/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

ვინ არის მტერი და ვინ იქნება გამარჯვებული?

10.03.2022 3 წუთის საკითხავი
მარიამ საყევარიშვილი

კვლევის გუნდის ლიდი

ვინ არის მტერი და ვინ იქნება გამარჯვებული?

ჰაერი დიდი ხნით ადრე გაიჟღინთა დენთის სუნით და მთელი მსოფლიო დაძაბული ელოდა, რა მოხდებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, 24 თებერვლის დილა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა - რუსი სამხედროები უკრაინაში შეიჭრნენ და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყეს. არ გამართლდა იმედის ბოლო წვეთი, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებდა „ველიკოძერჟავულ“ ამბიციებზე. სპეცოპერაციად მონათლული უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“, სინამდვილეში კი, დაუნდობელი და აგრესიული ომი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, უკვე ორი კვირაა გრძელდება.


ომი უკრაინაში აინტერესებთ და აღელვებთ საქართველოშიც, სადაც არ წყდება უკრაინის მხარდამჭერი აქციები, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზება და სოლიდარობის სხვადასხვა აქტი. ერთი მხრივ, ერთ ბედს ქვეშ ყოფნის და საერთო საფრთხეების აღქმამ, მეორე მხრივ კი, უკრაინელების მიერ გამოვლენილმა არნახულმა საბრძოლო სულმა და ცალკეული ადამიანების გმირობამ ეს ომი რიგითი ქართველებისთვისაც კი ძალიან ახლოს მოიტანა და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.


ყველასათვის აქტუალურ თემას გვერდი არც „ეისითიმ“ აუარა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობა გამოკითხა. კვლევის მიზანი იყო გამოევლინა, როგორ ხედავენ ჩვენი თანამოქალაქეები ამ ომს, რა მოლოდინები აქვთ და რამდენად სოლიდარულები არიან ომში ჩართული მხარეების მიმართ. სატელეფონო კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-6 მარტს და მან 809 რესპონდენტი მოიცვა. შერჩევის ცდომილებამ 4.2 % შეადგინა.


ჩვენ მივეჩვიეთ ქვეყნის შიდა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებების მუდმივ პოლარიზაციას, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის თემამ ქართველების ერთსულოვანი და მკაფიო პოზიცია გამოავლინა. რუსეთ-უკრაინის ომზე კონსენსუსი ისეთი თვალსაჩინოა, როგორც არასდროს, არცერთ სხვა საკითხზე.


და მაინც, ვინ არის რუსეთი?


მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა - 84% პირდაპირ ამბობს, რომ „რუსეთი მტერია“. მათი რიცხვი, ვინც ამ აზრს არ იზიარებს, 11%-ს არ აღემატება. რუსეთის აღქმა სრულიად ერთგვაროვანია და მისი ბუნების შესახებ კითხვებს არ ტოვებს, შესაბამისად მოფიქრალი ადამიანების დიდი რაოდენობა კი გვაფიქრებინებს, რომ ეს თემა შიდა დაპირისპირებაზე მაღლა დგას და სხვადასხვა შეხედულების ადამიანებს აერთიანებს.



ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას (91%) არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულია. ეს ნიშნავს, რომ პოზიცია მკაფიო და ერთიანია იმის მიმართაც, თუ ვის მხარეს არის სიმართლე.



როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში?


კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი (49%) მაინც არ ელოდა რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე. 17% მოელოდა საომარ მოქმედებებს რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მის შემოგარენში, ყოველი მესამე გამოკითხული კი მოელოდა ომს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და, მათ შორის, კიევშიც (31%).


3 გამოკითხულიდან 2 რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებს (63%). 12%-ს პესიმისტური პროგნოზი აქვს და რუსეთის გამარჯვებას მოელის. ყოველი მეხუთე გამოკითხული დაბნეულია და არ იცის ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი (20%). არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება (5%).


10-დან 9 გამოკითხული გულშემატკივრობს უკრაინას და ომში მისი გამარჯვება უნდა (88%). რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებული რუსეთის ხილვა სურს ქვეყნის მოსახლეობის უკიდურესად მცირე რაოდენობას - 1%-ს.




რას უქადის რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს? 


კვლევის მონაცემი ცხადყოფს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაწყებული ომი მოსახლეობისთვის აქტუალური და მტკივნეული თემაა. თითქმის ყველა გამოკითხული მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს სრულად ან ნაწილობრივ ეხება (96%). კვლევის მიხედვით შეუძლებელია იმაზე მსჯელობა, ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემისას რესპონდენტები გულისხმობდნენ ქვეყანაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, თუ სხვა ტიპის გავლენას, თუმცა ფაქტია, რომ მათთვის ეს ომი არ მიდის სადღაც სხვაგან და განყენებულად.



უფრო კონკრეტული დებულებების სახით დასმულმა კითხვებმა, რომლებზე თანხმობით ან არდათანხმებითაც გამოკითხულები თავიანთ აზრს გამოხატავდნენ, უჩვენა, რომ:


გამოკითხულების ნახევარი (51%) რუსეთის მხრიდან პრობლემებს მოელის ნებისმიერ შემთხვევაში. მათი აზრით, „იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, რუსეთი შეიძლება მაინც შემოიჭრას საქართველოში“. მოსახლეობის ამ ნაწილისთვის რუსეთს არ სჭირდება საგანგებო მიზეზი ან ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ ქვეყანას ტანკებით მოადგეს



უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა დაძაბული ადევნებს თვალს და უკრაინის გამარჯვებას ელის. რამდენად ტრანსფორმირდება მოსახლეობის განწყობები ქმედებებსა და დამოკიდებულებებში - დრო გვიჩვენებს, ქვეყნის სახელით გადაწყვეტილების მიმღებთათვის კი მესიჯები სრულიად მკაფიო და არაორაზროვანია.

საინტერესო ინსაიტები
22.12.2021

„მართე მი­ზე­ზი და არა შე­დე­გი (Manage the cause, notthe result)“ – ეს ფრაზა ეკუთვნის ერ­­თიანი ხარისხის მენეჯმენტის (Total Quality Management) ფუძემდებელს ვილიამ ედვარდს დემინგს (William Edwards Deming). ერთიანი ხარისხის მენეჯმენტი არის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს მთელი ორ­­განიზაციის მასშტაბით თანამშრომლებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თანამშრომლებს საშუალება აქვთ, უწყვეტად განავითარონ თავიანთი შესაძლებ­­ლობები და უნარები იმისთვის, რომ მომხმარებლის საჭიროებისამებრ შექმნან ღირებული პროდუქტები და სერვისები. ეს ფრაზა ლაკონიურია და მარტივად ჟღერს, მაგრამ რადიკალურად ცვლის დღეს გამეფებუ­ლი ქცევის პარადიგმას.



თითქმის ყველა ორგანიზაციაში ვხვდებით მენე­ჯერს, რომლსაც არ უყვარს პრობლემების მოსმენა, და ის თანამშრომელი, რომელიც პრობლემის შესახებ საუბრობს – გარიყულია. მენეჯერის ასეთი ქცევა სხვე­ბისთვის ნიშანია, რომ პრობლემებზე საუბარი მიღე­ბული არ არის. შესაბამისად, ყველა თანამშრომელი ცდილობს, ნებისმიერი საკითხი პოზიტიურ კონტექსტ­­ში წარმოაჩინოს და როდესაც დაშვებული შეცდომის ან შეუსრულებელი პროექტის გამო პრობლემა წარმო­იშვება, მენეჯერი (ხელმძღვანელი) თანამშრომელს საყვედურობს, ხელფასიდან ნაწილს უკავებს ან საერ­­თოდ სამსახურიდან ათავისუფლებს. ეს ყველაფერი დამდგარი შედეგის მართვის და მასთან ბრძოლის ძალიან კარგი მაგალითებია. ზოგიერთ ორგანიზაცია­ში ეს ქცევა ისეთი წახალისებულია, რომ საყვედურის გამოცხადება და სანქციის დაწესება “კარგ მენეჯე­რობად” ითვლება. ასეთი ქცევა ხელს უშლის რეალური მიზეზის დადგენას, პრობლემა არ მოგვარდება და შეცდომა აუცილებლად განმეორდება.



