/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

პანდემია თბილისელების უმეტესობის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა

22.01.2021 1 წუთის საკითხავი
პანდემია თბილისელების უმეტესობის ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა

Covid 19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ადამიანების ცხოვრების სტილზე და ფინანსურ მდგომარეობაზე. 2020 წლის ბოლოს, დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხული რესპონდენტების 60%-ს აზრით, მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. რესპონდენტების 34% ფიქრობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო 3%-სთვის გაუმჯობესდა.


ხარჯების შემცირება შეინიშნება ყოველთვიური დანახარჯების ჭრილშიც, პანდემიის პერიოდში რესპონდენტების უმრავლესობა 47% ახლა უფრო ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე. 30% ახლაც იმდენს ხარჯავს, როგორც პანდემიამდე ხოლო გამოკითხულთა 23% ახლა უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე.


აღსანიშნავია, რომ რესპონდენტების უმრავლესობა 34%, ახლა უფრო მეტს საკვებ და სასმელ პროდუქტებზე ხარჯავს. რესპონდენტების 27% უფრო მეტს საოჯახო მოხმარების (ქიმია, ჰიგიენა, თავის მოვლის საშუალებები) საქონელზე ხარჯავს, ხოლო რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებით (ექიმი, ანალიზები, მედიკამენტები) გამოკითხული რესპონდენტების 27% ხარჯავს უფრო მეტს. ზრდის მიზეზად უმრავლესობა 75% პროდუქტის გაძვირებას ასახელებს.


ყოველი მეორე თბილისელი ახლა უფრო ნაკლებს ხარჯავს ტრანსპორტზე (მგზავრობა, საწვავი). რაც შეეხება მსხვილ შენაძენებს (ბინა, აგარაკი, ავეჯი, ავტომობილი, საოჯახო ტექნიკა), ათიდან ექვსი პოტენციური მყიდველი, თავს იკავებს მსხვილი შენაძენის გაკეთებისგან.

 


გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2020 წლის 11-13 დეკემბერს მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.


საინტერესო ინსაიტები
13.01.2021

2020 წელს პანდემიის პირობებში, თბილისელების ქცევა სხვადასხვა აქტივობების კუთხით მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩვენ დავინტერესდით 2020 წლის 14-15 მარტის მონაცემთან შედარებით რა ფორმით შეიცვალა ქცევა შეზღუდვების გამკაცრების ფონზე. 


2020 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობამ შეცვალა ქცევა სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად: რესპონდენტების 51%-მა შეამცირა და მათ შორის 12% საერთოდ აღარ იყენებს ნაღდ ფულს; პარკებში და სკვერებში სიარული შეწყვიტა 36%-მა; რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას (ვარჯიში სახლში, ქუჩაში, სტადიონზე) გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 22% აღარ ახორციელებს.




2020 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით სტუმრად სიარული გამოკითხული რესპონდენტების 40%-მა ხოლო, 2020 წლის 11-13 დეკემბრის მონაცემის მიხედვით რესპონდენტების 55%-მა შეწყვიტა. შესაბამისად, სახლში სტუმარს მარტის მონაცემის მიხედვით 36%, ხოლო დეკემბრის მონაცემის მიხედვით 56% აღარ ეპატიჟება.




რაც შეეხებადაბადების დღეებზე და პანაშვიდებზე სიარულს 2020 წლის დეკემბრის მონაცემის მიხედვით კიდევ უფრო შემცირდა. მარტში 43%, ხოლო დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 60% უფრო ნაკლებად ან საერთოდ აღარ ახორციელებს აღნიშნულ აქტივობას.




*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის 2020 წლის 11-13 დეკემბერს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.

29.12.2020

საინტერესოა ახალ რეალობაში როგორია თბილისელების საახალწლო განწყობა პანდემიის პირობებში. რესპონდენტებს ვთხოვეთ შეეფასებინათ მათი შეგრძნება 10 ქულიან სკალაზე, სადაც „0“ ნიშნავს „საერთოდ არ მაქვს საახალწლო განწყობა“ ხოლო „10“ – „ძალიან მაღალი საახალწლო განწყობა მაქვს“.


