/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
ხედვა და მისია
ხედვა და მისია

რას ვაკეთებთ?


ნათელი ხედვისა და შთამაგონებელი მისიის ძალა საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი. გვჯერა, რომ სწორედ ეს გახდა პოსტ-კომუნისტურ პატარა ქვეყანაში დაბადებული ეისითის მიკრო-ბიზნესიდან გლობალურ მოთამაშედ ქცევის წინაპირობა.


წლების განმავლობაში წამყვან ბიზნეს-კომპანიებთან მუშაობამ საბოლოოდ დაგვარწმუნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის იმის გააზრება, რატომ და რისთვის არსებობს იგი, რას ემსახურება და რა ფასეულობას ქმნის კლიენტისთვის თუ ზოგადად, სამყაროსთვის. ასევე კარგად დაგვანახა, როგორ შეიძლება ითარგმნოს კომპანიის ხედვა, მისია და ფასეულობები კომპანიის ზრდასა და ფინანსურ წარმატებაში.


ჩვენი გამოცდილებით, კომპანიაში ხედვის ნაკლებობა ან შეუთანხმებელი პრიორიტეტები ძალიან მარტივი ამოსაცნობია, რადგან ასეთ კომპანიებს ქვემოთ ჩამოთვლილი 7 სიმპტომიდან მინიმუმ 2 მაინც ახასიათებს:


1. ინდივიდუალურ პერფორმანსზე კონცენტრაცია
კომპანიის მენეჯერები კონცენტრირებულები არიან ინდივიდუალურ (მათ პირად, თავისი დეპარტამენტის ან ბიზნეს ერთეულის) შედეგებზე და ნაკლებად აინტერესებთ კომპანიის საჭიროებები ან მიღწევები.


2. თანამშრომელთა დაბალი ლოიალობა 
კარგი ანაზღაურების პირობებშიც კი, თანამშრომლები დემოტივირებულები არიან და არ აქვთ მზაობა, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, კომპანიისთვის სასარგებლო რაიმე ტიპის აქტივობაში მოხალისედ ჩაერთონ.



3. უნდობლობა და პასუხისმგებლობის აცილება
კომპანიის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობას ყველა გაურბის და ამასთან, დადანაშაულება და ერთმანეთისკენ თითის გაშვერა ორგანიზაციული კულტურის ნაწილი ხდება. შესაბამისად, ნდობის ხარისხი მენეჯმენტში, თანამშრომლებში დაბალია.

4. მწირი / არანაირი ინვესტიციები განვითარებაში
კომპანიის ფინანსური შედეგები პოზიტიურია, თუმცა კომპანიის მმართველი გუნდი მაინც ერიდება ინვესტიციების განხორციელებას ინოვაციებში, პროდუქტის განვითარებასა და ადამიანების ზრდაში, რადგან „გაურკვეველი მომავლის“ ეშინია.



5. „გაჭედილი“ გადაწყვეტილებები 
გადაწყვეტილებების მიღება თვეობით იწელება, ხოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც მისი აღსრულება ხშირად ვერ ხდება.

6. ნეგატიური ბიზნეს-ინდიკატორები 
კომპანიის ზრდის ტემპი ან მომგებიანობა მცირდება, კომპანიის წარმატების სხვა მაჩვენებლებიც (KPI) ნეგატიურია ან მცირდება (მაგალითად, ბაზრის წილის მაჩვენებელი, კლიენტების კმაყოფილების მაჩვენებელი (NPS), სხვ.)
7. პრიორიტეტების ხშირი ცვლა და არათანმიმდევრულობა
კომპანიის პრიორიტეტები ხშირად იცვლება და აქედან გამომდინარე, მაღალია თანამშრომლებში დაბნეულობისა და გაღიზიანების ხარისხი. ამასთან, რესურსები ხან ერთი, ხან კი მეორე მიმართულებით იფანტება და შესაბამისად, ეფექტურობაც დაბალია.





ამის საპირისპიროდ, როდესაც კომპანიას აქვს განვითარების ამბიციური ხედვა და მნიშვნელოვანი იდეის მსახურების მძაფრი შეგრძნება, მაშინ




ლიდერეშიფის გუნდი ერთიანდება და კომპანიის წარმატებაზე პასუხისმგებლობა გაზიარებულია




ნათლად იკვეთება პრიორიტეტები და შესაბამისად, გადაწყვეტილებები თანმიმდევრულია









გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღება და იზრდება მართვის ეფექტურობა




ხდება თანამშრომების ინსპირაცია, იზრდება მათ მოტივიაცია და ჩართულობა კომპანიის აქტივობებში










იზრდება კომპანიის განვითარების ტემპი




ხდება მომხმარებლების მოზიდვა და შენარჩუნება,










უმჯობესდება კომპანიის შემოსავლები და მოგების მაჩვენებლები








როგორ ვმუშაობთ? 


როდესაც საქმე კომპანიის ხედვასა და მისიის შემუშავებას ეხება, ჩვენ ვხელმძღვანელობთ შემდეგი სამუშაო პრინციპებით:

ნამდვილობა და უნიკალობა arrow

გულწრფელად გვჯერა, რომ კომპანიის ხედვა და მისია არ შეიძლება დაიწეროს მის გარეთ, თუნდაც ძალზედ კრეატული და გონიერი კონსულტანტების მიერ. ნამდვილი, სარწმუნო, ენერგიის მომცემი და ქმედებების მასტიმულირებელი ხედვა და მისია სათავეს მისი დამფუძნებლებისა და მმართველი გუნდის მისწრაფებებში, სურვილებსა და ამბიციებში იღებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიდგომა გულისხმობს კომპანის განვითარებაზე პასუხისმგებელ გუნდთან მუშაობას ინდივიდუალური შეხვედრებისა და ფასილიტაციური გუნდური ვორქშოფების ფორმატში. ჩვენ ვეხმარებით კომპანიის ლიდერებს მათი ინდივიდუალური ხედვებისა და სურვილების ფორმულირებაში, შემდეგ ამ ხედვების შერწყმასა და სინერგიაში, რომელიც საბოლოოდ კომპანიის უნიკალურ ხედვაში ტრანსლირდება.


ინკლუზიურობა და თანაშემოქმედება (co-creation) arrow

გენიალური იდეა შესაძლოა ერთი ადამიანის გონებაში გაჩნდეს, მაგრამ როდესაც საქმე კომპანიის ხედვასა და მისიას ეხება, გვჯერა, რომ მხოლოდ ის იდეებია სიცოცხლისუნარიანი, რომელიც თანაშემოქმედების პროცესში იბადება და იხვეწება. შესაბამისად, იმისათვის, რომ კომპანიის ხედვა და მისია არ დარჩეს ფურცელზე, არამედ იყოს გაზიარებული და ქმედითი, ჩვენ ვქმნით პლატფორმებს, რომელიც სამუშაო პროცესში ჯერ კომპანიის მმართველი გუნდის, ხოლო შემდეგ კომპანიის ყველა თანამშრომლის ჩართვას ითვალისწინებს.


იდეის რეალიზაცია და პრაქტიკული შედეგები arrow

ხედვასა და მისიაზე შეთანხმება, კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა. თუმცა, მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, რადგან ზოგჯერ, გამორჩეული იდეებიც კი უფასურდება, თუ მათი რეალიზება და ცხოვრებაში გადმოტანა ვერ ხდება. სწორედ ამიტომ, ხედვისა და მისიის შემუშავების შემდეგ კომპანიებს ვთავაზობთ ისეთ საკითხებში მხარდაჭერას, როგორიცაა:


  • ხედვის შესაბამისი სტრატეგიებისა და ტაქტიკური გეგმების ფორმირება
  • ხედვის ეფექტური კომუნიკაცია - ორგანიზაციის თანამშრომლებს, კლიენტებსა და სხვა მნიშვნელოვან სტეიქჰოლდერებთან
  • კომპანიის ხედვის, მისიისა და ფასეულობების მხარდამჭერი კულტურის ფორმირება
  • ხედვისა და მისიის ტრანსლირება პროდუქტების და პროცესების განვითარებასა და ინოვაციებში
  • ხედვის აღსრულების მხარდაჭერა.

ამ გზით ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს, რომ გახდნენ უფრო ძლიერები, შეძლონ კომპანიის პოტენციალის სრულად გახსნა და მისი მისწრაფებების მაქსიმალური რეალიზაცია.

