/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

2024 წელი - ბიზნესი მდგრადობის, ტექნოლოგიებისა და ადამიანური პოტენციალის გზაჯვარედინზე

09.02.2024 6 წუთის საკითხავი
თინათინ რუხაძე

მმართველი პარტნიორი

2024 წელი - ბიზნესი მდგრადობის, ტექნოლოგიებისა და ადამიანური პოტენციალის გზაჯვარედინზე

კალენდარზე 2024 წელია და ბიზნესი დიდი ტრანსფორმაციული ცვლილებების წინაშე დგას. ერთი მხრივ, გეოპოლიტიკური არასტაბილურობა და კლიმატური ცვლილებები ბიზნესს თვითგადარჩენისა და მედეგობის ზრდის გადაუდებელ აუცილებლობას უჩენს. მეორე მხრივ კი, ტექნოლოგიური წინსვლა, განსაკუთრებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარება (AI), ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში რევოლუციას გვპირდება. ამ კრიტიკულ ეტაპზე ბიზნესის განვითარება მდგრადობის შენარჩუნებას, ციფრული ტექნოლოგიებისა და  ადამიანური პოტენციალის ათვისებას შორის დელიკატურ ბალანსს მოითხოვს.

სტატიის მიზანია, დაეხმაროს  ბიზნესის მმართველებს აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავებაში და მეტიც, ამ რთულ კონტექსტში მისცეს მათ ნავიგაციისა და ბიზნესის განვითარების ხედვა.


ბიზნესის მდგრადობა  – გამოწვევები და შესაძლებლობები


მდგრადობა ბიზნესის 2024 წლის სტრატეგიული იმპერატივი ხდება. გარემოში მიმდინარე ცვლილებებისა და გამოწვევების მიმართ გამძლეობა, კონკურენტუნარიანობის ზრდა, სტაბილური და გრძელვადიანი განვითარება არა მხოლოდ ბიზნესის საჭიროება, არამედ მომხმარებლებისა და ინვესტორების მთავარი მოთხოვნაა.

ქვემოთ განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც 2024-ში საქართველოში ბიზნესგარემოს ფორმირებას და, შესაბამისად, ბიზნესის მდგრადობაზე ზეგავლენას მოახდენს. ბიზნესის მმართველების ერთ-ერთი პრიორიტეტი კი სწორედ ამ მოსალოდნელ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის მომზადება უნდა იყოს.


გეოპოლიტიკური ფაქტორები

საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტშია, რომელშიც რეგიონალური გადაჯგუფებები მიმდინარეობს. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართ შფოთვა იზრდება. არანაკლებ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გაღვივების ალბათობის ზრდა. აღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ვაჭრობაზე, ტურიზმზე, ინვესტიციებსა და საქონლის ფასებზე. აქედან გამომდინარე, ბიზნესმა უნდა შეინარჩუნოს სიფრთხილე გეოპოლიტიკური რისკის მიმართ და შეიმუშაოს საგანგებო  (კრიზისული) გეგმები. აქვე უნდა აღინიშნოს კიბერუსაფრთხოების ზომების გამკაცრების საჭიროებაც, რადგან დღეს უსაფრთხოება მხოლოდ ფიზიკურ საზღვრებზე არ გადის.

არ შეიძლება უგულებელვყოთ ლოკალური პოლიტიკური კონტექსტი  – კერძოდ,  2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები ყოველთვის უკავშირდება პოლიტიკურ დაპირისპირებებსა და გაურკვევლობის ზრდას. ეს კი, ერთი მხრივ, მომხმარებლის სენტიმენტისა და ყიდვის განწყობის შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორების სიფრთხილის ზრდას იწვევს. შესაბამისად, ბიზნესს მეტი რესურსის მობილიზება დასჭირდება როგორც მომხმარებლებთან, ისე ინვესტორებთან კომუნიკაციისას.


ეკონომიკური ფაქტორები

ეკონომიკურ ფაქტორებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოზიტიური ფაქტორი ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაა. სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პოზიტიური მოლოდინი 2024-ში. მსოფლიო ბანკის შეფასებით[1], ქვეყნის ეკონომიკის ზრდა – 4,8%-ის, ხოლო ინფლაცია 2,5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის სტაბილურად დაბალი მაჩვენებელი კი ბიზნესის მდგრადობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ბიზნესისთვის დიდ შესაძლებლობებს აჩენს აგრეთვე საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები რამდენიმე ქვეყანასთან და მიმდინარე მოლაპარაკებები სხვებთან, გარე ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჯერ პანდემიამ, ხოლო  შემდგომ უკრაინის ომმა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებმა და გლობალურმა ეკონომიკურმა შენელებამ, მიწოდების ჯაჭვში სერიოზული შეფერხებები (მაგ. დაგვიანებები, „ძაბრის ეფექტი“) გამოიწვია. ამ ფაქტორმა შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა მოახდენოს ქართულ ექსპორტზეც. შესაბამისად, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, სტრატეგიული ალიანსები და თანამედროვე ლოგისტიკური ტექნოლოგიების დანერგვა ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგია ხდება.