2020 წლის 11-13 დეკემბრის მონაცემის თანახმად, თბილისელების საახალწლო განწყობის მაჩვენებელი 5.15 ქულას შეადგენს. გასულ წელთან შედარებით გამოკითხულთა რესპონდენტების 66%-ს უფრო ნაკლებად აქვს საახალწლო განწყობა ხოლო 10%-ს უფრო მაღალი.


დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით საახალწლო სამზადისი და ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვალა. გამოკითხული რესპონდენტების 61% საახალწლო სუფრის მომზადებაზე უფრო ნაკლებს დახარჯავს ვიდრე გასულ წელს, ასევე გამოკითხულთა 43% უფრო ნაკლებს დახარჯავს საახალწლო საჩუქრებზე და 32%-საახალწლო დეკორაციებზე.


*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის 2020 წლის 11-13 დეკემბერს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.

13.05.2020

ევოლუცია სპირალურად პროგრესირებადი მოვლენაა. ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობა წინ მიიწევს და მისი განვითარების ეტაპები პერიოდულად მეორდება, ან ძალიან ჰგავს ერთმანეთს. 21-ე საუკუნეში, მზარდი ტექნოლოგიური და პიროვნული განვითარების მიღწევათა ფონზე, ადამიანი იძულებული გახდა პერსონალური კომპიუტერითა და სმარტფონით ისევ „გამოქვაბულში“ შეკეტილიყო, რითაც დროებით შევაჩერეთ და მხოლოდ ინტელექტუალური რესურსის ხარჯზე ვავითარებთ პარალელური საცხოვრებელი პლანეტის ათვისების იდეას. ადამიანს იმედი აქვს, რომ ჩვეულ ყოველდღიურობას დაიბრუნებს, რომელშიც დილით საუზმობს, შემდეგ სამსახურში მიდის, შესვენებაზე კაფეში, სამსახურიდან მარკეტში, მარკეტიდან სახლში, სახლიდან ბარში და დილით ისევ საუზმეს იმზადებს. ამ მარტივ ცხოვრებისეულ მოვლენათა ჯაჭვს ადამიანი საუკუნეების განმავლობაში აწყობდა, ეტაპობრივად ავითარებდა და ახლა არავის სურს ყველაფრის თავიდან დაწყება. ჯაჭვის რგოლები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ერთეულებია - მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესსფეროები, რომელთა უმეტესობას ახლა მოლოდინის რეჟიმი აქვს ჩართული. ჩვენ დავინტერესდით, შეიცვალა თუ არა კრიზისის პირობებში სოციალური პასუხისმგებლობის აღქმა. პასუხისთვის საქართველოში მოქმედი სხვადასხვა მასშტაბის კომპანიების წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუები ჩავწერეთ, რის საფუძველზეც აღქმის შემდეგნაირი ანთროპოლოგიური სურათი შევქმენით:


1. საკუთარ გამოქვაბულში

საფრთხის შეგრძნებამ და გარეთ შექმნილმა გაურკვეველმა ვითარებამ ადამიანი აიძულა გამოქვაბულის სახით გარკვეული თავშესაფარი ეპოვა და ყოველთვის იქვე მიბრუნებულიყო, რადგანაც მასთან მისასვლელი გზა იცოდა. თავზე ჭერმა, როგორც ბუნებრივი პირობებისგან თავდაცვის და გარე საფრთხისგან დამალვის შესაძლებლობამ, ადამიანს საკუთარ სახლთან - ერთ კონკრეტულ გარემოსთან შეჩვევის და ამ გარემოში მეტ-ნაკლები სიმშვიდის შეგრძნება მოუტანა. პანდემიის პირობებში მარტოდ დარჩენილმა ადამიანმა ისევ სახლს - თავის უკვდავ და ნაცად გამოქვაბულს მიაკითხა.