პროდუქტი
საინტერესო ინსაიტები
05.07.2022

ძველი ჩინელი ვაჭრები ერთ-ერთი პირველი ბიზნესმენები იყვნენ, ვინც საერთაშორისო გაყიდვებში რისკების მართვის უნიკალურ გზას მიაგნეს. ისინი თავიანთ გასაყიდ საქონელს რამდენიმე გემზე ანაწილებდნენ და ასე უშვებდნენ ზღვაში. ამგვარად, თუ ერთი გემი ჩაიძირებოდა ან მეკობრეთა თავდასხმის მსხვერპლი გახდებოდა, დანარჩენებს გადარჩენის შანსი ექნებოდათ. ამ გზით ჩინელ ვაჭრებს საქონლის უდიდესი ნაწილი უსაფრთხოდ მიჰქონდათ მეზობელი ქალაქის ბაზრამდე და სერიოზულ ფინანსურ ზარალს არიდებდნენ თავს.


21-ე საუკუნეში, მართალია, ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს მეკობრეთა საფრთხე აღარ ემუქრებათ, თუმცა სხვა გამოწვევების წინაშე კვლავაც დგანან. თანამედროვე მსოფლიოში იმდენად სწრაფად იცვლება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური გარემო, რომ ნებისმიერი კომპანიისთვის ურთულეს ამოცანას წარმოადგენს ერთგული მომხმარებლის პოვნა და შენარჩუნება.


მთავარი დასკვნა, რომელიც ბიზნესმა შექმნილ რეალობაში უნდა გამოიტანოს, ჩინელმა ვაჭრებმა საუკუნეების წინ გაითავისეს — მიხვდნენ, რამხელა რისკს შეიცავს „ყველა კვერცხის ერთ კალათში მოთავსება“. ძველი ანდაზით შთაგონებული ეს კონცეფცია იდეალურად ხსნის ბაზრის დივერსიფიკაციის მნიშვნელობას. მისი აქტუალობა ყოველდღიურად იზრდება საერთაშორისო მარკეტერებისთვის და ცხადია, გამონაკლისი არც ქართული კომპანიები არიან. რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რისი მოწმეც მანამდე არაერთხელ ვყოფილვართ — თუ როგორ აფერხებს ბიზნესს ერთი ქვეყნის ბაზარზე დამოკიდებულება.


უკვე აღარავინ დაობს, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია რისკების დაზღვევისთვის საუკეთესო გამოსავალია. თუმცა თანამედროვე სამყაროში მისი განხორციელება გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე „საქონლის რამდენიმე გემზე განაწილებაა“. ლოკალური ბაზრის შემთხვევაშიც კი, უამრავ გამოწვევასთან არის დაკავშირებული სამიზნე მომხმარებლის მოძიება, მისი ლოიალობის მოპოვება და შენარჩუნება. მით უფრო რთულია ამ მისიის შესრულება საერთაშორისო არენაზე. ამგვარად, როდესაც ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესებისთვის რისკების შემცირებასა და შესაძლებლობების გაზრდაზე ვმსჯელობთ, საკითხავია არა რა, არამედ როგორ? 


როგორ უნდა იპოვოს და აითვისოს კომპანიამ მისთვის უცნობი ბაზარი, უკეთეს შემთხვევაში კი — ბაზრები? ცხადია, შეუიარაღებელი თვალით, მხოლოდ ტენდენციებზე დაკვირვებით წარმატების მიღწევა გაუჭირდება. საერთაშორისო მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისთვის ყველაზე ეფექტური საშუალება ბაზრის კვლევაა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ადგილი კი, სამომხმარებლო კვლევას უჭირავს.


თუ კი ბიზნესის მფლობელი ხარ და გსურს, გაფართოვდე, ახალი ბაზრები აღმოაჩინო, სამომხმარებლო კვლევა, შესაძლოა, ყველაზე საჭირო და სასარგებლო იარაღი გახდეს შენთვის.


სამომხმარებლო კვლევის 3 შესაძლებლობა:


  • გაიგო, ვინ არის შენი მომხმარებელი და რა სურს მას.