არსებული პარადიგმის ცვლილება იწყება მაშინ, როდესაც მთავარი სამიზნე ხდება პროცესი და არა თანამშრომლის ბრალეულობის შეფასება. ორგანიზა­ციაში არსებული პროცესები არის იმ მიზეზების საბა­დო, რომლებიც თანამშრომლებს უტოვებს სივრცეს, დაუშვან შეცდომები და არაეფექტიანად შეასრულონ სამუშაო. ორგანიზაციაში არსებული ყველა პროცესი უნდა ემსახურებოდეს მომხმარებლისთვის ღირებუ­ლების შექმნას ან შეცდომის დაშვების შესაძლებლო­ბის შემცირებას. ნებისმიერი პროცესი ან პროცესის ნაწილი, რომელიც ამ ორი მიზნიდან ერთ-ერთს არ ემსახურება, არის დანაკარგი. პროცესში დაგროვებუ­ლი დანაკარგები ამცირებს კომპანიის ეფექტიანობას და ხელს უშლის მას მიზნების მიღწევაში.



პროცესებში არსებული დანაკარგების საპოვნე­ლად და მათ მოსაგვარებლად აუცილებელია ამ პრო­ცესში ჩართული თანამშრომლების აზრის მოსმენა, რადგან ისინი არიან იმ ღირებული ინფორმაციის მატარებლები, რომელიც გვჭირდება ზუსტი მიზეზე­ბის დადგენისთვის. მაგრამ თუ თანამშრომელს აქვს „სასჯელის შიში“, მაშინ ის ცდილობს, რაც შეიძლება მცირე ინფორმაცია გააზიაროს, იმიტომ რომ ნების­­მიერი სიტყვა შეიძლება მის „სასჯელს“ ამძიმებდეს. ამიტომ პირველი რიგის ამოცანაა, რომ თანამშრომ­­ლებს უსაფრთხოების განცდა ჰქონდეთ. ამისთვის ვაცხადებთ, რომ პროცესში არსებულ ნაკლოვანებებ­­სა და ხარვეზებზე საუბრის გამო არ დაისჯებიან და არ გაირიყებიან. თითოეული თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მას ბოლომდე მოუსმე­ნენ და აზრის გამოხატვას არ შეუზღუდავენ. მნიშვნე­ლოვანია, რომ ეს პროცესი არ გადაიზარდოს ნიშნის მოგებით საუბარსა და წუწუნში, თითოეული ნაკლის და ხარვეზის დასაბუთება ხდებოდეს ფაქტებზე დაყ­­რდნობით.



განხილვის დროს მნიშვნელოვანია პროცესის და მასში არსებული ნაბიჯების დეპერსონალიზაცია. ეს მიდგომა თანამშრომლებს უმარტივებს ნებისმიერ ქმედებაზე საუბარს და როდესაც რომელი­მე თანამშრომელი კონკრეტულ ქმედებას ან პროცესის ნაწილს დაარქმევს დანა­კარგს, ეს არ იწვევს უხერხულობის განც­­დას და ხშირ შემთხვევაში კონფლიქტურ სიტუაციას. მნიშვნელოვანია, ყველა შე­თანხმდეს იმაზე, რომ თუ პროცესში არსე­ბული კონკრეტული ქმედება დაწუნებულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ქმედების შემს­­რულებელი თანამშრომელი არის ცუდი.