კორპორაციები ინდივიდუალური სახლებიდან იმართება, ამიტომაც კრიზისის დასაწყისში კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აქტუალური, ფაქტობრივად გარდაუვალი ფორმა გამოიყენეს – უზრუნველყვეს დასაქმებული ადამიანების შინ „გადაყვანა“ და იქ დარჩენა. გამოკითხული რესპონდენტების თქმით, მათ რეალურ რეჟიმში საქმიანობის შეწყვეტის და თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილება ქვეყანაში გაცემული რეკომენდაციების კვალდაკვალ მიიღეს. სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხი იმით გამოიხატა, თუ რომელმა ბიზნესმა კრიზისის რომელ პერიოდში მიმართა აღნიშნულ გზას, მაშინ, როდესაც რეკომენდაცია გაიცა, თუ იმ დროს, როდესაც პანდემია მომძლავრებული იყო. თუმცა დღეისათვის ყველა კორპორაცია, რომელთა საქმიანობაც შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც იყოს დისტანციური, ცდილობს, თანამშრომლების სახლებიდან მუშაობას ისე უხელმძღვანელოს, რომ არც გუნდურობის შეგრძნება დაკარგოს და არც საქმის მიმართ ინტერესი გააქროს. კორპორაციული პასუხისმგებლობის აღნიშნული ფორმა უმთავრესად ადამიანის ჯანმრთელობის გაფრთხილების იდეას ეყრდნობა და სხვადასხვა კორპორაციაში სხვადასხვა ფორმით ვლინდება – შესაძლოა, ეს იყოს კრიზისის პირობებში შემუშავებული ერთიანი დაზღვევის სოციალური პაკეტი, ან თანამშრომლების დამცავი საშუალებებით აღჭურვა სახლის პირობებში, ასევე სპეციალური ტრენინგების გამართვა, რათა საქმიანობისას (ხელშეკრულებების სველი წესით გაფორმება) მაქსიმალურად დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა. აღნიშნული ფორმის მინიმალური გამოვლინება კი თანამედროვე დისტანციურ რეჟიმში მუშაობისთვის აუცილებელი ზუმშეხვედრების ლიცენზირებული ვერსიაა, რომლითაც თანამშრომელს შინ ყოფნისას მუშაობა უმარტივდება.


2. მამონტებზე ნადირობის სცენა 

გამოქვაბულის ათვისების და მასში თავის დამკვიდრების შემდეგ, ადამიანმა აღნიშნული გამოქვაბულის საკომუნიკაციო საშუალებად გამოყენება დაიწყო. ისტორიულად დადასტურებულია, რომ გამოქვაბულის კედლებზე აღმოჩენილი პირველი ნახატები გამოქვაბულს მიღმა ნანახს და განხორციელებულ ქმედებას ასახავდა. ადამიანი მამონტებს კედლებზე ორი მიზნით კაწრავდა – იმისთვის, რომ მოეხდინა კლასიფიკაცია (მარტივი ფორმით), ანუ გაერჩია მამონტი ვეფხვისგან და იმისთვის, რომ გამოცდილება სხვისთვის გაეზიარებინა. აღწერა ეხმარებოდა ადამიანს უკეთესად დაეგეგმა ნადირობა, გაეთვალისწინებინა ნანადირევის აგებულება, მისი მონადირების მარტივი ხერხი, თავისი საქმე კარგად ეკეთებინა; ჩამოყალიბებულიყო ამ საქმის „პროფესიონალად“ და ამის შემდეგ გაეზიარებინა ეს გეგმა და ცოდნა სხვისთვის, რათა მასაც უკეთესად ენადირა. ამ კონტექსტში სოციალური პასუხისმგებლობის გადაფასება თვითგადარჩენის, მომავალში საქმიანობის გაგრძელების მიზნით და მეზობელი კომპანიის გადარჩენის მოტივით განისაზღვრება, რადგანაც ერთად ნადირობა უკეთესია, მეტი შანსია მოიპოვო მსუყე ნანადირევი და მტაცებლის თავდასხმასაც გადაურჩე.