ახალი ბაზრის მოძიების პროცესში ნომერ პირველი ამოცანა იმის გარკვევაა, სჭირდება თუ არა მომხმარებელს შეთავაზებული პროდუქტი ან მომსახურება შეთავაზებულ ფასად. კომპანიისთვის სამომხმარებლო კვლევის გარეშე ახალ ბაზარზე შესვლა ლაბირინთში თვალახვეულ მოძრაობას გავს. ცხადია, ბიზნესს შესაძლოა, ქონდეს წინასწარი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საჭიროებები აქვს უცხო ქვეყნის მომხმარებელს, ანუ სად და ვისთვის იქნება მომგებიანი ამა თუ იმ პროდუქციის ექსპორტი. თუმცა ეს წარმოდგენები მეტწილად ინტუიციაზეა დამყარებული და სრულიად დასაშვებია, არ შეესაბამებოდეს რეალობას. ნებისმიერი უცხო ბაზარი ხომ უნიკალურია და უამრავი ნიშნით გამოირჩევა ლოკალურისგან — მისი მომხმარებელი განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალში ცხოვრობს, სხვა ენაზე საუბრობს, თავისებური მოთხოვნები, შესაძლებლობები და პრეფერენციები აქვს. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელი პირობაა წარმატების მისაღწევად, რაშიც სამომხმარებლო კვლევას მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია.


კვლევა ბიზნესის მფლობელს აწვდის დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ:


  • მოსახლეობის რომელ სეგმენტში არსებობს მოთხოვნა მოცემულ პროდუქტზე;
  • როგორია აღნიშნული სეგმენტის სამომხმარებლო ქცევა
  • რა პრეფერენციები, ღია თუ ფარული სურვილები აქვთ მომხმარებლებს;
  • ვინ არიან კონკურენტები და როგორია მათი მარკეტინგული სტრატეგია;
  • როგორია მომხმარებლის დამოკიდებულება ფასის მიმართ.


ეს არასრული ჩამონათვალია იმ ცოდნისა, რომლის მოპოვებაც სამომხმარებლო კვლევით არის შესაძლებელი. მისი სწორი ანალიზის შემთხვევაში, ბიზნესს ექნება საშუალება, კარგად გაიცნოს ახალი ბაზარი და იპოვოს სწორი სამიზნე სეგმენტი - მომხმარებელი, რომელიც მის პროდუქტს ან მომსახურებას დიდი ალბათობით შეიძენს. ამ შემთხვევაში ახალ ბაზარზე შესვლის გადაწყვეტილება მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიიღება, და არა ვარაუდის საფუძველზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს.


უცხო ბაზრის ათვისებაში ACT აქტიურად ეხმარება ქართულ და უცხოურ კომპანიებს. ამის ერთ-ერთი მაგალითია სუპერმარკეტების ქსელის დაკვეთით ერევანში ჩატარებული სამომხმარებლო კვლევა. ACT-მ გამოიკვლია სომეხი მომხმარებლის პრეფერენციები და სამომხმარებლო კალათა. კვლევის შედეგების ანალიზმა კი დამკვეთ კომპანიას საშუალება მისცა, სამიზნე სეგმენტის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის. ამგვარად, სამომხმარებლო კვლევა ბიზნესს დაეხმარა რისკების დაზღვევაში, რის ხარჯზეც მან უმტკივნეულოდ დაიმკვიდრა თავი ახალ ბაზარზე.


  • მიიქციო სამიზნე მომხმარებლის ყურადღება.


სამიზნე მომხმარებლის აღმოჩენა პირველი ნაბიჯია ახალ ბაზარზე შესვლის დროს. მომდევნო, და არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა პოტენციური მომხმარებლის ყურადღების მიპყრობაა. ამისთვის ბიზნესს სჭირდება პროდუქტის სწორად შეფუთვა და მისი იმ ფორმით მიწოდება მომხმარებლისთვის, რომ გამოიწვიოს მისი ინტერესი. უცნობი ბაზრის ათვისების ამ ეტაპზეც დიდია კვლევის როლი. კვლევა, ადამიანთა ქცევის რაციონალური მოტივების გარდა, ავლენს იმასაც, თუ რომელ თემებზე რეაგირებენ ემოციურად პოტენციური მომხმარებლები, რა აღელვებთ, მოსწონთ ან აღიზიანებთ მათ. ამ ინფორმაციის მოპოვებით ბიზნესი შეძლებს, მომხმარებელს შესთავაზოს მის სურვილებზე მორგებული პროდუქტი და შეიმუშაოს ეფექტური გზა რეკლამისთვის.


