ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა კრიზისმა ციფრული ტრანსფორმაციის ტემპები ერთი-ორად დააჩქარა და ბიზნესებს, დისტანციური მუშაობის დანერგვისა და ელექტრონული კომერციის განვითარების „დღის წესრიგში“ შეტანა აიძულა. არც ბაზრის მეორე მხარე, მომხმარებლები დარჩენილან ციფრული ზეგავლენის გარეშე. მათთვის ელექტრონული ვაჭრობა ფიზიკურის ჩამნაცვლებლად ან შემავსებლად მოგვევლინა და სავარაუდოა, რომ აღნიშნული ცვლილებები მათ ქცევაში უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს და პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც შენარჩუნდება. თუმცა, საინტერესოა ამ პროცესების უკანა მხარე – შეძლო თუ არა ყველა ბიზნესმა დროულად და თანაბრად ეპასუხა ციფრული გამოწვევებისთვის, როგორია საერთაშორისო სტატისტიკა და ხედვა, მისცა თუ არა საცალო ვაჭრობის პანდემიურმა ლანდშაფტმა ბიზნესებს დრო და რესურსები ადაპტაციისთვის?
საერთაშორისო ტენდენციები – არიან თუ არა ბიზნესები მზად გაციფრულებისთვის?
უკვე დიდი ხანია, რაც მომხმარებლის ქცევის ცვლილება და მათი მზაობა ელექტრონული კომერციის პროცესებში ჩასართავად, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ერთ-ერთ ძირითადი ფოკუსი გახდა. მაგალითად, გაერთიანებული ერების კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (შემდგომში, UNICTAD) ყოველწლიურად ზომავს B2C ელექტრონული კომერციის ინდექსს, რომელიც ინდივიდების მიერ ინტერნეტის მოხმარების დონეებს, დაცული ინტერნეტ სერვერების წილსა და ფინანსურ ინსტიტუტებში ანგარიშების ფლობის მონაცემებს აერთიანებს. ანალოგიურად, საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირი (ITU) გვთავაზობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსს[1], რომლის ორიენტირიც ასევე მომხმარებლის მიერ აქტიურ ონლაინ ვაჭრობასა და ამ პროცესში გამოყენებული არხებისკენაა მიმართული. ამავე სიაშია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (შემდგომში, OECD) სტატისტიკაც.
OECD-ის 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული ელ.კომერციის ანგარიშს „ელექტრონული კომერცია კოვიდ-19-ის პერიოდში“ თუ შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ონლაინ ვაჭრობა ძალიან სწრაფად კრეფს განვითარების ტემპს. ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში ელ.ფოსტითა და ინტერნეტით საცალო გაყიდვები (შეკვეთები) 2020 წლის აპრილში 30%-ით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. იგივე ტენდენციები იკვეთება აშშ-შიც, სადაც ელ.კომერციაში 14%-16%-იანი ზრდა ფიქსირდება (იხ. დიაგრამა 1). ანგარიშში ასევე ხაზგასმულია 2020 წლის პირველ ნახევარში ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზია-ოკეანეთის რეგიონებში ელ.ვაჭრობის ლანდშაფტის დინამიზმის განვითარება.
[1] The ICT Development Index (IDI)
წყარო: OECD, ელ.ვაჭრობა COVID-19-ის პერიოდში, 2020, ოქტომბერი. გამოთვლები ეფუძვნება EUROSTAT-ის სტატისტიკას.
ძალზედ საინტერესო სურათი გამოჩნდა UNICTAD-ის 2020 წლის ზაფხულის ანგარიშში „კოვიდ-19 და ელექტრონული ვაჭრობა“, რომელიც 23 ნაკლებად განვითარებული ქვეყნიდან 257 კომპანიის გამოცდილებას აერთიანებდა[1]. რამდენიმე გამოკვეთილი ტენდენცია ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას:
- სრულიად ციფრული ბიზნეს მოდელები (გამოკითხული მესამე მხარის ონლაინ ბაზრების/third party online marketplaces 60%) უფრო გამძლე აღმოჩნდა პანდემიის მიმართ, ვიდრე ელ.ვაჭრობის კომპანიები, რომლებიც შედარებით მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ახალი გამოწვევებისთვის.
- სოციალური მედიის გამოყენება და ვებ-საიტების რაოდენობის ზრდა აშკარაა ფოკუს ქვეყნებში. გაყიდვის აღნიშნულმა არხებმა სწრაფი ზრდა პანდემიური კრიზისის დაფიქსირების პერიოდიდან დაიწყეს. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აქტუალური Facebook პლატფორმა აღმოჩნდა.
- პანდემიამ გააძლიერა ელ. ვაჭრობის ეკოსისტემაში ადრე არსებული დაბრკოლებები. მომარაგების ჯაჭვებისა და ლოჯისტიკური პროცესების დარღვევა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის არ არსებობა, რესპონდენტების 60%-ზე მეტისთვის ძირითადი გამოწვევა აღმოჩნდა.
- რესპონდენტების ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ ელ.კომერციის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგიის გაუმჯობესება, ყველაზე პრიორიტეტული რამ არის, რაზეც აქტიური მუშაობა უნდა მიდიოდეს.
- პანდემიურმა გამოწვევებმა გავლენა იქონია კომპანიების ICT მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზეც. შესაბამისად, კომპანიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათი მთავრობების მიერ შემოთავაზებულ მხარდამჭერ პროგრამებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეროვნული ელ.კომერციის სტრატეგიის განახლება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზებაა.
