზე მეტი. მოხსნილია მკაცრი რეგულაციების ნაწილი, მათ შორის: სრულად აცრილ მოქალაქეებს შეუძლიათ არ ატარონ პირბადეები ღია და დახურულ სივრცეში, თუ ეს კონკრეტული შტატის კანონით არ არის მოთხოვნილი. ასევე არ არის სავალდებულო ქვეყნის შიდა თუ საერთაშორისო მგზავრობისას კოვიდ ტესტის გაკეთება ანდა თვითიზოლაცია, რაც ხელს უწყობს ტურიზმის გამოცოცხლებას და ამ სექტორში მოქმედი კომპანიებისა და მათი თანამშრომლების ეკონომიკურ აქტივობაში დაბრუნებას.



ეს ქვეყნები ვაქცინაციის მაღალი დონის დახმარებით ახერხებენ გახსნან ეკონომიკა, განაახლონ ყოველდღიური აქტივობები და ბიზნესის სექტორს მისცენ სრული დატვირთვით მუშაობის საშუალება - რაც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.


რთული გამოწვევებიდან ახალი შესაძლებლობისკენ


ყველა ჩვენგანმა ვიცით თუ როგორი იყო მსოფლიო პანდემიამდე, მაგრამ როგორი იქნება ის შემდეგ, ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია. წარსულში არსებული კრიზისების დაძლევის გამოცდილებით, როგორიც იყო 30-იანი წლების დიდი დეპრესია, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური ეკონომიკური კრიზისი, საბჭოთა სოციალისტური ბლოკის დაშლით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა თუ 2009-2010 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისი, ჩვენ, მსოფლიოს წამყვან ანალიტიკოსებთან/ექსპერტებთან ერთად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პანდემიის დამარცხებას კიდევ უფრო მეტი ცვლილება მოჰყვება:


შეცვლილი სამომხმარებლო ქცევა - პანდემიამ უკვე მკვეთრად იმოქმედა ადამიანთა სამომხმარებლო ქცევაზე და გრძელვადიან პერიოდში, ეს ცვლილება კიდევ უფრო მკაფიო გახდება. არასტაბილურობასთან გამკლავებისას ადამიანებს შეეცვალათ პრიორიტეტები, მოთხოვნილებები და ღირებულებები. მომხმარებლების მოლოდინები კომპანიების მიმართ შეიცვლება, მათ ახლებურად ენდომებათ მომსახურების მიღება და პროდუქტის შეძენა. შესაბამისად, კომპანიებს მოუწევთ მათი სამუშაო მეთოდების მოდელირება და სავარაუდოა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ელექტრონული კომერციის, მომსახურების დისტანციურად გაწევისა და პროცესების ავტომატიზაციის როლი.


შრომითი ბაზარი - დისტანციურად მუშაობა ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ბადებს დამსაქმებლებისა და დასაქმებულთათვის. დღეს უფრო და უფრო მეტი დასაქმებული გამოთქვამს სურვილს იმუშაოს დისტანციურად ან ჰიბრიდულად - გარკვეული პერიოდებით დისტანციურ და საოფისე რეჟიმში. სავარაუდოა, რომ თავად დამსაქმებლებიც განიხილავენ კადრების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანას პოსტ პანდემიურ პერიოდში, რაც დანახარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.


ბიზნეს სექტორი - ბევრი ინდუსტრია დადგა გარდაუვალი ცვლილებების წინაშე და პანდემიასთან გასამკლავებლად კომპანიებს საკმაოდ მტკივნეული დარტყმების მოგერიება მოუწიათ. გარემოს ასეთმა ცვლილებამ კი, ბიზნესს თავისი სტრატეგიის გადახედვისკენ უბიძგა. მრავალ ინდუსტრიაში ბიზნესის კეთების ტრადიციული მეთოდები არაეფექტიანი აღმოჩნდა, ხოლო თავად ბიზნეს სუბიექტებმა, არასაკმარისი მოქნილობისა და ადაპტაციის უნარი გამოავლინეს. ასეთ კომპანიებს, ახლებური ბიზნეს მოდელების შემუშავება, მათი სტრატეგიის მოდელირება და მომხმარებელთა ახალ მოთხოვნებზე მორგება მოუწევთ, რაც პოსტპანდემიურ პერიოდსაც უნდა შეესაბამებოდეს.


ციფრული ერა - ბიზნესის სექტორის გაციფრულების პროცესი ჯერ კიდევ პანდემიამდე მიმდინარეობდა, მაგრამ Covid19-ის გავრცელებამ ეს პროცესი წარმოუდგენლად დააჩქარა. ციფრული ტრანსფორმაცია დღევანდელ რეალობაში გარდაუვალია და მისი აუცილებლობა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება პანდემიის დამარცხების შემდეგ. სწორედ ციფრულმა ტექნოლოგიებმა გახადა შესაძლებელი პანდემიის დროს დისტანციურად მუშაობა, სწავლა და ზოგადად, ახლებურად კომუნიკაცია. პანდემიის შემდგომაც გაგრძელდება ინტენსიური ინვესტირება ციფრული ტექნოლოგიების სექტორში და მათი გამოყენებით, ახალი სერვისებისა თუ სრულიად ახალი ინდუსტრიების წარმოქმნა გარდაუვალი იქნება.