აღნიშნულის წარმატებული მაგალითია რამდენიმე უცხოური სავაჭრო ცენტრის შემოსვლა ქართულ ბაზარზე. მათი დაკვეთით ACT-მ ჩაატარა კვლევა — შეისწავლა ქართველი მომხმარებლის ქცევა, ბრენდების მიმართ პრეფერენციები და შეთავაზებული პროდუქტის მიმართ მომხმარებელთა დამოკიდებულებები. კომპანიებმა კვლევის მიგნებების გათვალისწინებით დაგეგემეს მარკეტინგული სტრატეგია, მომხმარებელს მისი მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტი შესთავაზეს და სამიზნე სეგმენტის კეთილგანწყობა დაიმსახურეს. ამგვარად, კვლევის შედეგებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები საბოლოოდ ეფექტური აღმოჩნდა მათთვის.


  • მუდმივად გრძნობდე მომხმარებლის მაჯის ცემას.


ნებისმიერი ბიზნესის წარმატების გასაღები კმაყოფილი მომხმარებელია. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი პროდუქტს ან მომსახურებას იყიდის, წამმზომი ირთვება. ბიზნესი ნამდვილ გამარჯვებას იმ შემთხვევაში იზეიმებს, თუკი კლიენტი მის შესაძენად ისევ მობრუნდება, და თან მობრუნდება რამდენჯერმე. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ბრენდმა მოიპოვა ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო — მომხმარებლის ერთგულება. თუმცა, ლოიალობა მუდმივი არ არის. ადამიანებს ყოველდღიურად ეცვლებათ გემოვნება, ახალი საჭიროებები და სურვილები უჩნდებათ. რეალურად, ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად უსმენს ის თავის მომხმარებლებს. მათი ლოიალობის შესანარჩუნებლად სამომხმარებლო კვლევა ეფექტური იარაღია. ის საშუალებას აძლევს კომპანიას, მუდმივად ხელი ედოს მომხმარებლის მაჯის ცემაზე — არ გამორჩეს არც ერთი ცვლილება მის განწყობებში და ყოველთვის იყოს ტენდენციების საქმის კურსში.


სამომხმარებლო კვლევის ეს შესაძლებლობა წარმატებულად გამოიყენა საბანკო-საფინანსო სფეროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა საქართველოდან. ACT-მ ცენტრალურ აზიაში, უზბეკეთში რამდენიმე ეტაპიანი სამომხმარებლო კვლევა განახორციელა მისთვის. ადგილობრივ მომხმარებელთა პრეფერენციების გამოვლენის მიზნით კვლევა ჩატარდა როგორც უცნობ ბაზარზე შესვლის წინ, ასევე, შესვლის შემდეგ. შედეგად, კომპანიამ მოახერხა, ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა უცხო ბაზრის საფინანსო სექტორში.


როგორც ვხედავთ, სამომხმარებლო კვლევა საჭირო და სასარგებლო ნაბიჯია კომპანიისთვის, რომელსაც სურს გაფართოება და ახალი ბაზრების აღმოჩენა. მისი საშუალებით ბიზნესის მფლობელები ინფორმაციაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ახალი ბაზრების აღმოჩენის, ათვისებისა და შენარჩუნების რისკებს. თუმცა ბიზნესს არ უნდა დაავიწყდეს, რომ „წამმზომი, რომელიც ახალ ბაზარზე შესვლისას ირთვება“ შეუჩერებლად მუშაობს მანამ, სანამ კომპანია მოცემულ ბაზარზე მოღვაწეობს. ამგვარად, უცხო ქვეყნის ბაზარზე გასვლა ერთჯერადი გადაწყვეტილება არ არის. ეს არის ვალდებულება ბიზნესისთვის მუდმივად იყოს კვლევის და გამოცდილების გაანალიზების პროცესში.


23.06.2022

დროთა განმავლობაში საზოგადოების აღქმაში ბიზნესმენის ხატი ჩამოყალიბდა, როგორც სერიოზული, პიჯაკებში გამოწყობილი ადამიანები, რომლებსაც აქვთ დიდი პასუხისმგებლობა, მუშაობენ სტრესულ გარემოში და იყენებენ კონსტრუქციული დიალოგის ფორმატს. რამდენად შეესაბამება ბიზნეს ლიდერის ასეთი აღქმა თანამედროვე ტენდენციებს? აუცილებელია ყველა ბიზნესმენი საუბრობდეს დიპლომატიური ენით?


