2022 წლის თებერვლიდან, როდესაც რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო, ასობით დასავლურმა კომპანიამ რუსეთის ბაზარი დატოვა, პროტესტის ეს ფორმა, ძირითადად, ეთიკური მოტივებითა და საერთაშორისო სანქციების გავლენებით იყო განპირობებული. თუმცა, არ არის გასაკვირი, განსაკუთრებით ბიზნესში, რომ ეთიკური ქმედების ამგვარი გაგება ყველასთვის საერთო არ აღმოჩნდა. მაგალითად, Nestlé-მ და Auchan-მა განაგრძეს ბაზარზე ოპერირება,მათ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობისათვის აუცილებელი პროდუქტების მიწოდების საჭიროებით ახსნეს. თუ რა იყო რეალური მოტივი სხვა განსჯის საგანია, თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია აღნიშნული ბრენდების მიმართ.
მორჩილებისა და წინააღმდეგობის დილემა არა მხოლოდ პიროვნული მორალის, არამედ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობის საკითხია — რადგან სწორედ ამ არჩევანზეა დამოკიდებული, როგორ ფუნქციონირებს საზოგადოება ავტორიტარული წნეხის პირობებში: იტანს თუ არა მმართველობის უკანონობას, რას განიცდის საზოგადოება, როგორც ერთიანი, ცოცხალი ორგანიზმი - შიშს თუ სოლიდარობას; და ამ პროცესში რამდენად იწრთობა და ვრცელდება მოქალაქეობრივი, კოლექტიური ნების ძალა. მოცემულ კონტექსტში, ეს დილემა ხშირად იქცევა გადამწყვეტი პოლიტიკური ტრაექტორიების განმსაზღვრელ ღერძად.
თავის მხრივ, ბიზნესები იშვიათად ოპერირებენ იდეალურ დემოკრატიულ პირობებში, სადაც მუდმივად უწევთ ფინანსური სტაბილურობისა და მორალური პასუხისმგებლობის დაბალანსებისთვის ბრძოლა, განსაკუთრებით მწვავეა ეს ველი ისეთ გარემოში, სადაც ძალაუფლების ცენტრები ავტორიტარიზმისკენ იხრება. ამგვარ მოცემულობაში კომპანიები რთული სტრატეგიული გადაწყვეტილების წინაშე დგებიან - შეინარჩუნონ ბიზნესის სტაბილურობა, მორალურ ღირებულებებთან თანხვედრის პირობებში.
დღეს, როცა ავტორიტარიზმი მსოფლიო მასშტაბით ძლიერდება, შემდეგ შეკითხვებზე პასუხის გაცემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება პოლიტიკური ლიდერებისთვის, პოლიტიკის შემქმნელებისთვის, ანალიტიკოსებისთვისა და იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებითაა დაინტერესებული:
- შეძლებს ბიზნესი ავტორიტარულ რეჟიმში ფუნქციონირებას ისე, რომ არ გახდეს მისი თანამონაწილე?
- აქვს თუ არა კომპანიებს ვალდებულება, წინააღმდეგობა გაუწიონ ხელისუფლებას, თუ გადარჩენაა მათი უპირველესი ამოცანა?
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ავტოკრატიული მმართველობა აღარ წარმოადგენს შორეულ საფრთხეს — ის ჩვენს რეალობად იქცა. საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში დასავლელი პარტნიორებისთვის პოსტ-საბჭოთა დემოკრატიული პროგრესის მაგალითად ითვლებოდა, დღეს ავტორიტარული მმართველობის მოდელთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დემოკრატიასთან. ეს ტენდენცია უკვე ცხადად აისახა როგორც სხვადასხვა საერთაშორისო მხარდაჭერის შეჩერებაში, ისე ბიზნეს კლიმატის გაურკვევლობასა და რისკების ზრდაში.
