"ყველა ქალს კი ვეტყოდი: გჯეროდეთ საკუთარი თავის, იოცნებეთ და იფიქრეთ მასშტაბურად, იფრინეთ მაღლა! რადგან სიმართლე ისაა, რომ ადამიანის პოტენციალს - მამაკაცი იქნება თუ ქალი - საზღვარი არ აქვს"
8 ნოემბერს გაიმართა საქართველოში გაეროს ასოციაციის (UNA) და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) კონფერენცია - "Impact Tbilisi Conference: from Blueprints to Breakthroughs"
კონფერენცია მოიცავდა პანელურ დისკუსიას თემაზე „პარტნიორობის როლი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში“, სადაც ყურადღება გამახვილდა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მრავალმხრივ ასპექტებზე. პანელური მსჯელობის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა, რაც უფრო სტაბილური საზოგადოების ფორმირებას ხელს შეუწყობს. შეხვედრაზე აღიარებული იქნა ქალების მხარდაჭერის აუცილებლობა „შუშის ჭერის“ (glass ceiling) დამსხვრევაში და ხაზი გაესვა ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერების მნიშვნელობას. საერთო ჯამში, ჯგუფმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობისა და გაძლიერების მნიშვნელობას, როგორც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს.
პანელის მომხსენებელი იყო ACT მმართველი პარტნიორი და მენეჯმენტ-კონსულტანტი თინათინ რუხაძე, რომელმაც ისაუბრა თემაზე „საკუთარ თავში ეჭვის შეტანიდან - წარმატებამდე: ქალთა გაძლიერება“. თინათინ რუხაძემ ისაუბრა იმ პრობლემებსა და საერთო ბარიერებზე, რომლებსაც ქალები ხშირად აწყდებიან.
ჩვენ სიამოვნებით გიზიარებთ თინათინ რუხაძის ამ ემოციურად დატვირთულ გამოსვლას "საკუთარ თავში ეჭვის შეტანიდან - წარმატებამდე: ქალთა გაძლიერება", რომელსაც გთავაზობთ სრულად და უცვლელად, რადგანაც ის საკუთარ გამოცდილებას და იდეებს გვიზიარებს!
საკუთარ თავში ეჭვის შეტანიდან - წარმატებამდე: ქალთა გაძლიერება
ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი პირადი ისტორია, რომელიც, იმედი მაქვს, თქვენთვის შთაგონების წყარო გახდება. მე გამიმართლა, რომ გამზარდა წარმოუდგენლად ძლიერმა ქალმა, ბებიამ, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა ჩვენს ოჯახში. ალბათ, სწორედ ამიტომ ბავშვობიდან ქალებს სუსტებად არასოდეს აღვიქვამდი. ეს რწმენა გახდა ჩემი ცხოვრების ძირითადი პრინციპი, რამაც ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წინსვლა და წარმატება მომიტანა. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემი პიროვნული ზრდისა და ჩემი პოტენციალის რეალიზების ყველაზე დიდი დაბრკოლება ჩემს ქალურ იდენტობასთან იყო დაკავშირებული.
ჩვენი კომპანია ACT 2002 წელს დავაფუძნეთ, რასაც მომდევნო წლებში კომპანიის ძალიან სწრაფი ზრდა მოჰყვა. 2008 წლისთვის ჩვენ გავხდით უმსხვილესი კვლევითი კომპანია საქართველოში, ხოლო 2014 წლისთვის ჩვენი ბიზნესი გაფართოვდა და გავხსენით ოფისები ბაქოსა და ალმატაში. თუმცა, 2014 წლიდან ჩვენი კომპანიის ზრდა შენელდა. წარმატების ძველ ფორმულას შედეგი რატომღაც აღარ მოჰქონდა. როგორც კომპანიის მმართველისა და ხედვის ლიდერისთვის, ეს ჩემთვის ძალზე შემაშფოთებელი იყო. მუდმივად ვეკითხებოდი საკუთარ თავს: „რას ვაკეთებთ არასწორად? რა ცვლილებებია საჭირო ჩვენი ზრდის ხელახლა დასაწყებად?” მაგრამ პასუხები არ ჩანდა.
