/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

42 საათში დისტანციურად გადაწყობილი სამუშაო პროცესი

22.04.2020 4 წუთის საკითხავი
42 საათში დისტანციურად გადაწყობილი სამუშაო პროცესი

სულ ცოტა ხნის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ კაცობრიობის გარდამტეხი ცვლილების მომსწრე და თანამონაწილენი გავხდებოდით. ასე მძაფრად ალბათ არასდროს მოსულა შეგრძნება იმისა, თუ რამდენად მჭიდროდ არის თითოეული ჩვენგანი  დაკავშირებული დედამიწის სასიცოცხლო ჯაჭვთან და მისი ქმედება პეპლის ეფექტით აისახება მთელს კაცობრიობაზე. უდაოდ საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, თუმცა ეს პერიოდი აქამდე არნახული გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ადამიანს ყოველთვის, და მითუმეტეს მძიმე პერიოდში, სჭირდება პატარ-პატარა გამარჯვებების შეგრძნება, და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გაგვიჩნდა სწორედ ახლა სურვილი გაგვეზიარებინა ჩვენი ისტორია. და თუ ერთი ადამიანისთვის მაინც იქნება ეს ამბავი სასარგებლო, მიიღებს ინსპირაციას და დაიჯერებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მაშინ ჩავთვლით, რომ ჩვენი მისია შესრულებულია.


დავიწყებთ იმით, რომ ეისითიში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ძალიან კარგადაა გამართული (ჩვენი VPN კავშირი დაცულია საერთაშორისო უმაღლესი დონის SSL სერტიფიკატით). მთელ ჩვენს გუნდს, პრაქტიკულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე დისტანციურად მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს და ეს ჩვენი IT დეპარტამენტის უდიდესი დამსახურებაა. თუმცა, ჩვენი წარმოების ზოგიერთი პროცესი – ფოკუს-ჯგუფები და სატელეფონო კვლევები ოფისიდან იმართებოდა, ხოლო კვლევების ნაწილი კი – რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. ყველასთვის ნაცნობი COVID- 19-ის პანდემიის დასაწყისში, ჯერ კიდევ არ იყო რეკომენდაციები სახლში დარჩენასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, საქმიანობას იმ დროისთვის არსებული ყველა რეკომენდაციის დაცვით, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებდით. 


პანდემიის კუთხით სიტუაციის გამწვავებასთან ერთად, პირველი ამოცანა, რაც ჩვენმა გუნდმა დაისახა, სწორედ ჩვენი საწარმოო პროცესის სრულ დისტანციურ რეჟიმში გატანა იყო.  საოცარი სისწრაფით და თვითორგანიზებით შეიქმნა გუნდი, რომლის პასუხისმგებლობაც საწარმოო პროცესის დისტანციურ რეჟიმში გადატანა იყო და ეს არამარტო საქართველოში, არამედ ჩვენს შვილობილ კომპანიებში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთშიც უნდა განხორციელებულიყო. ალბათ, ყველაზე საოცარ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით, თუ 42 საათში შესაძლებელი იყო მსგავსი რამ, თან ისე, რომ მიმდინარე კვლევები ერთი წამითაც არ შეფერხებულიყო.


გზა, რომელიც ამ 42 საათში გაიარა ჩვენმა გუნდა ასეთი იყო:



ყოველივე ზემოთქმული განხორციელდა ისე, რომ ერთი წუთითაც არ შეფერხებულა მიმდინარე კვლევების პროცესები.


„ორი დღის განმავლობაში გვქონდა უამრავი სწრაფი, საგანგებო შიდა შეხვედრა, მოვალეობების განაწილება, მოკლევადიანი ამოცანების გაწერა და ამოცანებზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა. ტარდებოდა ტრენინგები, ინსტრუქტაჟები და უამრავი სატელეფონო თუ „ონლაინ“ კონსულტაციები IT დეპარტამენტთან.


არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვხედავდით, რომ დრო არ ითმენდა. უმნიშვნელოვანესი იყო  საქმის ბოლომდე მიყვანა და, რაც მთავარია, პროექტში ჩართული ყველა ადამიანის უსაფრთხოდ გადაყვანა დისტანციურ მუშაობაზე. გაასმაგებული იყო ჩვენი პასუხისმგებლობები და სურვილი, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა არსებული პროექტული კადრები.  შევძელით ის, რომ მოცემულ სიტუაციაში, შესაძლებლობის ფარგლებში, ის პროექტული კადრები, ვისაც არ ჰქონდა სახლში ტექნიკური აღჭურვილობა,  უზრუნველვყავით ადგილზე მათი მიტანით. სწრაფად დავიწყეთ სამსახურის გარეშე დარჩენილი ინტერვიუერების მხარდაჭერა. მოხდა მათი უსწრაფესი გადამზადება/ტრენინგები და „ქოლცენტრის“ ფუნქციონირების პროცესში ინტეგრაცია.  ველის გუნდი მოქმედებდა ერთი მთლიანის შეგრძნებით, ყველა ვიყავით ერთნი და ეს მთლიანობა გვაძლევდა უდიდეს ძალას და რწმენას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ოპერატორების და ინტერვიუერების როლი ამ ცვლილებაში.  ისინი იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები და ერთი მთლიანი გუნდის ნაწილები. იმ პირობებში, რომ დღისით მუშაობდნენ მიმდინარე პროექტზე, სახლში მისულები გვიან ღამემდე გამოთქვამდნენ მზაობას, ემუშავათ IT დეპარტამენტთან ერთად, სახლის პირობებში „ქოლ-ცენტრის“ დროულად გადასატანად.