[1] აღნიშნული ქვეყნები უმეტესად აფრიკისა და აზია – წყნარი ოკეანეთის რეგიონებს მოიცავდა.
წყარო: UNICTAD, კოვიდ-19 და მისი გავლენა ბიზნესების ელ. კომერციაზე, 2020
ეისითის როლი – გამოცდილება კიდევ უფრო ფართო გეოგრაფიული არეალიდან
2020 წლის პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ეისითის საშუალება მისცა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში არაერთ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით (EBRD, მსოფლიო ბანკი, UNDP, USAID) წვლილი შეეტანა გლობალურად, ბიზნეს სექტორის მდგრადობის გაზრდაში და მათზე პანდემიური გავლენის არხების იდენტიფიცირებაში. ამ პროექტებმა საშუალება მოგვცა, ჩვენც გამოგვეკვლია ელექტრონული ვაჭრობის განვითარების საკითხები ფოკუს რეგიონებში (კავკასია, დასავლეთ ბალკანეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა, ცენტრალური აზია და სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი) და შეგვესწავლა პანდემიის გავლენა ბიზნესებზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ფოკუს რეგიონების ბიზნესები სხვადასხვა ხარისხით აღმოჩნდნენ მზად გაციფრულებისთვის (დიაგრამა 3). თუმცა, ამ განსხვავებული შედეგებისდა მიუხედავად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის საერთო განწყობა, რაც გამოკითხულ რესპოდენტებში გამოიკვეთა – მცირე და საშუალო ბიზნესებს აქვთ სურვილი ელექტრონულ ვაჭრობაში ჩასართავად, თუმცა ყოყმანობენ, ინფორმაციისა და ციფრული ინსტრუმენტების ნაკლებობის, ანდა მათი საერთოდ არ არსებობის გამო.
წყარო: ACT კვლევა, კავკასიაში გამოკითხული 345 SME, დასავლეთ ბანკანეთის რეგიონში გამოკითხული 827 SME
ჩვენს გუნდს საშუალება მიეცა EBRD-ის პროექტის „ Covid-19-ის გავლენის მცირე და საშუალო ბიზნესებზე“ ფარგლებში, დამატებით დაეფარა ცენტრალური აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის (SEMED) ქვეყნებში ოპერირებადი მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევები პანდემიის პერიოდში. კვლევის ფარგლებში, რესპონდენტ მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს ერთ-ერთ ნაწილში ვეკითხებოდით კომპანიის გაყიდვების რა პროცენტული ნაწილი გადაერთო ონლაინ პლატფორმებზე, პანდემიის დაწყების შემდეგ. მთლიანი სურათი აქაც ძალიან საინტერესოა, ჩამოთვლილი რეგიონების მცირე და საშუალო ბიზნესების უმეტესობისთვის გაყიდვები საერთოდ არ გადასულა ონლაინ ვაჭრობაზე, ხოლო სრულად გაციფრულება რესპონდენტების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა შეძლო. ყველაზე მეტად ამ გარდაქმნებისთვის მომზადებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბიზნესები აღმოჩნდნენ (დიაგრამა 4), რისი მიზეზიც, შესაძლოა ამ რეგიონში არსებული ისედაც კარგად განვითარებული ლოგისტიკური სერვისები და ორგანიზებულობა, ასევე ელ. ვაჭრობის მიმართულებით არსებული გამოცდილება იყო.
წყარო: ACT კვლევა, SEMED გამოკითხული 570 SME, ცენტრალური აზიის რეგიონში გამოკითხული 598 SME, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გამოკითხული 184 SME
დაუგეგმავი ცვლილებები გრძელვადიანი შედეგებით
ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეულმა პანდემიამ, ციფრული განვითარება გარდაუვალ რეალობად იქცა. პასუხების ძიებისას ნათლად დავინახეთ, რომ ეს ერთი შეხედვით მარტივი გზა, სინამდვილეში საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რომლის გასავლელადაც, მხოლოდ „გაციფრულების სურვილი“ საკმარისი არ არის. ბიზნესებს ერთიანად მოუწიათ ყველა იმ პრობლემასთან გამკლავება, რაც ისედაც, სისტემურად სდევდა ახალ პლატფორმაზე გადასვლის პროცესს: ამ მიმართულებით გამოცდილების არ არსებობა, ინფრასტრუქტურისა თუ რესურსების ნაკლებობა. მართალია, ბიზნესების მხარდაჭერა დღეს ყველა ქვეყნის მთავრობის მთავარი თავის ტკივილია, თუმცა, სხვადასხვა კვლევებში მონაწილე ბიზნესების უმეტესობა (მათი 50%-ზე მეტი) ერთხმად აღიარებს, რომ სამწუხაროდ, მათი ქვეყნების მთავრობები პრიორიტეტული სექტორების განვითარებაზე მუშაობისას, ამ ნაწილს უკანა პლანზე ტოვებენ და ონლაინ ვაჭრობა, მოუგვარებელ საკითხად რჩება.
არადა ფაქტია, გაციფრულება ჩვენს ცხოვრებაში დროებით არ შემოჭრილა. ეს უფრო დაუგეგმავი ცვლილებებია, რომელსაც დროში გაწელილი, გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება.