ეისითი გლობალი იწყებს რეგიონული პროგრამის „Expanding Choices II“ დამოუკიდებელი შეფასებას დასავლეთ ბალკანეთის ხუთ ქვეყანაში - ალბანეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, კოსოვოში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სერბეთში. აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს UNFPA-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისი (EECARO) ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით.
„Expanding Choices II“ ხელს უწყობს ქალებისა და კაცებისთვის კარიერასთან, ზრუნვასთან, ოჯახსა და რეპროდუქციულ არჩევანთან დაკავშირებული რეალური შესაძლებლობების გაფართოებას. პროგრამა ერთდროულად მუშაობს სამ ურთიერთგამაძლიერებელ მიმართულებაზე: საკანონმდებლო რეფორმაზე, კერძო სექტორის ჩართულობასა და ოჯახზე მორგებული სამუშაო გარემოს მოდელის (FFW) დანერგვაზე, ასევე, ზრუნვის პასუხისმგებლობებსა და გენდერულ როლებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ნორმების ცვლილებაზე.
პირველ ეტაპზე პროგრამამ 20 კომპანიის მეშვეობით 13 000-ზე მეტი თანამშრომელი მოიცვა და აჩვენა, რომ სამუშაო გარემოს რეალური ცვლილებისთვის მნიშვნელოვანია როგორც კერძო სექტორის ინიციატივები, ისე მხარდამჭერი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა.
ეისითი გლობალის მიერ განხორციელებული შეფასება შეისწავლის პროგრამის რელევანტურობას, ეფექტიანობასა და მდგრადობას. შეფასება დაეფუძნება პროგრამის ცვლილების თეორიას და გააანალიზებს, რამდენად და როგორ შეუწყო პროგრამამ ხელი მიღწეულ ცვლილებებს. შეფასების პროცესი შესაბამისობაში იქნება UNFPA-ის შეფასების სახელმძღვანელოსა და ADA-ის შეფასების პრინციპებთან.
შეთავაზებული მეთოდოლოგია აერთიანებს დოკუმენტების მიმოხილვასა და თვისებრივი ინფორმაციის შეგროვებას პირველადი წყაროებიდან ხუთივე ქვეყანაში, სიღრმისეული ინტერვიუებისა და ჯგუფური დისკუსიების მეშვეობით. რაოდენობრივი ანალიზი კი დაეფუძნება ეროვნულ კვლევებსა და საერთაშორისო სტატისტიკურ წყაროებს.
შეფასების შედეგები განკუთვნილი იქნება რამდენიმე ძირითადი აუდიტორიისთვის: UNFPA-ის ტექნიკური გუნდებისა და შეფასების სპეციალისტებისთვის, პროგრამის მომდევნო ციკლის დაგეგმვაზე პასუხისმგებელი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ასევე, პოლიტიკის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.
პროექტი მნიშვნელოვნად აფართოებს ეისითი გლობალის პორტფელს სოციალური ინკლუზიის, გენდერული თანასწორობისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით ბალკანეთის რეგიონში, აძლიერებს ორგანიზაციის გამოცდილებას დამოუკიდებელი შეფასებების მიმართულებით და ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას რეგიონის პოლიტიკის შემქმნელებისა და განვითარების პარტნიორებისთვის.