ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ხშირად ცვლილებების მამოძრავებელი ძალაც შეიძლება გახდეს. მათი, როგორც ცვლილებების წამხალისებლების მონაწილეობა სხვადასხვა პროცესებში მეტად მნიშვნელოვანია თანამედრო საზოგადოების მდგრადი განვითარების მისაღწევად. განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებების პროცესში, ახალგაზრდობა ხშირად აწყდება რთულ გამოწვევებს, მათ შორისაა შეზღუდული როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ადგილობრივ ან ეროვნულ დონეზე, ასევე იზოლაცია და/ან ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფების ინტეგრაციის ნაკლებობა, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა. ჩვენ საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებთან და ასევე თავად ახალგაზრდებთან ვმუშაობთან, რათა გავაანალიზოთ ის გამოწვევები, რასაც ახალგაზრდა ადამიანები აწყდებიან და დახმარება გავუწიოთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
მნიშვნელოვანია ახალგაზრდების, როგორც ცვლილებების მამოძრავებელი ძალის პოპულარიზაცია და მათი სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და/ან კულტურული პროცესების ნაწილად ქცევა. ამ კუთხით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდებისათვის დახმარების გაწევას შემდეგი მიმართულებებით: უნარების განვითარება, ცნობიერების ამაღლება მათი, როგორც აქტიური მოქალაქეების უფლებებისა და როლის შესახებ, მოტივირება, რომ გაძლიერება ჩათვალონ მექანიზმად, რომლითაც შესაძლებელს გახდიან გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობები, განავითარონ თავიანთი პოტენციალი ღირებული ტრანსფორმაციების მისაღებად. პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი მხარს უჭერს ახალგაზრდების გაძლიერებას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე სოციალური კვლევების, კონსულტაციების, ტრენინგებისა და მოდულების მეშვეობით, რომელთა ძირითად აქცენტსაც წარმოადენს სწავლა, დაგეგმვა, არსებული კონტექსტებისა და გამოწვევების გაანალიზება და ლიდერობის უნარების განვითარება. ეს მომსახურებები ახალგაზრდებს ეხმარება გახდნენ უფრო ატიური მოქალაქეები, ინფორმირებული და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიმღებნი, სრულიად ჩართული სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამასთან ერთად, ჩვენ გადაწყვეტილების მიმღებებს მხარს ვუჭერთ ახალგაზრდების გაძლიერების პროცესში კვლევაზე დაფუძნებული კონსულტაციების გამოყენებისას.
ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ბიზნესებთან და დონორების დაფინანსებულ პროექტებთან სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების ანალიზის განსახორციელებლად. ჩვენი კვლევები ძირითად აქცენტს აკეთებს ბავშვების ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, ბავშვთა დაცვაზე, შვილად აყვანაზე და მინდობით აღზრდაში გაგზავნაზე, ბავშვთა ბულინგის, სოციალური ჩაგვრისა და ძალადობის, ადრეული ქორწინების, ოჯახური სირთულეების, სოციალიზაციის პრობლემების და ბავშვთან დაკავშირებულ სხვა მრავალ საკითხზე. ჩვენ ვატარებთ სოციალურ კვლევებს და ვუზრუნველყოფთ ფაქტებზე დაფუძნებულ საკონსულტაციო მომსახურებას, რათა ხელი შევუწყოთ გადაწყვეტილების მიმღებებს დაძლიონ გამოწვევები ბავშვთა საკითხებთან მიმართებაში, დაიცვან და პოპულარიზაცია გაუწიონ ბავშვთა უფლებებს, განავითარონ და განახორციელონ ბავშვთან დაკავშირებული მდგრადი პოლიტიკა.
ტრანსფორმირებული უმაღლესი სასწავლო პროცესის შესახებ
კოვიდრეალობასთან ადაპტაცია, დღევანდელობის აუცილებლობა გახდა. ადამიანებს მასთან თანაცხოვრების სწავლა, ქვეყნებს კი - პანდემიის შედეგების განსაზღვრა და მასზე აქტიური მუშაობა უწევთ. ამ კოვიდქაოსს არც განათლების სფერო ჩამორჩა, რომელმაც საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიიღო. ჯერ იყო და სასწავლო პროცესი ყველგან შეჩერდა და შემდეგ, მთელს მსოფლიოს ახალი ფორმატით მოუწია სასწავლო გზის გაგრძელება.
მსოფლიო ბანკმა 2020 წელს სპეციალური ანგარიში [1] წარმოადგინა, რომელიც უმაღლეს განათლებაზე COVID-19-ის გავლენას ეხებოდა. ევროპისა და აზიის სიტუაციური ანალიზის შედეგად, ანგარიშში გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც პანდემიის შედეგად ამ ორი კონტინენტის უმაღლეს სასწავლებლებს შეეხო. აღმოჩნდა, რომ ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა, თანაბრად აწუხებს სხვადასხვა კონტინენტის მოსახლეობას - დაბალი სიჩქარე ვერ უზრუნველყოფს ონლაინ სწავლების დინამიკურ პროცესს, ხოლო უკეთესი ხარისხის მომსახურება, ბევრი მათგანისთვის ძვირი სიამოვნებაა. ამასთან ერთად, პრობლემატურ საკითხად გამოიკვეთა პერსონალური კომპიუტერების ხელმისაწვდომობა. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ თავად უმაღლეს სასწავლებლებს არ ჰქონდათ ონლაინ სწავლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც მომხმარებელთა დიდ რაოდენობაზე იქნებოდა გათვლილი და არც აკადემიური გუნდის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ მზად, ლექციების სრულად გაციფრულებისათვის. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის ანგარიშში ისიცაა აღნიშნული, რომ დისტანციური სწავლება ყოველთვის როდია ეფექტური, განსაკუთრებით კი ისეთი აქტივობების დროს, როგორებიცაა დისკუსიები, ინტერაქტიული ჯგუფური მუშაობა და სხვა. ანუ ყველაფერი ის, რაც სტუდენტს საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს. ანგარიშში ისიცაა აღნიშნული, რომ კოგნიტურ უნარებზე ფოკუსირება ხშირად სოციოემოციური უნარების ხარჯზე ხდებოდა, რაც ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
საერთაშორისო კვლევების თანახმად, პანდემიამ გლობალური მასშტაბით 200 მილიონზე მეტ, მათ შორის 157 ათასზე მეტ[2] საქართველოს სტუდენტს აურ-დაურია ცხოვრება [3]. უმაღლესი განათლების სფეროს მთავარ აქტორებთან - სტუდენტებთან ერთად, ამ გაურკვევლობის მორევში უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის წევრებიც აღმოჩნდნენ. ტრანსფორმირებული სასწავლო პროცესის კვალდაკვალ ეისითიში გადავწყვიტეთ გაგვეგო, როგორ აფასებენ რიგითი თბილისელები ონლაინ სწავლებას და რას თვლიან ყველაზე დიდ პრობლემად. როგორც ივნისში ჩატარებული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, ზოგადად, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ონლაინ სწავლებას გამოკითხული თბილისელები ნეგატიურად აფასებენ [მაქსიმალური 10-ქულიანი დადებითი შეფასებიდან ეს გავლენა 4.1 ქულით ფასდება]. იმის შეფასება კი, კონკრეტულად რა გავლენა მოახდინა მან ჩვენი ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე, პასუხი კიდევ უფრო ნეგატიურია [3.3 ქულა მაქსიმალური 10 ქულიდან].
ონლაინ სწავლების სირთულეები
ჩვენს რესპონდენტებს ვკითხეთ თუ რა სირთულეებთან იყო/არის დაკავშირებული უნივერსიტეტების მიერ პანდემიის გამო ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. 18%-მა განაცხადა, რომ ინტერნეტთან ყველას არ ჰქონდა/არ აქვს წვდომა; ხოლო მეორე 18%-მა მთავარ სირთულედ ონლაინ სწავლებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არქონა დაასახელა, რაც პერსონალური კომპიუტერის არქონას, სამუშაო სივრცის არარსებობასა და სხვა ტექნიკურ პრობლემებს აერთიანებს. ამ სირთულეებს შორის კი „ყველაზე მეტად პრობლემური“ 19%-თვის ინტერნეტზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა დასახელდა.