პოსტმოდერნულ სამყაროში ბიზნესმენის როლი ტრანსფორმირდა, რამაც გავლენა იქონია კომუნიკაციის სტილზეც. ბიზნეს ლიდერები სულ უფრო მეტად ცდილობენ საკუთარი თავი საზოგადოების ნაწილად დააპოზიციონირონ და მასთან ურთიერთობისთვის იუმორი გამოიყენონ, რაც ასოცირდება დადებით ემოციასთან, სწრაფად ახდენს ეფექტს ადამიანის განწყობაზე და ამავდროულად, გააჩნია გრძელვადიანი ეფექტი. შესაბამისად, სტრატეგიული იუმორი ბიზნეს კომუნიკაციის ტენდენციად იქცა.


რა დატვირთვა აქვს სტრატეგიულ იუმორს?


იუმორი მარტივად გასაგები საუბრის ენაა, რომელიც აქცენტს აკეთებს ძირითად სათქმელზე. ხუმრობები ადვილად დასამახსოვრებელია, საზოგადოებაშიც სწრაფად ვრცელდება და შეუძლია განმუხტოს კრიზისული სიტუაცია. (Meyer, 1990). იუმორის შედეგს მყისიერად ვხედავთ, რადგან მისი ინდიკატორი უტყუარი ემოცია - ღიმილია. აღნიშნული ამარტივებს სამიზნე აუდიტორიისგან უკუკავშირის მიღებას, მიღებული ემოციამ - კი გვაძლევს პასუხს კითხვაზე თუ როგორ იმუშავა დასახულმა სტრატეგიამ. (Hudson, 1979).


იუმორის უნიკალური თვისებები და ის ფაქტი, რომ იუმორს ადამიანის განწყობაზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, მას კომუნიკაციის მოსახერხებელ იარაღად აქცევს.


შესაბამისად, სტრატეგიული იუმორის გამოყენების არეალი ფართოა. მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა სფეროში სხვდასხვა მიზნით:


  • დიპლომატები სტრატეგიულ იუმორს მიმართავენ წარმატებული მოლაპარკების საწარმოებლად;
  • პრეზენტატორები - ინტერაქტიული, ნაყოფიერი, საინტერესო პრეზენტაციებისთვის;
  • ლიდერები - თავდაჯერებულობის, მაღალი ემოციური ინტელექტისა და მათი ადამიანურობის გამოსახატავად (წყარო: humor that works).


რა მიზნით იყენებენ სტრატეგიულ იუმორს ბიზნეს ლიდერები?



,,თუ ჩვენ გავამხიარულებთ ხალხს, ისინი დაწერენ ისტორიებს ჩვენ შესახებ, შესაბამისად, არ დაგვჭირდება რეკლამაზე დიდი თანხის დახარჯვა“ ამბობს XXI საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესმენი და ინოვატორი ილონ მასკი.


ბოლო პერიოდში ილონ მასკის ექსცენტრიულობა და მის მიერ სტრატეგიული იუმორის გამოყენება ყველასთვის თვალშისაცემია. კონტექსტური იუმორის გამოყენება, რომელსაც გააჩნია კონკრეტული მისია, მასკისთვის ავთენტურ სტილად იქცა. იუმორში გამოხატული კრეატულობა და კომუნიკაციის სიმარტივე მას ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონად აქცევს. მასკის ლაკონურ ხუმრობებს შეუძლია შეცვალოს საზოგადოების დღის წესრიგი და ბიზნესის საათი საპირისპირო მიმართულებით დაატრიალოს.


გახსენდებათ სხვა ცნობილი ადამიანი, რომელსაც ხუთსიტყვიანი ხუმრობით შეუძლია ბიზნესს მოუტანოს ფინანსური სარგებელი, იმოქმედოს სავალუტო ბირჟაზე ან/და საგრძნობლად შეცვალოს კომპანიების სააქციო ღირებულება?!