სავაჭრო რეგულაციები კიდევ ერთი გამოწვევაა, რომელიც ქართულმა ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კომპლექსურ ქსელში ნავიგაცია და სხვა პოტენციური შეზღუდვები მნიშვნელოვან საკანონმდებლო რისკს აჩენს. შესაბამისად, საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ ინფორმირებულობა და მასთან შესაბამისობაში ყოფნა გადამწყვეტია. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ევროკავშირის სავაჭრო რეგულაციები, რომელთა შესაბამისობაში ბიზნესის მოყვანა უახლოესი წლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება.

კიდევ ერთი დიდი ეკონომიკური რისკ-ფაქტორი რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ხდება, რომ საქართველომ  პრიორიტეტად იქციოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვება განახლებადი ენერგიის განვითარებითა და რეგიონული ენერგეტიკული პარტნიორობის გაღრმავებით. საქართველოს პოტენციალი ჰიდროენერგიისა და მზის ენერგიის მიმართ კიდევ უფრო გადამწყვეტი ხდება ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და მდგრადობისთვის. ეს კი კერძო ბიზნესს მწვანე ინვესტიციების მოზიდვისა და მწვანე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს უჩენს.


კლიმატის ცვლილება, გარემო და უსაფრთხოება

გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველო დაუცველია კლიმატის ისეთი ცვლილების ზემოქმედების მიმართ, როგორიცაა წყალდიდობა და გვალვა.  შესაბამისად, ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია უნდა იყოს. ბიზნესმა კი, თავის მხრივ, კლიმატური რისკის დაზღვევითა და  კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციაში ინვესტიციით გზით უნდა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება და მდგრადობა.

2024 წელს სასურსათო უსაფრთხოება და მდგრადი სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის არანაკლები პრიორიტეტი იქნება. მდგრად სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაზე ფოკუსირება და ადგილობრივი საკვების წარმოება იძენს დიდ მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებას და ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას. ბიზნესის თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი სურსათის წარმოების მიმზიდველობა გაიზრდება.


ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი (AI) ბიზნესის სამსახურში


ხელოვნური ინტელექტი (AI)  მზადაა, გარდაქმნას ინდუსტრიები ისე, როგორც არასდროს. ის მონაცემების გადამუშავებისა და ანალიზის, სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის თვალსაზრისით წარმოუდგენელ შედეგებს იძლევა. ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები – პერსონალიზებული ჯანდაცვით დაწყებული, ჭკვიან ქალაქებამდე – უსაზღვროა. თუმცა, შესაძლებლობებთან ერთად ის აჩენს პროფესიების ცვლილების, სამუშაო ძალის გადაადგილებებისა და დასაქმებულებში უთანასწორობის ზრდის რისკს. აქედან გამომდინარე, ბიზნესმა აქცენტი უნდა გადაიტანოს სამუშაო ძალის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ტექნოლოგიური ნახტომით ყველამ ისარგებლოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების ეთიკური გამოყენების საკითხი განსაკუთრებულად მწვავედ დგება, რაც ბიზნესისგან მოითხოვს პასუხისმგებლობას, გამჭვირვალობას, ეთიკურ პრაქტიკასა და უსაფრთხოების ზომების დაცვას ტექნოლოგიების გამოყენებასთან მიმართებით.


2024-ში ტექნოლოგიური განვითარების გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში შემდეგია:



ადამიანური პოტენციალი – ბიზნესის მთავარი კაპიტალი


ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე ეფექტიანია მონაცემთა ანალიზსა და განმეორებითი ოპერაციების შესრულებაში. თუმცა ის ვერ ანაცვლებს ისეთ უნიკალურ ადამიანურ თვისებებს, როგორიცაა კრეატიულობა, თანაგრძნობა და კრიტიკული აზროვნება. ზოგადად, რამდენადაც გაიზრდება ტექნოლოგიებისა და AI-ის გამოყენების შესაძლებლობები, იმდენადად გაიზრდება მოთხოვნა იმ ადამიანურ კაპიტალზე, რომელსაც ამ ტექნოლოგიებთან ურთიერთობისა და მათი ეფექტიანი გამოყენების უნარი აქვთ.  შესაბამისად, 2024-ში ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანი ხდება  საკუთარ თანამშრომლებში ამ თვისებებისა და კომპეტენციების განვითარება. კონკურენტულ უპირატესობას ის ბიზნესები შეიძენენ, რომლებიც ინვესტიციას თანამშრომლების კეთილდღეობასა და განვითარებაში ჩადებენ, წაახალისებენ გუნდურობას და დანერგავენ უწყვეტი სწავლის კულტურას. AI-ზე ორიენტირებულ ეპოქაში ბიზნესის ნამდვილი კონკურენტული უპირატესობა ადაპტაციის, ინოვაციებისა და რთული პრობლემების გადაჭრის უნარი იქნება.