როგორც წესი, პროცესების განხილ­­ვა და მათზე საუბარი ხდება შეხვედრე­ბის ან მენეჯერის ოთახში. ასეთ დროს თანამშრომლები ხშირად კამათობენ პროცესის დინებაზე. უსაგნო და არაფრის მომტანი კამათის ნაცვლად უმჯობესია, ყველა ერთად დააკვირდეს პროცესს და შეთანხმდნენ, რომ პროცესი არის ისეთი, როგორსაც ყველა ხედავს. ეს ქცევა ოთახ­­ში გამოკეტილ მენეჯერსაც ეხმარება და­ინახოს და შეიგრძნოს, თუ რასთან უწევთ თანამშრომლებს გამკლავება. პროცესის „დათვალიერების“ დროს მენეჯერის დასმული შეკითხვები არ უნდა მოასწა­ვებდეს საფრთხეს, არამედ მიანიშნებდეს დახმარების და თანადგომის სურვილზე. მიღებული პასუხისებისთვის და დათმო­ბილი დროისთვის მენეჯერის მხრიდან თანამშრომლებისადმი გამოხატული გულწრფელი მადლიერება ზრდის ნდობას პროცესის მიმართ.



როდესაც ყველა შეთანხმდება პრო­ცესზე და მასში არსებულ დანაკარგებზე, შემდეგ დგება ცვლილების საჭიროება. აუცილებელია თანამშრომლების ჩართუ­ლობა ცვლილებების დაგეგმვაშიც, რადგან როდესაც მათ მონაწილეობა აქვთ მიღე­ბული ცვლილებაში, ისინი მეტ პასუხისმ­­გებლობას გრძნობენ პროცესის მიმართ და როდესაც პროცესი კარგად მუშაობს, ამაყებიც არიან. ცვლილებების შიში ყვე­ლა ადამიანს ახასიათებს და ასეთ დროს, როგორც წესი, ყველაზე ხშირია სიტყვები „არ გამოვა“, „არ იმუშავებს“. ამ დამოკიდე­ბულების გასაქარწყლებლად მნიშვნელო­ვანია, პროცესის ცვლილებაში მონაწილე თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ყველა ერთ ნავში ზის, წარმატებაზეც და წარუმა­ტებლობაზეც ყველა ერთად არის პასუხის­­მგებელი. წაახალისეთ აზროვნების ხაზი, სადაც ისმის შეკითხვები: „როგორ გამო­ვა?“, „რა არის საჭირო, რომ გამოვიდეს?“, „რა ღირს, რომ გამოვიდეს?“, „ჯერ ვცადოთ და შემდეგ ვთქვათ, რომ არ გამოვა“.



პროცესში შესატანი ცვლილებების კი­დევ ერთი დიდი მტერი და დანაკარგების საბადო არის პროცესების და მასში არ­­სებული ქმედებების მემკვიდრეობითობა. ხშირად ვხვდებით ისეთ ქმედებებს, რო­მელთაც თანამშრომლები გაუაზრებლად ასრულებენ. ასეთი ქცევა დამახასიათებე­ლია ისეთი ორგანიზაციებისთვის, სადაც არ არის წახალისებული „რატომ?“ შეკითხ­­ვის დასმა. ორგანიზაციის მიზანია, რომ ყველა თანამშრომელი მოწოდებული იყოს და ბედავდეს კონსტრუქციული „რატომ?“ შეკითხვის დასმას. ამ შეკითხვის სწო­რად დასმა და შეყვარება ნიშნავს, რომ ორგანიზაციის ყველა უჯრედი უწყვეტად აკვირდება და პოულობს დანაკარგებს, და ფიქრობს მათ გამოსწორებაზე. პროცესში დანაკარგების პოვნის და მათი გაუმჯობე­სების უწყვეტი პროცესის ზოგადი დიაგრა­მა ასეთია:

პროცესებში შესატანი ცვლილებების უწყვეტ გზაზე ყოველთვის გვახსოვდეს, რომ:

  • პრობლემის აღიარება ნიშნავს 70%-ით მის გადაწყვეტას
  • პრობლემების 99% გამოწვეულია ცუდად ორგანიზებული პროცესით და არა თანამშრომლებით
  • ბევრის სიბრძნე და გამოცდილება ყოველთვის მეტია, ვიდრე ერთი ადამიანის ცოდნა
  • ჯერ სცადე და მერე თქვი, რომ „არ გამოვა“
  • არ არსებობს საბოლოო წერტილი, პროცესის გაუმჯობესება შეიძლება უსასრულოდ


ჰერაკლიტემ თქვა: „არაფერია ისეთი მუდმივი, როგორიც ცვლილება“. დღეს ეს სიტყვები იმაზე აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. ცვლილებები მტკივნეულია, მაგრამ გარდაუვალი.



აღმასრულებელი რგოლის მხარდაჭერით, პროცესის გაუმჯობესებაზე თანამშრომლების გაერთიანებული ძალისხმევა არის კომპანიის ამოცანების წარმატებით შესრულების გასაღები. კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია „ეისითიმ“ აღნიშნული კონცეფცია ჯერ საკუთარ თავზე გამოსცადა, შემდეგ კი უნიკალურ ტრანსფორმაციულ და მართვის მოდელ PWR3-ად აქცია, რომელსაც დღეს კლიენტებსაც სთავაზობს. 2021 წელს კომპანიაში დიდი ტრანსფორმაციის პროცესი დაიწყო, სადაც სწორედ სამი მთავარი ძალა – მენეჯერები და მათი ხედვები, ადამიანები და ორგანიზაციული კულტურა და გამართული პროცესები ერთმანეთთან მუშაობენ და საერთო მექანიზმს ამუშავებენ. ყველასთვის ნათელია, რომ აზროვნების ამ სქემაზე გადაწყობა და ტრანსფორმაციის პროცესი არ იქნება მარტივი, მაგრამ ყველა შეთანხმებულია, რომ წინსვლისა და დიდი მიღწევებისთვის ცვლილებებია საჭირო.



თუ თქვენი შედეგი არის იგივე, რაც იყო შარშან და უკეთესი გსურთ, გთავაზობთ შეაფასოთ – რამდენად აქტუალურია ჰერაკლიტეს ეს მოსაზრება დღეს, ახალ ნორმაში.


ორიგინალი სტატია იხილეთ აქ.

17.12.2021

„Culture is not just one aspect of the game – It is the game. In the end, an organization is nothing more than the collective capacity of its people to create value.“
Lou Gerstner, Jr. – IBM


ხშირად გვესმის, რომ დღევანდელ სამყაროში ტრანსფორმაცია არჩევანი არ არის, ის ახალი ნორმაა და გვინდა თუ არ გვინდა, მის გარეშე კომპანიები უბრალოდ ვერ გადარჩებიან. მაგრამ როდისაა შესაძლებელი ორგანიზაციის რეალური ტრანსფორმაცია? საკმარისია თუ არა, დავინახოთ და განვჭვრიტოთ ინდუსტრიის მომავალი და შევიმუშაოთ კომპანიის ახალი ხედვა ახალი რეალობის საპასუხოდ? ცხადია, სწორი ხედვის გარეშე ნაბიჯის გადადგმა ტყეში ბრმად სიარულს ჰგავს, მაგრამ ხედვასთან ერთად უმნიშვნელოვანესია იმის გააზრებაც, რამდენად სათანადოდ აღჭურვილები ვართ; ჩვენი ღირებულებები, კომპეტენციები, უნარები, სისტემები თუ სხვა რესურსები რამდენად გვეხმარება იმაში, რომ გზა მომავლის კომპანიამდე მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე და შემოქმედებითად გავიაროთ.



ალბათ ახალი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რეალური ტრანსფორმაცია საკუთარი თავიდან იწყება. კომპანიის მმართველი რგოლის მიერ საკუთარი ლიდერული თვისებების, ღირებულებების, შემზღუდველი რწმენებისა და ფიქრების გაცნობიერებითა და გაანალიზებით, კომპანიის ახალ ხედვაში საკუთარი როლისა და მნიშვნელოვნების შეგრძნებით იწყება ის შინაგანი ძვრები, ცვლილებების გზაზე პირველ ნაბიჯებს რომ გვადგმევინებს.