გრაფიკი # 1. სირთულეები, რომლებთანაც იყო/არის დაკავშირებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა პანდემიის გამო
გასული წლის ბოლოს, გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის ჩვენ კვლევა ჩავატარეთ, რომელიც ახალგაზრდებზე COVID-19-ის სოციო-ეკონომიკური გავლენის შეფასებას [4] ისახავდა მიზნად და საინტერესოა, რომ ონლაინ სწავლასთან დაკავშირებით უშუალოდ ახალგაზრდებთანაც მსგავსი ხედვები და პრობლემები გამოიკვეთა. კვლევაში თბილისის, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას და ონლაინ სწავლასთან დაკავშირებით ისეთი სირთულეები დასახელდა, როგორებიცაა ონლაინ სწავლების მიმართ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის დაბალი მზაობა და ტექნიკური პრობლემები: ინტერნეტზე დაბალი ხელმისაწვდომობა და ონლაინ სწავლებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობა. ეს უკანასკნელი პრობლემა, განსაკუთრებულად მწვავედ იდგა იმ ოჯახებში, რომლის რამოდენიმე წევრს უწევდა ონლაინ სწავლა და მუშაობა.
საინტერესოა ჩვენი გამოკითხვის კიდევ ერთი შედეგი - ათიდან ერთი გამოკითხული თბილისელის აზრით, ონლაინ სწავლებაზე გადასვლა საკმაოდ ნეგატიური შედეგის მომტანი აღმოჩნდა საზოგადოების გარკვეული ჯგუფისთვის, რაც ასოციალურობასა და მასთან დაკავშირებულ სტრესს უკავშირდება. გამოკითხულთა 11%-მა სოციალიზაციის არქონა სერიოზულ პრობლემად დაასახელა, რომელმაც მომავალში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება შეუქმნას როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს. სხვათაშორის, ეს გამოწვევა ზემოთხსენებული, გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის ჩატარებული კვლევის დროსაც, ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად დასახელდა.
ონლაინ სწავლების დადებითი ეფექტის შესახებ
მართალია, ონლაინ სწავლება ბევრ სირთულესთან იყო და დღესაც არის დაკავშირებული, თუმცა, ამ მეთოდს თავისი უპირატესობებიც აქვს. თბილისელებს ვკითხეთ, თუ რა არის, მათი აზრით ონლაინ სწავლების დადებითი ეფექტი. აღნიშნულის შეფასება ათიდან ერთ გამოკითხულს გაუჭირდა (12%), ხოლო 21% არ ფიქრობს, რომ ონლაინ სწავლებაზე გადასვლას შეიძლება საერთოდ რაიმე დადებითი ეფექტი ჰქონდეს. თუმცა, გამოკითხულთა უმრავლესობამ ონლაინ სწავლების სიკეთეებზე საუბრისას, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოყო - დროის დაზოგვა დაასახელა 21%-მა და პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელებისაგან დაცვა, ანუ უსაფრთხოება გამოკითხულთა 20%-მა.
გრაფიკი # 2. ონლაინ სწავლის დადებითი ეფექტი
როგორც ირკვევა, უშუალოდ ახალგაზრდებისთვის ონლაინ სწავლებას თავისი დადებითი ეფექტიც აქვს - დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვასთან ერთად, ის სტუდენტებს სხვა საქმისთვის სწავლის მარტივად შეთავსების შესაძლებლობას აძლევს. ონლაინ სწავლების სწორედ ეს დადებითი მხარეები გამოავლინა გასული წლის ბოლოს, ახალგაზრდებთან ჩატარებულმა კვლევამაც. [5] ამავე კვლევამ მაშინ ისიც უჩვენა, რომ ჩამოთვლილი უპირატესობების გამო, ჰიბრიდული სწავლების მოდელზე გადასვლას ახალგაზრდები მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ.
ონლაინ სწავლების დადებით მხარეებზე საუბრისას ახალგაზრდებმა კიდევ ერთ რამე აღნიშნეს - ამ ახალი ფორმატის დანერგვამ, გაზარდა შესაძლებლობა და ხელმისაწდომი გახადა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ონლაინ სასწავლო კურსებში მონაწილეობა. ეს კი, სწავლისა და განვითარების მსურველთათავის, მნიშვნელოვანი და ძლიერი არგუმენტია.
სწავლების ფორმატი პოსტპანდემიურ რეალობაში
რესპონდენტებს ასევე ვკითხეთ, თუ როგორი უნდა იყოს, მათი აზრით, საუნივერსიტეტო სწავლების ფორმატი პანდემიის დასრულების შემდეგ. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული თბილისელების უმრავლესობა (57%) მხოლოდ ოფლაინ (აუდიტორული) სწავლების იდეას უჭერს მხარს. თუმცა, ჰიბრიდული სწავლების ფორმატსაც თავისი მომხრეები საკმარისად ჰყავს - 39%.
გრაფიკი # 3. როგორი უნდა იყოს საუნივერსიტეტო სწავლების ფორმატი პანდემიის დასრულების შემდეგ
ონლაინ სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, ჰიბრიდული სწავლების იდეას ახალგაზრდები ცალსახად დადებითად აფასებენ. რადგან მთავარი დადებითი ეფექტი - „სხვა საქმეებთან სწავლის შეთავსება“ საკმაოდ მძიმეწონიანი არგუმენტი აღმოჩნდა მათთვის. სწორედ ამიტომ, სავსებით ბუნებრივია, რომ პოსტკოვიდურ რეალობაში ჰიბრიდული სწავლების ფორმატის არსებობას ახალგაზრდები სიხარულით შეხვდებიან.
თუმცა, ჰიბრიდული სწავლებისადმი ახალგაზრდების პოზიტიური განწყობების მიუხედავად, საქართველოს საუნივერსიტეტო სისტემის ამგვარ მოდელზე გადასვლა, შესაძლოა ნაადრევი იყოს. ამ ეტაპზე უნივერსიტეტებში არსებული სწავლების შერეული მოდელი ხომ იძულებითი პასუხია კოვიდგამოწვევაზე და არა სწავლების ახალი ფორმატი, რომელიც ეფექტიანი საუნივერსიტეტო განათლების სისტემის შესაქმნელად შემუშავდა.
და ბოლოს - რა იქნება ხვალ?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, პანდემია არათუ დამარცხდა, არამედ შემოდგომისთვის თავიდან იკრებს ძალებს და მაღალია ალბათობა, რომ დისტანციური სწავლება და მუშაობა უახლოესი მომავლის გარდაუვალი რეალობა გახდება. ზუსტად ამიტომ, ონლაინ სწავლების სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით, ევროკომისიამ შექმნა ციფრული განათლების უახლოესი წლების სამოქმედო გეგმა (Digital Education Action Plan (2021-2027)[6], სადაც აღნიშნულია ის პრიორიტეტები, რომლებზეც შედეგზე ორიენტირებული სწავლებისთვის ფოკუსირება უნდა მოხდეს. კერძოდ, გეგმაში საუბარია ციფრული უნარების დახვეწაზე, ინფრასტრუქტურის შესაბამისად გამართვაზე, მეტი ციფრული სპეციალისტის მომზადებაზე; ასევე მომხმარებელზე ორიენტირებული (user-friendly) მექანიზმებისა და დაცული პლატფორმებს შექმნაზე, რომლებიც იცავს ელექტრონულ პრივატულობასა და ეთიკურ სტანდარტებს.
ბუნებრივია, ყველა ეს საკითხი აქტუალური იქნება საქართველოსთვისაც და თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დისტანციური სწავლება უმაღლესი განათლების მიღების აუცილებელი კომპონენტი გახდება. როგორ მოახერხებს ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევასთან გამკლავებას და მომავალი თაობებისთვის, ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფას, ამას მხოლოდ დრო თუ გვიჩვენებს. თუმცა, ერთი რამ კი ცხადია - იძულებით ონლაინ სწავლებაზე გადასვლის აუცილებლობა, სულ მცირე, ხელს შეუწყობს როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური გუნდის წარმომადგენლების ციფრული კომპეტენციების გაზრდას, უნივერსიტეტების მიერ ციფრული შესაძლებლობების გაძლიერებას, პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებასა და ელექტრონული სწავლებისთვის აუცილებელი ხარისხიანი კონტენტის შექმნას. მას უდავოდ აქვს ის უპირატესობები, რომელთა ეფექტიანი გამოყენებაც განათლების სფეროს პოსტპანდემიურ რეალობაში თამამად და წარმატებით შეეძლება.
[1] COVID-19 Impact on Tertiary Education in Europe and Central Asia
[2] საქსტატი
[3] Farnell, T., et al., 2021. The impact of COVID-19 on higher education: a review of emerging evidence. Analytical report. European Commission. EU Publications.
[4] Assessing the Socio-economic Impact of COVID-19 on Young People in Georgia
[5] Assessing the Socio-economic Impact of COVID-19 on Young People in Georgia