საქართველოში 2024-ში ბიზნესის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები ადამიანური კაპიტალის მიმართულებით შემდეგია:



შესაბამისად, თანამშრომლებისთვის ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნა, მათი ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობა ბიზნესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზრუნავი იქნება. შესაბამისად, გაიზრდება ინვესტიციები ტრენინგებში, მენტალური ჯანმრთელობის,  პიროვნული განვითარებისა და ფიზიკური ჯანმრთელობის პროგრამებში.



2024 წელი არ არის უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი წელი – ეს არის გარდამტეხი მომენტი – ცვლილებების წელი. არჩევანი, რომელსაც ახლა გააკეთებს ბიზნესი  – მდგრადობის, ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და ადამიანური პოტენციალის გზაჯვარედინზე – განსაზღვრავს მის მომავალს. დღეს ბიზნესისთვის განვითარება ნიშნავს პარადიგმის ცვლილებას, რომელიც აიძულებს მას, გადახედოს თავის ბიზნესმოდელს, განვითარების სტრატეგიას, ლიდერობის კონცეფციას; გახდეს უფრო ეთიკური და პასუხისმგებლობიანი საზოგადოებისა და გარემოს მიმართ, გახდეს უფრო სწრაფი, ისწავლოს მეტი, რათა შეძლოს ტექნოლოგიების სიკეთეებით სარგებლობა, და, რაც მთავარია, გახდეს მეტად ადამიანზე ცენტრირებული, რადგან სწორედ ადამიანის უნარები და პოტენციალი ხდება ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი თანამედროვე ეპოქაში. და თუ ბიზნესი შეძლებს, თავი გაართვას ამ ტრანსფორმაციულ ცვლილებებს, ის არა მხოლოდ გადარჩება, არამედ აყვავდება და მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებების შეტანასაც შეძლებს თავის გარემოში.

  

წყარო :  Forbes Georgia


[1] https://www.worldbank.org/en/publication/global-economic-prospects


საინტერესო ინსაიტები
17.11.2023

"ყველა ქალს კი ვეტყოდი: გჯეროდეთ საკუთარი თავის, იოცნებეთ და იფიქრეთ მასშტაბურად, იფრინეთ მაღლა! რადგან სიმართლე ისაა, რომ ადამიანის პოტენციალს - მამაკაცი იქნება თუ ქალი - საზღვარი არ აქვს"

8 ნოემბერს გაიმართა საქართველოში გაეროს ასოციაციის (UNA) და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) კონფერენცია - "Impact Tbilisi Conference: from Blueprints to Breakthroughs"


კონფერენცია მოიცავდა პანელურ დისკუსიას თემაზე „პარტნიორობის როლი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში“, სადაც ყურადღება გამახვილდა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მრავალმხრივ ასპექტებზე. პანელური მსჯელობის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა, რაც უფრო სტაბილური საზოგადოების ფორმირებას ხელს შეუწყობს. შეხვედრაზე აღიარებული იქნა ქალების მხარდაჭერის აუცილებლობა „შუშის ჭერის“ (glass ceiling) დამსხვრევაში და ხაზი გაესვა ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერების მნიშვნელობას. საერთო ჯამში, ჯგუფმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობისა და გაძლიერების მნიშვნელობას, როგორც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.


პანელის მომხსენებელი იყო ACT მმართველი პარტნიორი და მენეჯმენტ-კონსულტანტი თინათინ რუხაძე, რომელმაც ისაუბრა თემაზე „საკუთარ თავში ეჭვის შეტანიდან - წარმატებამდე: ქალთა გაძლიერება“. თინათინ რუხაძემ ისაუბრა იმ პრობლემებსა და საერთო ბარიერებზე, რომლებსაც ქალები ხშირად აწყდებიან.


ჩვენ სიამოვნებით გიზიარებთ თინათინ რუხაძის ამ ემოციურად დატვირთულ გამოსვლას "საკუთარ თავში ეჭვის შეტანიდან - წარმატებამდე: ქალთა გაძლიერება", რომელსაც გთავაზობთ სრულად და უცვლელად, რადგანაც ის საკუთარ გამოცდილებას და იდეებს გვიზიარებს!