2021-2023 წლებში ევროკავშირმა 63 მილიონი ევრო გამოყო საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო, საინჟინრო, ლოგისტიკური და კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად ევროპული სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში. 2024 წლის ევროპული სამშვიდობო ფონდის დახმარების მიღება შეჩერებულია 2024 წელს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო.
2024 წელს, ევროკავშირმა შეაჩერა 121 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილი დაფინანსება, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერისკენ. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ დაკავშირებული იყო ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციებსა და კრემლის რიტორიკასთან მიახლოებულ პოლიტიკურ პოზიციონირებასთან (წყარო: Politico, 2024; EUISS Report).
საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას (Democratic backsliding) ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მკვეთრი საპასუხო ნაბიჯები მოჰყვა. მათ შორის, სავიზო შეზღუდვების დაწესება ქართველი მაღალჩინოსნებს დემოკრატიული ღირებულების შელახვის ბრალდებით. (U.S. Embassy In Georgia)
აღნიშნული პოლიტიკური ნაბიჯები შესაბამისად აისახა ბიზნეს სექტორზეც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2 %-ით ნაკლებია. (Geostat, 2024).
საქართველოს ბიზნესასოციაციამ (BAG), რომელიც 100-ზე მეტ საშუალო და მსხვილ კომპანიას აერთიანებს, საჯაროდ გამოხატა შეშფოთება იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა, განსაკუთრებით „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის გარშემო, ზიანს აყენებს საინვესტიციო გარემოს. მიუხედავად იმისა, რომ BAG პირდაპირ არ დაუპირისპირდა კანონპროექტს, მან ღიად მოუწოდა მთავრობას, გაეუმჯობესებინა კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რათა თავიდან აერიდებინათ გრძელვადიანი ზიანი ეკონომიკისთვის (Netgazeti,2024).
დღევანდელ რეალობაში უკვე ბიზნესს უწევს მოქმედება ისეთ გარემოში, სადაც გრძელვადიანი განვითარება დამოკიდებულია არა მხოლოდ ბაზრის დინამიკაზე, არამედ მმართველი ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებასა და პოლიტიკურ მოქნილობაზე. შესაბამისად, მიმდინარე გადაწყვეტილებებს ცალკეული კომპანიების კეთილდღეობაზე უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს — მათი როლი ქვეყნის სტრატეგიულ ეკონომიკურ და საგარეო კურსის ფორმირებაში გადამწყვეტია, რაც შესაბამისად ამძაფრებს შემდეგ საკითხს: შეძლებს თუ არა ბიზნესი დარჩეს დამოუკიდებელ მოთამაშედ, თუ გარდაუვალია ავტორიტარული სისტემის მოთხოვნებთან კოლაბორაცია?
ბიზნესის სტრატეგიები ავტორიტარიზმის პირობებში, ისტორიული გამოცდილება
ბიზნესის მორგება ავტორიტარულ რეჟიმებზე ახალი ფენომენი არ არის. ისტორიულად სამი ძირითადი სტრატეგია არსებობს, რომლითაც კომპანიები რეჟიმის პირობებში ცდილობდნენ გადარჩენას:
პირველი, გერმანიამ ავტორიტარიზმთან თანამშრომლობით ინდუსტრიის მაღალ დონეზე განვითარება შეძლო. II მსოფლიო ომამდე გერმანიაში, მსხვილი ინდუსტრიული კომპანიები, როგორიცაა Krupp და IG Farben, ეკონომიკურად განვითარდნენ, რადგან მათი ბიზნესი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ნაცისტურ რეჟიმთან. მათ მიიღეს სახელმწიფო კონტრაქტები და ფინანსური მხარდაჭერა, თუმცა, საბოლოოდ, ისტორიული და რეპუტაციული ზიანი უდიდესი აღმოჩნდა.
მართალია, ავტორიტარულ რეჟიმთან თანამშრომლობამ შეიძლება მოკლევადიანი სარგებელი მოიტანოს ნებისმიერი კომპანიისა თუ ორგანიზაციისთვის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მორალური და რეპუტაციული კრახი გარდაუვალია.
მეორე, ბიზნესის სრული კონტროლი სახელმწიფოს მიერ. საბჭოთა კავშირში განსხვავებით გერმანიისგან, სადაც ბიზნესს დამოუკიდებლობის რაღაც ნაწილი ჰქონდა, სახელმწიფომ მთლიანად გაანადგურა კერძო სექტორი, ინდუსტრია ნაციონალიზდა, ხოლო კომპანიებს სრული მორჩილება მოეთხოვებოდათ. თუ სახელმწიფო მთლიანად აკონტროლებს ეკონომიკას, ბიზნესი უნდა დაემორჩილოს ან გაქრეს.
მესამე, უნგრეთი – თანამედროვე ავტორიტარული კაპიტალიზმი. ვიქტორ ორბანის მმართველობა ნათლად აჩვენებს ავტორიტარიზმისა კაპიტალიზმის თანაარსებობის შესაძლებლობას. 1990-იან წლებში, უნგრეთის მთავრობამ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად კორპორაციული გადასახადები შეამცირა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნა. კონკრეტულად კი ორბანის ეკონომიკური პოლიტიკა შემდეგ სამ ძირითად მიდგომაში გამოიხატა:
1. უცხოური კომპანიები უნგრეთში დაბალი გადასახადებით (9%) სარგებლობენ, მაგრამ ამისთვის სავალდებულოა სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა;
2. თავისუფალი მედიისა და NGO-ების ჩახშობა, რაც უზრუნველყოფს ნაკლებ საჯარო კრიტიკას.
3. მთავრობა "ერთგულ კომპანიებს" უპირატესობას ანიჭებს, ხოლო ოპონენტებს ასუსტებს. შედეგად, გაჩნდა ორი პარალელური ეკონომიკა - უცხოური კაპიტალით გაძლიერებული სექტორი და ადგილობრივი ბიზნესი, რომელიც სახელმწიფო ჩარევაზეა დამოკიდებული.
ორბანმა ეს ეკონომიკური პოლარიზაცია პოლიტიკურ ძალაუფლებაში გარდაქმნა. მან ბიზნესის გარკვეული სეგმენტი მთავრობის მხარდაჭერით გააძლიერა, ხოლო უცხოურ კაპიტალს სახელმწიფო კონტროლი დაუწესა. ბიზნესს შეუძლია იმუშაოს ავტორიტარიზმის პირობებში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს მისდევს და არ ეწინააღმდეგება პოლიტიკურ დღის წესრიგს.
ისტორიული მაგალითების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში რეალური საფრთხეები და კონკრეტული ნიშნები არსებობს, რაც არა მხოლოდ პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებაში, არამედ ბიზნესსექტორშიც დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას ქმნის. ქვეყანა ახლა გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება. დემოკრატიული უკუსვლის (democratic backsliding) პროცესი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აქტიურად დაიწყო ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოოდ, კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირმა შეწყვიტა 121 მილიონი ევროს დახმარება, რაც უტყუარი შედეგია იმისა, რომ ქვეყანა ევროპულ პარტნიორობას კარგავს (Politico, 2024).
ამ მოცემულობაში ბიზნესისთვის სულ სამი ალტერნატივა არსებობს:
- ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით
- აქტიური წინააღმდეგობა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, ყველა რისკის გათვალისწინებით
- ნეიტრალიტეტი – თუმცა, რეალურად შესაძლებელია ნეიტრალიტეტი? თუ დუმილი თავისთავად მორჩილებაა?
ბიზნესისთვის, რომელიც ავტორიტარიზმის პირობებში ოპერირებს, ნეიტრალიტეტი მხოლოდ ილუზიაა. სად გადის ზღვარი სტაბილურობასა და მორჩილებას შორის? აქვს კი რეალურად კომპანიებს არჩევანი?
ზოგიერთი გლობალური კომპანია, მაგალითად Google, ჩინეთის ბაზრიდან გავიდა, რადგან არ დაემორჩილა ცენზურის მოთხოვნებს. თუმცა, ეს გადაწყვეტილება ფინანსურად მტკივნეული გამოდგა. ბაზრის სრულად დატოვება ყველასთვის არ არის შესაძლებელი - ბევრი კომპანია წლების განმავლობაში ქმნის ინფრასტრუქტურას, პარტნიორულ ქსელსა და ბრენდულ აღიარებას კონკრეტულ რეგიონში. ამ ყველაფრის უარყოფა არამხოლოდ ფინანსური ზარალის მომტანია, არამედ ზოგჯერ ნიშნავს მთლიანად რეგიონული გავლენის დაკარგვას. მეორე მხრივ, ისეთი კომპანიები, როგორიცაა Nike და H&M, მათ თავდაპირველად მძიმედ გააკრიტიკეს ჩინეთში იძულებითი შრომის პრაქტიკა, თუმცა, როგორც კი მათ წინააღმდეგ სანქციები და ბოიკოტები დაწესდა, მათი პოზიცია მნიშვნელოვნად შერბილდა. ნეიტრალიტეტი, რომელიც თავიდან პრაგმატული გამოსავლად ჩანდა, სინამდვილეში ხელისუფლებისთვის გამარჯვების ტოლფასი აღმოჩნდა. ბიზნესში ნეიტრალიტეტი ხშირად მორჩილებას ნიშნავს და არა გადარჩენას.
ამ პირობებში როგორ უნდა იმოქმედოს კომპანიამ?
პირველი გზა – მორჩილებამ და ხელისუფლებასთან სრულმა კოოპერაციამ, შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში სტაბილურობა უზრუნველყოს, თუმცა საბოლოოდ ბიზნესი სრულად დამოკიდებული ხდება მთავრობის ნებაზე. ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ავტორიტარული რეჟიმები დღეს შეიძლება პარტნიორები ჩანდნენ, მაგრამ ხვალ, მათივე ინტერესებისთვის კომპანიას მიითვისებენ ან გაანადგურებენ. ბიზნესისთვის, რომელიც მთლიანად ხელისუფლების ნების მიხედვით ფუნქციონირებს, დამოუკიდებლობა აღარ არსებობს - ის, უბრალოდ, რეჟიმის თანამონაწილე და მორიგი ინსტრუმენტია.
მეორე გზა – აქტიური წინააღმდეგობა ავტორიტარული სისტემის მიმართ, რაც მოითხოვს ღიად და საჯაროდ დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, რასაც თან ახლავს სერიოზული რისკები — მათ შორის, ბოიკოტი, რეგულაციური სანქციები, საჯარო დისკრედიტაცია ან ბაზარზე წვდომის შეზღუდვა. თუმცა, სწორედ ეს მიდგომაა ის, რაც ბიზნესს მხოლოდ ეკონომიკურ მოთამაშედ კი არა, საზოგადოებრივად პასუხისმგებელ სუბიექტად აყალიბებს. ასეთმა პოზიციამ, განსაკუთრებით საერთაშორისო პერსპექტივიდან, შესაძლოა გააძლიეროს მომხმარებელთა ლოიალურობა და საერთაშორისო რეპუტაცია, თუმცა ხშირად ასეთი კომპანიები ადგილობრივი მთავრობის მხრიდან მიზანმიმართულ დევნის ობიექტები ხდებიან. ეს სტრატეგია მოითხოვს როგორც შიდა გამბედაობას, ისე ძლიერი კოალიციური მხარდაჭერის სისტემებს, რაც მცირე ან საშუალო ზომის კომპანიებისთვის ხშირად მიუწვდომელია.
მესამე გზა – ბაზრის დატოვება და სრული უარი ავტორიტარულ გარემოში საქმიანობაზე, ბევრისთვის შეუძლებელია, რადგან ეს მხოლოდ ერთი ქვეყნის კი არა, მთელი რეგიონის ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხება. უფრო მეტიც, როგორც კი ბიზნესს პოლიტიკურ მიზეზთა გამო ბაზრის დატოვება უწევს, მის ადგილს ყოველთვის დაიკავებს ის მოთამაშე, რომელსაც ნაკლები პრინციპული საზღვრები გააჩნია. შედეგად, ბაზრიდან გასვლამ, რაც ერთი შეხედვით მორალურად პრინციპულ ნაბიჯად ჩანს, პრაქტიკაში შესაძლოა საწინააღმდეგო შედეგი მოიტანოს — ადგილობრივი ეკონომიკური სივრცე, რომელიც ადრე მრავალფეროვან და კონკურენტულ მოთამაშეებს აერთიანებდა, მარტივად გადავა ხელისუფლებისადმი ლოიალურ ან მის მიერ კონტროლირებად კომპანიებზე. ეს კი ზრდის სისტემისადმი ცენტრალიზებული და პოლიტიკური გავლენებისადმი დამოკიდებული ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბების რისკს.
ამგვარად, იმ რეალობაში, სადაც ბიზნესს უწევს ოპერირება ავტორიტარული მმართველობის პირობებში, არც ნეიტრალიტეტი და არც სრული მორჩილება გრძელვადიან უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიებს არ იძლევა. ამგვარად, ერთადერთი გზა, რომელიც რეალურ გადარჩენას სთავაზობს ბიზნესს, არის წინააღმდეგობა, თუმცა ეს არ ნიშნავს ღია კონფრონტაციას, ან დაუყოვნებლივ ბაზრის დატოვებას, არამედ გულისხმობს გონივრულ სტრატეგიებს:
ბიზნესის დამოუკიდებლობის მაქსიმალურ შენარჩუნება
ბრენდი, კორპორაციული კულტურა და ღირებულებები არ უნდა იქცეს ხელისუფლების პროპაგანდის იარაღად. კომპანიამ უნდა განუსაზღვროს მკაფიო ზღვარი საკუთარ იდენტობასა და სახელმწიფო იდეოლოგიურ დღის წესრიგს შორის. ეს შესაძლებელია:
- მარკეტინგული კომუნიკაციების ფრთხილად გაწერით (არ გაჩნდეს იძულებითი ლოიალობის ნიშნები);
- ღირებულებებზე დაფუძნებული შიდა კოდექსების გაძლიერებით;
- თანამშრომლების თავისუფლების პატივისცემით, რაც ლეგიტიმურობას აძლევს ბრენდს როგორც შიდა, ისე გარე აუდიტორიის თვალში.
დამოუკიდებლობა არ არის კონფრონტაცია — ის არის თვითგადარჩენის პირობების სწორად დადგენა.
ბაზრის დივერსიფიკაცია - გეოგრაფიული და ოპერაციული მიმართულებებით
თუ კომპანიის საქმიანობა მთლიანად ერთ პოლიტიკურ რეჟიმზეა დამოკიდებული, ეს მას სერიოზულ საფრთხეს უქმნის — საკმარისია ერთი პოლიტიკური ცვლილება ან რეგულაცია, რომ მთელმა ბიზნესმა ფუნქციონირება დაკარგოს. მაგალითად, ფინური საბურავების მწარმოებელი კომპანია Nokian Tyres, რომლის საწარმოო სიმძლავრის დიდი ნაწილი რუსეთის ბაზარზე იყო კონცენტრირებული, 2022 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა უკრაინაში ომის დაწყებისა და სანქციების გამო. მათ დაკარგეს ძირითადი საწარმოო ბაზა, რის გამოც კომპანია ფინანსური და ოპერაციული სტრესის ქვეშ აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, გრძელვადიანი სტაბილურობისთვის აუცილებელია, კომპანიამ ბაზრები, პარტნიორები და საწარმოო ინფრასტრუქტურა დივერსიფიცირებულ გარემოში განავითაროს, რათა ერთ პოლიტიკურ ცენტრზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დაიყვანოს.
Ამგვარად, ბაზრის დივერსიფიკაცია ერთ-ერთი გონივრული სტრატეგიაა, რომელიც კონკრეტულად გულისხმობს შემდეგ რამეს:
- გეოგრაფიულ გაფართოებას: რეგიონული ბაზრების დივერსიფიცირება, სადაც შესაძლებელია იურიდიული, პოლიტიკურ-ეკონომიკური პირობების მრავალფეროვნება.
- პროდუქტებისა და სერვისების გადანაწილებას: დომინანტური ხელისუფლების ინტერესებისგან ნაკლებად დამოკიდებული მიმართულებების გაძლიერება.
- პარტნიორთა სტრუქტურის გადახედვაა: ერთპიროვნული ადგილობრივი პარტნიორების ნაცვლად — საერთაშორისო კოოპერაციებთან თანამშრომლობა, რაც ამცირებს შიდა ზეწოლის ეფექტიანობას.
დივერსიფიკაცია არ არის მხოლოდ ბაზრის გაფართოება — ის წარმოადგენს ერთგვარ იმუნურ რეაქციას ავტორიტარულური გავლენების წინააღმდეგ.
გლობალურ ქსელებში ინტეგრაცია — ურთიერთდამოკიდებულების შექმნა
საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სავაჭრო ასოციაციებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით, ხელისუფლებას გაურთულებს ბიზნესზე სრულ კონტროლის დამყარების მცდელობებს. რაც უფრო ინტეგრირებულია კომპანია საერთაშორისო სტრუქტურებში, მით უფრო რთულია ხელისუფლებისთვის მისი იზოლირება. Ინტეგრაციისთვის საჭირო ქმედებებია:
- გაწევრიანება საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმებსა და კოალიციებში;
- პარტნიორობა საერთაშორისო არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან;
- აქტიური მონაწილეობა გლობალურ ESG (Environmental, Social, Governance) ინიციატივებში.
ამგვარი ჩართულობა კომპანიას აძლევს დამატებით ფარად საერთაშორისო ანგარიშვალდებულებას — რაც მთავრობას ფრთხილად მოქმედებას აიძულებს.
CSR-ის (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის) გააზრებული გამოყენება
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამები არ უნდა იქცეს სახელმწიფო პროპაგანდის დაფინანსების წყაროდ. პირიქით — კარგად გააზრებული CSR სტრატეგია შეიძლება გახდეს:
- საზოგადოების საჭიროებებზე რეაგირების ინსტრუმენტი (და არა მმართველი ძალის იდეოლოგიური განმტკიცება);
- თანამშრომლების ჩართულობის პლატფორმა, რაც ზრდის შიდა მდგრადობას;
- გარე აუდიტორიასთან დისკურსის საშუალება — კომპანიის პოზიციის საჯარო კომუნიკაცია კრიტიკულ თემებზე.
რეჟიმის პირობებში, CSR შეიძლება იქცეს სიჩუმის დარღვევის ყველაზე უსაფრთხო ფორმად.
ისტორია ცხადყოფს, რომ ავტორიტარულ რეჟიმებში ნეიტრალიტეტი მხოლოდ დროებითი ილუზიაა კომპანიამ ან სტრატეგიული, კარგად გააზრებული წინააღმდეგობის გზა უნდა აირჩიოს, ან საბოლოოდ, ხელისუფლების ინსტრუმენტად იქცეს. იმისათვის, რომ ბიზნესი დარჩეს არა მხოლოდ ფინანსურად მდგრადი, არამედ ღირებულებრივად სიცოცხლისუნარიანი, საჭიროა გონივრული წინააღმდეგობის სტრატეგია — ისეთი, რომელიც აერთიანებს:
- დამოუკიდებლობასა და სიფრთხილეს,
- პასუხისმგებლობასა და საერთაშორისო ჩართულობას,
- მორალურ პოზიციას და ეკონომიკურ გონიერებას.
ეს მოცემულობა ბიზნესისთვის არ არის უბრალოდ რთული არჩევანი — ეს არის გრძელვადიანი გადარჩენის რეალური პერსპექტივა.