/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ ეისითის მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევა გამოაქვეყნეს

14.09.2022 1 წუთის საკითხავი
ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ ეისითის მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევა გამოაქვეყნეს

13 სექტემბერს ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შრომის ბაზრის კვლევა გამოაქვეყნეს, რომელიც ტურიზმისა და სიჯანსაღის, ანუ ველნესის, სექტორებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის.


კვლევაში აღნიშნულია, რომ სექტორებში მომუშავე კომპანიები დასაქმების ხელშემშლელ მიზეზებს შორის სამსახურის მაძიებელთა დაბალ კვალიფიკაციასა და არასაკმარის მოტივაციას ასახელებენ. ამავდროულად, დამსაქმებელთა უმეტესობა, 88%, პროფესიულ სასწავლებლებთან არ თანამშრომლობს, ხოლო 31% მსგავსი პარტნიორობის უპირატესობებსაც კი ვერ ხედავს.



დამსაქმებელთა მხოლოდ 24%-ს აქვს გამოცდილება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მხრივ, რაც უმეტესწილად სტუდენტების სტაჟირებასა და პრაქტიკული სწავლების შეთავაზებაში გამოიხატება.


კვლევა ეისითიმ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩაატარა. კვლევითი სამუშაოები 2022 წლის მაისში მიმდინარეობდა და საქართველოს ხუთი რეგიონის 14 მუნიციპალიტეტში მოპოვებულ მონაცემებს ეყრდნობა (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი).




კვლევის მიგნებებში ასახულია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და სასწავლო პროგრამები, გაანალიზებულია შრომის ბაზრის ამ კონკრეტულ სეგმენტებზე საჭირო პროფესიული კვალიფიკაციები და შეფასებულია, თუ რამდენად შეესაბამება არსებული პროფესიული სწავლება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. კვლევა ასევე შეიცავს რეკომენდაციებს დამსაქმებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ და იკვლევს, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროფესიულმა განათლებამ უკეთ უპასუხოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის, მათ შორის ახალგაზრდების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და უმცირესობათა წარმომადგენელების საჭიროებებს.

ბოლო სიახლეები

3 აგვისტოს ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ეისითის მიერ შესრულებული კვლევა გამოაქვეყნა და დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინა.


“საავტორო უფლებების ასოციაციებთან და აღრიცხვის სისტემაზე დამოკიდებულებების კვლევა“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში არსებული გამოწვევების მიზნით, საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციებით სარგებლობის პრაქტიკას და მომსახურებით კმაყოფილების შესწავლას ეხება.



„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით: “კვლევის ინტერესი განაპირობა, ერთი მხრივ სამართლის სფეროში საკითხზე მიმდინარე დისკუსიამ, მეორე მხრივ საერთო სასამართლოებში არსებული დავების სიმრავლემ და კანონმდებლობის ანალიზმა”.


                  

                                                      
კვლევის მეთოდოლოგია მუსიკალური ნაწარმოებების შემსრულებლებისა და ავტორების, საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებებით (მუსიკა, რეპერტუარი) მოსარგებლე ობიექტების მენეჯერებისა და მფლობელების აზრის შესწავლას დაეფუძნა. რესპონდენტები თანხმდებიან, რომ საავტორო უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, როგორც ხელოვანი ადამიანების პატივისცემის, ასევე მათთვის შემოსავლის წყაროს უზრუნველყოფით. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ბიზნესის წარმომადგენელთა შორის არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა ქვეყანაში საავტორო უფლებების დაცვის და ამ სფეროში მოქმედი ორგანიზაციების შესახებ.


კვლევის შედეგების მიხედვით, ავტორ-შემსრულებელთა უმრავლესობა (46% v.s. 39%) მიიჩნევს, რომ სფეროების, დარგების შესაბამისად, მასში ნებაყოფლობით გაერთიანების შესაძლებლობით, საავტორო უფლებების მმართველი რამდენიმე ასოციაცია შეიძლება არსებობდეს. უმრავლესობა მიესალმება ერთი და იმავე ასოციაციის მიერ საავტორო უფლებების აღრიცხვასა და ჰონორარის განაწილებასაც (62% v.s. 24%). რესპოდენტთა დიდი წილი (65% v.s. 16%) მიიჩნევს, რომ ავტორ-შემსრულებლის ჰონორარის გადახდა უნდა ხდებოდეს ნაწარმოებების ფაქტობრივი გამოყენების, გაჟღერებული რეპერტუარის პროპორციულად, ნაცვლად რეიტინგებისა. იკვეთება ტენდენცია, რომლის თანახმადაც, ავტორ-შემსრულებლები სიღრმისეულად არ იცნობენ ანაზღაურების აღრიცხვასა და ჰონორარის განაწილების შესაძლებლობებს. შედეგად, თვლიან, რომ საავტორო უფლებები სახელმწიფოს პრიორიტეტულ საკითხებს შორის უნდა არსებობდეს (88% v.s. 5%).


                                                                                                                                                                                                                                                         

    

კვლევა წარმოადგენს პირველ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლიც შეთავაზებული იქნება საზოგადოებისთვის, საკითხით დაინტერესებული წევრებისთვის და სფეროში ჩართული ყველა რგოლის მომხმარებლისთვის. ამასთან, მიეწოდება აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, ბიზნესის წარმომადგენლებს, საავტორო და შემსრულებელ ორგანიზაციებს, ასოციაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას.

05.08.2022
27 ივლისს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გენერალური ასამბლეა გაიმართარომელსაც ეისითის, როგორც ქსელის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელიც დაესწრო.


ღონისძიებაზე ქსელმა გასული წლის მუშაობა შეაჯამა და დაინტერესებულ საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო. გენერალურ ასამბლეას დაესწრო ქსელის წევრი 140-მდე კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი.

                       


გასული 1 წლის განმავლობაში გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მისი წევრების რაოდენობამ 140-ს მიაღწია. გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა. მსოფლიო მასშტაბით გაეროს გლობალურ შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი 161 ქვეყნიდან 20000-ზე მეტი კომპანიაა, რომლებსაც ორგანიზაცია ეხმარება საერთაშორისო სტანდარტების წარმატებით იმპლემენტირებაში.


გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.

01.08.2022


26 ივლისს, კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია ეისითის კონსულტანტების გუნდმა პროექტის „რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) შრომის უფლებებისა და პირობების შესახებ შრომის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისთვის“ პირველი ეტაპი დაასრულა და წინასწარი შედეგები, ძირითად დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინა.


კვლევის ვალიდაციის შეხვედრას საჯარო სექტორის, ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის ინსპექციის სამსახური, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, საქართველოს პროგრესული ფორუმი, დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, სახალხო დამცველის აპარატი) ესწრებოდნენ, რომლებიც კვლევის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები, როგორც ინფორმაციის ძირითადი მომწოდებლები.


დაინტერესებულმა მხარეებმა კვლევის მიგნებებზე იმსჯელეს და RIA-ს ანგარიშის საბოლოო ვერსიის გამოქვეყნებამდე შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღეს.

28.07.2022