საკუთარ თავში ეჭვის შეტანიდან - წარმატებამდე: ქალთა გაძლიერება


ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი პირადი ისტორია, რომელიც, იმედი მაქვს, თქვენთვის შთაგონების წყარო გახდება. მე გამიმართლა, რომ გამზარდა წარმოუდგენლად ძლიერმა ქალმა, ბებიამ, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა ჩვენს ოჯახში. ალბათ, სწორედ ამიტომ ბავშვობიდან ქალებს სუსტებად არასოდეს აღვიქვამდი. ეს რწმენა გახდა ჩემი ცხოვრების ძირითადი პრინციპი, რამაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წინსვლა და წარმატება მომიტანა. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემი პიროვნული ზრდისა და ჩემი პოტენციალის რეალიზების ყველაზე დიდი დაბრკოლება ჩემს ქალურ იდენტობასთან იყო დაკავშირებული.


ჩვენი კომპანია ACT 2002 წელს დავაფუძნეთ, რასაც მომდევნო წლებში კომპანიის ძალიან სწრაფი ზრდა მოჰყვა. 2008 წლისთვის ჩვენ გავხდით უმსხვილესი კვლევითი კომპანია საქართველოში, ხოლო 2014 წლისთვის ჩვენი ბიზნესი გაფართოვდა და გავხსენით ოფისები ბაქოსა და ალმატაში. თუმცა, 2014 წლიდან ჩვენი კომპანიის ზრდა შენელდა. წარმატების ძველ ფორმულას შედეგი რატომღაც აღარ მოჰქონდა. როგორც კომპანიის მმართველისა და ხედვის ლიდერისთვის, ეს ჩემთვის ძალზე შემაშფოთებელი იყო. მუდმივად ვეკითხებოდი საკუთარ თავს: „რას ვაკეთებთ არასწორად? რა ცვლილებებია საჭირო ჩვენი ზრდის ხელახლა დასაწყებად?” მაგრამ პასუხები არ ჩანდა.


ერთ დღეს მივლინებით გავემგზავრე ჩვენს რეგიონალურ ოფისში ალმატაში. გადავწყვიტე ფრენის ოთხი ხანგრძლივი საათი ღრმა თვითანალიზისთვის გამომეყენებინა. ჩემი ფიქრები იმავე გადაუჭრელ საკითხებს ეხებოდა. „რატომ არ შემიძლია ახალი იდეების გენერირება?“ “რატომ ვერ ვპოულობ გამოსავალს?“ - ვეკითხებოდი ჩემს თავს. მთელი რიგი „რატომ“-ის შემდეგ ჩემი ქვეცნობიერებიდან გამაოგნებელი პასუხი მივიღე: „იმიტომ რომ შენ ქალი ხარ“. ძალზე გაოცებული ვიყავი ჩემი საკუთრი ფიქრებით. როგორ შეიძლება მე, ძლიერი ქალებისა და გენდერული თანასწორობის მხარდამჭერს, თავში ასეთი შემზღუდველი აზრები მქონდეს? მაგრამ მერე გამახსენდა მომენტები ჩემი ცხოვრებიდან, როდესაც მეუბნებოდნენ: „კაცის ტვინი გაქვს“, „კაცივით აზროვნებ“, „კაცივით მამაცი ხარ“ და რაც ყველაზე მთავარია, როგორ სიამაყით ვიღებდი ამ შეფასებებს. მაშინ მივხვდი, რომ მიუხედავად ჩემი დეკლარირებული იდეებისა, ღრმად გულში მე დამარწმუნეს კაცების უპირატესობაში. რეალობა კი ისაა, რომ "კაცივითაც რომ ვაზროვნებდე", მე არ ვარ კაცი. ასე რომ, ჩემდა უნებურად ჩემს წარმატებას შევუქმენი ბარიერი - რადგან, ამ ლოგიკით, მე შეიძლება ვყოფილიყავი ძლიერი ქალი, თუმცა ვერასოდეს მივაღწევდი იმხელა წარმატებას, რაც მამაკაცს შეუძლია.


ამ შემზღუდველი ქვეცნობიერი ბარიერის აღმოჩენამ და შემდეგ მისგან გათავისუფლებამ ჩემს ცხოვრებაშიც და ბიზნესშიც რადიკალური ცვლილებები გამოიწვია. ახალი ხედვით შევცვალეთ ACT-ის ბიზნეს მოდელი და შევქმენით საკონსულტაციო განყოფილება. დღეს კომპანია სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე ის 2014 წელს იყო, ჩვენ 34 ქვეყანაში ვმუშაობთ და მიგვაჩნია, რომ ჩვენს ზრდას არანაირი შეზღუდვა არ აქვს.


ჩემმა ცხოვრების გზამ და სხვა წარმატებულ მეწარმე ქალებთან ურთიერთობამ სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მასწავლა:


პირველი, ქალების განვითარებისთვის ყველაზე დიდი ბარიერი ხშირად მათი შემზღუდველი რწმენაა, რომელიც შეიძლება ისე ღრმად იყოს გამჯდარი ქვეცნობიერებაში, რომ ვერც კი ვაცნობიერებდეთ მის არსებობას. ამ აზროვნებას ხშირად ხელს უწყობს ოჯახი, სკოლა, სოციალური ნორმები და რეალურ ცხოვრებაში უთანასწორობა. მაგალითისათვის, ქალებში ყველაზე მეტად გავრცელებული შემზღუდველი რწმუნებულებებია: "მე არ ვარ საკმარისად კარგი", "მე არ ვიმსახურებ მეტ წარმატებას", "მე ქალი ვარ და არ შემიძლია ამის გაკეთება", "მე არ შემიძლია შევიცვალო", "არ ღირს", "მე ადამიანებს არ ვენდობი“ და „არავინ დამეხმარება“.