ტრანსფორმაციის პროცესის მთავარი კითხვები ასე ჟღერს – სად ვარ დღეს და სად მინდა, რომ ვიყო? რა მიშლის ხელს იმაში, რომ მივიდე იქ, სადაც მინდა, რომ მივიდე? რა დამეხმარება იმაში, რომ ეს გზა ნაკლები დანაკარგებით და ეკოლოგიურად გავიარო? როგორია ჩემი ლიდერული თვისებები და უნარები, ჩემი ლიდერული ენერგია? რომელ როლში შემიძლია, ის საუკეთესოდ გამოვავლინო?



ამ კითხვებზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია და თუ კომპანიამ არ შექმნა ის ველი, სადაც შინაგანი ძიების პროცესი წახალისებულია, მაშინ პასუხებიც ზედაპირული იქნება. ამ ველის შექმნა ტრანსფორმაციული ორგანიზაციული კულტურის საძირკველია და ასეთ საძირკველზე შენდება ისეთი კულტურა, რომელსაც შეუძლია, იყოს ცოცხალი, თავად შექმნას და მოირგოს სისტემა, რომელიც ცალკეული ადამიანის შესაძლებლობების რეალიზაციის გზით კომპანიის ხედვის რეალიზაციას უწყობს ხელს. ასეთ კულტურაში წამყვანია ღირებულებები და მათ გაგებაში თანხვდენილობა არსებობს. ეს ყველაფერი კი ყოველდღიურ საქმიანობაში საერთო თამაშის წესების ენაზე ითარგმნება, რაც საუკეთესო შედეგების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.



დღევანდელ აჩქარებულ და მოულოდნელობებით სავსე სამყაროში კიდევ უფრო აქტუალურია კომპანიებში იმ სტრუქტურებისა და პოზიციების გადახედვა, რომლებიც წლების განმავლობაში წარმატებით ფუნქციონირებდნენ, მაგრამ დღეს მოქნილობა დაკარგეს, ადეკვატურად ვეღარ რეაგირებენ გარემოდან წამოსულ გამოწვევებზე. დღეს ერთსა და იმავე პოზიციაზე, ერთსა და იმავე კომპანიაში სხვადასხვა კომპეტენცია და უნარები შეიძლება იყოს პრიორიტეტული განსხვავებულ დროით მონაკვეთში და ისიც არასოდეს არის საკმარისი. სწორედ ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია პოზიციებთან ერთად როლების გააზრება, ინდივიდუალურ ლიდერშიფთან ერთად გუნდური ლიდერშიფის გაძლიერება, დეტალური ფუნქცია-მოვალეობების გაწერის ნაცვლად მოლოდინების დაახლოება, საუკეთესო შედეგების გაგების შემოტანა, გასაკეთებელი საქმეების პროექტებად შექმნა და პროექტებისთვის დამახასიათებელი წესებით მათი აღსრულება.



ძალიან ხშირად კომპანიებში, სადაც იერარქიული სისტემები მკვეთრად განსაზღვრულია, თანამშრომლები საკუთარი პოზიციების ტყვეობაში გრძნობენ თავს, ხშირად უჭირთ იმის დანახვა და აღიარება, რომ ორგანიზაციული ვერტიკალი უზღუდავთ მათ საკუთარი თავისა და ინტერესების სრულად გამოვლენის შესაძლებლობას, მაშინ როცა ვარსკვლავური შედეგები მოქნილი სისტემებითა და გუნდური მუშაობის პრინციპებით მიიღწევა. ასეთ იერარქიულ სისტემებში წესები თავსმოხვეულია და თანამშრომლებს არ ესმით მათი მნიშვნელობა, მისი დაცვა კი ენთუზიაზმის გარეშე, ძალდატანებით მიიღწევა ან სულაც იგნორირებულია, მაშინ როცა ჰორიზონტალური მოწყობა და გუნდური პრინციპები წესს აცოცხლებს, წესი და სისტემა გაიაზრება არა დამსჯელად, ხელის შემშლელად, არამედ ხელის შემწყობად იმისთვის, რომ ჩვენი საქმე საუკეთესოდ შევასრულოთ. სწორედ ასეთი ცვლილებები განიცადა „ეისითიმ“ ტრანსფორმაციის პირველ ეტაპზე, შედეგად დღეს კომპანიაში ორგანიზაციული კულტურა ცოცხალი წესრიგის ნათელი მაგალითია.



გუნდური თამაში ტრანსფორმაციული ორგანიზაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. იგი ითხოვს საკუთარი და გუნდის წევრების ძლიერი და სუსტი მხარეების გაცნობიერებასა და პატივისცემას. წარმატებული გუნდური თამაში შეუძლებელია გახსნილობის, მარცხისა და წარმატების აღიარების, გაზიარებისა და თვითრეფლექსიის უნარის გარეშე. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, თუ როგორ ვისაუბროთ საერთო ენაზე ისე, რომ არ დავკარგოთ საკუთარი უნიკალურობა, როგორ დავაბალანსოთ ერთმანეთი და გადავაზღვიოთ საქმე, რომლის წარმატება ხშირად ბევრი ადამიანის კომპეტენციაზე, უნარზე, პასუხისმგებლობასა და შეთანხმებულ მუშაობაზეა დამოკიდებული. გუნდური ლიდერობა იმის გააზრებასაც გულისხმობს, რომ ადამიანის ნებისმიერი საუკეთესო თვისებაც კი შეიძლება, ბარიერად იქცეს, თუ ის სწორ ადგილას და შესაბამის როლში არაა, და რომ ყველა თვისება თანაბრად მნიშვნელოვანია განსაკუთრებული წარმატების მისაღწევად.



კომპანიები, სადაც თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება როგორც შედეგებს, ასევე გზას, რომლითაც ეს შედეგები მიიღწევა; კომპანიები, რომლებიც გარეთ და შიგნით თანაბრად ორიენტირებულები არიან, გაცილებით ბრწყინვალე შედეგებს აღწევენ, არიან ინოვატორები და მდგრადები გარედან წამოსული ქარტეხილების მიმართ.



„ეისითის“ უნიკალური მართვის მოდელი, რომელსაც „სამის ძალა“ (The power of three”) დავარქვით, მართვისა და ტრანსფორმაციის საჭიროების სამი მიმართულებით ერთდროულად დანახვისა და განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. რეალური ტრანსფორმაცია მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ გაქვს ნათელი ხედვა იმისა, თუ საით მიდიხარ, შესაბამისი ფასეულობები, რომლებიც ამ ხედვის რეალიზაციას სჭირდება და ამავე დროს შენი გულიდან მოდის, ამასთან მუშავდება ისეთი სისტემები და აღსრულების მექანიზმები, რომლებიც ამ ყველაფრის საუკეთესოდ განხორციელების საშუალებაა. სწორედ ასეთ მოდელში კულტურა კონგრუენტული და ორგანულია კომპანიის თითოეული თანამშრომლისთვის და ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობასა და მდგრადობას.



ორიგინალი სტატია იხილეთ აქ.


09.12.2021

კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ACT-მ წამოიწყო ვიდეორუბრიკა #ახალინორმა, სადაც თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზეა საუბარი. მაგალითად, რატომ არის დღეს ცვლილებები გარდაუვალი და როგორ აქციოთ ტრანსფორმაციის პროცესი თქვენთვის და კომპანიისთვის წარმატების გარანტიად? სულ რაღაც, ხუთი წუთის განმავლობაში, ამის შესახებ, ACT-ის ხედვის ლიდი თინათინ რუხაძე გესაუბრებათ.