ერთ დღეს მივლინებით გავემგზავრე ჩვენს რეგიონალურ ოფისში ალმატაში. გადავწყვიტე ფრენის ოთხი ხანგრძლივი საათი ღრმა თვითანალიზისთვის გამომეყენებინა. ჩემი ფიქრები იმავე გადაუჭრელ საკითხებს ეხებოდა. „რატომ არ შემიძლია ახალი იდეების გენერირება?“ “რატომ ვერ ვპოულობ გამოსავალს?“ - ვეკითხებოდი ჩემს თავს. მთელი რიგი „რატომ“-ის შემდეგ ჩემი ქვეცნობიერებიდან გამაოგნებელი პასუხი მივიღე: „იმიტომ რომ შენ ქალი ხარ“. ძალზე გაოცებული ვიყავი ჩემი საკუთრი ფიქრებით. როგორ შეიძლება მე, ძლიერი ქალებისა და გენდერული თანასწორობის მხარდამჭერს, თავში ასეთი შემზღუდველი აზრები მქონდეს? მაგრამ მერე გამახსენდა მომენტები ჩემი ცხოვრებიდან, როდესაც მეუბნებოდნენ: „კაცის ტვინი გაქვს“, „კაცივით აზროვნებ“, „კაცივით მამაცი ხარ“ და რაც ყველაზე მთავარია, როგორ სიამაყით ვიღებდი ამ შეფასებებს. მაშინ მივხვდი, რომ მიუხედავად ჩემი დეკლარირებული იდეებისა, ღრმად გულში მე დამარწმუნეს კაცების უპირატესობაში. რეალობა კი ისაა, რომ "კაცივითაც რომ ვაზროვნებდე", მე არ ვარ კაცი. ასე რომ, ჩემდა უნებურად ჩემს წარმატებას შევუქმენი ბარიერი - რადგან, ამ ლოგიკით, მე შეიძლება ვყოფილიყავი ძლიერი ქალი, თუმცა ვერასოდეს მივაღწევდი იმხელა წარმატებას, რაც მამაკაცს შეუძლია.
ამ შემზღუდველი ქვეცნობიერი ბარიერის აღმოჩენამ და შემდეგ მისგან გათავისუფლებამ ჩემს ცხოვრებაშიც და ბიზნესშიც რადიკალური ცვლილებები გამოიწვია. ახალი ხედვით შევცვალეთ ACT-ის ბიზნეს მოდელი და შევქმენით საკონსულტაციო განყოფილება. დღეს კომპანია სამჯერ უფრო დიდია, ვიდრე ის 2014 წელს იყო, ჩვენ 34 ქვეყანაში ვმუშაობთ და მიგვაჩნია, რომ ჩვენს ზრდას არანაირი შეზღუდვა არ აქვს.
ჩემმა ცხოვრების გზამ და სხვა წარმატებულ მეწარმე ქალებთან ურთიერთობამ სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მასწავლა:
პირველი, ქალების განვითარებისთვის ყველაზე დიდი ბარიერი ხშირად მათი შემზღუდველი რწმენაა, რომელიც შეიძლება ისე ღრმად იყოს გამჯდარი ქვეცნობიერებაში, რომ ვერც კი ვაცნობიერებდეთ მის არსებობას. ამ აზროვნებას ხშირად ხელს უწყობს ოჯახი, სკოლა, სოციალური ნორმები და რეალურ ცხოვრებაში უთანასწორობა. მაგალითისათვის, ქალებში ყველაზე მეტად გავრცელებული შემზღუდველი რწმუნებულებებია: "მე არ ვარ საკმარისად კარგი", "მე არ ვიმსახურებ მეტ წარმატებას", "მე ქალი ვარ და არ შემიძლია ამის გაკეთება", "მე არ შემიძლია შევიცვალო", "არ ღირს", "მე ადამიანებს არ ვენდობი“ და „არავინ დამეხმარება“.
მეორე მთავარი ბარიერი არის წარუმატებლობის შიში, სოციალური განსჯის შიში („ცუდი“ ცოლის ან დედის იარლიყის მიკვრის შიში) და თვით წარმატების შიშიც კი - მნიშვნელოვანი ცვლილებების და სოციალური გაკიცხვის შიში, როდესაც ამბიციურ კარიერისტ ქალად გთვლიან.
მესამე ბარიერი არის მხარდამჭერი გარემოს არარსებობა, იქნება ეს ადამიანები თუ სისტემები, რომლებიც აძლიერებენ ქალებს, უზრუნველყოფენ რესურსებზე წვდომას ან მათ ემოციურ მხარდაჭერას.
და ბოლოს, ქალების გაძლიერების მიზნით, მოგიწოდებთ:
• არ გვითხრათ „არა“; მოგვეცით შანსი.
• არ გამოგვცადოთ; გაგვიზიარეთ.
• არ განგვსაჯოთ; გაგვაძლიერეთ!
ყველა ქალს კი ვეტყოდი: გჯეროდეთ საკუთარი თავის, იოცნებეთ და იფიქრეთ მასშტაბურად, იფრინეთ მაღლა! რადგან სიმართლე ისაა, რომ ადამიანის პოტენციალს - მამაკაცი იქნება თუ ქალი - საზღვარი არ აქვს.