მეორე მთავარი ბარიერი არის წარუმატებლობის შიში, სოციალური განსჯის შიში („ცუდი“ ცოლის ან დედის იარლიყის მიკვრის შიში) და თვით წარმატების შიშიც კი - მნიშვნელოვანი ცვლილებების და სოციალური გაკიცხვის შიში, როდესაც ამბიციურ კარიერისტ ქალად გთვლიან.


მესამე ბარიერი არის მხარდამჭერი გარემოს არარსებობა, იქნება ეს ადამიანები თუ სისტემები, რომლებიც აძლიერებენ ქალებს, უზრუნველყოფენ რესურსებზე წვდომას ან მათ ემოციურ მხარდაჭერას.


და ბოლოს, ქალების გაძლიერების მიზნით, მოგიწოდებთ:


• არ გვითხრათ „არა“; მოგვეცით შანსი.


• არ გამოგვცადოთ; გაგვიზიარეთ.


• არ განგვსაჯოთ; გაგვაძლიერეთ!



ყველა ქალს კი ვეტყოდი: გჯეროდეთ საკუთარი თავის, იოცნებეთ და იფიქრეთ მასშტაბურად, იფრინეთ მაღლა! რადგან სიმართლე ისაა, რომ ადამიანის პოტენციალს - მამაკაცი იქნება თუ ქალი - საზღვარი არ აქვს.

13.11.2023

თუ თქვენი კომპანიის ზრდა შედეგის ზრდის პროპორციული არ არის, თუ გუნდი არ ქმნის სინერგიას, საკუთარ შეცდომებზე არ საუბრობს და არ აზიარებს გამოცდილებას. მაშინ თქვენს ორგანიზაციაში შესაძლოა ბუნკერულ აზროვნებაა (Silo Mentality), თვითონ ორგანიზაცია კი ბუნკერულია (Silo organization).



რას გულისხმობს ბუნერული ორგანიზაცია (Silo Organization)?


ბუნკერული ორგანიზაცია გულისხმობს სიტუაციურად - მცირე, მექანიკურ ჯგუფებად დაყოფილ ორგანიზაციას, სადაც თანამშრომლები ქმნიან მათზე მორგებულ სუბ-კულტურას და ცალკეულ შემთხვევებში შეიმუშავებენ სუბ-კულტურისთვის სახასიათო ტერმინოლოგიას, სასაუბრო ენას.

სუბ-კულტურა შესაძლოა ჩამოყალიბდეს დეპარტამენტების, ორგანიზაციული რანგების ან/და სულაც დეპარტამენტის შიგნით რამოდენიმე ადამიანის მიერ. მსგავს სუბ-კულტურებში განხორციელებული ნაბიჯები, ცვლილებები და განწყობები უცნობია მეორე ჯგუფისთვის.

მექანიკური სუბ-კულტურების ჩამოყალიბება, იგივე ბუნკერული სუბ-კულტურა ხელშემშლელია ორგანიზაციისთვის, ვინაიდან ემიჯნება ორგანიზაციის საერთო მიზანს თუ მისიას. ამ დროს ისინი მოქმედებენ საკუთარი მიკრო ინტერესების გათვალისწინებით, ამცირებს ეფექტურობას და სინერგიას ორგანიზაციულ დონეზე თუ დეპარტამენტულ დონეზე.


რატომ ყალიბდება ბუნკერული აზროვნება (Silo Mentality)?


ბუნკერული ორგანიზაცია - ბუნკერული აზროვნების სტილით ყალიბდება, რაც სათავეს არქაული წარსულიდან, ტომური პრინციპებიდან იღებს.

ადამიანებს კვლავ შენარჩუნებული გვაქვს ტომური მოწყობის იმპულსები და მიდრეკილები ვართ, ჩამოვაყალიბოთ მცირე სუბ-კულტურა, ამ სუბ-კულტურასთან გვქონდეს მიკუთვნებულობის განცდა, ხოლო სხვა სუბ-კულტურასთან შევიდეთ კონკურენციაში, „შევეწინააღმდეგოთ“ მას, სწორედ ეს იმპულსები გვკარნახობს მცირე სუბ-კულტურებში ინტერაქციას და სხვა სუბ-კულტურებთან შეჯიბრებითობას[1].

როდესაც ორგანიზაციაში კულტურულ თუ სისტემურ დონეზე არ არის კომუნიკაციის და მაღალი ხარისხის კავშირების დამყარების შესაძლებლობა, როდესაც ორგანიზაციული კულტურა არ ეფუძნება პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობას და ზედა რგოლის მენეჯმენტის მიერ წახალისებულია მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულობა და შეჯიბრებითობა, ეს აძლიერებს ბუნკერულ მენტალიტეტს. მაგალითად, დეპარტამენტებს შორის შეჯიბრობითობის პრინციპი აძლიერებს გათიშულობას და კლავს თანამშრომლობის სურვილს. მენეჯმენტისგან მსგავსი გარემოს მიმართ ტოლერანტულობა კი, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორგანიზაციის კულტურას და განაპირობებს ბუნკერული აზროვნების გაძლიერებას.

საინტერესოა, რომ ბუნკერული აზროვნება შესაძლოა უნებლიედ ჩამოყალიბდეს, როდესაც ერთი გუნდი, დეპარტამენტი, ცდილობს ეფექტურობის სწრაფ ზრდას, მაგრამ არ ითვალისწინებს სხვა გუნდებში არსებულ პროცესებს და მათ საქმიანობას.


რატომ არის ბუნკერული აზროვნება საზიანო?



ბუნკერულ აზროვნებას დიდი გავლენა აქვს ორგანიზაციის ეფექტურობაზე და შესაძლოა ჰქონდეს რამოდენიმე გამოვლინება:

 

თანამშრომლების დაბალი მოტივაცია და დენადობის მაღალი მაჩვენებელი

გუნდის დიდი ნაწილი, რომელიც ტოვებს სამსახურს მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის ვადაში, თავს გრძნობს იზოლირებულად, მას არ აქვს კოლაბორაციის უნარი და გუნდთან თუ ლიდერთან ერთიანობის განცდა.

 

არაეფექტურობა, წარუმატებელი პროექტების მაჩვენებლის ზრდა 

ბუნკერული აზროვნების მქონე გუნდი კომუნიკაციის სიმცირისა და გამოცდილების გაზიარების სურვილის არ ქონის გამო ხშირ შემთხვევაში წარუმატებელია, მათ მიერ შესრულებული პროექტების მაჩვენებელი კი დაბალია ან/და ნელ-ნელა იკლებს.


ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა 

ბუნკერული აზროვნება გარემოს ვიწრო პერსპექტივიდან აღიქვამს. მსგავსი გუნდები ნაკლებად იღებენ და იზიარებენ ახალი გუნდის წევრის გამოცდილებას, მის პერსპექტივას. მსგავს ორგანიზაციაში შესაძლოა არსებობდეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების განცდა, რომელიც შესაძლოა გამოიხატოს სიტყვებში ან/და ქმედებებში, მაგალითად, „მე ეს მეთოდი უკვე ვცადე და არ იმუშავა“, „მე ბევრჯერ ვცადე დალაპარაკება, მაგრამ არ გაამართლა“ და ა.შ.


პრობლემის მოგვარების ალტენატიული გზის არ არსებობა

ბუნკერული აზროვნებისას კომუნიკაციის, გაზიარების სიმცირის გამო კომპანიები და გუნდები კარგავენ პრობლემის მოგვარების და მიზნის მიღწევის ალტერნატიული გზების შესაძლებლობას. კარგავენ არსებული სიტუაციის შემოქმედებითად გაანალიზების შესაძლებლობას.


ბუნკერული აზროვნების ცვლილება

 


ბუნკერული აზროვნების ცვლილების რამოდენიმე გზა არსებობს და თითოეული მათგანი კოლაბორაციის და კომუნიკაციის პროცესის გაუმჯობესებაზე გადის.

განვიხილოთ რამოდენიმე შესაძლო ნაბიჯი, რომელიც ბუნკერული ორგანიზაციის ცვლილებაში დაგეხმარებათ:


გუნდის მიერ ორგანიზაციის მისიის და ხედვის გააზრება 

ბუნკერული აზროვნების დაძლევის მნიშვნელოვანი გზა მკაფიო და ნათელი, ავთენტური მისიის და ხედვის ჩამოყალიბებაა. მისიის და ხედვის ჩამოყალიბებისას არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზედა რგოლის მენეჯმენტის შემუშავების პროცესში ჩართვა და გუნდის თითოეული წევრისთვის მისიის და ხედვის მნიშვნელობის ახსნა, დიად მიზანში მათი როლის ჩვენება.


ლიდერის როლი

ბუნკერული აზროვნების შეცვლა შესაძლებელია ჩართული და დაინტერესებული ლიდერის დახმარებით, რომელიც თანამშრომლების მხრიდან წაახალისებს. კითხვების დასმას და ქმნის შესაბამის პლატფორმებს ამისთვის.

ბუნკერული აზროვნების შეცვლისთვის მნიშვნელოვანია ლიდერი იყოს როლური მოდელი, გამოხატოს ემპათია და ღიაობა თანამშრომლების იდეებისა თუ ინიციატივებისადმი.

 

ორგანიზაციული კულტურის კომპონენტების ცვლილება


ბუნკერული აზროვნების შეცვლა ძალიან რთულია ორგანიზაციული კულტურის და ორგანიზაციაში არსებული ფასეულობების გადახედვისა და შეცვლის გარეშე. მთავარი პრინციპი არის ორგანიზაციისთვის ორგანული და ამავდროულად წარმატების განმაპირობებელი ფასეულობების აღმოჩენა, მისი ხაზგასმა და ორგანიზაციის თითოეულ პროცესსა თუ სტანდარტში მისი გათვალისწინება.

კულტურის ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში ნეგატიური ან ნეიტრალური კავშირების (ბუნკერული კავშირების გამომწვევი) მაღალი ხარისხის კავშირებით (HQC) ჩანაცვლება. ასევე ორგანიზაციაში არსებული არაფორმალური ლიდერების, ე.წ. კულტურის ბროკერების (cultural brokers) ჩართვა და სუბ-კულტურების აზროვნების ცვლილებაში მათი მხარდაჭერა. ორგანიზაციული სისტემების ჩამოყალიბებისას კულტურულ ბროკერებს მნიშვნელობის ხაზგასმა და სისტემის მთავარ კომპონენტად ქცევა. 


მობილური ორგანიზაციული სტრუქტურა


ეს არის ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს მარტივ მოწყობას და დეპარტამენტების ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობას. მსგავსი ორგანიზაციული სტრუქტურის საუკეთესო მაგალითია ეჯაილური მოწყობა.

სტრუქტურის ანალიზისას და მისი ცვლილებისას მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ორგანიზაციაში არსებული სირთულეები, კომუნიკაციის და კოლაბორაციის წარმატებული თუ წარუმატებელი მაგალითები და ჩამოყალიბდეს ინკლუზიური მოწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს:

  • მკაფიოდ განსაზღვრული როლებისა და პასუხისმგებლობების ჩამოყალიბებას;
  • კოლაბორაციული პლატფორმებისა და მარტივი პროცესების შექმნას, რაც უზრუნველყოფს სამუშაოს სწრაფად შესრულებას;
  • ორგანიზაციის შუა რგოლის მენეჯმენტისთვის პასუხისმგებლობების და უფლებამოსილების მკაფიოდ იდენტიფიცირებას, მათ გაძლიერებას;
  • ორგანიზაციაში მმართველობითი სტილის მკაფიოდ ჩამოყალიბებას და ერთიანი მიზნის ირგვლივ ადამიანების გაერთიანებას.


ქროს - ფუნქციური გუნდები (ასევე მოიხსენიებენ, როგორც ვეფხვის გუნდებს)


გუნდების მსგავსი მოწყობა თანამედროვე ბიზნესის სტანდარტებს სრულად შეესაბამება და გულისხმობს სხვადასხვა დეპარტამენტის, სხვადასხვა ფუნქციის, უნარის, ცოდნის მქონე ადამიანების გაერთიანებას ერთი საერთო პროექტის ან/და მიზნის შესასრულებლად.

ქროს - ფუნქციური გუნდების შემადგენლობა შესაძლოა ცვალებადი იყოს მიზნების და ამოცანების შესაბამისად.

არსებობს ორი ტიპის ქროს-ფუნქციური გუნდი („ვეფხვის გუნდები“). ერთ შემთხვევაში, გუნდი იკრიბიბა ერთჯერადად რაიმე დიდი პრობლემის არსებობისას. ამის მაგალითია კრიზისის მართვისას გუნდური მუშაობის პრინციპი.

მეორე შემთხვევაში, გუნდი ატარებს უფრო მუდმივ ხასიათს - მაგალითად, როდესაც გუნდში ადამიანს აქვს როლი მისი ყოველდღიური ვალდებულებების პარალელურად ორგანიზაციაში, მაგალითად, ორგანიზაციაში ადამიანი შესაძლოა იყოს ფინანსური მენეჯერი და ამასთანავე, იყოს გამოცდილების გაზიარებისთვის ჩამოყალიბებული ქროს-ფუნქციური გუნდის წევრი, რომლის ამოცანაც ორგანიზაციული განვითარების და გაზიარების სისტემების ჩამოყალიბებაა.

ორივე შემთხვევაში სასურველია გუნდების წევრების პერიოდული როტაცია.


ინფორმაციის ნაკადი


ბუნკერული ორგანიზაციის თავიდან არიდებისთვის ძალიან ეფექტურია საზიარო მენეჯმენტ პლატფორმის გამოყენება, რომელშიც მოხდება ორგანიზაციაში არსებული სიახლეების/ინფორმაციის გაზიარება და ასახული იქნება განხორციელებული ან/და მიმდინარე პროექტების სტატუსი.

ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში არსებობდეს საკომუნიკაციო სქემა, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული ინფორმაციის ნაკადების მართვის პრინციპი და კომპანიის შიგნით გასავრცელებელი ინფორმაციის ტიპი თუ პერიოდულობა.

 



[1] მარიო მოსას, დერეკ ნიუბერის და გრეგ ურბანის წიგნი “კულტურული თავსატეხი”.


07.11.2023

მოსახლეობის უმრავლესობას სურს ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ქვეყნის მხოლოდ ნახევარს აქვს იმედი, რომ ეს წელს მოხდება.


სურვილი და იმედი


საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში უნდა მიიღონ, თუმცა მანამდე ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას გამოაქვეყნებს და გადაწყვეტილებაც დიდწილად ამ შეფასებებს დაეფუძნება. ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღე რჩება.

კვლევითმა კომპანიამ - „ეისითი“ საქართველოში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული დამოკიდებულებების კვლევა ჩაატარა.


მოსახლეობის გამოკითხვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის 20-31 ოქტომბერს ჩატარდა, სატელეფონო კვლევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18-65 წლის, 809 რესპონდენტი, შერჩევის ჯამური ცდომილება შეადგენს 3,5%.


კვლევის თანახმად 10-დან 9 საქართველოს მოქალაქეს (87%) სურს რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კვლევის თანახმად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილი თბილისში მაცხოვრებელთა 92% აქვს, ხოლო რეგიონებში 85%-ს.


საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი კი - 45% ფიქრობს, რომ ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიმდინარე წელს. ოპტიმისტურად არიან განწყობილი რეგიონებში - 47% ვარაუდობს, რომ წელს აღნიშნულ სტატუს ქვეყანა მიიღებს, ხოლო შედარებით ნაკლებია მოლოდინი დედაქალაქში - ყოველი 10 გამოკითხულიდან მხოლოდ 4 მოქალაქე ელის წელს კანდიდატის წევრობის სტატუსს.



ევროკავშირის წევრობა ნიშნავს ქვეყნის განვითარებულ მომავალს. 


საქართველოს მოსახლეობისთვის ცალსახაა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებისგან მიღებული სარგებელი. ეისითის მიერ გასულ წელს (2022 წლის ივნისი) ჩატარებული კვლევის თანახმად ქვეყნის მოსახლეობის 90%-სთვის ევროკავშირის წევრობა ნიშნავს საქართველოს განვითარებულ მომავალს.


წევრობა გამოკითხული მოქალაქეებისთვის ასოცირდებოდა რუსეთის სამხედრო აგრესიისგან დაცვის საშუალებად (66%), ყოველი 10 მოქალაქიდან 8-ს მიაჩნდა, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება რუსეთისთვის გაგზავნილი მკაფიო სიგნალი, რომ საქართველოს დასავლური კურსი აქვს.


ამიტომაც გასული წლის შედეგები ემთხვევა წლევანდელი კვლევის ძირითად მონაცემს და ავლენს ქართველი ხალხის ურყევ ნებას - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. 2022 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ყოველი მეორე მოქალაქე ელოდა. გამოკითხვისას მოსახლეობის აზრით სტატუსის ვერ მიღების მიზეზების სამეული ასე გამოიყურებოდა: ადამიანის უფლებების დარღვევა (27%), რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მიმართ არამკაფიო პოზიცია (26%) და პრობლემები სასამართლო სისტემაში (26%).


ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას მოსახლეობის 83% მნიშვნელოვან მოვლენად აფასებდა და თვლიდა, რომ საქართველო ისე როგორც არასდროს ახლოს არის ევროკავშირის წევრობასთან. მოქალაქეები მიიჩნევდნენ რომ თუ საქართველო უახლოეს მომავალში არ მიიღებს წევრობის კანდიდატის სტატუსს მას ასეთი შანსი დიდხანს აღარ ექნება.


ხალხის არჩევანი და ხალხის დამსახურება


გასული წლის კვლევა ასევე ავლენდა ხალხის აზრით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებაზე პასუხისმგებელს - 10-დან ყოველი ოთხი მოქალაქე (38%) თვლიდა, რომ პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს ქვეყნისთვის ამ შანსის მიცემას და კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს - გამოკითხულთა უმრავლესობის (40%) აზრით - ეს ქართველი ხალხის დამსახურება იქნება.


8 ნოემბერს ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას გამოაქვეყნებს, სწორედ ეს დასკვნა იქნება დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების წინაპირობა, ჩვენ უკვე ვიცით რა სურს ქვეყანის მოსახლეობის უმრავლესობას, თუმცა არ ვიცით გამართლდება თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი მოქალაქეების მოლოდინი, რომლებიც თვლიან, რომ ჭიქა ნახევარდ სავსეა და ქვეყანა ევროპის კარს აუცილებლად წელს შეაღებს.