B2B კორპორაციული პასუხისმგებლობის საერთაშორისო გავლენა, ბიზნესის გამოკითხული წარმომადგენლების აზრით, საქართველოში ეტაპობრივად იკიდებს ფეხს. მსხვილი ბიზნესიდან გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა საუბრობს სწრაფი განვითარების ხელშეწყობასა და კრიზისის პერიოდში კონკრეტული რჩევების გაზიარების მნიშვნელობაზე, რისი საჭიროებაც მკაფიოდ იკვეთება გამოკითხული მცირე ბიზნესის წარმომადგენლების თემატიკაში. რესპონდენტები ადასტურებენ აზრს, რომ აღნიშნულ კონტექსტში ყველაზე დაუცველები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან. სწორედ ამიტომ მსხვილი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მათთვის მხარდაჭერის შეთავაზებაა. ქართული რეალობიდან ჯერჯერობით ეს ცალკეული მაგალითები გვაქვს, როგორიცაა ონლაინგაყიდვების პლატფორმის გამართვაში ხელშეწყობა ან ბიზნესსაკითხებზე დისტანციური კონსულტაციის გაწევა.


ეი-სი-თის ბიზნესსაკონსულტაციო პლატფორმის ამოქმედებას სწორედ ეს მიზანი ჰქონდა – ჩვენი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება მათთვის, ვისაც ეს მხარდაჭერა ახლა ძალიან სჭირდება, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩეს და ამ კრიზისის შემდგომ კვლავ ჩვენს დამკვეთ ძლიერ კომპანიად იქცეს, რათა მამონტი ერთად მოვინადიროთ.


3. საერთო კოცონი

მას შემდეგ, რაც ცეცხლი აღმოაჩინა, ადამიანმა მისი გამოყენება სხვადასხვა მიზნით დაიწყო. ხოლო იმისთვის, რათა გამუდმებით ცეცხლის დანთებაზე დრო არ დაეკარგა, ზრუნავდა კოცონი ყოველთვის ანთებული ჰქონოდა.


როდესაც ადამიანების „დამეგობრებასთან“ ერთად, გამოქვაბულების საერთო პერიმეტრი დავიწროვდა, ცეცხლი ამ საერთო სივრცის შუაში მოექცა, ხოლო ყველა გამოქვაბულის თითოეულ წევრს მასზე ზრუნვა დაეკისრა. სოციალური პასუხისმგებლობის ყველაზე ხშირი და გავრცელებული ფორმა საერთო ცეცხლის შენარჩუნებაში საკუთარი წვლილის შეტანაა; თუ წარმოვიდგენთ, რომ ცეცხლი ქვეყნის ეკონომიკა ან საერთო კეთილდღეობაა, კომპანიების კორპორაციული პასუხისმგებლობა სწორედ ამ საერთო ცეცხლის ირგვლივ მყოფი საზოგადოების ცალკეული სეგმენტის (დაუცველი ჯგუფებისთვის ხელის გამართვა, სპორტის ან კულტურული აქტივობების მხარდაჭერა) დახმარებაა.


კოვიდ 19-ის კრიზისისას აღნიშნული ფორმის განსახიერება გახდა პანდემიასთან ბრძოლის საერთო პალტფორმა და მასზე დარიცხული მილიონობით ლარი. კორპორაციებმა საერთო კეთილდღეობისთვის გაიღეს თანხა. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში ბიზნესმა ფინანსური დახმარება გაუწია, ან საქმიანობიდან გამომდინარე, გარკვეული პროდუქტი მიაწოდა (საკვები, საწვავი) დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც პანდემიასთან ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე მდგომ ერთეულებს. სამშენებლო და ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, თანხის ასეთი მიზნობრივი გადაცემა მათ უმარტივებს სოციალური პასუხისმგებლობის აქციაში ჩართვას და აზღვევს შეცდომის დაშვებისგან – თავად განსაზღვრონ საჭიროების მქონე ჯგუფი და მათი საჭიროება აღნიშნულ კრიზისში. კორპორაციული პასუხისმგებლობის ამ ფორმას, მისი სიმბოლური სახის – ცეცხლის მსგავსად, გადამდები ეფექტი ახასიათებს; ერთი მხრივ, ეს სხვა კორპორაციებისთვის ერთგვარი მაგალითი და ბიძგია, თავადაც გაიღონ თანხა საერთო პრობლემის დასაძლევად; ხოლო, მეორე მხრივ, თუკი კონკრეტული სამშენებლო კომპანიის მაგალითს განვაზოგადებთ, შესაძლებელია ისეთი აქციის დაგეგმვაც, რომელშიც არა მარტო კორპორაციები, არამედ რიგითი ადამიანებიც ჩაერთვებიან, ხოლო ბიზნესი ერთგვარ შუამავლად იქცევა. მაგალითად, თუ აქციით შეიძენდით უძრავ ქონებას, თქვენ მიერ გადახდილი თანხის ნაწილი პანდემიის დაძლევის ფონდში გადაირიცხებოდა.