Covid19-ის პანდემიამ კაცობრიობა არაერთი გამოწვევის და ამავე დროს, შესაძლებლობის წინაშე დააყენა. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსური პროცესია, რომელშიც მხოლოდ ერთად, გაერთიანებული ძალებით შეიძლება უპირატესობის მოპოვება. პანდემიასთან გამკლავების პროცესში, შესაძლებელია ეკონომიკური მაჩვენებლები გაუტოლდეს ან გადააჭარბოს კიდეც პრეკოვიდურ შედეგებს, მაგრამ თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, პანდემიამ ძირეულად შეცვალა გარემო ფაქტორებიც და ადამიანთა მაინდსეტიც. მართალია, გადაჭრით არავინ იცის როგორი იქნება ახალი რეალობა, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველამ გავითავისოთ, რომ მასობრივი ვაქცინაცია არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის მარტივ გზას და გლობალური/ლოკალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთგვარ რეცეპტს. უბრალოდ, ვაქცინაცია გვაძლევს შანსს ვიცხოვროთ ნაკლები შეზღუდვებით, დავუბრუნდეთ სოციალურ სივრცეებს და საკუთარი ხელებით აღვადგინოთ ეკონომიკა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - მასობრივი ვაქცინაცია დაგვეხმარება ერთად გავიაროთ გზა მოსახლეობის იმუნიზაციიდან ეკონომიკის რეგენერაციამდე.

26.05.2021

ბოლო წლების მანძილზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, ნათლად აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის პოზიტიურ დამოკიდებულებას ევროპული და ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამასთან, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის ადასტურებდნენ ქვეყნის სწრაფვას ევროპული ინსტიტუტებისადმი. მეტიც, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ხმამაღლა განაცხადა, რომ ქვეყანა ემზადება 2024 წლისათვის  გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. არსებობს მოლოდინი, რომ ეს დაპირება სწორედ ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციით გაკეთდა, რაც  ზრდის დადებითი შედეგის მოლოდინს.

ევროკავშირთან დაახლოების ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკური ინიციატივიაა, რომლის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მათ ექვს აღმოსავლეთ მეზობელს შორის: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა, ერთი მხრივ, შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს გააერთიანონ ძალისხმევა ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოებისათვის, მეორე მხრივ, წარმოადგენს ევროკავშირის ქმედით ინსტრუმენტს შეაფასოს ქვეყნების პროგრესი და დაგეგმოს შესაბამისი პოლიტიკა.|

პარალელურად, ევროპული ინსტიტუტები აქტიურად აკვირდებიან პარტნიორობის წევრი ქვეყნების მოსახლეობას და მათ დამოკიდებულებას, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ისე თავად ამ ინსტიტუტების მიმართ. 2016 წლიდან ეისითი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკვირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ საზოგადოებრივ აზრს. ერთ-ერთი ასეთი კვლევა 2021 წლის გაზაფხულზე ჩატარდა, რომლის შედეგებიც საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა, როგორც მოსახლეობის განწყობებსა და პრეფერენციებზე, ისე ამ ექვს ქვეყანაში არსებულ განსხვავებულ სურათზე.

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 63% დადებითად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ

2021 წლის მარტში ეისითის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის (15 წლისა და უფროსი ასაკის) უმრავლესობა, პოზიტიურადაა განწყობილი ევროკავშირისადმი და მეტიც, როგორც ირკვევა, აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის, კეთილგანწყობა ყველაზე მაღალია საქართველოს მოსახლეობაში. საინტერესოა, რომ არც ნეიტრალურად განწყობილთა რაოდენობაა მცირე (35%), ნეგატიურად ამ ინსტიტუტს კი მხოლოდ 1% აფასებს.


წყარო: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, შერჩევის ზომა – 6000 რესპონდენტი, მარტი 2021, ეისითი

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის  უმრავლესობა (76%) ენდობა ევროკავშირის, მიუხედავად იმისა, მოწონს თუ არა ეს ინსტიტუტი


საინტერესოა, რომ კიდევ მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც შეიძლება არ მოსწონდეს ეს ევროპული ინტიტუტი, თუმცა ფაქტია,  ნდობას მაინც უცხადებს მას. ამ თვალსაზრისითაც, ევროკავშირის მიმართ ნდობის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობაშია ყველაზე მაღალი.



წყარო: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევა, შერჩევის ზომა – 6000 რესპონდენტი, მარტი 2021, ეისითი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები უკვე მოისმინეს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის შტაბბინებში. ასევე, უკვე დაგეგემილია, რომ 2024 წლის ჩათვლით, ეისითი და მისი საერთაშორისო პარტნიორები ყოველი წლის გაზაფხულზე მიაწვდიან ბრიუსელს ექვსივე ქვეყნის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს. საბოლოო ჯამში კი, რა შედეგებს დადებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.