ილონ მასკის მიერ სტრატეგიული იუმორის გამოყენება და მსგავსი კომუნიკაციის სტილი მას აქცევს:


1. ბიზნესის ძლევამოსილ ინფლუენსერად

მასკის იუმორის ძალა ფინანსურ მაჩვენებლებში ექვივალენტდება. მას მინიმალური დანახარჯებით შეუძლია დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია მომხმარებელთან, გაზარდოს გაყიდვები და კომპანიის სააქციო ღირებულება. გარდა საკუთარი ბიზნესისა, სტრატეგიული იუმორის გამოყენებით ის მანიპულირებს მსოფლიო ბიზნეს სექტორზეც. კონკრეტულად კი, მასკის ერთი გატეხილი გულის ემოჯიმ მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება საგრძნობლად შეამცირა (იხ. ტვიტი 1), ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი კრიპტოვალუტის Dogecoin ფასი კი, 5 თვის განმავლობაში 0.1 ცენტიდან 72 ცენტამდე გაიზარდა (იხ. ტვიტი 123).  (წყარო: economictimes) ასევე, მასკის სატირული იუმორის სამიზნე გახდა ტვიტერიც. სოციალურ ქსელის შესახებ გამოქვეყნებულმა პოსტებმა საგრძნობლად შეამცირა პლატფორმის საბაზრო ღირებულება, საბოლოოდ კი, მისი შესყიდვა განახორციელა. (იხ. ტვიტი 12).


2. არაფორმალურ პოლიტიკურ ლიდერად 

გონებამახვილური ხუმრობები ილონ მასკს პოპულარობასთან ერთად ქარიზმატულობასაც სძენს, რაც მას სხვა ლიდერის დამახასიათებელ თვისებებთან ერთად საზოგადოების თვალში ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად წარმოაჩენს. ილონ მასკს, რომ პოლიტიკური ამინდის შექმნა შეუძლია, ამაზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც მეტყველებს. რუსეთ-უკრაინის საინფორმაციო ომში მასკმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლი შეასრულა, თან იუმორის გამოყენებაც არ დავიწყებია. მის მიმართ ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მუქარას მასკმა იუმორისტულად უპასუხა და მიმართვის შესაბამისად ტვიტერზე სახელი ილონად გადაიკეთა.


3. ოპტიმისტ ანტერპრენერად

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანტერპრენერი არ ითრგუნება წარუმატებლობის შემთხვევაშიც და ცდილობს კრეატიული იუმორით განმუხტოს დაძაბული სიტუაცია. იგი მუდმივად მზადაა აღიაროს თავისი შეცდომები და იუმორის კუთხით შეხედოს იმას, რასაც სხვები ტრაგედიად აღიქვამენ. (იხ. ტვიტი 1 )


რა დასკვნები შეგვიძლია გავაკეთოთ მასკის მაგალითიდან გამომდინარე?


იუმორი მარტივად აღქმადი კომუნიკაციის უნივერსალური ფორმაა, რომელიც დადებითად ზემოქმედებს ადამიანზე და ტოვებს პოზიტიურ განწყობას. შესაბამისად, ბიზნესმენის მხრიდან იუმორის სტრატეგიულ გამოყენებას შეუძლია გაზარდოს მის მიმართ ნდობა და მოუტანოს მას ხალხის სიმპათია. ეს ყოველივე კი დადებითად აისახება არა მხოლოდ ბიზნეს ლიდერის პერსონალურ იმიჯზე, არამედ მის ბიზნეს საქმიანობაზე, რაც საბოლოო ჯამში, ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდას უწყობს ხელს.


მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული იუმორის გამოყენებას შეუძლია ბიზნეს ლიდერს საკმაოდ ბევრი ბენეფიტი მოუტანოს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საჭიროა მისი სწორი და კონტექსტური გამოყენება, რადგან საზოგადოებისათვის სენსიტიურ თემებზე ხუმრობამ შესაძლოა დადებითი ემოციები უარყოფითისკენ შეცვალოს და საზოგადოების მხრიდან საკმაოდ ცუდი შეფასებებიც გამოიწვიოს.


დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტივ და კრეატიულ საკომუნიკაციო ენას შეუძლია ემოციური კავშირი დაამყაროს აუდიტორიასთან და შექმნას ძლიერი, წარმატებული ბიზნეს ლიდერის აღქმა.


09.12.2021

კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ACT-მ წამოიწყო ვიდეორუბრიკა #ახალინორმა, სადაც თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზეა საუბარი. მაგალითად, რატომ არის დღეს ცვლილებები გარდაუვალი და როგორ აქციოთ ტრანსფორმაციის პროცესი თქვენთვის და კომპანიისთვის წარმატების გარანტიად? სულ რაღაც, ხუთი წუთის განმავლობაში, ამის შესახებ, ACT-ის ხედვის ლიდი თინათინ რუხაძე გესაუბრებათ.