უკვე წლებია გვესმის, რომ საცალო ვაჭრობა მოკვდა. Credit Suisse-ის აპრილის ანგარიშში იწინასწარმეტყველეს, რომ ამ წლის განმავლობაში 8.600 მაღაზია დაიკეტება - სახეზეა კრიზისი, რომელიც დიდი ეკონომიკური რეცესიის დროსაც კი არ უნახავთ. განსაკუთრებულად კრიზისული პერიოდი ელით სავაჭრო ცენტრებს, მათი დაახლოებით მეოთხედის დახურვა მომდევნო ხუთი წლის მანძილზეა ნაწირასწარმეტყველები.
იმის ცოდნას, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი უმაღლესი განათლება ნამდვილად არ სჭირდება. ონლაინ ვაჭრობა იკავებს მაღაზიაში დროის დამკარგავი შოპინგის ადგილს და უფრო მეტიც, ამის მიზეზი 1980-90იან წლებში დაბადებული მოქალაქეები არიან - მათი რიცხვი ახლა უკვე 87 მილიონია.
თუმცა არის კი ეს ასე?
ახალ ანგარიშში პოპულარული დასკვნების საწინააღმდეგო ფაქტებია მოყვანილი, როგორც ჩანს ამ თაობის წარმომადგენლებს უყვართ მაღაზიებში სიარული, თანაც ძალიან უყვართ. ქცევითი მარკეტინგის კომპანიის SmarterHQ, -ის კვლევის თანახმად, 80-90-იანი წლების შვილების მთელი 50 პროცენტი არამხოლოდ დადის ფიზიკურ მაღაზიებში, არამედ მაღაზიაში სიარულს შოპინგის სასურველ ფორმადაც თვლიან.
მიგნება საცალო მოვაჭრეებს რთულ პოზიციაში აყენებს. მაშინ როდესაც გაკოტრებული მაღაზიების რაოდენობა რეკორდულ რაოდენობას აღწევს და ონლაინ ვაჭრობა ამ დონეზე ვითარდება, „კომპანიები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მათი ციფრული სტრატეგიების ოპტიმიზებას იმ იდეით, რომ მომხმარებელს ძირითადად ონლაინ ვაჭრობა ურჩევნია“ - ნათქვამია ანგარიშში. „თუმცა, ჩვენი მონაცემები ცხადყოფს, რომ ბრენდებისათვის მნიშვნელოვანია თავიანთ ფიზიკურ მაღაზიებსაც შთაბერონ სიცოცხლე“.
მაგრამ რა უნდა ვთქვათ 20- და 30- წლის მყიდველებზე, რომლებისთვისაც ფულის დახარჯვის ყველაზე კომფორტული გზა ვებსაიტებისა და აპლიკაციების მეშვეობით შოპინგია - არის თუ არა ეს მონაცემები არასწორი? არა, არ არის. მაგრამ, SmarterHQ-ს კვლევაში წარმოდგენილია უფრო ნიუანსირებული შეხედულება 80-90-იანი წლების
წარმომადგენლების შოპინგის ჩვევებზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, რამდენიმე ეტაპისგან შედგება. როგორც აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ოზბორნი აცხადებს: „ამ თაობის შვილები მაღაზიას კვლევისთვის იყენებენ, მაგრამ ყველაფერს იქვე არ ყიდულობენ“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხსენებული თაობის წარმომადგენლები ძალიან ხშირად მიმართავენ „შოურუმინგის“ პრაქტიკას. ისინი ხშირად მაღაზიაში ტესტავენ პროდუქტს და მოგვიანებით სახლიდან ყიდულობენ ინტერნეტით (თუ მაშინვე არ იღებენ ტელეფონებს და მაღაზიიდანვე არ უკვეთავენ ონლაინ).
ისტორიულად, საცალო მოვაჭრეებს „შოურუმინგის“ ცალსახად ნათელი მიზეზების გამო ეშინიათ. ეს პრაქტიკა მათ ასეთ პოზიციაში ტოვებს: ისინი ხარჯს წევენ პროდუქტის გამოსაფენად, თუმცა მხოლოდ წამგებიან პოზიციაში არიან „ამაზონის“ მსგავს გიგანტებთან, რომელსაც არც სავაჭრო ცენტრში მაღაზიის ფართში უწევს ფულის დახარჯვა და არც მთავარ ქუჩაზე მაღაზიის ხარჯების დაფარვა. თუმცა, ოზბორნი ფიქრობს, რომ 80-90-იანების თაობაში დამკვიდრებული „შოურუმინგის“ პრაქტიკა არც ისე მომწამვლელია, როგორც ის ერთი შეხედვით ჩანს.
მისი განცხადებით, საცალო მოვაჭრე, რომელიც შემოსავალს გლობალურად უყურებს, რომელიც ფიზიკურ გაყიდვებს ონლაინ გაყიდვების წინააღმდეგ არ აყენებს, შეიძლება მოერგოს „შოურუმინგს“ - მათ შეუძლიათ დახურონ ნაკლებად ხალხმრავალ ლოკაციებზე არსებული მაღაზიები და ისე განავითარონ ონლაინ შესყიდვების პლატფორმები, რომ მოიზიდონ ხსენებული თაობის მყიდველების, რომლებსაც მაღაზიის დატოვებისას გონებაში უკვე აქვთ პროდუქტი შერჩეული.
„თუ ამ კუთხით სტრატეგია გაქვთ და დახურავთ არამომგებიან მაღაზიებს, ეს შეიძლება კარგიც იყოს“, აცხადებს ოზბორნი. „თქვენი ციფრული არხები უკეთეს სიტუაციაში აღმოჩნდებიან“.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ უყვართ 80-90იანი წლების შვილებს ფიზიკურ მაღაზიებში სიარული, აღმოჩნდა (სურპრიზი!), რომ ისინი რეალურად ძალიანაც არ განსხვავდებიან სხვებისგან. რეალურ მაღაზიაში შეგიძლია პროდუქტი მოსინჯო (ან ტანსაცმლის შემთხვევაში, მოისინჯო), სანამ ყიდვას გადაწყვეტ. ამასთან ერთად, სხვა თაობის წარმომადგენლების მსგავსად, ამ თაობის წარმომადგენლებიც მაღაზიებს სხვადასხვა მიზეზების გამო სტუმრობენ. SmarterHQ-ს მონაცემების მიხედვით, 30 პროცენტი სავაჭრო გარიგებას ეძებს, 18 პროცენტს კონკრეტული პროდუქტზე აქვს არჩევანი გაკეთებული, 17 პროცენტი მოკვლევას აკეთებს, 14 პროცენტი კი უბრალოდ ათვალიერებს.
მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ მაღაზიებში შოპინგთან არადამაჯერებელ კავშირს უსვამს ხაზს, SmarterHQ-ს კვლევა ადასტურებს ბევრ ვარაუდს, რაც საცალო მოვაჭრეებს 80-90-იანი წლების მყიდველებთან დაკავშირებით ჰქონდათ. ამ თაობის წარმომადგენლები არ გამოირჩევიან ბრენდების მიმართ ლოიალურობით, აღიზიანებთ მათთვის გაგზავნილი უამრავი მარკეტინგული შეტყობინება და ავლენენ გასაოცარ შესაძლებლობას თან იშოპინგონ და თან სხვა აქტივობებითაც დაკავდნენ (მაგალითად, ტელევიზორის ყურებით, ჩეთით ან მუშაობით).
ოზბორნის თქმით, საქმის არსი ისაა, რომ საცალო ვაჭრობის ბაზარზე ჯერ კიდევ არის ფიზიკური მაღაზიების ადგილი, მაგრამ სწრაფად ცვალებად გარემოში წარმატების მიღწევის მოლოდინი მხოლოდ ბრენდებს უნდა ჰქონდეთ, ვინც 80-90იანი წლების წარმომადგენლების ჰიბრიდულ სავაჭრო ჩვევებს მოერგება. კვლევის მიგნებები ხაზს უსვამს „უფრო მასშტაბურ, გრძლევადიან ტენდენციას სავალო ვაჭრობაში, რაც გულისხმობს, რომ თუ ვერ მოერგები ცვალდებად მომხმარებელთა ბაზას და მათ პრეფერენციებს შოპინგთან დაკავშირებით ... მაშინ ჩამორჩები. თუ შენ მოერგები შენი მომხმარებლის მოთხოვნებს, მაშინ დარჩები ბაზარზე. თუ არა და - ვერ“.
*წყარო: adweek.com
2018 წლის ივნისში თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით 86% სპორტის რომელიმე სახეობის გულშემატკივარია. აღსანიშნავია, რომ სპორტის გულშემატკივრებს შორის ჭარბობენ მამაკაცები და 24 წელს ზევით რესპოდენტები. ყველაზე ხშირად საყვარელ სპორტის სახეობად ფეხბურთი (34%), რაგბი (23%) და კალათბურთი (9%) დასახელდა. საინტერესოა, რომ ფეხბურთს უფრო მეტად მამაკაცები გულშემატკივრობენ, ხოლო რაგბსა და კალათბურთს საყვარელ სპორტის სახეობად უფრო მეტად ქალები ასახელებენ. ასაკობრივი განსხვავება სპორტის ამ სახეობების გულშემატკივრებს შორის, მხოლოდ რაგბის შემთხვევაში გამოვლინდა, როგორც კვლევის შედეგები ცხადყოფს, რაგბი ყველაზე პოპულარული 18-44 წლის რესპოდენტებშია.
გამოკითხულთა უმრავლესობა (72%) მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე მეტად განვითარებული სპორტის სახეობა რაგბია. მას თითქმის თანაბარი პროცენტული მაჩვენებლებით მოსდევს ფეხბურთი (9%) და ძიუდო (7%).
*კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი-პირისპირ ინტერვიუ.
2018 წლის ივნისში თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის 56% სხვადასხვა სიხშირით სარგებლობს სწრაფი კვების ობიექტებით. სწრაფი კვების ობიექტების ყველაზე აქტიური მომხმარებლები 18-24 წლის ახალგაზრდები არიან (88%), მაშინ როცა 65 წელს ზევით რესპოდენტთა შორის მხოლოდ 24% სტუმრობს ამ დაწესებულებებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სწრაფი კვების ობიექტები მამაკაცებში მეტი პოპულარობით სარგებლობენ, ვიდრე ქალებში (შესაბამისად,60%, 52%).
რესპოდენტთა უმეტესობა (57%) სწრაფი კვების ობიექტში ერთი ვიზიტისას ერთ ადამიანზე საშუალოდ 10 ლარამდე ხარჯავს. იმ ძირითად მიზეზებს შორის, რის გამოც რესპოდენტები სტუმრობენ სწრაფი კვების ობიექტებს, სახელდება გემრიელი საჭმელი 52%, მომსახურების სისწრაფე 31% და მოსახერხებელი მდებარეობა 15%. აქვე აღსანიშნავია, რომ რესპოდენტთა მხოლოდ 8% სტუმრობს სწრაფი კვების ობიექტებს მომსახურების დაბალი ფასის გამო.
*კვლევა ჩატარდა თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლესშორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.
2018 წლის ივნისში თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის 34% თამბაქოს მომხმარებელია. მათ შორის, 29% თამბაქოს რეგულარულად ეწევა, 5% კი პერიოდულად. 2017 წლის გაზაფხულზე ჩატარებული იმავე კვლევის შედეგების მიხედვით, თამბაქოს ზრდასრული თბილისელების 31% მოიხმარდა, რაც მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ამ თვალსაზრისით სიტუაცია არ შეცვლილა. თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი კაცებში (58%) გაცილებით მაღალია, ვიდრე ქალებში (16%), ამასთან, ყველაზე აქტიურად თამბაქოს 35-54 წლის მოქალაქეები მოიხმარენ.
მწეველთა უმრავლესობა (58%) რეგულარულად 15 ღერზე მეტ სიგარეტს ეწევა დღის განმავლობაში და აცხადებს, რომ საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას გავლენა არ მოუხდენია მოწევის ინტენსივობაზე. გენდერული თვალსაზრისით, ამ შემთხვევაშიც, დიდი განსხვავება გამოვლინდა; კაცების 68% ეწევა 15 ღერზე მეტ სიგარეტს დღის განმავლობაში, მაშინ, როცა ქალების მხოლოდ 29% მოიხმარს იგივე რაოდენობას.
თბილისელების 63% ფიქრობს, რომ ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ’’ კანონი, ვერ შეამცირებს თამბაქოს მოხმარებას, თუმცა, იგივე რაოდენობა (64%) დადებითად აფასებს ახალ რეგულაციებს.
*კვლევა ჩატარდა თბილისის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.