4. ბარძაყის ძვალი

ერთხელ, ცნობილ ამერიკელ ანთროპოლოგ მარგარეტ მიდს სტუდენტმა ჰკითხა, რას მიიჩნევდა ის ცივილიზაციის პირველ ნიშნად. მეცნიერული კუთხით მოსალოდნელ პასუხებს შორის სტუდენტი ფიქრობდა, რომ მეცნიერი დაასახელებდა თიხის ჭურჭელს, ნადირობის იარაღს, ან კომუნიკაციის საშუალებად ცეცხლის გამოყენებას, თუმცა ანთროპოლოგმა ცივილიზაციის პირველ ნიშნად მიიჩნია 15 000 წლით დათარიღებული და თანამედროვე ეპოქაში აღმოჩენილი ბარძაყის ძვალი, რომელსაც აშკარად ემჩნეოდა, რომ გატეხილი იყო და შეხორცდა. აღნიშნული ძვალი ადამიანის სხეულში ყველაზე დიდია. ის ქმნის მენჯ-ბარძაყის მამოძრავებელ სისტემას, რომელიც ადამიანის გადაადგილებისთვის აუცილებელი პირობაა. მისი დაზიანების შემთხვევაში, რეაბილიტაციას საშუალოდ 4-6 თვე სჭირდება. მიდის განმარტებით, ველურ პირობებში, როდესაც ცხოველი იტეხს ფეხს, ის კვდება, რადგანაც ვერ მოიპოვებს საკვებს, ვერ გადაადგილდება, რათა თავდამსხმელს გაექცეს, ვერ პოულობს წყალს. ადამიანის ბარძაყის შეხორცებული ძვალი, ანთროპოლოგის განმარტებით, იძლევა ინფორმაციას, რომ ვიღაცამ დახარჯა დრო და რესურსი, მოუარა და უმკურნალა ავადმყოფს, იზრუნა მის საკვებსა და წყალზე, დაიცვა ან გამოჯანმრთელებამდე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. სწორედ გამთელებული ბარძაყის ძვლით – სხვა ადამიანზე ზრუნვით იწყება ცივილიზაცია.


კორპორაციული პასუხისმგებლობის გადაფასებული აღქმა, რომელიც მშრალი ერთჯერადი ქველმოქმედებიდან – თანამშრომლის გაფრთხილებით, სხვებისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით, მიზანმიმართული და საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობის დაფინანსებით შეიცვალა, ქართულ რეალობაში ეტაპობრივად ვითარდება; თუმცა, ვფიქრობ, სოციალური პასუხისმგებლობის პირველი ცივილიზაციის ნიშანი ,,გამთელებული ბარძაყის ძვლებია“, ანუ ის შენარჩუნებული თანამშრომლები, რომლებიც კრიზისის ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ თავიანთ სამსახურებს დაუბრუნდებიან, რადგანაც ყველაზე რთულ სიტუაციაში არ მიატოვეს და მათზე იზრუნეს; რადგანაც პანდემიის დასასრულს სწორედ შეუხორცებელ ბარძაყის ძვლებს დაითვლიან; ეს იქნება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიღმა, პანდემიით გამოწვეული მორალური ზიანის საზომი და თითოეული ჩვენგანი დაფიქრდება, რამდენი გამთელებული ძვალია მის სახელზე.