საბოლოო ჯამში, ერთიანმა და ძლიერმა გუნდმა რეკორდულად მცირე დროში გამოწვევას ღირსეულად უპასუხა. დათქმულ დროს დისტანციური „ქოლ-ცენტრი“ სრული დატვირთვით ამუშავდა. სატესტო რეჟიმში პროცესები ეფექტურად იმართებოდა  და მიმდინარე პროექტებიც წარმატებით დასრულდა. შედეგად ხვდები, რომ როდესაც არის ერთმანეთის მხარდაჭერის სურვილი, საქმის სიყვარული და საკუთარი თავის რწმენა, აუცილებლად მიაღწევ მიზანს. შეუძლებელი არაფერია.“ – ნათია ჯობავა, ველის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. „ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რათა დაგვემტკიცებინა, რომ სხვანაირადაც შეგვიძლია მუშაობა. ჩვენ ერთად ყოფნა გვაძლევდა ძალას და ვხედავდით, რომ მოკლე დროში ის ცვლილებები უნდა განგვეხორციელებინა, რომელსაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ორ-სამ კვირას მაინც მოვანდომებდით. ამ დროს კი მსოფლიოში წუთობრივად იცვლებოდა მდგომარეობა უარესობისკენ. მთავრობა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, რომ გარეთ გასვლა უკვე სახიფათოა და უნდა დავრჩეთ სახლში! ალბათ, ძნელია ამხელა ნეგატივს და სტრესს ადამიანის ტვინი გაუმკლავდეს ისე, რომ არ აისახოს მის მოქმედებაზე და აზროვნებაზე. იმდენად ვიყავით ჩართული ჩვენი ახალი გამოწვევის, ახალი პრობლებების მოგვარების გზების ძიებაში, რომ საბოოლოდ ყველა ერთ აზრამდე მივედით „ცხოვრებაში ცვლილებებზე დროული რეაგირება საუკეთესო წამალია სტრესის შესამსუბუქებლად „და ჩვენც დავიწყეთ.


კიდევ ერთი რამ გამოჩნდა ნათლად, თუ რამდენად დადებითად მოქმედებს ადამიანებზე, როცა მათგან დახმარებას ითხოვ – ისინი საჭიროდ გრძნობენ თავს, ხოლო როდესაც ადამიანი მოტივირებულია, რაღაც კარგი და საერთო საკეთილდღეო მიზნის მისაღწევად იგი სასწაულებს ახდენს .  გადავიდა უკანა პლანზე ყოველგვარი ამბიცია და ვემორჩილებოდით იმ კანონებს, რომელიც არავის დაუწერია და ისე არსებობს ჩვენს გუნდში“. – დავით მამუჩარაშვილი ველის მენეჯერი. ამ ძალისხმევის შედეგად, როგორც საქართველოს, ასევე ყაზახეთის ოფისში სრულიად გამართულად მუშაობს დისტანციური „ქოლ-ცენტრი“ (ჯამში 100 მუდმივი ოპერატორი) და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.


“ჩემთვის ძალიან ემოციურია ამ 42 საათის ისტორია – ეს არის ამბავი ადამიანების საოცარ ორგანიზებულობაზე, გუნდურობაზე, თავდადებაზე, კრეატულობაზე და იმაზე, რომ შეუძლებელი არაფერია. კრიზისი ერთგვარი ბიძგია განსხვავებული ფიქრისა და მოქმედებისთვის. სწორედ ეს შეგრძნება, რაც ეისითის გუნდს კიდევ უფრო აძლიერებს და უხსნის გზას ახალი შესაძლებლობებისკენ” – საუბრობს რუსუდან თელია, ეისითის აღმასრულებელი დირექტორი ეს ჩვენი პატარა წარმატების ისტორია გვაძლევს საფუძველს და რწმენას, რომ ერთად ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით, რადგან დიდი მიზნისკენ სვლა პატარა ნაბიჯებით იწყება.

ბოლო სიახლეები

„ეისითი“ ახალი პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE-ის საშუალებით მცირე და საშუალო ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს.


ანალიზისა და სტრატეგიული კონსულტაციის კომპანიამ „ეისითი“, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ახალი სტრატეგიული საკონსულტაციო პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE შექმნა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს სხვადასხვა მიმართულებით ონლაინ კონსულტირების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი რეალობა მცირე და საშუალო ბიზნესს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადს ხდის. არსებულ კრიზისში, სწორედ ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში მათ მხარდაჭერას და გაძლიერებას ისახავს მიზნად ახალი პლატფორმა, სადაც „ეისითი“-ს, მისი შვილობილი და პარტნიორი კომპანიების გამოცდილი კონსულტანტები კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევენ საკუთარი პროფილის შესაბამისად.


  •   ბიზნესის განვითარების სტრატეგია;
  •   ზოგადი მენეჯმენტი;
  •   ლიდერობა და ორგანიზაციული განვითარება;
  •   კრიზისის მენეჯმენტი;
  •   იურიდიული კონსულტაცია;
  •   ბიზნეს- ქოუჩინგი (ინდივიდუალური & გუნდური);
  •   კრიზისული კომუნიკაცია;
  •   სტრატეგიული HR-ი და თანამშრომელთა მოტივაცია;
  •   სტრატეგიული მარკეტინგი და კომუნიკაციები;
  •   IT ინფრასტრუქტურის გამართვა;
  •   ოფისებისა და ქოლ-ცენტრების დისტანციური მართვა;
  •   კიბერუსაფრთხოება;
  •   სხვა ბიზნეს მიმართულებები.


ვებ-პლატფორმით კონსულტაციების მიღება მარტივადაა შესაძლებელი  act-strategist.ge-ზე კონსულტანტის, საკონსულტაციო მიმართულების არჩევისა და შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ. პლატფორმა 2020 წლის 6 აპრილიდან ფუნქციონირებს და მისი საშუალებით კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულებით უკვე 10-მდე კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ეისითი“ 15 წელზე მეტია კვლევით და საკონსულტაციო ბაზარზეა წარმოდგენილი. მისი ოფისები აზერბაიჯანში 2010 წლიდან, ყაზახეთში კი – 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს როგორც ბიზნესის, ასევე განვითარების პროექტების მიმართულებით.


15.04.2020

COVID-19 ვირუსის პანდემიამ უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია მსოფლიო ბაზარზე და გარდაუვალი გახადა აქამდე ტრადიციული პროცესების ცვლილება ბიზნეს თუ სოციალური საქმიანობის თითქმის ყველა სექტორში.

ACT-ის ციფრულმა ინფრასტრუქტურამ და საერთაშორისო პლატფორმებმა საშუალება მოგვცა ვირტუალურ სივრცეში გადაგვეტანა კომპანიის, როგორც სათაო ოფისის ისე საველე და მონაცემთა დამუშავების სამუშაოები უწყვეტად და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფით.

ჩვენი მომსახურება სრულად გაციფრულებულია:

  • დისტანციური ფოკუსური ჯგუფები
  • დისტანციური ჩაღრმავებული ინტერვიუები
  • სატელეფონო კვლევები
  • ინტერნეტ კვლევები

  • ონლაინ შეხვედრები მიმდინარეობს ZOOM.US და GOTOMEETING-ის მხარდაჭერით.
  • მონაცემთა დამუშავება და სტატისტიკური ანალიზი ხდება  IBM SPSS, STATA, R, POLINODE, NODEXL, GEPHI პროგრამებში.
  • ანგარიშგება წარმოებს CANVA, ADOBE ILLUSTRATOR, VISIO, MARKETSIGHT, INFOGRAM, PPT, EXCEL, WORD დახმარებით.


ჩვენ ვართ სრულად ციფრული კომპანია!


19.03.2020

21 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის ფინალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს – ნანა ჯანაშიამ (CENN), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარემ კახა კუჭავამ.

ფინალურ ეტაპზე სკოლებმა საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი ცვლილებები წარუდგინეს, რომლებსაც, მთელი წლის განმავლობაში, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს დიდ ქალაქებში, თუ მთის პატარა სოფლებში ახორციელებდნენ.

კონკურსის  პრემიის ნახევარფინალური ტურების ციკლი საქართველოს 4 ქალაქში მიმდინარეობდა და ნახევარფინალში მონაწილე 150 სკოლიდან 32 ფინალისტი გუნდი 3 მარტს გამოვლინდა. სახელმწიფო, საერთაშორისო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ  საქართველოს 32 სკოლის გუნდიდან სამი გამარჯვებული შეარჩია:

I ადგილი – სოფელ როკითის სკოლა (იმერეთი);

II ადგილი – წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია (სამეგრელო);

II ადგილი – “ქართული სასწავლებელი” (თბილისი)

„ეისითიმ“ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფინალისტების დაჯილდოვებაში მიიღო მონაწილეობა.  ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსია, რომლის მთავარი მიზანია გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა. 2019 წელს კონკურსის თემა იყო „მდგრადი განვითარების მიზნები“. კონკურსი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გამართა.

„ეისითის“ რჩეული გახდა კიცხის საჯარო სკოლის გუნდი, რომელსაც საჩუქრები კომპანიის პარტნიორმა, სოფო ჩაჩანიძემ გადასცა. სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2015 წლიდან ტარდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“, „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“ და საქართველოს პარლამენტი.

2019 წელს პრემიის თემაა მდგრადი განვითრების მიზნები (SDGs) და აერთიანებს 500–მდე სკოლას, ქვეყნის მასშტაბით. ფინალის საგზურები გადანაწილდა რეგიონულ ცენტრებში გამართულ ნახევარფინალურ ტურებზე, რომელშიც ყველაზე წარმატებული 150 გუნდი მონაწილეობდა.

22.03.2019