თითქმის 2 თვეა ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია. მთავრობა ე.წ. „რუსული კანონის“ ინიცირებით ღიად დაუპირისპირდა ქართველი ხალხის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახისა და დემოკრატიული სამყაროს წევრი. 27 მაისს კი ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ გააფორმა. როგორც საბჭოთა კავშირში გაზრდილ ადამიანს, კარგად მესმის, რას ნიშნავს ავტორიტარიზმი, თავისუფლების შეზღუდვა, უთანასწორობა, ხოლო როგორც საბჭოთა კავშირის ნგრევისა და თავისუფალი საქართველოს მშენებლობის მომსწრემ და თანამონაწილემ, კარგად ვიცი - რას ნიშნავს დემოკრატია და ევროპული ფასეულობები. სხვა სიტყვებით, გამოცდილებით და არა წარმოსახვით, შემიძლია შევაფასო ჩვენი ქვეყნის რისკები და დაკარგული შესაძლებლობები, თუკი ამ ბრძოლაში ხალხის ნებამ არ გაიმარჯვა. ალბათ სწორედ ამიტომ ახლა ყველა ჩემი ფიქრი, ემოცია და შეგრძნებები ჩვენი ქვეყნის ბედისა და ამ პოლიტიკური კრიზისის გარშემო ტრიალებს.
სტატია პოლიტიკურ კრიზისში ორგანიზაციის ლიდერების გამოწვევებს ეხება. სწორედ ამ კონტექსტში მინდა შევეხო მიმდინარე მოვლენებს და შევეცადო პასუხები გავცე შემდეგ კითხვებს: რას ნიშნავს კერძო ორგანიზაციის ლიდერებისთვის პოლიტიკური კრიზისი? როგორ გავუმკლავდეთ სტრესს? როგორ შევინარჩუნოთ / აღვიდგინოთ ლიდერობის ძალა, როდესაც ჩვენ - ლიდერებს თავად გვიჭირს? როგორ წავუძღვეთ ჩვენს გუნდს და ორგანიზაციას ამ ტურბულენტობაში?
შიდა პოლიტიკური კრიზისის გამოწვევები
პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვნად განსხვავდება ყველა სხვა ტიპის კრიზისისგან - მაგალითად, ეკონომიკური ან გარე მტერთან ომის კრიზისისგან.
ეკონომიკური კრიზისის დროს იცვლება ბიზნესის თამაშის წესები, იცვლება ბაზრის კონიუნქტურა, კერძო სექტორის სტატუს-ქვო. ამ დროს, ბიზნესს სჭირდება კრიზისის სიმპტომების დროული ამოცნობა, ცვლილებთან ადაპტაციისთვის სწრაფი გადაწყობა, ახლებურად ფიქრი, გამოსავლების ძიებაში კრეატულობა, და გაბედული ნაბიჯები.
ომის დროს ეკონომიკური კრიზისის ყველა ფაქტორი სახეზეა, და ამას ემატება არამხოლოდ ორგანიზაციის, არამედ ადამიანების სიცოცხლის საფრთხე. ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, ყველა სხვა საფრთხე უფერულდება, ხოლო გარე მტერთან ბრძოლა პატრიოტიზმს, ერთიანობას და ურთიერთმხარდაჭერას ასტიმულირებს. ამ სიტუაციაში, ბიზნესის ინტერესები, ამბიცია და მიზნების უკანა პლანზე გადადის, ლიდერების მთავარი საზრუნავი კი ადამიანებისა და ქვეყნის გადარჩენა ხდება.
შიდა პოლიტიკური კრიზისი თავისი ბუნებით ძალიან განსხვავდება ამ ორისგან - მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა არ დადგეს ეკონომიკური ან ეგზისტენციალური საფრთხე - თუმცა ეს არის ფასეულობების ომი. ფასეულობები კი ჩვენი „მეს“ საყრდენია და შესაბამისად, ჩვენი იდენტობისა და მიკუთვნებულობის (მეორე მხარეს მყოფ ნათესავებთან, კოლეგებთან, მეგობრებთან, ქვეყანასთან) საკითხი დგება დარტყმის ქვეშ. და თუ კრიზისის დროულად გადალახვა ვერ მოხერხდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური კრიზისის, თავისუფლების დაკარგვისა და ეგზისტენციალური საფრთხის დადგომის რისკიც არსებობს - თანაც ამ სიტუაციაში, ადამიანებს გადარჩენისთვის ბრძოლა არა გარეშე მტერთან, არამედ მოყვარესთან მოუწევს (ამის გამოცდილებაც გვაქვს საქართველოს უახლოეს ისტორიაში).
სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, ლიდერებისთვის შიდა პოლიტიკური კრიზისი ყველაზე რთული მოცემულობაა, რომელში ნავიგაციისთვისაც ლიდერს უდიდესი შინაგანი სიმტკიცე, სიფრთხილე და გაბედულება ერთად მართებს.
ლიდერობის სტრატეგიები
შიში, სტრესი, ბრაზი, გაღიზიანება, ემოციური აჟიტირება, მერე სრული უენერგიობა, საქმეზე ფოკუსის გართულება, უსუსურობის შეგრძნება, მერე უცებ ბრძოლის ჟინი, ყველაფერზე უარის თქმის სურვილი, მერე პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარ თავში დაჭერილი სისუსტის სირცხვილი, საკუთარი თავისთვის შემოძახება, ამოქმედება და მერე ისევ შიში, სტრესი, ბრაზი... გეცნობათ ეს ემოციური რყევები? თუ კი, მინდა დაგამშვიდოთ, ეს არის ბუნებრივი რეაქცია იმ გამოწვევებზე, რომელიც ზემოთ აღვწერეთ. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ემოციური ფონი აქვს ყველას, და არამხოლოდ ლიდერებს.
ახლა წარმოიდგინეთ ორგანიზაცია, სადაც ყველა თანამშრომელი და ლიდერი ამ მდგომარეობაშია... დიახ, ძალიან მძიმე სურათია. ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძებნა რომ ლიდერის პასუხისმგებლობაა, ამას ყველა ლიდერი აცნობიერებს, თუმცა მთავარი კითხვაა, როგორ? როგორ შევინარჩუნოთ ან აღვიდგინოთ ლიდერობის უნარი - ემოციური წონასწორობა და მდგრადობა, ნათელი გონება და ქმედების ენერგია? როგორ გავხდეთ ის ტრანსფორმაციული ლიდერები, რომლებიც ორგანიზაციის შიგნით დაგროვილი სტრესის ენერგიას ბრძოლის და შემართების ენერგიად გადააქცევს?
ამ თემაზე ფიქრისა და საკუთარი თავისთვის გამოსავლების ძიების პროცესში რამდენიმე სტრატეგიას მივაგენი, რომელიც ჩემი - როგორც ორგანიზაციის ლიდერის - პასუხისმგებლობის ყოველდღიურად შესრულებაში მეხმარება. სიამოვნებით გაგიზიარებთ ზოგიერთ მათგანს :
- მიიღე რეალობა
თუ პრობლემა არ არის, მისი გადაჭრაც არ არის. ამიტომ, იმის არ აღიარება რაც ჩვენს თავს ხდება - ვგულისხმობ ორივეს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ჩვენს ემოციურ სტრესს - ნიშნავს რეალობიდან გასვლას. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი სწორედ რეალობის მიღებაა. სწორად უნდა შევაფასოთ კრიზისის მასშტაბი, ჩვენი ორგანიზაციების წინაშე არსებული რისკი, და საკუთარი თავისა და გუნდის წევრების სტრესის ხარისხი. არასასურველი რეალობის მიღება, მასთან ეფექტურად გამკლავების აუცილებელი წინაპირობაა.
- იყავი ინფორმირებული
სისტემატურად გაეცანი ინფორმაციას მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით, რათა დროული და ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღო.
- იზრუნე საკუთარ თავზე
ლიდერმა, რომ სხვისი მხარდაჭერა შეძლოს, თავად უნდა იყოს რესურსულ მდგომარეობაში. ლიდერები ხშირად უშვებენ კრიტიკულ შეცდომას - კრიზის დროს ფოკუსირდებიან პრობლემების გადაჭრაზე, მაგრამ ავიწყდებათ საკუთარ თავზე ზრუნვა. ლიდერის ფიზიკური, მენტალური და ემოციური კეთილდღეობა კი პირდაპირ კავშირშია მათ რესურსულობასთან. შესაბამისად, საკუთარი თავის უგულებელყოფა იწვევს ლიდერის დასუსტებასა და გამოფიტვას, შედეგად კი მათი განსჯისა და ეფექტური გადაწყვეტილებების უნარი მცირდება.
ასეთი დიდი სტრესის პირობებში, საკუთარ თავზე ზრუნვის ნებისმიერი რუტინა, იმაზე მეტ ძალას მოგცემთ, ვიდრე გგონიათ.
- შექმენი შენი მხარდამჭერი გარემო
ენერგიის გაცემა რომ შეძლო ენერგიის მიღება უნდა იცოდე. არ დაგვავიწყდეს, რომ ლიდერები ჩვეულებრივი ადამიანები არიან - თავიანთი შიშებით, შფოთვებითა და სისუსტეებით. კრიზისი, ყველას გვიაქტიურებს ჩვენს რეაქტიულ ნაწილს და მასთან გამკლავებისთვის საკუთარ თავზე ზრუნვის გარდა, გარედან მხარდაჭერაც გვჭირდება ხოლმე. განსაკუთრებულ სტრესულ გარემოში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ვინც თავისი მხარდაჭერით ძალას და ენერგიას გვაძლევს - იქნება ეს ოჯახის წევრები, მეგობრები, პარტნიორები, ფსიქოლოგები თუ სხვ.
- გააზიარე პასუხისმგებლობა
ჩემი რწმენით, კარგი ლიდერი ყოველთვის ახდენს თავის გუნდთან, როგორც ძალაუფლების, ისე პასუხისმგებლობის გაზიარებას. თუმცა კრიზისში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ ლიდერი მარტო არ დარჩეს რისკებისა თუ სტრესის პირისპირ. მმართველი გუნდის მიმართ ნდობა, ღიაობა რისკებსა და გამოწვევებზე მსჯელობაში, შეთანხმებული გადაწყვეტილებები, დელეგირება და დამდგარ შედეგებზე გაზიარებული პასუხისმგებლობა - ლიდერისთვის კრიზისთან და სტრესთან გამკლავების ყველაზე ეფექტური გზაა.
- ემპათია და ეფექტური კომუნიკაცია
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შიდა პოლიტიკური დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე რთული კრიზისია, რადგან ამ დროს საზოგადოება ორად იყოფა და ერთმანეთს უპირისპირდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორგანიზაციაც საზოგადოებაა - ერთი იდეის და მიზნის გარშემო გაერთიანებული თემი. შესაბამისად, ის გახლეჩილობა, რომელიც საზოგადოებაშია, მაღალი ალბათობით ორგანიზაციაშიც იჩენს თავს (განსაკუთრებით კი დიდ ორგანიზაციებში). თუ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების გამთლიანებასა და სიტუაციის დასტაბილურებაზე პასუხისმგებლობა მთავრობაზე მოდის, ორგანიზაციის ჭრილში ეს პასუხისმგებლობა ლიდერს და მმართველ გუნდს ეკისრება. აქედან გამომდინარე, ლიდერი და მმართველი გუნდი ვალდებულია იზრუნოს ორგანიზაციის შიგნით ეფექტურ კომუნიკაციაზე, კონფლიქტების აღმოფხვრასა და თანამშრომლებს შორის ნდობისა და ერთიანობის აღდგენაზე / გაძლიერებაზე. ამის მიღწევა, საერთო ინტერესების წინა პლანზე წამოწევითა და განსხვავებულობის უკანა პლანზე გადაწევით არის შესაძლებელი. მაგალითად, ჩვენ ყველას გვინდა ეს ქვეყანა განვითარდეს, ჩვენ ყველას გვინდა მეტი სტაბილურობა და უსაფრთხოება, ჩვენ ყველა ერთად ვართ ამ კრიზისში და შედეგებიც (კარგიც და ცუდიც) ყველაზე აისახება, და ა.შ.
- ფასეულობებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით მაგალითის მიცემა
შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ისეთი განუვითარებელი დემოკრატიის პირობებში, რომელიც საქართველოშია, მთავრობის პოზიციის საწინააღმდეგო მოსაზრების საჯაროდ დაფიქსირება, რა თქმა უნდა რისკთანაა დაკავშირებული. ნებისმიერი კერძო კომპანიის ლიდერი აცნობიერებს ამ რისკს, რომელიც არა მხოლოდ ბიზნესის ან შემოსავლების დაკარგვას უკავშირდება, არამედ ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებსა და უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე, ის ლიდერები, რომლებიც არ იზიარებენ მმართველი ძალის პოზიციას „უცხოური ძალის ზეგავლენების გამჭვირვალეობის კანონის“ (იგივე რუსული კანონის) აუცილებლობისა და სიკეთის შესახებ, დიდი დილემის წინაშე დგება - თუ ხმას ამოიღებს და ღიად გააპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რისკის ქვეშ აყენებს როგორც საკუთარ, ისე მთელი ორგანიზაციის კეთილდღეობას. მეორე მხრივ, თუ ხმა არ ამოიღო ან მეტიც, მმართველი ძალის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა მისი რწმენის საპირისპიროდ, მაშინ ის, პირველ რიგში, საკუთარ თავის პატივისცემასა და თანამშრომელთა ნდობას კარგავს, საბოლოოდ კი ორგანიზაციას მორალურად ანგრევს.
ბოლო საკითხში ლიდერებისთვის რჩევის მიცემა რთულია. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დღეს, უნდა ეს თუ არა, ყველა ლიდერს მოუწევს ამ რთული არჩევანის გაკეთება და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება.